ესპანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობები
წმინდა ოჯახის (“საგრადა ფამილია”) ტაძარი მდებარეობს ბარსელონის ცენტრში. ანტონიო გაუდიმ ამ გენიალური ქმნილების შექმნას თავისი სიცოცხლის თითქმის ორმოცი წელი შესწირა. ხუროთმოძღვარი დაიბადა ესპანური კატალონიის ქალაქ რეუსში. უფრო ძმების, დისა და დედის დაღუპვის შემდეგ ანტონიო მამასთან ერთად გადაცხოვრდა ბარსელონაში, სადაც შევიდა არქიტექტურის პროვინციულ სკოლაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან მხაზველად დაიწყო მუშაობა ცნობილ ხუროთმოძღვრებთან, ემილიო სალასთან და ფრანცისკო ვილიართან. ახალგაზრდა არქიტექტორმა პირველი წარმატება მოიპოვა მაშინ, როცა პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე წარადგინა რკინისა და მინისგან გამოჭედილი ვიტრინა. იმხანად ევროპაში ნეოგოთიკური სტილი ყვაოდა. პრინციპი – “დეკორატიულობა – არქიტექტურის დასაწყისია” სრულებით ემთხვეოდა გაუდის ხედვებს და მალევე გახდა მისი განუმეორებელი სტილის ქვაკუთხედი.
ანტონიო თავისი შემოქმედების ადრეულ პერიოდში იყო მარტორელას, მოდერნის მიმდევრის, არქიტექტურის გავლენის ქვეშ. ასე გაჩნდა ბარსელონაში კასა ვისენსი, კასა კალეტი, წმინდა ტერეზას სამონასტრო სკოლა და სხვა უჩვეულო, მდიდრულად დეკორირებული შენობები. კატალონიელი მეწარმე, ტესქტილის მაგნატი ეუსები გაული წარმოუდგენლად მდიდარი გახლდათ, ამასთან, მისთვის როდი იყო უცხო ესთეტიკური მიდრეკილებები. მან ღირსეულად დააფასა ანტონიოს ნიჭი და მიანიჭა მას შემოქმედებითი თავისუფლება ფინანსურ დანახარჯებზე ფიქრის გარეშე.
გაუდი მალევე სცდება იმ დროისათვის დომინანტურ მოდის მიმართულებებს და თანდათან აყალიბებს თავის განუმეორებელ სტილს. ხუროთმოძღვარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ბარსელონაში აგებულმა გაულიას საახლემ. გაუდის ერთ-ერთ შედევრს წარმოადგენს ასევე კასა მილას სახლი. დიდებული არქიტექტორის შემოქმედების გვირგვინი არის წმინდა ოჯახის ტაძარი, ბარსელონისა და მთელი ესპანეთის სიამაყე. გაუდისათვის ეს არაა უბრალოდ სალოცავი, ესაა ქვაში გამოკვეთილი წიგნი, რომელსაც მნახველები დაუსრულებლად, კვლავ და კვლავ კითხულობენ. ტაძარს აქვს სამი ფასადი: მაცხოვრის შობა, ქრისტეს ვნებანი და უფლის აღდგომა.
ბარსელონაში გვხვდება გოთური კვარტალი, რომელსაც დაარსდა ჰაიმე მეორის ბრძანებით. ეს მოხდა მაშინ, როცა კატალონია შევიდა ძლევამოსილი არაგონის სამეფოს შემადგენლობაში. 2 000 წელზე მეტი ხნის წინ იქ არსებობდა ბარსინოს მცირე დასახლება, სადაც ცხოვრობდნენ პენსიაზე გასული რომაელი მეომრები. გოთური კვარტლის ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: წმინდა ჯვრის ეკლესია, ლე-მერსეს და სანტა-მარია-დელ-პის ბაზილიკური ტაძრები, სანტო-ჟუსტ-ი-პასტორის სალოცავი. ყველა მათგანი შუა საუკუნეებში აგებულია, თუმცა ჩვენამდე ვერც ერთმა ვერ მოაღწია პირვანდელი სახით.
