logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

მსოფლიოს გამაოგნებელი ადგილები

7 Feb

მსოფლიოს გამაოგნებელი ადგილები

ლაპლანდია – ფინლანდიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ჯადოსნური რეგიონია. ზამთრობით აქ ყველაფერში პოლარული ღამის წყვდიადში ეშვება, ზაფხულობით კი მზე არ ტოვებს ცის კამარას მრავალი საათის განმავლობაში. ეს მხარე განლაგებულია პოლარული წრის მიღმა. ლაპლანდია უპირატესად საინტერესოა მათთვის, ვისაც ქალაქის ხმაურისა და აურზაურისგან დასვენება უნდა. ლაშქრობები ტყეებში, ფერდობებსა და ხეობებში, თევზაობა კამკამა ტბის სანაპიროზე, თხილამურებით სრიალი, სანტა-კლაუსის სოფელი და ჩრდილო ნათება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც ადამიანი ხსენებულ ადგილს ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს.

ლაპლანდია მოქცეულია ჩრდილო ოსტრობოტნიას, შვედეთს, ნორვეგიასა და რუსეთს შორის. მის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ ცხოვრობენ საამები – ჩრდილო ევროპის მკვიდრი მოსახლეობა. ამ ხალხს აქვს თავისი დროშა, ჰიმნი, მართვის ორგანო-პარლამენტი, თუმცა არ გააჩნია საკუთარი სახელმწიფოს მკვეთრად გამიჯნული საზღვრები.

მიწამაყვალიანი ჭაობები და ჯუჯა არყებით მოდებული ტუნდრები, დიდრონი ხავსიანი ლოდები, ჩქარი მდინარეები და სუფთა ტბები, გვერდობები ლაპლანდიური ხედის განუყოფელი ნაწილებია. ზამთრის ბნელი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ერწყმის ჩრდილოეთის ნათებას, ხოლო ზაფხულში ის გახვეულია ღრუბლების ქსელში.

ჩრდილო ლაპლანდიაში მდებარეობს ურხო კეკონენის ეროვნული პარკი, რომელის უკიდეგანო სივრცეებში, მკაცრ და მშვენიერ არქტიკულ პეიზაჟებს შორის, გაყვანილია 200 კმ-ზე მეტი სიგრძის საფეხმავლო ბილიკები და მოწყობილია სასტუმრო სახლები.

სტრუვეს გეოდეზიური რკალი – დიდებული ნაგებობა და ინტერნაციონალური სამეცნიერო ძეგლია. მე-19 საუკუნეში მას ქმნიდნენ 40 წლის განმავლობაში დედამიწის ზომების დასადგენად. ამჟამად რკალი გადის ათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ შორისაა ფინეთიც. ის საკმაოდ ზუსტად იმეორებს ერთ-ერთ მერიდიანს.

იულიასი – ლაპლანდიის ერთ-ერთი უმსხვილესი სათხილამურო კურორტია. აქ არსებული მთის ფერდობებზე ტარდება ტურნირები სათხილამურო სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ლემენიოკის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. მის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე “Lemmenjoki” (“სიყვარულის მდინარე”), რომლის სახელიც ეწოდა აღნიშნულ ადგილს. პარკის ძირითად ნაწილს გაუვალი ტყე შეადგენს.

ლამპივაარას ბორცვზე არის ამეტისტის ბუდობები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდში ჩამოყალიბდა. გორაკზე მუდამ მძვირნვარებს ძლიერი ქარები, რომლებიც ხეებს მიწამდე აწვენენ.

არქტიკუმის მუზეუმი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. გამოფენა “ცვალებადი არქტიკა” აჩვენებს, პრეისტორიული დროიდან მოყოლებული დღემდე როგორ ახერხებდა ადამიანი ბუნების მკაცრ პირობებში გადარჩენას. მუზეუმის მთავარი სავიზიტო ბარათია პოლარული თეატრი. მოსახერხებელ სავარძლებში განთავსებული სტუმრები შეძლებენ ჩრდილოეთის ნათების სამგანზომილებიანი ანიმაციის ხილვას.

