logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ესპანური კულტურა და ტრადიციები

7 Oct

ესპანური კულტურა და ტრადიციები

ტრადიციები – ესაა წინაპრების მემკვიდრეობა, ცოდნა და წეს-ჩვეულებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. დამკვიდრებული ჩვეულებები ყოველი ერის იდენტობისა და კულტურის საკვანძო ელემენტებია. ესპანეთის ნაყოფიერი მიწები საუკუნეების განმავლობაში დასახლებული იყო სხვადასხვა ცივილიზაციით. მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ამ დიდებული ევროპული ქვეყნის ისტორიაში: მრავალფეროვანი გასტრონომია, ისტორიული ძეგლები, სასახლეები, შუასაუკუნოვანი სიმაგრეები და მონუმენტები, კულტურული მოვლენები ერთიანდება საოცრებებით სავსე უძველეს მემკვიდრეობად.

ესპანელები ითვლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ერად. მათ ღრმად სწამთ, რომ ცხოვრება იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანი მისით დატკბეს. ესპანელები მუდამ მომღიმრები, ენაგატლეკილები, ხმაურიანები და მხიარულები არიან. აღსანიშნავია, რომ მათი პრიორიტეტების სიაში არ შედის პუნქტუალურობა. ისინი ხშირად აგვიანებენ და არსად ჩქარობენ.

ესპანელები საოცრად ემოციური ხალხია, ეს ეხება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. მათ უყვართ ხმამაღლა საუბარი და სიცილი, ამასთან, ხელებით აქტიური ჟესტიკულირება. ისინი თავისუფლების მოყვარე ადამიანები არიან. ესპანელი ვერ იტანს საკუთარ თავზე განხორციელებულ წნეხს და საჯარო განკითხვას.

ესპანელისათვის ოჯახი უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს. მსხვილ ქალაქებში, როგორებიცაა, მადრიდი ან ბარსელონა, ახალგაზრდები არ ჩქარობენ დაოჯახებას, მათთვის პრიორიტეტულია ჯერ განათლების მიღება და კარიერის აწყობა. რაც შეეხება პატარა სოფლებს, იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ადრეული ქორწინების ჩვეულება.

ესპანელი ქალები შესანიშნავი დიასახლისები არიან. ისინი საკუთარ თავზე იღებენ სახლის საქმეებს. ისინი არ წუწუნებენ და სიამოვნებით უძღვნიან თავს ოჯახზე ზრუნვას. ესპანელი დიასახლისები დაახლოებით კვირაში ერთხელ წმენდენ ფანჯრებს. ქვეყანაში გაბატონებულია შეხედულება, რომლის მიხედვითაც, ქალი მიიჩნევა ფეთხუმად, თუკი მისი სახლის სარკმლები უსუფთაოა.

როგორც წესი, კვირაობით იმართება ოჯახური ვახშმები, რომლებზეც მთელი სანათესაო ერთად იყრის თავს. ესპანელებს ბავშვები უსაზღვროდ უყვართ. იქ თითქმის არაა ბაღები, მხოლოდ კერძო “იასლები”, რომლებშიც საკმაოდ ძნელია მოხვედრა. ნაწილობრივ სწორედ ამიტომ არ გადიან სამსახურში ესპანელი ქალები დეკრეტის აღების შემდეგ.

ესპანელები დარწმუნებულები არიან, რომ ეროვნული ოსტატობის კუთხით მათ ბადალი არ ჰყავთ. ისინი აწყობენ კაშკაშა და დასამსახსოვრებელ დღესასწაულებს ნებისმიერი საბაბით. ესპანელებმა მოიფიქრეს წელიწადში დაბადების დღის არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე აღნიშვნა. დღესასწაულზე დაგვიანება ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, მათ შორის, თავად იუბილარისთვისაც კი. მედღეობისათვის ყურებზე მოქაჩვა მიუღებელია, ამის ნაცვლად შუბლზე იმდენ წკიპურტს ურტყამენ, რამდენი შეუსრულდა მას.

ესპანელების ყველაზე მეტად შობის აღნიშვნა უყვართ. ისინი დღესასწაულს ოჯახის, ნათესავებისა და ახლობელი ადამიანების წრეში ხვდებიან. შობის ღამეს ესპანურად ჰქვია “ნოჩებუენა” (“ნეტარი ღამე”). შუაღამის დადგომამდე 3-4 საათით ადრე ქუჩები ცარიელდება – იკეტება ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი. ზუსტად 21:00-ზე ტელევიზორში შუქდება მეფის მოლოცვის ტრანსლაცია, რომლის დროსაც მმართველი მონარქი აჯამებს გასულ წელს. ვახშმობის შემდეგ კათოლიკეები მიდიან ეკლესიებში საშობაო წირვაზე დასასწრებად.

საშობაო საუფრა ესპანეთში ყოველთვის მდიდარი და გულუხვია:

  • “პავო ტრუფადო დე ნავიდად” – ტრუფელებთან ერთად შემწვარი ინდაური;
  • “კარნ დოლია” – ხორციანი მაკარონის წვნიანი;
  • აურაცხელი ოდენობის ხემსი;
  • ტრადიციული საშობაო ნუგბარი – “ტურონი”, “პოლვორენესი”, “მარციპანი”.