გოთური კვარტლის გამორჩეული ძეგლია ოხვრის ხიდი. ჟოან რუბიოს მიერ აღმართული ეს ღირსშესანიშნაობა კატალონიის პრეზიდენტის რეზიდენციას აკავშირეს მთავრობის სასახლესთან.
ეუსები გუელი იყო წარმატებული მრეწველი, რომელიც ხელს უწყობდა კულტურის განვითარებას და ახორციელებდა სოციალურ პროექტებს. პარიზის ერთ-ერთ გამოფენაზე მას ყურადღება მიაქცია გაუდის და იქიდან მოყოლებული მათ შორის მჭიდრო მეგობრობა ჩამოყალიბდა. ბრიტანეთიდან დაბრუნებულმა გუელმა ბარსელონის შემოგარენში დიდი ბაღის გაშენება განიზრახა, რაც მან გაუდის დაავალა. ზღაპრული ბაღის შესასვლელთან დაგხვდებათ ორი შენობა, რომლებიც ძმები გრიმების ზღაპრებში აღწერილ თაფლაკვერების სახლებს. შემდეგ მნახველები აღმოაჩენენ კიბეს სალამანდრას ქანდაკებასთან ერთად, საიდანაც გზა მიემართება ასი კოლონის დარბაზისკენ. გაუდიმ დააპროექტა დორიული სვეტები, რომლებიც დამახასიათებელი იყო ძველი საბერძნეთისათვის. ასევე აუცილებლად მოგხვდებათ თვალში გველის ფორმაში მოხრილი ძელსკამი.
მონტსერატი – არაჩვეულებრივი მოყვანილობის მქონე დაკვილული მთაა, რომელიც ბარსელოდან 50 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მილიონობით წლის წინ კატალონიის ადგილას იყო ზღვა, რომლის ფსკერი თანდათანობით აიზიდა და მთაგრეხილად იქცა. მონტსერატს განსაკუთრებულ იდუმალებას სძენს შავბნელი მღვიმეები და ვიწრო არხები. მთიდან გადმომდინარე ნაკადულები ქმნიან ჩანჩქერებს. ღრუბლიან ამინდში მისი მწვერვალი ნისლშია გახვეული.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მთაზე ჩამოვიდნენ ანგელოზები. მათ მალე მობეზრდათ ბუნების ნაღვლიანი იერსახე. ზეციურმა არსებებმა შუაზე გადაჭრეს მთა, გარშემო კი მრავალფეროვანი ფიგურები მიმოფანტეს. იქიდან მოყოლებული აღნიშნულ ბუნებრივ ამაღლებას შეარქვეს მონტსერატი, რაც კატალონიურიდან თარმანში ნიშნავს ” გადაჭრილ მთას”. უცნაურ ქვის წარმონაქმნებს ხალხმა არანაკლებ უჩვეულო სახელები უწოდეს – “მუმია”, “ეპისკოპოსის ფაშვი”, “ბერნარდის ბედაური”, “სპილოს ხორთუმი”, ღვთისმშობლის სახე”, აქლემი”.
მონსერატის ბენედიქტური მონასტერი კატალონიის სიწმინდე და პატრიოტული სიმბოლოა, რომელიც ზღვა ტურისტებს იზიდავს დედამიწის ყოველი წერტილიდან. ტაძარი გარემოცულია უჩვეულო კლდოვანი ლანდშაფტით. ამჟამად მონასტრის ტერიტორიაზე ბენედიქტელთა ორდენის 80-მდე ბერი ცხოვრობს.
1025 წელს აბატმა, სახელდა ოლიბა რიპოლელმა, მონტსერატის ფრიალო კლდეზე დაარსა სამონასტრო სავანე. ის შესანიშნავი ხუროთმოძღვარი იყო, ამიტომ თავადვე უძღვებოდა სალოცავის მშენებლობის პროცესს. ცნობილია, რომ იქ მოსალოცად იყო ჩასული ეგნატე ლოიოლა. მიიჩნევა, რომ მას გავლენიანი იეზუიტური ორდენის დაფუძნების იდეა გაუჩნდა ქალწული მარიამის ქანდაკების წინ ღვთისთვის ვედრების აღვლენის მერე.
