logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ანიმეს ისტორია

20 Sep

ანიმეს ისტორია

მე-12 საუკუნიდან მოყოლებული იაპონიაში ხვეწდნენ ილუსტრაციების მეშვეობით ისტორიების თხრობის ხელოვნებას: სამი ანბანისგან შემდგარი რთული დამწერლობა აუცილებელს ხდიდა ტექსტებისათვის ნახატების დამატებას – განათლებულ იაპონელსაც კი ხშირად უჭრიდა ნაწერის სრულად წაკითხვა და მისი შინაარსის გააზრება. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ამომავალი მზის ქვეყანაში დაიწყო შემოღწევა დასავლური პოპ-კულტურის ნიმუშებმა, იაპონიაში გაჩნდა ადგილობრივი კომიქსების , მანგას, ჩანასახები.

იაპონიაში ანიმეებთან დაკავშირებით ექსპერიმენტირება დაიწყეს მე-20 ასწლეულის დასაწყისში. თავიდან ეს იყო ერთიდან ხუთ წუთამდე ხანგრძლივობის ანიმაციები. 1917 წლის იანვარში გამოვიდა დეკოტენა სიმოკავას “ჩანახატების ახალი ალბომი”. რამდენიმე თვის შემდეგ სეიტარო კიტაიამამ შექმნა ანიმაციური ნაშრომი, სახელწოდებით – “როგორ იძია შური კირჩხიბმა მაიმუნზე”. სიუჟეტი აღებულია თანამოსახელე იაპოური ხალხური ზღაპრიდან. ერთი წლის შემდეგ დღის სინათლე იხილა კიტაიამას “მომოტარომ”. სამწუხაროდ, აღნიშნული მხატვრების ვერც ერთმა ხსენებულმა “ქმნილებამ” ჩვენამდე ვერ მოაღწია.

თავდაპირველად ანიმატორები პატარა სტუდიებში მარტოდმარტო ქმნიდნენ ანიმეებს. ისინი დაფინანსების სანაცვლოდ გაშუქების უფლებას აძლევდნენ კინემატოგრაფიულ კომპანიებს. საბოლოო ჯამში, მულტიპლიკატორები ვერ იღებდნენ პროცენტს შემოსავლებიდან. ამან განაპირობა ის, რომ მხატვრებისათვის პრიორიტეტად იქცა არა შექმნილი ანიმაციების ხარისხი, არამედ მათი რაოდენობა.

ჩვენამდე მოღწეული უძველესი ანიმეა – “მთა, სადაც მოხუცებს სასიკვდილოდ ტოვებდნენ”. სანაე იამამოტომ თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში განაცხადა, რომ 18-წუთიანი ანიმაციის შექმნას წელიწად-ნახევარი შეალია.

1943 წლის დასაწყისში იაპონიის მთავრობამ მიცუიო სეოს შეუკვეთა ეროვნულ-პოლიტიკური ხასიათის პირველი დიდი ანიმაცია. 25 მარტს გამოვიდა 37-წუთიანი მულტიპლიკაცია – “მომოტარო – ზღვის არწივი”. მასში ალეგორიულადაა გადმოცემული იაპონელი ფლოტის თავდასხმა პერლ-ჰარბორზე. მომოტარო თანამებრძოლებთან ერთად “ანადგურებს დემონებს” (ანუ ამერიკელებს) ონიგასიმეზე. მომდევნო წელს სამინისტროს დაკვეთით გამოვიდა ისტორიის გაგრძელება – “მომოტარო – ღვთაებრივი მეზღვაური”. ის გახდა პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმე.

ომის დასრულების შემდეგ იაპონელი მულტიპლიკატორები გაოცებულნი იყვნენ ამერიკული ანიმაციების მაღალი ხარისხით. მხატვრები მიხვდნენ, რომ კომერციული წარმატების მისაღწევად, მათ სჭირდებათ გაერთიანება. სწორედ ამან განაპირობა ანიმე-სტუდიების დაარსება. 1946 წელს კენძო მასაოკამ და სანაე იამამოტომ დააფუძნეს სტუდია – “ნიპონ დოგა” და ერთი წლის შემდეგ გამოუშვეს – “მიტოვებული კნუტი, სახელად ტორა”.

კინოკომპანია “ტოეი დოგა”- მ პირველი ფერადი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია – “ლეგენდა თეთრ გველზე”, რომელსაც საფუძვლად დაედო თანამოსახელე ჩინური თქმულება. მასში გადმოცემულია ყმაწვილ სუი სიანისა და პრინცესა-გველის, ბაი ნიანის, სიყვარული ისტორია. სწორედ ეს იქცა პირველ ანიმედ, რომელიც გააშუქეს აშშ-ის ტერიტორიაზე. ამ მულტიპლიკაციამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ბევრ მომავალ ანიმატორზე, მათ შორის, ჰაიაო მიაძაკიზეც.

1959 წელს “ტოეი დოგა”- მ გამოუშვა ანიმაციური კინოსურათი – “ყმაწვილი სარუტობი სასუკე”. ამბავი მოგვითხრობს ახალგაზრდაზე, რომელიც უპირისპირდება დემონს და მის ტირანიულ მმართველობას.

