logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

იტალიის თვალწარმტაცი ქალაქები და სოფლები

9 Jul

იტალიის თვალწარმტაცი ქალაქები და სოფლები

კოლოდი

იტალიელებს სახეზე ღიმილი ეგვრებათ ხოლმე ამ ტოსკანური სოფლის სახელის ხსენებაზე. ბავშვობაში ყველას უკითხავდნენ თუ უყვებოდნენ ზღაპრებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხალხური თხრობითი ნაწარმოები ვიწრო და გაჭიმულ ბორცვზე განლაგებულ, მცენარეთა სიმწვანეში ჩაფლულ და მცხუნვარე ტოსკანური მზით ნაალერსები სოფლის სახელს უკავშირდება. კოლოდის ერთ-ერთი მკვიდრის ვაჟმა დაწერა ისტორია გრძელცხვირა ხის ბიჭუნაზე. იგი ლორენცინის გვარს ატარებდა და მან დონ კორლეონეს მსგავსად ფსევდონიმი დედის დაბადების ადგილის სახელწოდებიდან აიღო და გახდა კარლო კოლოდი, პინოქიოს ავტორი.

სოფელ კოლოდის შესახებ არსებული პირველი ცნობები მე-12 საუკუნით თარიღდება. ის დღემდე კარგად შემოინახა, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მძლავრი ქალაქების, ლუკისა და ფლორენციის ინტერესთა საზღვარზე აღმოჩნდა. ეს სოფელი მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახენს. ერთი შეხედვით, ჩანს, რომ კოლოდის სახლები კასკადურადაა ჩამწკრივებული, ისინი ბორცვზე სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევს. აღმართს აგვირგვინებს კოშკი, რომელიც ძველი დანგრეული ციხის სამრეკლოს წარმოადგენს.

ლიმონე-სულ-გარდა

ლიმონე-სულ-გარდა მდებარეობს ბრეშოს პროვინციაში, გარდას ტბის დასავლეთ სანაპიროზე, იგი გარშემორტყმულია კლდოვანი ქარაფებით. ლიმონეში ოდითგანვე ყვაოდა მეთევზეობა, ასევე იქ მოჰყავდათ სხვადასხვა სახის ციტრუსი და ზეთისხილი. აწ უკვე ქალაქის ისტორიული ცენტრი არის ვიწრო ბილიკების და კიბეების ლაბირინთი. მისი გულია პორტო ვეკოს პატარა ნავსადგური. ლიმონე-დელ-კასტელი – ძველი ლიმონის ოლეაა ტერასებითა და ქვის სვეტებით. კიეზა-დი-სან-ბენედეტო წარმოადგენს ბაროკოს სტილში შესრულებულ ტაძარს, რომელიც, სავარაუდოდ, მე-10 საუკუნეში დაარსდა. რაც შეეხება სან-როკოს ეკლესიას, იგი მე-16 ასწლეულში აღმართეს შავი ჭირისგან თავის დაღწევის გამო უფლისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად.

ოსტუნი

იტალიის სამხრეთ სანაპიროზე, ადრიატიკის ზღვის ბექობიან სანაპიროებზე გადაჭიმულია ზღაპრული სილამაზის მქონე ქალაქი. დაუვიწყარი შუასაუკუნოვანი ატმოსფერო, სუფთა პლაჟები, ქათქათა ზღვა და თეთრი შეფერილობის მქონე სახლები გულგრილს არავის დატოვებს. ისინი ქალაქის ერთიან ნაგებობად, ერთგვარ ცარცის ციხე-სიმაგრედ ერთიანდება, რომელიც ანათებს ცისფერი ცის ფონეზე. თუ ოსტუნის ისტორიას ჩავუღრმავდებთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში, დაახლოებით 50 ათასი წლის წინ. არქეოლოგებმა იქ აღმოაჩინეს ორსული ქალის სხეულის ნაწილები, რომლებიც 24 ათას წელს ითვლის. მას დელია დაარქვეს და იგი გლობალური მასშტაბის უნიკალური აღმოჩენა გახდა.

