logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

იტალიური დღესასწაულები და ზეიმები

21 Jun

იტალიური დღესასწაულები და ზეიმები

შობის დღესასწაული იტალიაში

იტალიაში მოსახლეობის უმრავლესობა ღრმადმორწმუნე კათოლიკეა, შესაბამისად, შობა (აღინიშნება 25 დეკემბერს) არის მათთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. ამ დღის გამორჩეული მოვლენაა რომის პაპის მიერ ვატიკანში ჩატარებული მესა. შობას იტალიურ ოჯახებში სადღესასწაულო სუფრის გარშემო იკრიბებიან ნათესავები. ბავშვები იმ ღამით არ აპირებენ დაძინებას იმ იმედით, რომ შენიშნავენ, თუ როგორ შეიპარება მათ სახლებში ბაბო ნატალე (იტალიელი თოვლის ბაბუა) და ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს დააწყობს.

ბაბო ნატალეს სახელის წარმოშობა უკავშირდება ბიზანტიელ ეპისკოპოსს მირონ-ლუკიიდან – წმინდა ნიკოლოზს. მართლმადიდებლურ კონფესიაში მას ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს ეძახიან. მეცნიერთა აზრით, სწორედ მისი ცხოვრების ეპიზოდებს უკავშირდება საშობაო საჩუქრების ჩუქების ჩვეულება. გარეგნულად ბაბო ნატალე ამერიკელი სანტა-კლაუსის მსგავსად გამოიყურება. იტალიელი ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ მათი თოვლის ბაბუა ცხოვრობს ლაპლანდიაში. ესაა შორეული და ძალიან ცივი ქვეყანა. ლაპლანდიაში ჯადოქარი მთელი წლის განმავლობაში იმყოფება, სადაც იგი იღებს ბავშვებისგან წერილებს.

ბეფანას დღესასწაული

6 იანვარ კათოლიკური სამყარო აღნიშნავს ნათლისღებას და ეპიფანიას (მაცხოვრის გამოცხადება). იტალიაში ამ დღეს ასევე ზეიმობენ ბეფანას დღესასწაულსაც. ნათლისღება საეკლესიო კალენდარში შევიდა მე-2 საუკუნის შუა ხანებში და თავდაპირველად აღინიშნებოდა ქრისტეს შობასა და მდინარე იორდანეში იესოს ნათლობასთან ერთად. მე-4 ასწლეულში კათოლიკურმა ეკლესიამ შობის ზეიმობა 25 დეკემბრისათვის გადაიტანა, ნათლისღების დღესასწაულმა კი შეინარჩუნა თავისი უწინდელი თარიღი – 6 იანვარი. შემდგომში, მართლმადიდებულურ კონფესიაში ნათლისღება თავისი მნიშვნელობით უფრო მეტად უკვაშირდებოდა ნათლობას, ხოლო კათოლიციზმში მაცხოვრის შემდგომ სახარებისეულ მოვლენებს, ძირითადად, მოგვების თაყვანისცემას.

ლეგენდის თანახმად, ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს მოგვებმა დააკაკუნეს მოხუცი ბეფანას სახლის კარზე. ისინი ეძებდნენ გზას ბეთლემისაკენ და მაცხოვრისთვის თავყვანისცემის ნიშნად მიჰქონდათ ოქრო, გუნდრუკი და მური. ვარსკვლავთმრიცხველებმა ბეფანას მასთან სახლში ღამის გათევა სთხოვეს, მოხუცებულმაც სიამოვნებით შეიფარა სტუმრები. დილით მოგვებმა ბეფანას მათთან ერთად ბეთლემში წასვლა შესთავაზეს, თუმცა ხანდაზმულმა ქალმა ოჯახის საქმეები მოიმიზეზა და უარი თქვა. ბეფანამ მალევე გაიაზრა, თუ რამხელა შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც მან შეაგროვა ტკბილეული და ბავშვებისათვის მათი დარიგება დაიწყო იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან იპოვიდა ჩვილ იესოს და მას პატიებას სთხოვდა. მოსახლეობის ნაწილი ბეფანას ბოროტ ჯადოქრად მიიჩნევს და მას ნაჭრის თოჯინის სახით გამოსახავს, რომელსაც ჩვეულებრივ ეტლით ატარებენ და მთავარ მოედანზე წვავენ. იტალიაში უფრო მეტად გავრცელებულია წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ბეფანა კეთილი არსებაა, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. მას ძირითადად აღბეჭდავენ მფრინავ ცოცხზე შემომჯდარი მოხუცი ქალის სახით, რომელიც შავებითაა შემოსილი, მხარზე კი ტკბილეულით და ძღვენებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.