ქალაქ ბარსელონაში, მონჟუიკის მთაზე, მდებარეობს ესპანური სოფელი – საუკუნოვანი ისტორიის მქონე 117 სახლისგან შემდგარი პარკ-მუზეუმი. კომპლექსის დაარსების იდეა დაებადა მე-20 საუკუნის ოთხ ინტელექტუალს: ხუროთმოძღვრებს – ფოლგერსა და რევენტოსს, მხატვრებს – უტრიიოსა და ნოგესს. ის ააგეს 1929 წლის მსოფლიო გამოფენისათვის. ესპანურ სოფელში წარმოდგენილია ქვეყნის სხვადასხვა რაიონის ქუჩები, მოედნები და სახლები. ეთნოგრაფიულ პარკ-მუზეუმში თავმოყრილია სახელმწფოს არქიტექტურული ღირსება. მის ყველაზე განთქმულ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება: პლაზა მაიორის მოედანი, ანდალუზიური კვარტალი, “სკულპტურების სკვერი”, მერიის შენობა, სასახლეები.
პლაზა მაიორის შექმნისას ხელმძღვანელობდნენ ესპანური კოლონიალური სტრუქტურის პრინციპებით. იქ ბევრ სუვენირების მაღაზიას, კაფესა და რეტორანს აღმოაჩენთ. ანდალუზიურ კვარტალში შეგხვდებათ შენობები, რომლებიც არკოსა დე ლა ფონტერას (ერთ-ერთი დასახლებაა) ნაგებობათა ზუსტი ასლებია. აქ განლაგებულია არაგონული სამრეკლო, რომელიც წარმოადგენს უტებოს გოთიკურ კოშკს. მისი დეკორირებისას გამოიყენეს ფერადი კერამიკა. “სკულპტურების სკვერში” ხშირად გამოფენილია მხატვრების ნამუშევრები.
მადრიდის სამეფო სასახლე ესპანეთის დედაქალაქის სიმბოლოა. ორი საუკუნის განმავლობაში ის ხელმწიფეთა ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენდა. შენობა 3418 ოთახისგან შედგება. შედარების მიზნით, ცნობილი ბუკინგემის სასახლე სულ რაღაც 775 სათავსოს ითვლის. სასახლე განთქმულია თავისი მდიდრული ინტერიერით – მოხატული ჭერებით, მოოქროვილი კედლებით, ბროლის ჭაღებით, მარმარილოს კიბეებით, საუკეთესო ესპანელი და იტალიელი ოსტატების მიერ დამზადებული ავეჯით.
სამეფო სასახლის მშენებლობა დაიწყო 1735 წელს, როცა ფილიპე მეხუთის მეუღლემ წამოჭრა პირადი რეზიდენციის შექმნის საკითხი. ნაგებობის აღმართვას თითქმის 30 წელი მოუნდნენ. წამყვან იტალიელ და ესპანელ ხუროთმოძღვრებს ნიმუშად ვერსალის სასახლე ჰქონდათ აღებული. ისინი მართკუთხა ფორმის შენობას ბაროკოს სტილში აგებდნენ, ცდილობდნენ მისთვის საზეიმო, მაგრამ არა პომპეზური იერსახის მიცემას.
სიანტერესოა, რომ ადრე მადრიდის სამეფო სასახლის ადგილზე იდგა მავრიტანული სიმაგრე და ჰაბსბურგთა ალკასარი (ესანელი ხელმწიფეების ოფიციალური რეზიდენცია). სამწუხაროდ, ძლიერმა ხანძარმა შენობა სრულიად გაანადგურა.
სამეფო სასახლე გაშენებულია პატარა ბორცვზე, რომლის ქვემოთ მიედინება მდინარე მანსანარესი. მთავარ ეზოში ადრე იმართებოდა საზეიმო ცერემონიები და სადღესასწაულო ღონისძიებები. სასახლეს გამოარჩევს შესასვლელთან არსებული მასიური კოლონები და მინის პატარა გუმბათი. ყოფილი სამეფო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი პარკი – საბატინი და კამპო დელ მორო.