მე-15 საუკუნის ასუნტის ტაძარი პულიის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 1902 წელს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ძეგლად აღიარეს. ეკლესია მე-15 ასწლეულისათვის დამახასიათებელ გვიან-გოთიკურ სტილშია აგებულია. იქ ინახება სხვადასხვა ხელოვნების ნიმუში, მაგალითად: “მადონა წმინდანებთან ერთად”, რომელიც ჯაკომო პალმა უმცროსის ფუნჯს ეკუთვნის.

თავისუფლების მოედანი ოსტუნის ცენტრს წარმოადგენს, სადაც მდებარეობს ქალაქის ადმინისტრაციის სასახლე. მოედანზე 1771 წლიდან აღმართულია წმინდა ორონზოს შპილი. ყოველი წლის 26 აგვისტოს ტადება წმინდა ორონცოს კავალკადის ტრადიციული მსვლელობა, რომელიც მოიცავს ცხენების აღლუმს და ფოლკლორულ წარმოდგენებს.

კიანალე

კიანალე მდებარეობს კუნეოს პროვინციაში, საფრანგეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. “La Cianal” ოქსიტანურ ენაზე ნიშნავს არხს და ეს სახელწოდება მიემართება მდინარე ვარიატის კანალიაციის პროცესს. წყლის ეს ნაკადი ქალაქს ორ ცენტრად ყოფს, რომლებსაც ერთმანეთთან ქვსიგან აგებული ხიდი აკავშირებს. იქვე შორიახლოს მდებარეობს პატარა შადრევნიანი მოედანი და წმინდა ანტონიოს სახელობის ანტიკური ტაძარი. ადგილობრივი პეიზაჟების მთავარი სახასიათო შტრიხია ვაზით მოწნული სახურავები. შორეულ წარსულში ეს ადგილი ცნობილი იყო თაფლის წარმოებითა და ხის ნაკეთოებით. დღესდღეობით იქ მზადდება უმაღლესი ხარისხის ალპური ყველის სახეობები.

კიანალეს მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ვარიატას ტბა, მე-14 საუკუნით დათარიღებული წმ.ანტონიოს ტაძარი რომანულ სტილში შესრულებული პორტალით, ტექსტილური სარეწების მუზეუმი, სადაც დაცულია ტრადიციული ტანისამოსების ფართო კოლექცია.

რაგუზა

რაგუზა სიცილიის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე პროვინციაა. იქ ხალხი პალეოლითის ხანიდან მოყოლებული ცხოვრობდა. უნიკალური სიცილიური არქიტექტურის წყალობით რაგუზა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვდა. პროვინციის უმეტესი ნაწილი დაფარული იბლეის მთებით, რომლის სიმაღლე 400-დან 600 მ-მდე მერყეობს. უმაღლესი წერტილია ჩამქრალი ვულკანი მონტე ლაურო (986 მ). ის მდებარეობს რაგუზისა და მისი მეზობელი ქალაქის – სირაკუზის საზღვარზე.

რაგუზას დასავლეთ ნაწილში განფენილია ვიტორიის ვაკე. პროვინციის გავლით მიედინება რამდენიმე მსხვილი მდინარე: დორილო (ჩაედინება სიცილიის ყურეში), ირმინო (სათავეს იღებს მონტელაუროდან), იპარი (ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში). რაგუზას ტერიტორიაზე ადრე უამრავი ჭაობი არსებობდა, რომელთა უმრავლესობა დააშრეს. დღემდე შემორჩა პანტანო ლონგარინისა და პანტანო გარიფის 2 ხელოვნური წყალსატევი – სანტა როზარია და დირილო.

ფონტანა ნუოვას მახლობლად არსებულ გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 60 ათასი წლის წინ დამზადებული ხელსაწყოები, ასევე ნეოლითის პერიოდის ნაკეთობები ქვაღორღისგან და სიქჰების ნამოსახლარის კვალი. 736 წელს სიცილიის მიწები დაიპყრეს ბერძნებმა, რომლებმაც დააარსეს დასახლებები, მათ შორის იყო რაგუზაც. ოთხი საუკუნის შემდგომ კუნძული ხელში ჩაიგდეს რომაელებმა. მათ გაძარცვეს ქალაქები, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა დაიმონეს. რომაელთა შემდგომ რეგიონს ფლობდნენ ბიზანტიელები და არაბები. უკანსაკნელთა გამოჩენამდე რაგუზა ყვაოდა ბამბის მოყვანის ხარჯზე. არაბები ჩაანაცვლეს ნორმანდიელებმა. მე-13 ასწლეულში იმ ტერიტორიაზე დაფუძნდა მოდიკას საგრაფო. გარკვეული ხნის მერე ის მიწები გახდა კიარამონტეს ფეოდე და მან შეიძინა ახალი სტატუსი – “სამეფო სამეფოში”. 1812 წელს მოდიკა გახდა ორი სიცილიის სამეფოს ნაწილი, რომელიც ხუთი დეკადის შემდგომ გაერთიანებული იტალიის შემადგენლობაში შევიდა. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდნენ და მოდიკის სტატუსი დაქვეითდა. 1927 წელს რაიონის დედაქალაქი რაგუზა გახდა, რომელიც მძლავრ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა.