აღდგომა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იტალიელებისათვის წლის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოვლენაა. წინასააღდგომო კვირა სასიამოვნო ფუსფუსში მიმდინარეობს: სახლის გენერალური დასუფთავება, საზეიმო სუფრის დაგეგმვა. ღრმადმორწმუნე ადამიანები მონაწილეობას იღებენ მესებსა და პროცესიებში, რომლებიც იმართება მთელი იტალიის მასშტაბით. სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა იწყება ბზობიდანვე. ამ საუფლო დღეს ხშირად შეხვდებით საეკლესიო მსახურებიდან შინ მიმავალ ოჯახებს, რომელთა წევრებს ხელში უჭირავთ ნაკურთხი ზეთისხილის რტოები (მართლმადიდებლური ბზის კათოლიკური ექვივალენტი). დიდ ხუთშაბათს მოსახლეობა იხსენებს საიდუმლო სერობას, რომელზეც იესო ქრისტემ დააწესა ევქარისტიის საიდუმლო, მოწაფეებს ფეხები დაბანა და ერთ-ერთი მოციქულის, იუდას ღალატის შესახებ შეიტყო. ამას მოჰყვება წითელი პარასკევი, რომელიც ეძღვნება ქრისტეს ჯვარცმას და მის მოწამეობრივ აღსასრულს, ასევე მაცხოვრის სხეულის ჯვრიდან ჩამოხსნას და დაკრძალვას. რელიგიური იტალიელებისათვის ეს გლოვის დღეა: ისინი უარს ამბობენ ხორცის ჭამაზე და მონაწილეობენ პროცესიებში. დიდი შაბათის საღამოს მორწმუნეები იკრიბებიან ეკლესიებში მთავარ და ხანგრძლივ წირვაზე, რომელიც შუაღამის შემდგომ თანდათან გადადის საზეიმო ლიტურგიაში. აღდგომა სიკეთის, კაცთმოვარეობისა და წყენათა პატიების დღეა, როცა მთავრდება დიდი მარხვა და ადამიანები მიირთმევენ ჯვრის ფორმის კათოლიკურ კულიჩს – კოლომბას და მოხარშულ კვერცხებს.

ყვავილთა ფესტივალი ჯენცანოსა და ნოტოში

ყვავილთა ფესტივალი ეწყობა ჯენცანოში (რომი). მისთვის დამახასიათებელია ყვავილების ხალიჩა, რომლითაც მოფეილია ქრისტეს სხეულის დღესასწაულის რელიგიური პროცესიის გზა. ეს ღონისძიება მე-18 საუკუნიდან იღებს სათავეს.

ნოტო სიცილიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც მრავალი სახელწოდება აქვს (“ოქროს ქალაქი” ან “ქვის ბაღი”). ის განთქმულია ბაროკოს სტილში შესრულებული უძველესი არქიტექტურით. 1980 წლიდან ნოტოში, ნიკოლაჩის ხიდის ქუჩაზე, იმართება ყვავილთა ფესტივალი.

