logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

რომის შთამბეჭდავი ტაძრები

14 Jun

რომის შთამბეჭდავი ტაძრები

სანტა-მარია-მაჯორე

მოცემული კათოლიკური ტაძარი მდებარეობს ექსვილინის გორაკზე. ის რომის შვიდ ბორცვთაგან ერთ-ერთია, სადაც მდებარეობდა პალატინის შემდგომ უძველესი რომაული დასახლება. სანტა-მარია-მაჯორეს პაპის ბაზილიკა დაარსდა ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში. მისი მშენებლობის ისტორია საუკუნეთა განმავლობაში ლამაზ ლეგენდად იქცა. რომაელ ეპისკოპოს ლიბერიუსს სიზმრად ეჩვენა ქალწული მარიამი, რომელმაც მას იმ ადგილა უბრძანა ტაძრის აგება, სადაც მომდევნო დილით დაათოვდა. ახალი დღის დადგომისთანავე რომის პაპს აცნობეს, რომ ესქვილინის ბორცვი თეთრ საბანში იყო გახვეული. XIV საუკუნეში სამ ნეფიანი ბაზილიკის გვერდით ააშენეს 75-მეტრიანი სამრეკლო. ტაძრის თანამედროვე ფასადი რომანული და ბაროკოს სტილების ნაავია.

მრავალი ცვლილებისა და რეკონსტრუქციის მიუხედავად, ბაზილიკამ დიდწილად შეინარჩუნა თავისი ავთენტური იერსახე. მნახველთა ყურადღებას იპყრობს ტაძრის მოზაიკის ელემენტები. სანტა-მარია-მაჯორეს სიწმინდეებია: ღვთისმშობლის ხატი – “რომაელი ერის ხსნა” (დაბრძანებულია პაოლინის კაპელაში), ბაზილიკის მთავარ საკურთხეველში ინახება მოციქულ მატათას წმინდა ნაწილები. საძვალეში, ძვირფას კიდობანში დევს “Sacra Culla” (ლათ. “Sancta Cunabula” – წმინდა აკვანი) – ბიბლიური გადმოცემის თანახმად, მხოლოდ ხუთი ხის თამასა შემორჩა ბეთლემში არსებული იესო ქრისტეს ბაგისგან.

წმინდა ლავრენტის ბაზილიკა

თანამედროვე ბაზილიკის ტერიტორიაზე ადრე მდებარეობდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ აგებული ორატორიუმი. ის ააშენეს იმ ადგილას, სადაც, ბიბლიური გადმოცემის თანახმად, დაკრძალულია წმინდა არქიდიაკონი ლავრენტი. 580-იან წლებში, პაპ პელაგიუს II-ის ბრძანებით, იქ აღმართეს მოწამის სახელობის ბაზილიკა. წმინდა ლავრენტი ევროპაში ღატაკების, ბიბლიოთეკარების, ხაბაზებსა და მემაღაროების მფარველად მიიჩნეოდა. ბაზილიკის წინ მდებარეობს მცირე მოედანი, სადაც XIX საუკუნეში დადგეს კოლონა წმ. ლავრენტის ბრინჯაოს ქანდაკებით. ტაძრის საკურთხევლის ქვეშ არის საძვალე. იქ არსებულ აკლდამაში დასვენებულია არქიდიაკვნების, ლავრენტისა და სტეფანეს, ასევე პრესვიტერ იუსტინიანეს წმინდა ნაწილები.