ბოსა

ბოსა მდებარეობს ორისტანოს პროვინციაში, სარდინიის რეგიონში. ქალაქი დააფუძნეს ფინიკიელებმა, შემდგომ იგი რომის კოლონია გახდა. შუა საუკუნეებში ბოსა არაერთხელ გახდა არაბი მეკობრეების თავდასხმის ობიექტი, ვიდრე მე-12 საუკუნეში მალასპინებმა (წარჩინებული ტოსკანური ოჯახი) ბორცვის თავზე არ ააგეს ციხე-სიმაგრე, რომელიც უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდა ქალაქის დაცვის კუთხით.

მე-19 საუკუნეში ბოსას სავოიელები ესტუმრნენ და იქ დაარსეს ტყავის საწარმოები, რომლებიც საკმაოდ შემოსავლიანები აღმოჩნდა. ბოსაში ყოფნისას უსათუოდ უნდა მოინახულოთ 1112 წელს აგებული მალასპინების ციხე-სიმაგრის ნაშთები. ქალაქის საკათედრო ტაძარი მე-19 საუკუნეში აღმართეს, იგი როკოკოს სტილშია შესრულებული, განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს მარმარილოს საკურთხეველი და ემილიო შერერას მიერ დაწერილი ფრესკები. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს აბატ სანტ-ანტონიოსადმი მიძღვნილი ეკლესია, რომელიც მდინარე ტემოს სამხრეთ სანაპიროზე დგას.

მონტეპულჩანო

მონტეპულჩანო იდუმალებით მოცული ულამაზესი ქალაქია სიენას პროვინციაში, რომელიც გაშლილია ტოსკანის რეგიონის თვალწარმტაც ხეობებს შორის. დასახლებული პუნქტების გაჩენა ბორცვების მწვერვალებზე – ეტრუსკული კულტურის დამახასიათებელი ნიშანია. ძვ.წ.  IV- III საუკუნეებში მონტეპულჩანო იყო ეტრურიის დედაქალაქი და მეფის რეზიდენციას წარმოადგენდა. ეტრუსკების დროიდან მოყოლებული იმ ტერიტორიაზე გაშენებულია სანჯოვეზეს ჯიშის ყურძენი – საყოველთაოდ ცნობილი “Nobile”-ს საფუძველი.

საინჟინრო მიღწევებმა ამ უძველეს ხალხს ტერმინალური ტბების მარილების სამკურნალო მიზნით გამოყენების საშუალება მისცა. ქალაქს აყვავების პერიოდი მეორედ დაუდგა XV-XVI ასწლეულებში, როცა მან ფლორენციასთან ალიანსი დაამყარა სიენას დაჩემემების წინააღმდეგ საბრძოლველად. მედიჩის დინასტიის და დიდებული ფლორენციელი ოსტატების (სანგალო, ვინიოლა, პერუცი, მიკელოცო) დამსახურებით ქალაქი გარდაიქმნა და ტოსკანის მარგალიტად იქცა. მე-16 საუკუნის ბოლოს შექმნილი ნაგებობები ატარებს მანერიზმის (იჩხიბობა, გაუმართლებელი კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს ფორმასა და შინაარსს შორის არსებულ წონასწორობას და მნახველში მღელვარებას იწვევს) ანაბეჭდს. მონტეპულჩანოს დღევანდელი მომხიბვლელობა გაყინული დროის ილუზიაში მდგომარეობს. ერთი შეხედვით, ქალაქს ხუთი საუკუნის წინანდელი იერსახე აქვს შენარჩუნებული.