მოგვიანებით დღის შუქი იხილა ანიმემ – “მოგზაურობა დასავლეთში”. თხრობის მთავარი ფიგურაა მაიმუნი, რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და მაგიის შესწავლის შემდეგ წინ აღუდგა ღმერთებს.

1961 წელს დაფუძნდა სტუდია „მუსი პროდაქშენსი“, რომელმაც მოგვიანებით გამოუშვა ექსპერიმენტული მულტიპლიკაცია  – „ერთი ქუჩის ისტორია. ანიმეს ჰქონდა ანიმალისტური ხასიათი. 2 წლის შემდეგ დღის სინათლე იხილია ცნობილმა სერიალმა, სახელწოდებით – „ძლევამოსილი ატომი“. იქ მოთხრობილია ანდროიდის თავგადასავლების შესახებ. აღნიშნულმა ანიმემ იაპონიის გარდა დიდი პოპულარობა მოიპოვა აგრეთვე ამერიკაშიც. 1965 წელს ეკრანებზე გამოჩნდა „გულივერის კოსმოსური მოგზაურობა“, რომელზეც, მათ შორის, მუშაობდა ახალგაზრდა ჰაიაო მიაძაკი. ოთხი წლის შემდეგ „მუსი პროდაქშენსმა“ დაიწყო ზრდასრული აუდიტორიისათვის განკუთვნილი ანიმაციის გამოშვება. იმ დროისათვის ეს საკმაოდ პროგრესული ნაბიჯი იყო. რეჟისორმა იამამოტო ეიტიმ შემქნა ტრილოგია „ანიმერამა“, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა „ათას ერთი ღამე“, „კლეოპატრა“ და „ნაღვლიანი ბელადონა“. იმავე პერიოდში სტუდია „ტოეი დოგა“-მ მაყურებლებს გააცნო ორი ანიმაცია – „ჩექმებიანი კატა“ და „გემი-მოჩვენება“.

60-იანი წლების ბოლოს სტუდიებმა დაიწყეს სპორტულ თემატიკაზე დაფუძნებული სერიალების გადაღება. აღნიშნულმა ჟანრმა მიიღო სახელწოდება „სპოკონი“, რომელიც წარმოსდგება ორი სიტყვის – „სპორტისა“ და „კიონძეს“ (იაპონურიდან თარგმანში ნიშნავს „ნების სიმტკიცეს“) შეერთებით. მიიჩნევა, რომ „Speed Racer” ზემოხსენებული ჟანრის პირველი წარმომადგენელია. სიუჟეტს საფუძვლად უდევს მოზარდის, სახელად სპიდის, ისტორია. ის მონაწილეობას იღებს მსოფლიო რბოლებში და უპირისპირდება მზაკვარ მოწინააღმდეგეებს. მოგვიანებით გამოვიდა სერიალი ბეისბოლზე – „გიგანტების ვარსკვლავი“, მოგვიანებით კი გოგონებისათვის განკუთვნილი სერიალი ფრენბურთზე – „საუკეთესო მოწოდება“. ხსენებულმა ანიმეებმა ჩაუყარა საფუძველი სპორტულ ჟანრს და განსაზღვრა მისი ძირითადი მახასიათებლები.

1970-იან წლებში უკვე იყო ჩამოყალიბებული ახალი ჟანრების საზღვრები და კანონები. ამ პერიოდში დაიწყეს ისეთი სერიალების გამოშვება, რომელთა მთავარი მოქმედი პერსონაჟები ანტიგმირები იყვნენ. პირველი ასეთი ანიმე გახდა „ხვალინდელი ჯო“. ჯოს ისტორიამ მრავალი მაყურებლის გული დაიპყრო, ხოლო სერიალის დასასრულს არავინ დაუტოვებია გულგრილი.

ამას მოჰყვა ლეგენდარული სერიალი – ლიუპენ მესამე. სიუჟეტის ცენტრალური ფიგურაა ხალხის მაცდუნებელი ქურდბაცაცა ლიუპენ მესამე, ცნობილი ქურდის, არსენ ლიუპენის, შვილიშვილი. ჰაიაო მიაძაკი და ტაკაჰატა ერთად მუშაობდნენ აღნიშნულ სერიალზე.

1974 წელს გამოვიდა „ჰაიდი – ალპების გოგონა“. სერიალმა მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა. მის პოპულარობამ საშუალება მისცა მიაძაკისა და ტაკაჰატეს დასაბამი დაედოთ ისეთი კოლექციის შექმნისათვის, როგორიცაა „მსოფლიო შედევრების თეატრი“. მასში შესულია 23 სერიალი, რომლებიც გადაღებულია მსოფლიო კლასიკური ნაწარმოებების მოტივებზე.

მოგვიანებით ფორმირდება ახალი ჟანრი – მეჰა. ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდებოდა პერსონაჟების ურთიერთდამოკიდებულებებზე. მეგობრობა, ერთიანობა და უნიკალურობა იყო მოწინავე თვისებები გუნდურ ურთიერთობებში.