ძვირფასი ქვების გალერეა მდებარეობს ქალაქ კამში. აქ ინახება ბრიტანეთის დედოფლის გვირგვინის (ის შემკულია რუბინით – “შავი უფლისწული”) და მარია ანტუანეტას ყელსაბამის ასლები, ინდუისტური ღვთაების ქანდაკების თვალი, ბრიტანელი საზღვაო კაპიტნის გვირგვინი და მრავალი სხვა ძვირფასეულობა.

პიტონის დაცული ტერიტორია მდებარეობს სენტ-ლუსიას კუნძულზე და მოიცავს ორ ვულკანურ კონუსს: გრო-პიტონსა და პტი-პიტონს, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს პიტონ მიტანის ქედი.

კალიფორნიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მოჰავესა და სონორის უდაბნოების გადაკვეთის ადგილას, მდებარეობს ჯოშუა-თრის ეროვნული პარკი. 1936 წლიდან ის აშშ-ის ნაციონალური ძეგლია. პარკს ჰქვია უჩვეულო ხის “Yucca brevifolia”-ის სახელი, რომელიც მას უწოდეს მარმონებმა, რომლებმაც მე-19 საუკუნის შუახანებში გადაკვეთეს მოჰავეს უდაბნო. ჯოშუას ხეს გამოარჩევს თავისი უჩვეულო შროშანები. პარკის ტერიტორიაზე გვხვდება ხუთი ოაზისი. საგაზაფხულო მიგრაციების დროს წყნარი ოკეანის მეორე მხრიდან აქ მოფრინავენ ფრინველთა გუნდები. დაკარგული პალმებისა და ბამბის ხის ოაზისებს ერთმანეთთან აკავშირებს შვიდკილომეტრიანი ბილიკი. ჯოშუა-თრის ღირსშესანიშნაობად მიჩნეულია ლოდი “Skull Rock”, რომელსაც აქვს თავის ქალას ფორმა. პარკში ასევე აღმოვაჩენთ გნაისი კლდეეს. ასეთი ქანის პოვნა ამჟამად მხოლოდ ავსტრალიასა და ანტარქტიდაზეა შესაძლებელია.

ზემოთ ნახსენები მცენარე Yucca brevifolia ატარებს ჯოშუას, იგივე მართალი ისუს, სახელს. იგი იყო ებრაელთა წინამღძღოლი მოსეს გარდაცვალების შემდეგ. სწორედ მას ხვდა წილად უფლის რჩეული ერის შეყვანა აღთქმულ ქვეყანაში. ნეტარის წინამძღვრობით ებრაელებმა ისე გაიარეს მდინარე იორდანეში, როგორც ხმელეთზე; გაბაონში ქანაანელებთან ბრძოლისას, ისუმ ცაზე მზე გაახევა და მნათობი მხოლოდ მაშინ ჩაესვენა, როდესაც მტერი საბოლოოდ დამარცხდა.

ბაგანი (პაგანი) – მიანმას (ბირმა) მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ათასობით ძველთაძველი ბუდისტური ტაძარი და პაგოდები მიმოფანტულია უკიდეგანო მდელოზე. აღნიშნული ადგილი ნამდვილი სამოთხეა ისტორიკოსებისა და მომლოცველთათვის.

ბაგანი უკანასკნელ დრომდე არ იყო ისე განთქმული, როგორც, მაგალითად, ანგკორ-ვატის (კამბოჯა) ან ბორობოდურის (კუნძული იავა) სატაძრო კომპლექსები. 850 წელს თავადმა, სახელლა პინბუმ (მისი ეთნიკური წარმომავლობა უცნობია) პაგანის სიმაგრის ადგილას დააფუძნა თავისი სამფლობელოს დედაქალაქი. ხელსაყრელმა განლაგებამ სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მისცა ბიძგი ქალაქის განვითარებას. 1057 წელს მეფე ანორატჰას დამსახურებით პაგანის სამეფო გახდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ხელმწიფემ აქ ჩამოასახლა ბუდისტი ბერები, მხატვრები და ხელოსნები. ანორატჰამ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ბუდისტური სწავლება – თჰერავადა. თანდათანობით პაგანი გახდა არა მხოლოდ სარწმუნოებრივი ცენტრი, არამედ ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ერთ-ერთი შუაგული.

