logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

იტალიის 5 ულამაზესი მოედანი

16 May

იტალიის 5 ულამაზესი მოედანი

სინიორიის მოედანი

სინიორიის მოედანი მდებარეობს ფლორენციაში, ვეკოს სასახლის წინ. მას სხვაგვარად უწოდებენ “მუზეუმს ღია ცის ქვეშ”. ერთ დროს იგი ფლორენციის რესპუბლიკის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო. რომის იმპერიის მმართველობის პერიოდში მოედნის ადგილას არსებობდა თეატრი. სამწუხაროდ, დღემდე ანტიკური ნაგებობის ფრაგმენტებიც ვერ შემორჩა. მოგვიანებით, იქ აღმართეს 36 კოშკი, სადაც უბერტების გავლენიანი ოჯახი ცხოვრობდა. მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში გიბელინებმა, წმინდა რომის იმპერიის მიმდევრებმა, მარცხი განიცადეს. ამის შემდგომ, მათი პოლიტიკური ოპონენტების (გველფების) მხრიდან გიბელინების მიმართ დაიწყო დევნა და რეპრესიები. უბერტების ოჯახის კუთვნილებაში არსებული სახლები და კოშკები საძირკვლებამდე დაანგრიეს. ამგვარად ჩამოყალიბდა ქალაქის მოედანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში რამდენჯერმე გამოიცვალა სახელი. უკანასკნელი სახელწოდება მან მიიღო იქ განლაგებული შენობის წყალობით, სადაც კომუნის მმართველები მართავდნენ სხდომებს. მე-15 საუკუნეში ეს ნაგებობა მნიშვნელოვან სამთავრობო დაწესებულებას წარმოადგენდა, რომელსაც ჯერ სინიორიის სასახლე, შემდგომ კი – “პალაცო ვეკო” ეწოდებოდა.

სინიორიის მოედანი მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა. მაგალითად, 1498 წელს იქ სიკვდილით დასაჯეს ჯიროლამო სავონაროლა, ფანატიკოსი ბერი და რეფორმატორი. ნეპტუნის შადრევანთან შორიახლოს დაგებულია მრგვალი ფილა, რომელიც მოწმობს, თუ როგორ გაუსწორდნენ საჯაროდ ერეტიკოსს. სინიორიის მოედანზე აღმოაჩენთ შემდეგ ქანდაკებებს: “მარძოკო” (ასლი, ავტ. დონატელო), “ნეპტუნის ქანდაკება” (ავტ. ბართოლომეო ამანატი, გამოიკვეთა ფრანჩესკო I მედიჩის შეუღლებასთან დაკავშირებით), “დავითი” (ასლი, ავტ. მიქალანჯელო), “ჰერკულესი, რომელმაც კაკუსი დაამარცხა” (ავტ. ბაჩო ბანდინელი), “იუდიფი თავს ჰკვეთს ოლოფერნს” (ავტ. დონატელო).

დელ კამპოს მოედანი

დელ კამპო – ქალაქ სიენის ცენტრალური მოედანია. ეს ნაგებობა პირველად ნახსენებია 1169 წლით დათარიღებულ წერილობით წყაროებში. იმ დროისათვის სიენა სუვერენულ რესპუბლიკას წარმოადგენდა. იქაური დენარი მნიშვნელოვანი ვალუტა იყო. დელ კამპოს მოედანი სავაჭრო გზების გადაკვეთის ადგილად ითვლებოდა. 1193 წლის ჩანაწერით დასტურდება დელ კამპოსა და დელ მერკატოს მოედნების გამყოფ საზღვრად კედლის მშენებლობა, რომელიც მალევე გარდაიქმა “ბოლგანოდ” – ზარაფხანად და სიენის საბაჟოდ. დელ კამპოს მოედნის განვითარება დაკავშირებულია “ოცდაოთხის საბჭოს” ძალაუფლებასთან, რომელთა წევრებს წარმოადგენდნენ უმდიდრეს ბანკირთა ოჯახები. ისინი იყვნენ გიბელინები, ანუ იმპერატორთა მომხრეები რომის პაპის წინააღმდეგ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლაში.

1270 წლისათვის სიენას “ცხრათა კავშირი” მართავდა. ეს იყო ვაჭარ გველფთა პარტია, რომლის წევრებიც რომის პაპის მხარდამჭერები იყვნენ. 1288-1310 წლებში “ბოლგანო” კომუნის სასახლედ გადაკეთდა. მე-14 საუკუნეში აიგო კოშკი, რომელიც დღეს “Torre del Mangia”-ის სახელითაა ცნობილი. მშენებლობის პარალელურად სასახლის წინ არსებული მოედანი წითელი აგურით მოკირწყლეს და ის თეთრი კირქვით 9 სექტორად დაყვეს. მარმარილოს სამლოცველო – “Capella di Piazza” აღმართეს მარიამ ღვთისმშობლისადმი მადლობის ნიშნად, რადგან მან 1348 წელს შავი ჭირის ეპიდემიისგან იხსნა ქალაქი.