აღნიშნულმა პარკებმა გაითქვა სახელი ეგზოტიკურ მცენარეთა უხვი კოლექციის წყალობით. იქ შეხვდებით ასევე მრავალ ქანდაკებასა და შადრევანს. ბაღებს აქვს ესპანეთისათვის ტიპური ფრანგული დაგეგმარება. კამპო დელ მოროს გამორჩეული თავისებურებაა – ზონებად დაყოფა, ყოველი ბილიკის გვერდით იზრდება მხოლოდ ერთი სახეობის მცენარეები.
სამეფო სასახლის ცენტრალური სათავსოა სატახტო დარბაზი. მისი კედლები მუქი ბორდოსფერი შეფერილობისაა, ჭერი მოხატულია საუკეთესო იტალიელი მხატვრების მიერ. დარბაზის პერიმეტრზე განთავსებულია სარკეები, ცენტრში კი ორი ოქროს ტახტი დგას.
ფაიფურის ოთახი მორთულია ბარელიეფებით, რომლებიც ერთიანობაში ქმნის მცენარეულ ორნამენტს. სამეფო ბიბლიოთეკა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. სვეტებიანი დარბაზი განთავსებულია სასახლის ზედა ნაწილში, მისი ჭერი მოხატულია ჯაკვინტოს მიერ. ალებარდიანების (ალებარდი – საჩხვლეტ-საჩეხი შუბი) სალონი – ესაა დიდი სასადილო, სადაც ტრაპეზობდნენ და ღებულობდნენ საპატიო სტუმრებს სამეფო ოჯახის წევრები. გასპარინის ოთახი, იგივე სამეფო სალონი – ესაა როკოკოს სტილში შესრულებული და ჩინური ფერწერული ელემენტების მქონე სათავსო. იარაღის პალატის კოლექცია სხვადასხვა ეპოქის 50-ზე მეტი სახის აბჯარს ითვლის.
სასახლეს აქვს ძველი აფთიაქიც, რომელიც ცალკე ხელოვნების ნიმუშია. სამეფო სამზარეულო სავსეა იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ჭურჭლეულით. იქ ასევე აღმოაჩენთ კარეტების მუზეუმსაც.
1775 წელს ესპანეთის მეფე კარლ მესამემ ხუროთმოძღვარ ხუან დე ვილიანუევას დაავალა ისეთი შენობის კონსტრუირება, რომელშიც განთავსდებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი. მონარქის ნება აღსრულდა და რამდენიმე წლის შემდეგ მადრიდში აღმართეს ახალი ორ სართულიანი პანოპტიკუმი. საუბედუროდ, 1811 წელს ნაგებობა დაიკავა ნაპოლეონის არმიამ და ის საჯინიბოდ აქცია. მუზეუმისთვის უწინდელი იერსახის დაბრუნება მხოლოდ 8 წლის მერე მოახერხეს. სწორედ მაშინ გაიხსნა გალერეა ფართო აუდიტორიისათვის.
6 ქათქათა კოლონით დამშვენებულ ცენტრალურ შესასვლელს მოსდევს თანამოსახელე ალეა. პანოპტიკუმის წინ დგას დიეგო ველასკესის, ესპანური სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ძეგლი.
პრადოს მუზეუმის ყველა ექსპონატი გაყოფილია ცალკეულ ექსპოზიციებად, რომლებიც ეძღვნება ამა თუ იმ ქვეყნის ფერწერას. იტალიური კოლექციის შეკრება დაიწყო ტიციანის ტილოებით. ხელოვნებათმცოდნეების რწმუნებით, სწორედ ტიციანისგან შეისწავლეს ესპანელმა მხატვრებმა გრძნობადობა და ვნება. მოგვიანებით კრებულს შეემატა აღორძინების ეპოქის სხვა ხელოვანთა ნამუშევრებიც. ამის კვალდაკვალ მომავალი პანოპტიკუმის ექსპოზიციას მიემატა რუბენსის, ბოსხის, ბრეიგელის, ვან დეიის, ვან დერ ვეინის ტილოები. ამის მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ მე-16 საუკუნის შუახანებში ნიდერლანდები ესპანეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და აღნიშნული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა ესპანელი ხელმწიფეებისათვის ინტერესის საგანს წარმოადგენდა.