მეფე ჩანზითჰეს მმართველობისას პაგანმა განიცადა აყვავება: აქტიურად შენდებოდა ტაძრები. ყოველი ახალი ხელმწიფე თავს ვალდებულად თვლიდა, მიემატებინა ახალი სალოცავი და პაგოდი უკვე არსებულთათვის. ბევრი დიდგვაროვანი ცდილობდა, რომ აეგო ერთი მცირე სტუპა მაინც. მე-13 საუკუნეში გაჩაღებული შინაომებისა და ჩრდილოეთიდან მონღოლთა გამუდმებული თავდასხმების გამო დასუსტებულმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები.

მე-18 ასწლეულში ნგრევადაწყებულ პაგანში ჩააღწია ინგლისელმა საიმემ, რომელმაც ქალაქის ჩანახატები შექმნა. 1885 წელს ბირმა ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის კოლონია. პაგანში დგება ეპოქა ავანტიურისტებისა და გაუმაძღარი მძარცველებისა, რომლებიც აქედან ყველაფრის გაზიდვას ცდილობდნენ.

პაგანის ნანგრევები მდებარეობს მიანმას შუაგულში, ქვეყნის უდიდესი მდინარის – ირავადის მარცხენა სანაპიროზე. აქ ყოველი სალოცავი განუმეორებელია. აქ არსებულ მრავალ ტაძარს, სტუპას და პაგოდს შორის ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია: ანანდა, სულამანი, ჯამაიანჯი, შვეზიგონი, ტატბინიუ, ხტილომინლო, შვეზანდო, გოდოპალინი და მანუხა.

ანანდის ტაძარი მონის არქიტექტურული სტილის შედევრია. ის განასახიერებს ბუდას უსასრულო სიბრძნეს. თავდაპირველად სალოცავს გარედან ამშვენებდა კედლის მხატვრობა და ფრესკები, თუმცა ჩვენმადე ცოტამ თუ მოაღწია.

სულამანის ტაძარი ააგეს მეფე ნარაპატისითხუს ბრძანებით. ის ბირმანული არქიტექტურის ორი სტილის, ადრეულისა და შუასაუკუნოვანის, ნაზავია. 2-სართულიანი სალოცავი დგას ტერასაზე და წააგავს პირამიდას. შიგნიდან სულამანის ტაძარი არის პაგანის დეკორაციული ტრადიციების ნიმუში. მისი ინტერიერი მოიცავს მოჭდეულ ლავგარდანებს, ფრონტონებს და მოხატულ კედლებს.

ჰალშტატი – დასავლეთ ავსტრიაში მდებარე პატარა სოფელია. დასახლება განლაგებულია ტბის სანაპიროზე ალპების გარემოცვაში. აქ ყოფნისას აღმოაჩენთ კოხტა სახლებს, რომლებიც ირეკლებიან მთის წყალსატევის დაწმენდილ წყალში, ვიწრო ქუჩაბანდებს, ძველთაძველ სალოცავებს, აგრეთვე დატკბებით თვალისმომჭრელი ბუნებრივი პეიზაჟებით. მე-19 საუკუნემდე ჰალშტატი ხალხის ფართო მასებისთვის ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო. აქ მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ნავით ან მთის ვიწრო ბილიკის გავლით.

ჰალშტატი განთავსებულია ზალცკამერგუტის რაიონში, აქ დაახლოებით 800 ადამიანი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე დასახლება არსებობდა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში. მე-19 ასწლეულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პრეისტორიული სასაფლაო, სადაც ათასზე მეტი სამარხი იპოვეს. ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან აქ დაიწყეს მარილის შახტების ექსპლოატაცია, რომლებიც უძველესია მსოფლიოში.