დეი მირაკოლის მოედანი

პიაცა დეი მირაკოლი – პიზის ცნობილი მოედანია, სადაც განლაგებულია შუასაუკუნოვანი არქიტექტურის ოთხი შედევრი: სანტა მარია ასუნტის საკათედრო ტაძარი, ბაპტისტერიუმი, სამრეკლო და კამპო-სანტოს სასაფლაო. 1987 წელს ნაგებობათა ეს კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიქტთა სიას შეემატა. “საოცრებათა მოედნის” გულია 5-ნეფიანი საკათედრო ტაძარი, რომელიც რომანული სტილის შესანიშნავი ნიმუშია. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1063 წელს არქიტექტორ ბუსკეტო დი ჯოვანი ჯუდიჩეს თაოსნობით. ფასადი შესრულებულია თეთრი ქვითა და ნაცრისფერი მარმარილოთი.

მიიჩნევა, რომ გალილეო გალილეიმ ქანქარის მოძრაობის შესახებ თავისი თეორია შეიმუშავა ნეფის ჭერზე ჩამოკიდებული ლამპის ქანაობაზე დაკვირვებისას. ამ გასანათებელი მოწყობილობის შემცირებულ ასლს აღმოაჩენთ კამპო-სანტოს სასაფლაოზე არსებულ აულის სამლოცველოში. სანტა მარია ასუნტის საკათედრო ტაძარში დასვენებულია წმინდა რანიერის, პიზის მფარველის სხეულის ნაწილები.

სან ჯოვანის ბაპტისტერიუმი ყველაზე დიდია იტალია. რაც შეეხება სამლოცველოს, იგი ტაძრის უკან მდებარეობს. კამპო-სანტოს მონუმენტური სასაფლაო მოედნის ჩრდილოეთ ნაწილიშია ლოკალიზებული. თქმულების თანახმად, მისი აგებიასას, მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის დასრულების შემდეგ, პიზის არქიეპისკოპოსმა გოლგოთის მთიდან ჩამოიტანა წმინდა მიწა. ერთ დროს სასაფლაოს კედლები დაფარული იყო ფრესკებით, თუმცა 1944 წლის 27 ივლისს ქალაქის დაბომბვის შედეგად ისინი განადგურდა.

პიაცა-დელ-პოპოლი

პიაცა-დელ-პოპოლი, იგივე “ეროვნული მოედანი” მე-16 საუკუნეში გააშენეს რომში პაპ სიქსტე V-ის ბრძანებით. მოედნიდან სამხრეთის მიმართულებით სხივებად იშლება სამი ქუჩა: კორსო, რიპეტა და ბაბუინო. უკანასკნელი მათგანი მიგიყვანთ რომის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობამდე – ესპანურ კიბემდე. მოედნის ცენტრში დგას ფლამინიოს ობელისკი, 3400 წლის 24-მეტრიანი ქვის კოლონა, რომელიც ეგვიპტიდან ჩამოიტანეს ოქტავიანე ავგუსტუსის მითითებით. პიაცა-დელ-პოპოლის ჩრდილოეთ ნაწილში შეხვდებით ფლამინიების ჭიშკარს, საიდანაც იწყება ჯერ კიდევ ძველი რომაელების მიერ გაყვანილი ქუჩა – ვია ფლამინა. მოედნის სამხრეთით, კორსოს ქუჩის დასაწყისში მდებარეობს ორი პრაქტიკულად იდენტური ეკლესია: სანტა-მარია-დეი-მირაკოლი და სანტა-მარია-დი-მონტესანტო. ეს ნაგებობი შესრულებულია ბაროკოს სტილში. დელ-პოპოლის მოედანს ასევე ამშვენებს ჯოვანი ჩეკარინის მიერ შექმნილი ქანდაკებები, შადრევნები და კოლონები.

პიაცა-დელ-დუომო 

დუომოს მოედანი მდებარეობს ფლორენციის ისტორიულ შუაგულში. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს და ყველაზე მონახულებად ადგილად ითვლება. პიეცა-დელ-დუომო დაარსდა მე-14 საუკუნეში სახლთუხუცეს აძონე ვისკონტის ბრძანებით. მოედანმა თანამედროვე იერსახე მიიღო არქიტექტორების, ჯუზეპე მენგონის და პორტალუპის დამსახურებით. პიეცა-დელ-დუომოს საეკლესიო ანსამბლის მარგალიტია სანტა-მარია-დელ-ფიორეს საკათედრო ტაძარი. ამ უნიკალური ნაგებობის ერთ-ერთ კედელზე ჰკიდია პაოლო უჩელოს გასაოცარი საათი, რომლის ისრები დღემდე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს.

ასევე აღსანიშნავია ჯოტოს სამრეკლო, რომელსაც საძირკველი ჩაუყარა იტალიელმა მოქანდაკე არნოვალფო დი კამპიომ. კოშკის მშენებლობა 1359 წელს აქიტექტორ ფრანჩესკო ტალენტიმ დაასრულა. რვაკუთხედის ფორმის სან-ჯოვანის ბაპტისტერიუმი ფლორენციის ერთ-ერთი უძველესი შენობაა. იქ მოინათლნენ მედიჩის დინასტიის წარმომადგენლები და ასევე დანტე ალიგიერი. ბაპტისტერიუმის შიგნით ინახება ანტიპაპ იოან მე-13-ის მარმარილოსა და ბრინჯაოს აკლდამა. იგი შექმნეს აღორძინების ეპოქის ცნობილმა სკულპტორებმა – დონატელომ და მიკელოცომ. პიაცა-დელ-დუომოს სხვა გამორჩეული ღირსშესანიშნაობებია: დელ-დუომოს ოპერა, დელ-ბიგალოს ლოჯია, პალაცო კანონიჩი, ტორინის მუზეუმი.

Sorry, the comment form is closed at this time.