სან-ჯოვანის ბაზილიკა

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მდებარეობს ლატერანოს გორაკზე. წინარექრისტიანულ ეპოქაში ცელიოს ბორცვის მიმდებარე მიწები ეკუთვნოდა ლატერანების მდიდარ რომაულ ოჯახს. ტაციტუსის “ანალებში” ნახსენებია, რომ ახ.წ. I საუკუნეში პლაუციო ლატერანო გამოაშკარავებულ იქნა იმპერატორ ნერონის წინააღმდეგ ინტრიგებში. გადატრიალება ჩაიშალა და მოაჯანყე რომაელის მთელი ქონება საიმპერატორო ხაზინაში გადავიდა. ბაზილიკის დამფუძნებლად ითვლება იმპერატორი კონსტანტინე დიდი. მაქსენციუსთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ მან ცაე იხილი ქრიზმა – ქრისტეს სახელის მონოგრამა, რომელმაც მას გამარჯვება უწინასწარმეტყველა. ამგვარად, IV ასწლეულის დასაწყისში იმპერიის მმართველი აღიარებს აღმსარებლობის თავისუფლებას, რომში კი ჩნდება პირველი ქრისტიანული ეკლესია.

სან-ჯოვანის ტაძრის საბოლოო იერსახის ფორმირება მოხდა XVIII საუკუნეში. ბაზილიკის რეკონსტრუქციითა და ფასადის მორთვით დაკავებული იყო არქიტექტორი ალისანდრო გალილეი. ეკლესიის მახლობლად შემონახულია რამდენიმე ნაგებობა. ოქტაგონის ფორმის ლატერანოს ბაპტისტერიუმი, პაპ ლევ III-ის ტრიკლინიუმი, ასევე წმინდა კიბე (გადმოცემის თანახმად, ეს მარმარილოს კიბე წმინდა ელენემ ჩამოიტანა იერუსალიმიდან. ამ კიბით იესო ქრისტე რამდენჯერმე ავიდა პილატეს სასახლეში სამსჯავროზე წარდგომისას.

სანტა-მარიას ბაზილიკა

ისტორიკოსების აზრით, სანტა-მარიას ბაზილიკა რომის უძველესი ტაძარია. დღევანდელობამდე შემორჩა ეკლესიის განახლებული ვერსია, რომელიც შეიქმნა პაპ ინოკენტი II-ის მიერ XII საუკუნეში. მაღალი კოლონები და კამარები მნახველებს მოაგონებს რომანულ არქიტექტურას. გამოსარჩევია ბაზილიკის გუმბათის 1140 წლით დათარიღებული მოზაიკური მორთულობა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ეკლესიის ჭერის კესონური დეკორი, რომელიც ოსტატ დომინიკინოს ნახელავია. მთავარი საკურთხევლის ტახტის ქვეშ დასვენებულია კალეპოდიუსის, იულიუსის და კორნელიუსის წმინდა ნაწილები. საკურთხევლის მარცხნივ არსებულ კაპელაში ინახება VII საუკუნის ხატი – “მადონა-დელა-კლემენტა”, რომელიც ჩვენს დრომდე მოღწეული ღვთისმშობლის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულებაა.

სანტა-მარია-სოპრა-მინერვა

მოცემული ბაზილიკა დომინიკანური ორდენის ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარია. სანტა-მარია-სოპრა-მინერვა წარმოადგენს დღემდე შემონახულ რომის ერთადერთ გოთიკურ ნაგებობას. ბაზილიკის ისტორია VIII საუკუნიდან იწყება, როცა ამ ადგილას ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი როტონდა ააგეს. 750 წელს პაპმა ზაქარიამ ის გადასცა წმინდა ბასილი დიდის ორდენის წევრ მონაზვნებს. ისინი გაურბოდნენ ხატმებრძოლთა დევნას, რომელსაც მოეცვა ბიზანტია. მათ როტონდას სახელი მინევრას პატივსაცემად დაარქვეს, შესაძლოა, ჰალკიდიკის მინერვას უძველესი ტაძრის გამო, რომელიც იმპერატორ დომიციანეს მმართველობისას აშენდა.

1266 წლით თარიღდება პირველი მტკიცებულება, რომელიც მოწმობს მინერვას როტონდის გადაცემას დომინიკანელთა ორდენის წევრ მქადაგებელთათვის გადაცემას. 34 წლის შემდეგ მის ადგილას იწყება გოთური სტილის ახალი ბაზილიკის მშენებლობა.