ჰალშტატის მუზეუმში დაცულია ექსპოზიციები მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან. აქ აგრეთვე მდებარეობს მე-18 საუკუნით დათარიღებული მაცხოვრის სახელობის პროტესტანტული ეკლესია. სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განლაგებულია პატარა ბაზრის მოედანი. ღვთისმშობლის ამაღლების ეკლესიას გამოარჩევს რომანული კოშკი, სამი ფრთიანი საკურთხეველი და გოთიკური ფრესკები. ჰელშტატში მოხვედრისას ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ძვლების სახლს, სადაც ინახება თავის ქალათა კოლექციები.

მავრიკი – კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც განლაგებულია ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და შედის მასკარენის არქიპელაგის შემადგენლობაში. კუნძულის სამხრეთს გამოარჩევს ველური და წარმტაცი ბუნება, სამოთხის ტევრები. სწორედ აქ მდებარეობს პატარა სოფელი, სახელად შამარელი, სადაც 700-მდე ადამიანი ცხოვრობს. დასახლება განთქმულია ჩანჩქერებით, რომლებიც პირდაპირ ჩამქრალი ვულკანის კრატერში ეშვება და ასევე ფერადი ქვიშით. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ზედაპირზე დარჩენილმა და თიხასთან შერეულმა ბაზალტის ნატეხებმა წარმოქმნა შვიდფერი მიწა, რომლის ფენებიც განსხვავებული სიმკვრივისა და მასის გამო ერთმანეთს არ ერევა წვიმების შემდეგაც კი. მეცნიერთა ვარაუდით, სხვადასხვა ფერები წარმოიშვა იმის გამო, რომ ლავის შრეები გრილდებოდა არამსგავს ტემპერატურებზე. ხსენებული ადგილი მავრიკის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა 1960-იან წლებში.

ბანფის ეროვნული პარკი კანადის უდიდესი ნაკრძალია, ის მდებარეობს ალბერტას პროვიციაში. აღკვეთილში მოვაკებული ადგილების სიმცირეა, სამაგიეროდ გამოხატულია მაღალმთიანეთი თავისი მწვერვალებითა და მყინვარებით, ასევე თერმული წყაროებით. პარკის უნიკალურ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს ლუიზის, პეიტოს და მორეონის ტბები. აქ ჩასული ნებისმიერი ადამიანი გამონახავს გართობის საშუალებას. ნაკრძალში ფუნქციონირებს მსოფლიო დონის სამი სათხილამურო კურორტი. აქ შექმნილია იდეალური პირობები ზაფხულობით ტბაზე ნავით სეირნობისათვის. საბაგირო გზით შეგიძლიათ გოგირდის მთაზე ასვლა, სადაც მოწყობილია სამზერი მოედნები. აგრეთვე გაქვს საშუალება, რომ შეიხედოთ სენსონ პიკის მეტეოსადგურშიც. მწვერვალზე განლაგებულია რესტორანი, სახელად “Sky Bistro”, შეგიძლიათ აქ ისადილოთ და დატკბეთ მთის პეიზაჟების ცქერით.

პალმ-სპრინგსი – კალიფორნიის შტატში არსებული საკურორტო ქალაქია. ის მდებარეობს კოაჩელიას ხეობაში, სან-ხასინტოს მთის ძირას. მე-20 საუკუნის შუახანებში ეს ადგილი გახდა აყვავებული გამაჯანსაღებელი კურორტი, აქ დასასვენებლად ჩამოიდიოდნენ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები და გავლენიანი პოლიტიკოსები. პალმ-სპრინგსში მიმოფანტულია უმაღლესი კლასის სასტუმროები. ის ითვლება გოლფის მსოფლიო დედაქალაქად.

პაილონ დელ დიაბლო (“ეშმაკის ქვაბი”) განთავსებულია 1 კმ-ის დაშორებით იმ მთავარი გზისგან, რომელსაც მივყავართ ბანოსიდან პუოში, მას სხვაგვარად “ჩანჩქერების გზას” უწოდებენ. აღნიშნული ჩანჩქერი ყველაზე დიდია ეკვადორში. ის განთქმულია თავისი გასაოცარი კიბით და კლდეში გაყვანილი გვირაბით. ჩანჩქერს სახელი დაერქვა ქვემოთ განლაგებული ლაგუნის გამო, რომელიც ჩამოჰგავს ქვაბურს. რაც შეეხება წყლის აბობოქრებულ ნაკადს, ის ქმნის საზარელი ღრიალის ხმას.