მონტეპულჩანოს მთავარი ქუჩა ხალხმრავალი საფეხმავლო ზონაა სუვენირების მაღაზიებით, რესტორნებით, ღვინის მარნებით. გზის დასაწყისში აღმართული დელ-მარცოკოს კოლონა, რომელზეც ფლორენციის გერბია გამოსახული. 1511 წლამდე იქ ძუ მგლის ქანდაკება იდგა – სიენის ხელისუფლების მიერ ქალაქის დამორჩილების ნიშანი. ბორცვის მწვერვალისკენ შუაგზაზე მდებარეობს პულჩინელის კოშკი-სასახლე. მონტეპულჩანოს მთავარი მოედანი გვიანი რენესანსის არქიტექტურის ნიმუშია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფორმასა და შინაარსს შორის დისბალანსი. ქალაქის გამორჩეული ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. XVII საუკუნის აგურის შენობა მოკლებულია ფასადის დეკორაციას. ეკლესიის მთავარ ძვირფასეულობას წარმოადგენს საკურთხევლის ტრიპტიხი – “ღვთისმშბლის მიძინება”, რომელიც თადეო დი ბარტოლოს ნახელავია. საკათედრო ტაძრის პირდაპირ დგას კომუნის სასახლე – ფლორენციული რატუშის ტყუპისცალი. წმ. ვლასიუსის ეკლესია აღორძინების ეპოქის ხუროთმოძღვრული შედევრია, რომელიც 1518-1545 წლებში შექმნა ანტონიო და სანგალომ. იგი ბორცვის ძირში მდებარეობს.

მონტეპულჩანო ეტრუსკების პერიოდიდან მოყოლებული იყო და დღემდე რჩება მეღვინეობის მნიშვნელოვან ცენტრად. “Nobile de Montepulciano” – “კეთილშობილური ღვინო მონტეპულჩანოდან – ამ უძველესმა სასმელმა ეს სახელწოდება მე-16 საუკუნის შუახანებში შეიძინა.

პიტილიანო

პიტილიანო მდებარეობს ტოსკანის სამხრეთ ნაწილში, გროსეტოს პროვინციაში, იგი გაშენებულია 300-მეტრიან ტუფის კლდეზე. ეს ქალაქი განთქმულია მეღვინეობითა და გასტრონომიით. ტრადიციულ კერძებს შორის გამოსარჩევია რავიოლი ცხვრის რძით, რიკოტა ისპანახითა და სალბით, ცხვრის ხორცი თეთრ ღვინოში არტიშოკით.

პიტილიანო იტალიის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. იქ ხალხი ჯერ კიდევ გვიანი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა (ძვ.წ. XII- XI საუკუნეები). ახ.წ. მე-13 ასწლეულში ქალაქი სოვანას სარაფოს დედაქალაქი ხდება. რამდენიმე საუკუნოვანი აყვავების შემდგომ, 1604 წელს, პიტილიანო მედიჩების დაქვემდებარებაში მოექცა და დაკნინდა.

ქალაქს აქვს კოლორიტული ისტორიული ცენტრი, რომელიც სავსეა ძველი სახლებით. მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დღესაც შეძლებთ იხილოთ უძველესი ეტრუსკული კედლები და შუასაუკუნოვანი ჭიშკრის ნაშთები, რომელიც ალდობრანდესკების ოჯახის მიერაა აშენებული. პიტილიანოში არსებულ მღვიმეებს საიდუმლოებით მოცული წარმომავლობა აქვთ. ერთნი ვარაუდობენ, რომ ისინი გათხარეს მიცვალებულთა დასამარხად და საკრალური რიტუალების ჩასატარებლად, მეორენი მიიჩნევენ, რომ ეს გამოქვაბულები წარმოადგენდა მეზობელი თემების დამაკავშირებელ გზას.

პიტილიანო მცირე იერუსალიმის ზედმეტსახელითაა ცნობილი, რადგან მისი რომთან ახლომდებარეობის გამო, იქიდან გამოქცეული ებრაელები ხშირად სწორედ იქ ნახულობდნენ თავშესაფარს. მე-16 საუკუნეში პიტილიანოში პირველი სინაგოგა ააგეს. ქალაქის ისტორიული ცენტრის სამხრეთით არის ებრაული სასაფლაო.