სანტა-მარია-სოპრა-მინერვა ცნობილია, როგორც კომისიების შეკრების ადგილი ერეტიკოსთა რწმენისადმი განდგომის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, სწორედ იქ უარყვეს თავიანთი “შეცდომები” გალილეიმ და გრაფ კალიოსტრომ. ბაზილიკის ნამდვილი საგანძურია მიქელანჯელოს მიერ გამოკვეთილი ქანდაკება – “ქრისტე ჯვრით”. სკულპტურა გამოსახავს მკვდრეთით აღმდგარ იესოს, რომელსაც ხელში ჯვარი უჭირავს.

სანტა-მარია-დელ-პოპოლო

სანტა-მარია-დელ-პოპოლო რომში მდებარე ავგუსტინელთა ორდენის ეკლესიაა. ბაზილიკის სახელწოდება ერთ ლეგენდას უკავშირდება: მიიჩნეოდა, რომ ტაძარში მდებარეობდა ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, იმპერატორ ნერონის აკლდამა. საუკუნეების შემდეგ საძვალეზე გაიზარდა ვერხვის ხე (ლათინურად “populus”), რომლის ძირთან ყვავთა გუნდები იკრიბებოდა. მოცემული ადგილი დაწყევლილად ითვლებოდა. 1099 წელს რომის პაპ პასქალ II-ს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ხის მოჭრა ბრძანა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღასრულა ქალწულ მარიამის ნება და იქ მისი სახელობის სამლოცველო ააშენა. 1227 წელს პაპ გრიგორ  IX-ის ბრძანებით, სალოცავის ადგილას პატარა ეკლესია აშენდა. 1250 წელს ტაძარი წმინდა ავგუსტინეს ორდენის იურისდიქციის ქვეშ მოექცა. სანტა-მარია-დელ-პოპოლოს ირიბად ყველა იცნობს, ვისაც უნახავს დენ ბრაუნის რომანის, “ანგელოზებისა და დემონების” ეკრანიზაცია. ფილმის მოქმედება ნაწილობრივ ვითარდება კიჯის კაპელაში. რაც შეეხება ჩერაზეს კაპელას, ის დაკავშირებულია ცნობილ იტალიელ მხატვარ კარავაჯოსთან. იქ ინახება მისი ორი მნიშვნელოვანი ნამუშევარი: “სავლეს მოქცევა” და “მოციქულ პეტრეს ჯვარცმა”.

წმინდა კლიმენტის ბაზილიკა

ეს პატარა ეკლესია კოლიზეუმის აღმოსავლეთით მდებარეობს. ის ქრისტიანული სალოცავების, ხელოვნების ნიმუშებისა და ისტორიული დანაშრევების ნადვილი საგანძურია. ბაზილიკაში დასვენებულია როგორც წმინდა კლიმენტის, მოწამეობრივად აღსრულებული რომის მეოთხე ეპისკოპოსის, ისე კირილეს, სლავი განმანათლებლის წმინდა ნაწილები.

ტაძრის ინტერიერი გამოირჩევა ანტიკური სტილის სვეტებით. ბიზანტიურ სტილში შესრულებული მე-12 საუკუნის ბრწყინვალე მოზაიკის ცენტრალურ ნაწილში არის ჯვრის გამოსახულება, რომელიც ამაღლებულია თეთრი მტრედებით შემკულ მცირე ბორცვზე (გოლგოთა), ქვემოთ კი მდინარე იორდანე მიედინება. იქვე შეამჩნევთ შარავანდედიან ცხვარს, რომელიც მაცხოვრის სიმბოლოა (უფლის კრავი). იატაკის მოზაიკები დამზადებულია კოსმატების ოჯახის მიერ. შუა საუკუნეებში ამ არქიტექტორებმა შექმნეს საკუთარი სტილი (კოსტემასკო), რომელიც მოგვიანებით მთელს ევროპაში გავრცელდა. ბაზილიკის ცენტრალურ ნაწილში დგას მე-6 საუკუნით დათარიღებული ჩარდახი (ამ დათარიღებას მოწმობს იოანე II-ის მონოგრამა ჩარდახის ორივე მხარეს).