ჯაიპური განთავსებულია ინდოეთის უდიდესი შტატის, რაჯასტჰანის, აღმოსავლეთ ნაწილში და გახლავთ მისი დედაქალაქი. ამ ქალაქს აღნიშნული სახელი ეწოდა ჯაი სინგჰა მეორის საპატივცემულოდ. ის იყო ცნობილი მეომარი და ასტრონომი, რომელმაც 1727 წელს დააარსა ჯაიპური.

ჯაიპურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს მისი ისტორიული მხარე – ძველი, იგივე ვარდისფერი ქალაქი. აქ არსებული სახლები ნაგებია ვარდისფერი ქვიშაქვით, რომელიც წლის სხვადასხვა დროს ღებულობს განსხვავებულ შეფერილობას: ღია ქარვისფერს, ღია ნარინჯისფერს, მკრთალ მოყავისფრო-მოყვითალოს. ჯაიპურის ეს ისტორიული ნაწილი გარშემორტყმულია უზარმაზარი დაკბილული კედლით. ვარდისფერი ქალაქი განმაცვიფრებელია თავისი სწორი გეომეტრიის გამო, რაც ერთობ უჩვეულო ინდური დასახლებებისთვის. აქ მდებარეობს: სასახლის კომპლექსი, გოვინდ დევჯის ტაძარი, ჯანტარ მანტარის ობსერვატორია.

ქალაქის სასახლე წარმოადგენს ორი არქიტექტურული სტილის, რაჯპუტური “რაჯასტანისა” და მოგოლური “მუგხალის”, გაერთიანებას. ამჟამად ნაგებობა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ-ერთი მათგანი კვლავ უკავია სამეფო ოჯახს, რეზიდენციის ტერიტორიაზე მახარაჯის ყოფნა მუდამ ნაჩვენებია აღმართული დროშით. სამუზეუმო დარბაზებში გამოფენილია ნახატები, ეროვნული ტანსაცმელი, უამრავი სახის იარაღი. განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება მადხო სინგხას პირველის დიდი სამოსები. ექსპონატებს შორის არის ვერცხლის ჭურჭელიც, რომლითაც გადაჰქონდათ წყალი განგის წმინდა მდინარიდან, როცა შორეულ გზას ადგებოდნენ. ის შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ვერცხლისგან დამზადებული უდიდესი ნაკეთობა. ჭურჭელი იწონის 345 კილოგრამს და იტევს 4 000 ლიტრზე მეტ წყალს.

რაც შეეხება გოვინდ დევჯის სალოცავს, ის წარმოადგენს ვეებერთელა მარმარილოს ფარდას, რომელსაც იჭერს მძლავრი კოლონები. ის ღვთაება კრიშნასადმია მიძღვნილი. ტრადიციის მიხედვით, სწორედ ამ სამლოცველოსთან ხვდებოდნენ პირველად ერთმანეთს სიძე და პატარძალი, როცა მშობლები გაამჟღავნებდნენ ცნობას თავიანთი შვილების შეუღლების შესახებ.

ჯანტარ-მანტარი ინდოეთის უდიდესი ობსერვატორიაა, რომელიც 1948 წელს ეროვნულ ძეგლად იქნა აღიარებული. ღია ცის ქვეშ არსებულ მოედანზე განთავსებულია 14 გიგანტური ნაგებობა, რომელთა მეშვეობით საზღვრავდნენ დროს, ადგენდნენ ციური სხეულების განლაგებას, წინასწარმეტყველებდნენ მზის დაბნელებას თუ სხვა ასტრონომიულ მოვლენას. აქ მდგარი მზის საათის დიამეტრი 27 მეტრს აღწევს და დღემდე საკმაოდ ზუსტად აჩვენებს დროს.