პალაცო ორსინი პიტილიანოს ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა. მე-12 საუკუნის სასახლის კოშკი და შიდა ეზო შესრულებულია შუასაუკუნოვან სტილში და კონტრასტს ქმნის პორტალთან, რომელიც ორსინი ოჯახის გერბითაა მორთული. წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარს შუა საუკუნეებში ჩაეყარა საფუძველი, თუმცა მე-18 ასწლეულში იგი ბაროკოს სტილში გადააკეთეს.

გუბიო

გუბიო მდებარეობს უმბრიის რეგიონში, ინჯინოს მთის ძირას. ამ უძველესი ქალაქის ისტორია იწყება უმბრიელთა ტომით, რომლებიც იქ ეტრუსკებთან ერთად სახლობდნენ. იმ დროს ქალაქს ერქვა იკივიუმი (იგივიუმი) და მას ეკავა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიცია ტირენისა და ადრიატიკის ზღვების სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე. იმ უხსოვარი ეპოქის მოსაგონებლად ქალაქში ინახება ძვ.წ. III- I საუკუნეებით დათარიღებული იგუვინური ცხრილები – შვიდი სპილენძის ფირფიტა, რომლებზეც დატანილია წარწერები უმბრიულ ენაზე (ტექსტები შეიცავს ადგილობრივი მღვდლების კოლეგიის – “ატიედელი ძმების” რიტუალურ მოწერილობებს.

ძვ.წ. 296 წელს გუბიო შეუერთდა რომის იმპერიას. ქალაქის აყვავების ხანა შეწყდა 552 წელს გოთების მოსვლასთან ერთად, რომელთაც ტოტილა მეთაურობდა. გამანადგურებელი დარბევის შემდეგ გუბიო აღადგინეს, თუმცა, წარსული შეცდომების გათვალისწინებით, ქალაქი ხელახლა გააშენეს მთაზე და არა ბარში, როგორც ადრე.

XI საუკუნიდან მოყოლებული გუბიო დიდი ხნის განმავლობაში ეომებოდა პერუჯას, რომელსაც აღიზიანებდა ერთობ აქტიური მეზობელი, რომელიც ტერიტორიების გაფართოებისკენ მიმართულ პოლიტიკას აწარმოებდა. 1860 წელს იტალიის გაერთიანების შემდეგ გუბიო გამოეყო მარკუს რეგიონს და იგი უმბრიის ნაწილი გახდა.

დუომო დი გუბიო ქალაქის მთავარი ტაძარია, რომელიც გოთურ სტილშია აგებული. იგი ორი მოწამის – მარიანესა და ჯაკომოს სახელებს ატარებს, რომელთა წმინდა ნაწილები მთავარი საკურთხევლის ქვეშ ინახება. ეკლესიის შიგნით ყოფნისას შეამჩნევთ საუკუნის ხის ჯვარს, ბენედეტოს, ფიოჯინიო ნუჩის, ანტონიო გერარდისა და ჯულიანო პრეზუტის ფრესკებს.

“პალაცო დელ კაპიტანო დელ პოპოლო” – შუასაუკუნოვანი სასახლეა, რომელიც გუბიოს ცენტრში, სან-მარტინოს კვარტალში მდებარეობს. შენობა ეკუთვნოდა გაბრიელების ოჯახს, მათ შორის, კანტე გაბრიელსაც, რომელმაც ფლორენციიდან განდევნა დანტე ალიგიერი.

წმინდა ფრანცისკეს სახელობით გოთური ეკლესია აშენდა 1256 წელს არქიტექტორ ფრა ბევინიატეს პროექტის მიხედვით. ეს ტაძარი მდებარეობს სპადალონგების ოჯახის სახლის ადგილზე, სადაც წმინდა ფრანცისკე დარჩა მას შემდეგ, რაც მან მშობლიური ასიზი დატოვა.

პიაცა გრანდე ქალაქის მთავარი მოედანია, გუბიოს გამორჩეული დღესასწაულია – ლა ფესტა დეი ჩერი, ტრადიციული მარათონი შორეული 1160 წლიდან იღებს სათავეს და ყოველი წლის 15 მაისს ტადება. წმინდა უბალდოს ბაზილიკა XVI საუკუნის ნაგებობაა, სადაც ინახება ქალაქის მფარველის წმინდა ნაწილები.

Sorry, the comment form is closed at this time.