რედენტორეს ფესტივალი

რედენტორეს ფესტივალი აღინიშნება ვენეციაში ყოველი წლის ივლისის მესამე კვირას (“Festa del Redentore” იტალიურად ითარგმნება, როგორც “გამოსყიდვის დღესასწაული”). პირველი საზეიმო ღონისძიებები იმართება წინასადღესასწაულო შაბათს. ამ დღეს გონდოლებისგან აგებენ “ნავების ხიდს”, რომელიც კვეთს ვენეციის ლაგუნას მთელს სიგრძეზე ზატერედან კუნძულ ჯუდეკამდე. ხიდი საზეიმოდ იხსნება საღამოს შვიდ საათზე და მისი გავლით მოქალაქეები მიდიან წირვაზე ილ რედენტორეს ეკლესიაში. დაახლოებით თორმეტი საათისათვის სან მარკოს მოედნის წინ არსებულ ტერიტორიაზე ეწყობა საზეიმო ფეიერვერკი. რედენტორეს ფესტივალი ვენეციაში მე-16 საუკუნის ბოლოდან აღინიშნება, რაც შავი ჭირის ეპიდემიის ჩაცხრომასთანაა დაკავშირებული. მხოლოდ ამ ქალაქშ 50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ საშინელი და იმ დროისათვის განუკურნებელი სნეულებით.

ვენდომია

ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე იტალიაში დგება პერიოდი, რომელსაც “ვენდომია”, ანუ ყურძნის მოსავლის აღება ეწოდება. ვაზის ნაყოფს ამ ქვეყანაში მრავალი დანიშნულებით იყენებენ. იტალიაში ქიშმიშისა და ფერმენტირებული ყურძნისაგან ამზადებენ ტკბილ ღვინოებს. მუქი ჯიშებისაგან მოსახლეობა აცხობს ნაცხვრებს, ადრეული სახეობები კი გამოიყენება საწებლების გასაკეთებლად (მაგალითად, მჟავე “agreto” ან “sapa”, რომელიც წარმოადგენს თეთრი ყურძნისაგან მიღებულ სქელ სიროფს).

“ვენდემიას” მაშინ იწყებენ, როცა ყურძენი მაქსიმალურ სიმწიფესა და სიტკბოს მიაღწევს. კარგია, თუ მოსავლის აღებამდე ნაწვიმარია, რადგან კენრკიდან ჩამორეცხილი იქნება იმ შხამ-ქიმიკატების ნარჩენები, რომლებიც ვაზის შესაწამლად გამოიყენეს. ზოგადად, ჯერ კიდევ სველი ყურძნის მოკრეფა არაა რეკომენდირებული, რადგან წყალი გავლენას ახდენს ბადაგის ხარისხზე. იტალიელმა მეღვინეებმა ასევე შესანიშნავად უწყიან, რომ მოსავლის აღება არაა სახარბიელო დღის ყველაზე ცხელ საათებში არასასურველი ფერმენტაციის თავიდან ასარიდებლად.

თეთრი ტრუფელის ფესტივალი

თეთრი ტრუფელის ფესტივალი ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების უქმეებზე იმართება ქ.ალბაში. მსოფლიოში ყველაზე ძვირფასია შავი ტრუფელი პერიგორიდან (საფრანგეთი) და თეთრი ტრუფელი პიემონტიდან (იტალია). უნდა აღინიშნოს, რომ პიემონტის თეთრი ტრუფელი გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული არომატითა და გემოთი. ის საკმაოდ იშვიათი სახეობაა.

ყოველ შაბათ-კვირას ალბის ისტორიულ ცენტრში, მის ქუჩებსა და მოედნებზე იხსნება ბაზრობები, ადგილობრივებს შეუძლიათ თვალწინ მოგიმზადონ ტრადიციული პიემონტური კერძი (ანალოტი (რავიოლის სახესხვაობა) შემწვარი ხორცით, სქელი საწებლითა და დაძველებული მაგარი ყველით). ფესტივალზე ასევე შეძლებთ ბაროლოსა და ბარბარესკოს ცნობილი ღვინოების დაგემოვნებას, რომლებიც მსოფლიოს ათეულში შედის. ალბის საკათედრო ტაძრის თაღის ქვეშ იმუშავებს უჩვეულო სენსორული ლაბორატორია, სადაც დააგემოვნებთ მაღალი ხარისხის ტრუფელს და ისწავლით სხვა სახეობებისგან მისი ნაზი არომატის გარჩევას. მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები უდავოდ ფასდაუდებელია!

Leave a Reply: