იტალიის იდეუმალებით მოცული კუნძულები, რომელთაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ
ფავანიანა
ფავანიანა ეგადის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია, რომელსაც პეპლის ფორმა აქვს. იგი მდებაროებს სიცილიის დასავლეთ სანაპიროზე. უძველეს დროში ფავანიანას ერქვა ეგუზა, რაც ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “თხის კუნძული”. ფინიკიელებმა იქ დააარსეს ფორპოსტი, რომელიც წარმოადგენდა ხმელთაშუაზღვისპირა სავაჭრო გზების ტვირთგადასაცლელ პუნქტს I პუნიკურ ომში კართაგენთან დამარცხებამდე. ადრეულ შუა საუკუნეებში ფავანიანა დაიპყრეს არაბებმა. მათ ყველაზე მაღალ ბორცვზე ააგეს სანტა-კატერინას ციხე. მალევე კუნძული ნორმანების მფლობელობაში გადავიდა. მე-19 საუკუნეში ფავანიანა შიეძინა გემთმფლობელმა ვინჩენცო ფლორიომ. კუნძულის ღირსშესანიშნაობებიდან გამოირჩევა ბუე მარინოს და ლაჟვარდოვანი ბუხტები. ფავინიანა განთქმულია ტუფის და თინუსის მოპოვებით.
მარეტიმო
მარეტიმო სიდიდით მეორე კუნძულია ეგადის არქიპელაგში. მისი უმაღლესი წერტილია – მონტე ფალკონეს მთა, რომლის სიმაღლე 686 მ შეადგენს. კუნძულის სანაპიროზე შევხდებით უამრავ მღვიმეს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია “Grotta der presepio” (ქრისტეს შობის გამოქვაბული). ამ ქვაბში წარმოქმნილია უჩვეულო სტალაქტიკები და სტალაგმიტები, რომლებიც თავიანთი ფორმით საწოლში მწოლიარე ბავშვს მოგვაგონებს. შესაბამისად, აქედან წარმოდგება მღვიმის სახელწოდებაც. რომის იმპერიის მმართველობის ხანაში მარეტიმო მნიშვნელოვან სადამკვირვებლო პუნქტს წარმოადგენდა, რადგან რომის ესპანეთსა და ჩრ. აფრიკასთან დამაკავშირებელი საზღვაო გზები სწორედ მოცემული კუნძულის გავლით გადიოდა.
მარეტიმო ნამდვილი სამოთხეა მყვინთავებისათვის. უამრავი წყალქვეშა ქვის, ბუხტის და მღვიმის წყალობით, ის იდეალურ საარსებო გარემოს წარმოადგენს მრავალი სახეობის თევზისა თუ მცენარისათვის.
სალინა
სალინა – მცირე კუნძულია ლიპარის არქიპელაგის შემადგენლობაში, რომელიც განლაგებულია ტირენის ზღვაში, სიცილიის ჩრდილოეთით. კუნძულის სახელწოდება მომდინარეობს მის ტერიტორიაზე არსებული ტბისგან. სალიანას აქვს მთიანი რელიეფი და საკმაოდ რთული გეომეტრიული ფორმა. ანტიკურ ეპოქაში იქაურობას ხშირად სტუმრობდნენ ბერძნები, რომლებმაც კუნძულს “დიდიმი” (“ტყუპი”) შეარქვეს. სალინაზე სულ რაღაც სამი საასტუმროა, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 30 სტუმარზეა გათვლილი, ამის გამო დამსვენებელთა უმრავლესობა ქირაობს ოთახებს ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან.
კუნძულზე არსებული ტბა ერთ დროს ზღვის მარილის წარმოების ადგილს წარმოადგენდა, აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც (სალინა იტალიურიდან ითარგმნება, როგორც “მარილსახდელი”).
პანარეა
პანარეა – ლიპარის არქიპელაგის უმცირესი ვულკანური კუნძულია. მისი უმაღლესი წერტილია სან-პიეტროს მთა. ადრე კუნძულს “ეუნიმოსი”ერქვა. პანარეაზე აღმოჩენილია მიკენური ცივილიზაციის მრავალი ნაკვალევი (ძვ.წ. 1200 წ.). კუნძული განიცდიდა მეკობრეთა გამუდმებულ თავდასხმებს, რის გამოც გარკვეული ხნით ადგილობრივმა მოსახლეობამ იქაურობა დატოვა. 2000 წელს ლიპარის კუნძულთა ჯგუფი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი გახდა.
პანტელერია
პანტელერეა მდებარეობს სიცილიასა და ტუნისის სანაპიროებს შორის მოქცეულ სტურეში. ის ვულკანური წარმოშობის კუნძულია, სადაც აღმოაჩენთ ჩამქრალი ვულკანების უამრავ კრატერს. პანტელერიის პირველი მკვიდრები იყვნენ იბერები და ლიგურები, შემდგომ ეს ადგილი აითვისეს ფინიკიელმა და კართაგენელმა მოგზაურებმა, რომელთაც სან-მარკოს და სანტა-ტერეზას ბორცვებზე ააგეს აკროპოლისი, აღმართეს ქალაქის კედლები, გაიყვანეს წყლის არხები. 700 წელს კუნძული დაიპყრეს არაბებმა, მე-12 საუკუნის დასაწყისში პანტელერია ერთ-ერთი სიცილიელი მმართველის საკუთრება გახდა, 1553 წლიდან კი ეს ტერიტორია ოსმანთა იმპერიას მიუერთდა.
ყვინთვის მოყვარულებისათვის საუკეთესო ადგილია კუნძულის აღმოსავლეთი სანაპირო, სადაც უამრავი ეგზოტიკური თევზი ბინადრობს, იქ ასევე მრავლადაა მინერალური წყლის ცხელი წყაროები. იზოლა – დი – პანტელერიის ნაკრძალის მონახულებისას ან მონტანია გრანდეს მწვერვალზე ასვლისას ტურისტების თვალწინ იშლება ხედი აფრიკულ სანაპიროებზე. კუნძულზე ყოფნისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ორიგინალური ადგილობრივი კერძები: პასტა – “რავიოლი ამარი”, რიკოტითა და პიტნით, სოუსი – “პესტო პანტესკო”, რომელიც მომზადებულია ზეითუნის ზეთის, ნივრის, ბაზილიკის, ჩილის წიწაკისა და პომიდვრისაგან, “მუსტაცოლე” – ტკბილი ცომეული დარიჩინით, ფორთოხლის ცუკატებით, თაფლით.
ვულკანო
ვულკანო ლიპარის არქიპელაგის პატარა კუნძულია ტირენის ზღვაში, რომელიც სიცილიიდან ჩრდილოეთით 25 კმ-ის დაშორებით მდებაროებს. იგი რამდენიმე კრატერის მქონე ვულკანურ მასივს წარმოადგენს, მათგან ერთ-ერთი დღემდე მოქმედია. ვულკანის უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1888-1890 წლებში, კუნძულზე შემორჩენილია ფუმაროლები.
ბერძნულ მითოლოგიაში ვულკანო ქარის ღმერთის, ეოლის სახლი იყო. თქმულების თანახმად, ქალღმერთმა ვენერამ კუნძულის ბუნებრივ აუზში დაიბრუნა უმანკოება. როგორც ამბობენ, სასწაულმოქმედი წყლები ჩვეულებრივი ადამიანების შემთხვევაშიც ახდენს სასწაულს. რომაული ლეგენდის მიხედვით, კუნძულის ქვეშ არსებობს უზარმაზარი სამჭედლო. მიიჩნევდნენ, რომ სწორედ იქ დაედო ბინა ღმერთ ეოლს, რომელიც სპეციალურ ტყავებში ინახავდა მსოფლიოს 8 ქარს. კუნძულის სიღრმეში ინახებოდა მჭედელ ჰეფესტოსის ღუმელები, რომლებშიც ძლევამოსილი ციკლოპები ჭედავდნენ იარაღს თავად ზევსისათვის.
ძველი რომის ეპოქაში კუნძული იყო სამშენებლო მასალების (ქვის, ხის) წყარო, იქ მოიპოვებდნენ გოგირდს და შაბს. იტალიის გაერთიანების შემდგომ, 1860 წელს ბრიტანელმა ჯეიმს სტივენსონმა შეისყიდა კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი და იქ ვილა ააგო, მან კუნძულის ნოყიერ მიწაზე ვენახები მოაშენა. მალვაზიის ჯიშის ყურძნისგან ამზადებენ ღვინოს, რომელთან ერთადაც ჩვეულებრივ მიირთმევენ დესერტს, სახელწოდებით კოტონიატა, მისი ძირითადი ინგრედიენტებია კომში და მარმელადი.
პონცა
პონცა – პონცის არქიპელაგში შემავალი უმსხვილესი ვულკანური წარმოშობის კუნძულია. ძველი რომის ხანაში იგი საპორტო ქალაქს წარმოადგენდა, სადაც განვითარებული იყო თევზჭერა. ამას მოწმობს იქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მონაპოვრები. შუა საუკუნეებში პონცა თითქმის გაუკაცრიელდა, რადგან მეკობრეთა თარეშის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ იქაურობა დატოვა. მაცხოვრებლები კუნძულზე მხოლოდ აღორძინების ეპოქაში დაბრუნდნენ.
თანამედროვე პონცის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იქ პირადი ავტოტრანსპორტით სარგებლობა აკრძალულია. კუნძულზე შეხვდებით უამრავ გამოქვაბულს, რომელთა უმრავლესობა კულტურულ-ისტორიულ და არქეოლოგიურ ფასეულობას წარმოადგენს. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს კაპო ბიანკოს კლდე. კუნძულის უძველესი ობიექტებია – პილატოს გროტები. ლუჩია როსას ქარაფს ეს სახელი დაერქვა იმ ახალგაზრდა პატივსაცემად, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ციცაბო კლდიდან ზღვაში გადაეშვა, რადგან მამამ ღატაკ შეყვარებულთან დაოჯახება აუკრძალა. პაპის სრუტე ინახავს მოგონებას რეალურ ისტორიულ მოვლენაზე. იქ 21 მ სიღრმეზე დღემდე არსებობს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული აშშ-ის სატვირთო გემი.
ლა-მადალენა
ლა-მადალენა სარდინიის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული კუნძულთა ჯგუფია. არქიპელაგი მდებარეობს ბონიფაჩოს სრუტეში, სარდინიასა და კორსიკას შორის. მისი უმსხვილესი კუნძულებია: ლა-მადალენა, კაპრერა, სანტო-სტეფანო, სპარგი, ბუდელი, სანტა-მარია და რაცოლი. ქ. ლა-მადალენა კორსიკელმა მწყემსებმა დააფუძნეს. ადგილობრივი სალაპარაკო დიალექტი “იზულანუ” წარმოადგენს კორსიკული და სარდინიული ენების ნაზავს გენუური დიალექტის დამატებით. არქიპელაგი ტრადიციულად კორსიკას ეკუთვნოდა, ვიდრე კორსიკული რევოლუციის დროს ის არ დაიპყრო სარდინიის მეფე კარლ იმანუილ III-მ . კუნძულ კაპრერაზე სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა გამოჩენილი იტალიელი სარდალი და რევოლუციონერი ჯუზეპე გარიბალდი. ლა-მადალენაში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ სანტა-მარია-მადალენის ტაძარი, კალა-გავეტის პორტი, კალა-გარიბალდის ბუხტი.
ელბა
ელბა სიდიდით იტალიის მესამე კუნძულია სიცილიისა და სარდინიის შემდეგ. ის მდებარეობს ტოსკანის რეგიონში. მისგან 35 კმ-ის დაშორებით, დასავლეთის მიმართულებით განლაგებულია კუნძული კორსიკა, რომელიც საფრანგეთის მფლობელობაშია. ელბას ცენტრალური ქალაქია პორტოფერაიო.
კუნძულმა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაითქვა სახელი, რადგან ეტრუსკების უძველესმა ტომებმა იქ აღმოაჩინეს რკინის საბადო. ისინი და მოგვიანებით რომაელებიც მევენახეობით იყვნენ დაკავებულები. ელბა დღემდე ცნობილია თავისი უნიკალური ღვინოებით.
1814 წელს ელბას კუნძულზე გადაასახლეს ნაპოლეონ ბონაპარტი. იმ დროს კუნძული ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა ფრანგმა მთავარსარდალმა თავი იქაურობის იმპერატორად გამოაცხადა და ის მალევე გარემოცული იყო 600 კარისკაცისგან შემდგარი რაზმით. 9 თვისა და 21 დღის განმავლობაში ნაპოლეონმა გაატარა სხვადასხვა რეფორმა კუნძულის მკვიდრთა ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად. მოგვიანებით, ბონაპარტი დამარცხდა ვატერლოოსთან გამართულ ბრძოლაში, რის შემდგომაც იგი წმინდა ელენეს კუნძულზე გახიზნეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ელბა გერმანელებმა დაიკავეს. 1944 წლის 17 ივნისს მომხდარი სისხლისმღვრელი შეტაკების შედეგად საფრანგეთის არმიამ გაათავისუფლა კუნძული.
ქ. პორტოფერაიოს მთავარი ღირსშესანიშნაობებია: “მოწყალების ტაძარი”, მედიჩის ციხის კედლები, ვოლტერაიოს სიმაგრე, ნაპოლეონის სახლ-მუზეუმი, სან მარტინოს ვილა, მულინის სასახლე.
Sorry, the comment form is closed at this time.