ეკლესია, სახელად “Birla Mandir”, (ბარაქიანობის ქალღმერთის სამლოცველო) ქათქათა მარმარილოთია ნაშენი. სალოცავს ადგას სხვადასხვა სტილში შესრულებული სამი უზარმაზარი გუმბათი, რითაც ნაჩვენებია ქრისიანობის, ინდუიზმისა და ისლამის ერთიანობა. ნაგებობის შიგნით დგას საკურთხეველი, განკუთვნილი მხოლოდ ინდუისტურ ღვთაებათა თაყვანსაცემად. ტაძრის კედლებსა და კოლონებზე შეინიშნება სხვადასხვა ისტორიული ფიგურის გამოსახულება (ბუდა, კონფუცი, იესო, სოკრატე, ზარატუსტრა).

ლოფოტენის კუნძულები მრავალი ასწლეულის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს ყოველი კუთხიდან. აქაური ბუნება იმდენად მომაჯადოვებელია, რომ არქიპელაგს უძღვნიდნენ ლექსებს, მასზე დაყრდნობით წერდნენ რომანებს, ქმნიდნენ ტილოებსა თუ სკულპტურებს. აქ ყოფნისას შეგიძლიათ დაკავდეთ სერფინგით, ეწვიოთ ვეშაპთა საფარის, ნახოთ მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ღურღუმი, დალაშქროთ მთის მწვერვალი, დაისვენოთ პლაჟზე და დატკბეთ ჩრდილოეთის ნათების ცქერით.

ლოფოტენის კუნძულები განლაგებულია ნორვეგიის ზღვაში, არქიპელაგის მოსახლეობა 24 ათას ადამიანს შეადგენს. გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, აქ შედარებით რბილი ამინდია. ეს განპირობებულია გოლფსტრიმის თბილი დინების სიახლოვით.

ვეშაპებს ოდითგანვე ჯადოსნურ არსებებად მიიჩნევდნენ. მათ სხვაგვარად “წყლის კანარის ჩიტებსაც” კი ეძახიან, რადგან ისინი არიან ერთადერთი ძუძუმწოვრები, რომელთაც უყვართ და გამოსდით სიმღერა. 1986 წლიდან მოყოლებული აკრძალულია ვეშაპების ხოცვა კომერციული მიზნებით. ლოფოტენის კუნძულთა წყლებში გაზაფხულიდან შემოდგომის დასაწყისამდე ნადირობენ კაშალოტები და ცელმანგალა ვეშაპები. ქალაქ ანენესში ფუნქციონირებს თემატური მუზეუმი. სწორედ აქედან გადის კატერები და იახტები ვეშაპების საფარიზე.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ვიკინგების მუზეუმი, სახელად ლოფოტრი. ესაა ნორმანთა ეპოქის დასახლების შთამბეჭდავი რეკონსრუქცია. როცა აქ მოხვდებით, თავს ამოყოფთ ვიკინგების სასტიკ სამყაროში და იხილავთ, თუ როგორ ცხოვრობდა მათი უკანასკნელი წინამძღოლი, ოლაფ ტვენუმბრუნი.

ყველაზე შორეულ მოსკენოიას კუნძულთან მდებარეობს მალსტრემის ღურღუმი, რომელიც რამდენიმე დინების შეხვედრის ადგილას წარმოიშვა. ეს უნიკალური ბუნებრივი მოვლენა პირველად მოხსენიებულია ბერძენი მეცნიერის, პითეასის, 2 ათასი წლის წინანდელ კვლევებში.

ლოფოტენის კუნძულთა დედაქალაქია სვოლვერი. ის დაფუძნებულია მე-8 საუკუნეში და მდებარეობს “თხის მთის” სიახლოვეს. კოლხელერენის მღვიმეში შემონახულია კლდის მხატვრობები, რომლებიც 3 ათას წელზე მეტს ითვლის. აქ ასევე არსებობს პარკი, სადაც თავმოყრილია ყინულის ქანდაკებები. მისი გაფორმება გვაცნობს ლოფოტენის ბუნებასთან, ტრადიციებთან, ტროლებსა და ნიმფებთან დაკავშირებულ თქმულებებთან.