ტაძრის ქვედა იარუსზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საუკუნის მითრას ეკლესია. შემორჩენილია მისი ტრიკლინიუმი – გრძელი გროტი თაღოვანი ჭრით, შიგნით კი დგას ქვისგან გამოკვეთილი სკამები ადეპტებისათვის და საკურთხეველი მითრას ( ძველი რომაელი ღვთაების, რომელიც განასახიერებს მზის შუქს, მეგობრობას და ჰარმონიას) გამოსახულებით.

ტაძრის შუა იარუსზე მდებარეობს კიდევ ერთი დანგრეული ტაძარი ( ახ. წ.  IV საუკუნე), რომელიც რომში ნორმანების შემოსევის დროს დაზიანდა. გათხრების დროს აღმოაჩინეს კარგად შემონახული ფრესკები. ბაზილიკაში შესვლისთანავე მნახველები ადრეული ბაროკოს ატმოსფეროში იძირებიან. ეკლესიის აფსიდის მთავარი მორთულობაა იესო ქრისტეს ქანდაკება.

წმინდა ცეცილიას ბაზილიკა

ტრანსტევერეში, რომის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ რაიონში, მდებარეობს წმინდა ცეცილიის (ქრისტიანი მოწამისა და მუსიკის მფარველის) სახელობის ბაზილიკა. II-III საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ლეგენდის თანახმად, ადრეულ ასაკში ქრისტიანული სიბრძნის შეცნობის შემდეგ ცეცილიამ ქალწულობის აღთქმა დადო, თუმცა მშობლებმა ქალიშვილის ნების გაუთვალისწინებლად იგი წარმართ ვალერიანს მიათხოვეს. ცეცილიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მან მეუღლე აპიის გზაზე არსებულ კატაკომბებში გააგზავნა მიწისქვეშეთში მცხოვებ ქრისტიანობის მქადაგებელ ურბანთან შესახვედრად. რახან დიდებულთა წრის წარმომადგენლისათვის კატეგორიულად იყო აკრძალული ქრისტიანობის მიღება, ვალერიანი და მისი ძმა უმალვე შიეპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

ციცილიასაც იგივე ბედი ელოდა. ჯალათები თავიდან ახალგაზრდა ქალის გაგუდვას ცდილობდნენ, შემდეგ კი მის მდუღარე წყალში დახრჩობას, თუმცა ამაოდ. მაშინ ერთ-ერთმა მათგანმა ციცილიას კისერში სამჯერ დაჰკრა ნაჯახი, რომელმაც წმინდანს მხოლოდ ღრმა ჭრილობები მიაყენა. ბოლოს ქრისტიანი ქალი დილეგში გამოკეტეს, სადაც იგი სისხლისგან დაიცალა. აღსასრულის წინ ცეცილიამ თავისი სახლის ეკლესიას უანდერძა, რომელმაც იგი საკულტო თაყვანისცემის ადგილად გარდაქმნა. მიიჩნევა, რომ პირველი ქრისტიანული ტაძარი იქ V საუკუნეში აიგო.

ცენტრალური ნეფის ჭერს ამშვენებს დიდებული ფრესკა, რომელზეც გამოსახულია წმინდა ცეცილიას გვირგვინის დადგმა, ქვემოთ გამოხარული ორგანი კი მოწმობს წმინდანის სტატუსზე, როგორც მუსიკის მფარველზე. წმინდა ცეცილიას ბაზილიკაში, საკურთხევლის წინ მდებარეობს სტეფანო მადერნოს ქანდაკება – “წმინდა ცეცილიას მოწამეობა”.

წმინდა ავგუსტინის ბაზილიკა მარსის მოედანზე

მოცემული ტაძარი 1481 წელს აიგო არიქიტექტორების, ჯაკომო დი პეტრასანტისა და სებასტიანო დი ფირენცეს მიერ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ბაზილიკა რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი უპირველესი რომაული ეკლესიაა. თავდაპირველად იგი მიუძღვნეს ტრიფონს – ქრისტიან მოწამეს. მოგვიანებით ტაძარი სამრევლო გახდა და იგი გააფართოვეს. 1587 წელს ეკლესია წმინდა ავგუსტინეს ტიტულის საკუთრებად იქცა და, შესაბამისად, მისი სახელიც გადაკეთდა. ბაზილიკაში დასვენებულია წმინა ავგუსტინეს დედის – წმინდა მონიკას ნეშტი. ტაძრის ფასადი მოპირკეთებულია ტრავერტინის ფილებით. წარმართული რომის ეპოქაში ისინი ამშვენებდა ძლევამოსილ კოლიზეუმს.

წმინდა ავგუსტინის ბაზილიკას უკავშირდება ერთი ფრიად საინტერესოისტორია. საარქივო წყაროების მიხედვით, ერთხელ განრისხებულმა არავაჯომ აფექტის მდგომარეობაში ნავონის მოედანზე დღისით მოკლა თავის სატრფოს მამა, რის შემდგომას მან წმინდა ავგუსტინეს ბაზილიკას შეაფრა თავი. მადლიერების ნიშნად მხატვარმა შექმნა სკანდალური ტიო – “მადონა დი ლორეტო”, რომელზეც გამოსახული ფეხტიტველა ღვთისმშობლისა და შიშველი მაცხოვრის გამოცხადება ორი ქრისტიანის წინაშე.

რომის პანთეონი

პანთეონი – რომის უძველესი ტაძარია, რომელიც ეძღვნება ძველ რომაელ ღმერთებს (ნეპტუნი, იუპიტერი, მარსი, ვენერა, პლუტონი, მერკური და სატურნი) და ის რომის იმპერიის სიდიადეს განასახიერებს. ვარაუდობენ, რომ იგი აშენდა ჩვ.წ. II საუკუნეში, ძვ.წ. 27-ე ასწლეულში მარკუს აგრიპას მიერ აგებული ტაძრის ადგილზე. მისი სახელი მომდინარეობს ორი ბერძნული სიტყვიდან: “პან” – “ყველა” და “თეონი” – “ღვთაებრივი”, თავდაპრველად მას ერქვა “ყველა ღმერთის ტაძარი”. პანთეონი არის უზარმაზარი როტონდა, რომელიც დაფარულია ნახევარსფეროსებრი გუმბათით. არქიტექტორებმა შეძლეს შენობის სიამღლესა და მის დიამეტრს შორის ჰარმონიული ბალანსის მიღწევა.

აგრიპას პანთეონს გარს აკრავდა ტრავერტინის ფილებით მოპირკეთებული პატარა მოედანი, რომლის მოპირდაპირე მხარეს ნეპტუნის ტაძარი მდებარეობდა. ძვ.წ. 80 წელს ტაძარი იქ გაჩენილი ხანძრის შედეგად გადანდგურდა, თუმცა იგი მთლიანად აღადგინეს იმპერატორ დომიციანეს მმართველობის დროს. წარმართების დევნის დროს ნაგებობას ემუქრებოდა განადგურების საფრთხე უკმაყოფილო ქრისტიანი მაცხოვრებლების მხრიდან (პანთეონი იმ დროისათვის ქრისტიანულ ქალაქში არსებული წარმართული ტაძარი იყო). საბედნიეროდ, პაპ ბონიფაციუს IV დროულად ჩაერია და აკურთხა ეკლესია. რენესანსის ეპოქის დროს პანთეონი გახდა განსაკუთრებით პატივცემული ადამიანების დაკრძალვის ადგილი (მაგალითად, იქ დასაფავებულები არიან მხატვრები – ანიბალ კარაჩი და რაფაელ სანტი).

Sorry, the comment form is closed at this time.