ესპანელი მხატვრების ნამუშევრები გამოფენილია პრადოს მუზეუმის სამ სართულზე, იქ წარმოდგენილი ნახატები განეკუთვნება მე-12 საუკუნიდან მე-19 ასწლეულის ნახევრამდე არსებულ პერიოდს. მეფე ფერდინანდის მმართველობისას გალერეის ფრანგული კოლექცია შეივსო კლოდ ლორენისა და ნიკოლა პუსენის მიერ დაწერილი ტილოებით.
პრადოს ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილი 20 ათასი ექსპონატიდან მხოლოდ მეოთხედი ნაწილია გამოფენილი ყველას დასანახად. დანარჩენი ნიმუშები სპეციალურ საცავებში ინახება და მხოლოდ დროებით ექსპოზიციებზე გამოიტანება საჩვენებლად.
მუზეუმში ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახოთ ელ გრეკოს “მწყემსთა თაყვანისცემა”. მხატვარმა ეს ტილო შექმნა სპეციალურად ტოლრედოში მდებარე ეკლესიის საკურთხევლისათვის. გრეკომ შეარჩია ცნობილი რელიგიური სიუჟეტი – მწყემსები მივიდნენ გამოქვაბულში ახალშობილი ქრისტეს თაყვანსაცემად. აღსანიშნავია, რომ დიდებულ ხელოვანს გამოუვიდა ევანგელისტური ტექსტის იდუმარი და ჯადოსნური ხორცშესხმა.
დაგრძელებულ, არაპროპორციულ ფიგურებს, კომპოზიციის რთულ კომპონირებას ემატება შუქის მაგიური თამაში. აღნიშნული ტილო აჩვენებს სინათლის ლაქებით დასმული აქცენტების გზით სიუჟეტური განვითარების ოსტატობას. მაცხოვრის შემხედვარე მნახველი ხვდება, რომ მისგან გამოსჭვივის ჯადოსნური ნათელი. მარტივი შესამჩნევია ანგელოზთა დადარდიანებული სახეები – მათ იციან, თუ რა მოუმზადა ქრისტეს ბედისწერამ. დღემდე შემონახულია ცნობა, რომ ელ გრეკოს ერთ-ერთი მოწაფის მტკიცებით, ტილოზე მხატვარმა საკუთარი თავი გამოსახა წითელი მოსასხამით შემოსილი მუხლმოდრეკილი მწყემსის სახით. ღრმა ჩრდილები, რომლებიც წვება კედლებზე, კაშკაშა სინათლე და მუქი ფონი შლის მიწიერ და ზეციურ სამყაროებს შორის განსხვავებას და ბიბლიურ სცენას ერთგვარ ხილვად, საკრალურ სიზმრად აქცევს.
1630-იან წლებში რუბენსი შორდება ხმაურიან მაღალი წრის ცხოვრებას და სტენის ციხეში განმარტოებული ქმნის შედევრებს. სწორედ იქ იხილა დღის სინათლე ფერმწერის ერთ-ერთმა ცნობილმა ნამუშევარმა, სახელწოდებით – “სამი გრაცია”. მხატვარი ქალის ნატურას ყოველთვის სწორხაზოვნად, ღიად და გულწრფელად ხატავდა. მისი მოშიშვლებული სხეულები არასოდესაა ვულგარული. რუბენსი თვლიდა, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებაა და მისი გამოსახვა არაა სამარცხვინო. ნახატის მთავარი გმირები არიან ანტიკური გრაციები, რომლებიც ნარნარით ცეკვავენ. ტილოს მნახველი გრძნობს, თუ რაოდენ მოჰყავს აღტაცებაში ხელოვანი მანდილოსანთა სავსე სხეულებს. რბილი ხაზები, დახვეწილი მოძრაობები – ქალის ხორციელი სილამაზისადმი აღვლენილი ჰიმნია. ცნობილია, რომ ნახატის მარცხენა მხარეს განლაგებულ გრაციას ოსტატი ნატურით ხატავდა – ეს რუბენსის მეორე ცოლი, ელენა ფურმანია.
პრადოს მუზეუმის სტუმრობისას აუცილებლად დატკბით პიტერ ბრეიგელის ტილოთი – “სიკვდილის ტრიუმფი”. თავისი შემოქმედებით მან გააერთიანა მხატვრული ტრადიციები და გვიანი რენესანსის მსოფლაღქმის გამოხატულება. ნახატი კაცობრიობას ახსენებს სიკვდილის გარდუვალობას. ავტორი გარდაცვალებას ყველაფრის ბოლოდ მიიჩნევს, რადგან ის ყველანაირ იმედს კლავს. სიკვდილი წარმოდგენილია ჩონჩხების არმიის სახით, რომელთაც ფარებად კუბოთა ჯვრიანი თავსახურები აღუმართავთ. ისინი თავიანთ სასტიკ სამართალს აღასრულებენ, რომელსაც ვერავინ გაექცევა – ვერც ხელმწიფე, ვერც მონა, ვერც ღვთისმსახური, ვერც ცოდვილი.
ბოსხის “მიწიერ სიამოვნებათა ბაღი” აოცებს მნახველს თავისი ფერადოვნებით. სურათზე წარმოდგენილნი არიან ადამიანები და ფანტასტიკური არსებები, ის ეროტიკული, ალქიმიური და ქრისტიანული ალეგორიების ნაზავია. ტრიპტიხის მარცხენა საგდულზე ნაჩვენებია სამოთხე, მარჯვენაზე – ჯოჯოხეთი, ცენტრში კი ნეტარების ბაღი, სადაც მოშიშვლებული ქალები და კაცები ცხოვრებისეულ სიამეებს ეზიარებიან. უკანა ფონს იკავებს უჩვეულო შადრევანი. შუა პლანზე წარმოდგენილნი არიან ახალგაზრდა ქალები, რომელთაც ახვევია ჩიტები, აგრეთვე სხვადასხვა ცხოველზე შემსხდარი მხედრები. ინტერესს იწვევს ადამიანის ფიგურა, რომელიც ჩიტბატონას ზურგზე ზის. მას თავი აქვს ჩაქინდრული და თითქოს არ სურს იმ უმსგავსობის დანახვა, რაც მის გარშემო ხდება. მკვლევართა ნაწილის აზრით, ბოსხმა ტილოს აღნიშნულ ნაწილში გამოსახა წარღვნით სიკვდილისთვის განწირული და ცოდვაში ჩაფლული ადამიანები.
ხუან ფლანდესის “ჯვარცმა” წარმოადგენს ქრისტეს ტანჯვათა აღმწერი თეთრთმეტნაწილიანი ციკლის ერთ-ერთ შემადგენელს. საკურთხევლის პანელები მხატვარს შეუკვეთა ეპისკოპოსმა დიეგო დე დეზამ. ისინი განკუთვნილი იყო პალენსიაში არსებული ტაძრისთვის. ისეთ სიუჟეტებს შორის, როგორებიცაა – “გოლგოთას გზას”, “დასაფლავება”, “ესსე ნომო”, “ხარება” და სხვები, რასაკვირველია, “ჯვარცმას” ცენტრალური ადგილი აქვს დათმობილი.
მუშაობის პროცესში ფლანდესი ეყრდნობოდა “Reau”-ს ხატოგრაფიულ ტიპს, რომელიც მოიაზრებდა ჰორიზონტალური ორიენტაციის დიდებულ სანახაობას. კომპოზიციის ცენტრალური ნაწილი უჭირავს ჯვარცმულ ქირსტეს, რომელიც არაა გამოსახული, როგორც ტანჯული, გვემათა დამთმენი. მისი სხეული უსიცოცხლო და უმოძრაოა, ხოლო ჭრილობათაგან გადმომდინარი სისხლი მანხველს მიანიშნებს, რომ ყველაფერი უკვე დასრულდა. მაცხოვრის მარჯვნივ ვხედავთ ღვთისმშობელს, მარიამ მაგდალინელს, ქრისტეს მოწაფეებს. ნახატის სიუჟეტი სტატიკურია. თითქოს წამი გაიყინა, გმირები გახევებულები არიან და ერთმანეთთან არ ურთიერთქმედებენ.
ლას-ვენტას არენა არის წითელი ფერის ნეომავრიტანულ სტილში აშენებული მონუმენტური ნაგებობა. მას გამოარჩევს ლამაზი თაღები, შეუდარებელი ქანდაკებები და მდიდარი შიდა ურბანულობა. არენის პროექტის შემქმნელია არქიტექტორი ესპელიუ, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშაც ნაგებობამ შეიძინა მუდეხარის სტილის ნიშნები.
არენაზე კორიდის ნახვა შეგიძლიათ მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, დანარჩენ დროს იქ იმართება სხვა მასობრივი ღონისძიებები. 1951 წელს აქ დაარსდა კორიდის მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ სისხლით გაჯერებული მატადორის კოსტიუმი, ნახატები და სკულპტურები ხართა უშიშარი მომთვინიერებლების გამოსახულებებით. არენის წინ დგას ბრიტანელი მეცნიერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ალექსანდრე ფლემინგის, ქანდაკება.
აბანტოსის მთის ძირას მდებარეობს ესკორიალი, 30 ათასი კვ.მ-ის ფართობზე განლაგებული მე-16 საუკუნოვანი კომპლექსი, რომელიც სრულად ასახავს აღორძინების ეპოქაში ესპანეთის იდეოლოგიურ და კულტურულ მისწრაფებებს. ის მოიცავს პანთეონს, სასახლეს, სამონასტრო კელიებს, ბიბლიოთეკას და რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო შენობას.
1557 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის არმიამ ფლანდრიაში ფრანგების ჯარი გაანადგურა. გამარჯვების სიხარული წაამწარა წმინდა ლავრენტის მონასტრის წინასწარ განუზრახველმა დარღვევამ, რომელსაც დიდ პატივს მიაგებდნენ ესპანეთში. მაშინ ფილიპე მეორემ ღვთისმოსავის საპატივცემულოდ ახალი სალოცავის აგება გადაწყვიტა. ხელმწიფე ახალ ადგილს 4 წლის განმავლობაში არჩევდა. საბოლოო ჯამში, ის გახდა აბანტოსის მთის სამხრეთ ფერდობი. სამშენებლო სამუშაოებს გაუძღვა ცნობილი ესპანელი არქიტექტორი – ხუან ბაუტისტა დე ტოლედო. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად არა არქიტექტურული კომპლექსის, არამედ მხოლოდ მონასტრის აგება იყო ჩაფიქრებული.
ესკორიალის შიდა უბრანულობა ხასიათდება ერთგვარი თავდაჭერილობით. მისი სიმდიდრე მდგომარეობს უნიკალურ შუასაუკუნოვან ფრესკებში, კედლებისა და ჭერების მხატვრულ მოხატვაში, ბუნებრივი მარმარილოს სილამაზეში, განუმეორებელ სკულპტურებში. კომპლექსის ტერიტორიაზე შეხვდებით იტალიურ სტილში გაშენებულ ბაღებს. “მეფეთა ეზოში” აღმოაჩენთ ოთხ ქვის აუზსა და ბიბლიურ ხელმწიფეთა ქანდაკებებს. შუასაუკუნოვან ბიბლიოთეკაში ინახება: წმინდა ტერეზა ავილელისა და წმინდა ავგუსტინეს ფასდაუდებელი ხელნაწერები, ილუსტრირებულ ჰიმნთა ძველი გამოცემები, არაბული მანუსკრიპტების მსოფლიოში უდიდესი კრებული. პანთეონში მარხია ესპანეთის თითქმის ყველა მეფე, დაწყებული კარლ მეხუთიდან.