კაპადოკია მდებარეობს ცენტრალურ ანატოლიაში. ესაა უნიკალური გეოლოგიური შენების და ბუნებრივი თავისებურებების, აგრეთვე მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მქონე რეგიონი. კაპადოკიის წიაღებში პირველი დასახლება გაჩნდა ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში. ამ მიწაზე ქრისტიანების გამოჩენასთან ერთად, მისი მთები იქცა ტაძრების, კელიებისა და აკლდამების თავშესაფრად. აქაური ლანდშაფტების განუმეორებლობა მდგომარეობს მათ ბუნებრივ წარმომავლობაში. ერთ დროს თანამედროვე კაპადოკიის ტერიტორია დაფარული იყო ლავით, რომელიც ილექებოდა მიწის ფენებში ფერფლთან ერთად. დროთა განმავლობაში დედამიწის ზედაპირი ორი ასეული მეტრით ამაღლდა, ნავლი და მაგმა კი გარდაიქმნა ვულკანურ ტუფად, მსუბუქ ფოროვან მთის ქანად. მილიონობით წლის განმავლობაში ქარი და წვიმა ანგრევდა არამყარ მასალას, ძერწავდა მისგან კლდეებს, პირამიდებსა და კანიონებს.

დღეს კაპადოკია თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა. ობიექტი გარემოცულია გიორემეს ეროვნული პარკით, რომელიც ღია ცის ქვეშ განთავებულ მუზეუმს წარმოადგენს. კაპადოკიის ისტორია ერთობ ჩალხართულია, ამიტომაც მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებიან გარკვეულ საკითხებზე. დანამდვილებითაა ცნობილი, რომ აქაური მიწები ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში აითვისეს ხათებმა, რომლებიც შემდგომში სრულად გაჟლიტეს ხეთბმა. ზოგიერთი მკვლევარის თვალსაზრისით, ხსენებულ ღირსშესანიშნაობას სახელი მოუფიქრეს სპარსელებმა და შეარქვეს “ხასპადუია”, რაც ითარგმნება, როგორც “მშვენიერი ბედაურების ქვეყანა”. 1-ელ ასწლეულში კაპადოკია შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, მე-4 საუკუნეში კი იქცა იმ პერიოდში დევნილ ქრისტიანთა თავშესაფრად. სწორედ მათ მიაკვლიეს ხეთების მიწისქვეშა ქალაქს, დაიწყეს მისი დახვეწა. მე-11 საუკუნეში კაპადოკიას იპყრობენ თურქ-სელჩუკები, რომლებიც ადგილობრივ პეიზაჟებს ამშვენებენ თავიანთი ტრადიცული ნაგებობებით.

კაპადოკიაში თურქების მოსვლის მიუხედავათ, ქრისტიანები, რომელთა უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ ბერძნები, მშვიდობიანად თანაარსებობდნენ მუსლიმებთან ერთ ტერიტორიაზე და ღიად ქადაგებდნენ თავიანთ რელიგიას. სიტუაცია შეცვალა ათათურქის გადაწყვეტილებამ. მან მოითხოვა თურქეთში მცხოვრები ბერძნების საბერძნეთში ბინადარ თურქებში გადაცვლა. ამის შემდეგ ადგილობრივი მონასტრები დაცარიელდა. კაპადოკიისადმი ინტერესი განახლდა 80-იან წლებში, როცა ევროპელებმა აქტიურად დაიწყეს ცენტრალურ ანატოლიაში სტუმრობა.

კაპადოკიის მონახულებისას აუცილებლად ეწვიეთ მინიატურულ ქალაქ ავანოსს, რომელიც მდებარეობს თურქეთის უგრძესი მდინარის – კიზილ-ირმაკის სანაპიროების მახლობლად. წყალი მდიდარია მადნით და წითელი თიხით, რამაც ადგილობრივებს მისცა საშუალება, რომ აქ განევითარებინათ ხელოსნობა და მეთუნეობა. ავანოსი განთქმულია ხალიჩების ფაბრიკებით, ალადინის სელჩუკური მეჩეთით და ქალის თმის მუზეუმით.

 

Sorry, the comment form is closed at this time.