საკულტო სერიალმა, სახელწოდებით – „განდამი – მობილური მებრძოლი“, ძირითადი მიმართულება გაყო ორ ქვეჟანრად – „სუპერ-რობოტებად“ და „რეალისტურ რობოტებად“. პირველ მათგანში რობოტები არ აღიქმება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევად, ამიტომაც უხშირესად მათ მართავენ ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით. მეორე ქვეჟანრში რობოტები მიჩნეულია ადამიანის ხელით შექმნილ მანქანებად და საბრძოლო ერთეულებად. მათ მართავენ სხვადასხვა მექანიზმით.

80-იან წლებში ჩამოყალიბდა ოტაკუს სუბკულტურა. მისი წარმომადგენლები ერთიანდებოდნენ იაპონური ანიმაციის მოყვარულებთან და ქმნიდნენ ანიმეებს. ერთ-ერთი ასეთი კომერციული ჯგუფია “Gianax”, რომელმაც გამოუშვა – „სამეფო კოსმოსური ძალები – ჰონეამიზის ფრთები“.

ვიდეომაგნიტოფონების გამოჩენასთან ერთად იაპონურმა ანიმაციამ გავრცელების ახალი გზები შეიძინა. გამოიგონეს ანიმეს ახალი ფორმატი – “OVA”, რომელიც განკუთვნილი იყო ვიდეოკასეტებისათვის. მათზე არ მოქმედება საცენზურო შეზღუდვები, ამიტომ გამოჩნდა პირველი ეროტიკული ანიმეები.

„ფანტასტიკური კომედიის“ ჟანრის პირველ ანიმედ ითვლება სერიალი – „ექიმი სლამპი“. გამომგონებელი სემბეი ნორიმაკი და მისი რობოტო არალე ადამიანისმაგვარ ცხოველებთან ერთად ცხოვობენ სოფელ პინგვინ მურაში. დედამიწის გადარჩენა საერთოდ არაა მათი ამოცანა. ისინი ხვდებიან სულელურ და სასაცილო სიტუაციებში, რის მერეც ცდილობენ იქიდან თავის დაძვრენას.

მას შემდეგ, რაც გამოვიდა „ფასკუნჯი 2772: სიყვარულის კოსმოზონა“ მაყურებლებს გაუჩნდათ ინტერესი სრულმეტრაჟიანი ანიმეების მიმართ. „გოლგო 13“ გახდა პირველი მულტიპლიკაცია, რომლის შექმნაშიც გამოყენებულ იქნა კომპიუტერული სპეცეფექტები.

90-იან წლებში იაპონური ანიმაციის სტილისტიკა შეიცვალა: დაიწყეს „დიდთვალება“ პერსონაჟების გამოსახვა „კავაის“ სტილში. აღნიშნულ პერიოდში ანიმე-ინდუსტრია რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო. საბოლოო ჯამში, ანიმაცია გაამარტივეს, ხოლო წარმოება დაეცა.

„კავაის“ სტილმა ჩამოაყალიბა ახალი კონცეფცია – „უჩვეულო გოგონები და სუსტი ბიჭები“. ის გამოიყენებოდა ძირითადად სიონენის ჟანრში. ქალიშვილებს გამოსახავდნენ ლამაზმანებად, ისინი ზებუნებრივი ძალებით იყვნენ დაჯილდოებულები. რაც შეეხებათ ვაჟებს, მათ წარმოაჩენდნენ მოკრძალებულ და უნებისყოფო პერსონაჟებად.

90-იან წლებში წარმოიშვა ინტერესი „ფენტეზის“ მიმართ. აღნიშნული ჟანრის პირველი სერიალია – „კუნძულ ლოდოსის მეომართა მატიანე“. ანიმაციაში აღწერილ სამყაროში ერთმანეთთანაა შერწყმული დასავლური მითოლოგიის ელემენტები და იაპონური ლეგენდები, სადაც აღწერილია გმირების დაუღალავი ბრძოლა ურჩხულებთან.

1995 წელს გამოსულმა „ევანგელიონმა“ განამტკიცა ტიტული – „ანიმე ყველასთვის როდია განკუთვნილი“. სერიალში გავლებულია მრავალი ბიბლიური და ფილოსოფიური პარალელი. იმავე წელს კაცუჰირო ოტომომ გამოუშვა „მოგონებები მომავალზე“. ის შედგება სამი ნოველისგან, რომლებშიც აღწერილია მომავლის კაცობრიობა. ყოველი ისტორია განუმეორებლადაა გადმოცემული. იმავე წელს ეკრანებზე გამოჩნდა მულტიპლიკაცია – „მოჩვენება ჯავშანში“. ეს გახდა პირველი ანიმე, რომელშიც გამოყენებულია კომპიუტერული გრაფიკა და ხელით დახატული კადრების ციფრული დამუშავება.

2001 წელს „სტუდია გიბლი“-მ გამოუშვა „აჩრდილწაღებული“, ერთ წელიწადში ანიმე დაჯილდოვდა „ოქროს დათვის“ ჯილდოთი ბერლინის კინოფესტივალზე, 2003 წელს კი მოიგო ოსკარი ნომინაციაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“.

Sorry, the comment form is closed at this time.