პლაზა-მაიორის მოედანი მადრიდის ერთ-ერთი სიმბოლური ძეგლია. ის მრავალი დიდებული მოვლენის მომსწრე გამხდარა. ადრე აღნიშნულ ადგილს ერქვა “Plaza del Arrabal”. მე-16 საუკუნეში იქ განთავსებული იყო მადრიდის მთავარი ბაზრობა. ის წარმოდგენდა ტოლედოსა და ატოჩის ქუჩების გზაჯვარედინი. პლაზა მაიორის მშენებლობა მეფე ფილიპე მეორემ დააკისრა ესკორიალის მონასტრის არქიტექტორს, ხუან დე ერერას.
სეგოვია ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის პირველად მოხსენიებულია კელტურ დასახლებად, რომელიც ძვ.წ. 80 წელს დაიპყრეს. სეგოვია რჩებოდა რომის იმპერიის კონტროლქვეშ ესპანეთში მუსლიმთა შემოსევამდე. ქალაქს უწინდელი სიდიადე დაუბრუნდა მე-11 საუკუნეში, როცა ის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და კულტურული ცენტრი გახდა. რომალეთა ბატონობის პერიოდს გვახსენებს სეგოვიაში არსებული აკვედუკი. სავარაუდოდ, აღნიშნული ბელღარი ააგეს იმპერატორ ნერვას ან იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობისას. საგულისხმოა, რომ აკვედუკი ააშენეს დუღაბის თუ სხვა შემკვრელი მასალის გამოყენების გარეშე. ბელღარი გამოსახულია ქალაქის გერბზე. ეს გასაოცარი ნაგებობა იქმნებოდა მექანიკოს ვიტრუვიუსის მკაცრი კონტროლის ქვეშ. მოგვიანებით მეცნიერმა აკვედუკის პროექტი გამოაქვეყნა თავის წიგნში, სახელწოდებით – “არქიტექტურა”.
ალკასარს უწოდებენ პორტუგალიასა და ესპანეთში არსებულ ციხეებს, ეს ტერმინი არაბულიდან თარგმანში ნიშნავს “სიმგარეს”. მსგავსი ნაგებობები პირენეის ნახევარკუნძულზე გამოჩნდა მე-8 ასწლეულში მავრების მოსვლასთან ერთად. სეგოვიის ალკასარს აქვს თვალწარმტაცი და ზღაპრული ადგილმდებარეობა, მისი უჩვეულო მოყვანილობა ნამდვილად იწვევს აღტაცებას. შუა საუკუნეებში ეს ციხე გახდა კასტილიელი მეფეების ერთ-ერთი გამორჩეული რეზიდენცია. სეგოვიის ალკასარი ნამდვილ სასახლედ იქცა ტრასტამარის დინასტიის მმართველობისას. 1474 წელს იქიდან გამოემგზავრა ისაბელ კათოლიკე, რათა ქალაქის მთავარ მოედანზე კასტილიის დედოფლად გამოეცხადებინათ.
სეგოვიის ალკასარში ფილიპე მეორემ დაიწერა ჯვარი თავის მეოთხე მეუღლესთან, ანა ავსტრიელთან. მისი ბრძანებით თავდაცვითი კოშკები დაფარეს კონუსური კრამიტით, რამაც ის ცენტრალური ევროპის ზღაპრულ ციხეს დაამსგავსა. დედაქალაქის მადრიდში გადატანის შემდეგ ალკასარმა დაკარგა სამეფო რეზიდენციის სტატუსი და ის გადააკათეს სახელმწიფო ციხედ.
ალკასარის “ძველი სასახლის დარბაზში” ინახება ფანჯრის ორმაგი ღიობები, რომელთა გავლით აღწევდა სინათლე თავდაპირველ სასახლეში. ქვის დარბაზში წარმოდგენილია მე-16 საუკუნით დათარიღებული მდიდრული ავეჯი. სატახტო დარბაზი გაჩნდა ტრასტამარას დინასტიის მეფობისას. გალერას დარბაზმა ეს სახელწოდება მიიღო ჭერიდან, რომელსაც აქვს გემის გადაბრუნებული კორპუსის ფორმა. მოცემული ოთახი ააგეს დედოფალ კატალინა ლანკასტერის მითითებით.
Sorry, the comment form is closed at this time.