ბავშვები სულმოუთქმელად ელიან პაპა ნოელის, იგივე ესპანელი თოვლის პაპას, მოსვლას. კატალონიაში არსებობს უჩვეულო ტრადიცია – იქ შობის სიმბოლოდ ბაბუა კაგანერი ითვლება. ესაა ადამიანის ფიგურა, რომელსაც შარვალი აქვს ჩახდილი და “ისაქმებს”. მიიჩნევა, რომ იზიდავს იღბალს და მოასწავებს უხვ მოსავალს.

ესპანელები ახალ წელს წითელ ტანსაცმელში გამოწყობილები ხვდებიან. მათ ღრმად სწამთ, რომ ეს ფერი ბედნიერების მომტანია. შუაღამის შემდეგ უნდა გაიხსნას კოტილიონი. ესაა საახალწლო ჩანთა, რომელიც სადღესასწაულო ატრიბუტიკითაა სავსე. აგრეთვე, შუაღამის მოსვლამდე სახლში დგამენ წყლით სავსე სათლს. ესპანელებს სჯერათ, რომ წყალი იწოვს წარმავალი წლის მთელ ნეგატივს. ახალი წლის დადგომისთანავე წყალს ღვრიან.

ფლამენკო – ეს რითმის, შესანიშნავი მუსიკისა და მოცეკვავეთა მომნუსხველი მოძრაობების შერწყმა. ფლამენკო იწყება ფერადფერადი კაბებითა და ბლუზებით შემოსილი მანდილოსნების გამოჩენით. მამაკაცებს აცვიათ მოტმასნილი შარვლები, ჟილეტები და ტყავის ფეხსაცმელები.

ფლამენკო ესპანეთში გაჩნდა რომის იმპერიიდან ციგნების გადმოსახლებასთან ერთად 1465 წელს. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ისინი მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ესპანელებთან, არაბებთან, ებრაელებთან აფრიკული წარმოშობის მონებთან ერთად. თანდათან ციგნების ქარავნებში გაისმა ახალი მუსიკა, რომელშიც მოკრებილი იყო ახალი მეზობლების კულტურული ელემენტები. 1495 წელს, ხანგრძლივი ომის შემდგომ, მუსლიმები იძულებულები გახდნენ, რომ ნახევარკუნძული დაეტოვებინათ. იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო “არასასურველთა”, ანუ არაესპანელთა, დევნა. ადამიანებს, რომლებიც თავიანთი რელიგიისა და კულტურის ერთგულნი იყვნენ, უარი უნდა ეთქვათ თავანთ თვითმყოფად ჩვევებზე, საკუთარ სახელებზე, ეროვნულ ტანისამოსებსა და მშობლიურ ენაზე. სწორედ მაშინ ჩაისახა ფლამენკო, უცხო თვალისთვის დაფარული ხელოვნების სახე.

მიიჩნევა, რომ ფლამენკოზე ანდალუსიის გავლენა გამოიხატება მუსიკალური ჟღერადობის დახვეწილობასა და ღირსებაში, ციგანური მოტივები – ვნებასა და გულწრფელობაში. კარიბელმა მიგრანტებმა კი ახალ ხელოვნებაში შემოიტანეს უჩვეულო საცეკვაო რითმი.

არსებობს ფლამენკოს ორი ძირითადი სტილი: ჰონდო (ფლამენკო გრანდე) და კანტე (ფლამენკო ჩიკო). ფლამენკოს მუსიკას ქმნის ესპანური გიტარა, კასტენიეტები ( დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი, შედგება ორი ჩაზნექილი ფირფიტისაგან, რომლებიც ერთმანეთს ზედა ნაწილში უკავშირდება ზონრით. ) და პალმასი (ტაშის დაკვრის სტილი).

კორიდის წარმოშობა უკავშირდება ბრინჯაოს ხანის დასაწყის და მიეწერება ებერებს, რომლებიც სახლობდნენ პირენეის ნახევარკუნძულზე და ხარს ღვთაებრივ ცხოველად თვლიდნენ. კორიდა არის ტრადიციული სანახაობა, რომელიც ეწყობა არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეც. სიტყვა “corrida” წარმოდგება ესპანური ზმნისგან “correr”, რაც ნიშნავს “სირბილს”. სიტყვათ შეთანხმება “corrida de toros” ითარგმნება, როგორც “ხარების სირბილი”.

V-VIII საუკუნეებში კორიდა გახდა უფრო ორგანიზებული სანახაობა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ დიდგვაროვანი მხედრები, რომლებიც ხარებს უტევდნენ შუბებით (“rejones”). აღნიშნულ სტილს ჰქვია “rejoneando”, ის დღემდე არსებობს პორტუგალიასა და ესპანეთის რამდენიმე რეგიონში.

მე-18 საუკუნეში მეფე ფილიპე V-მ შთამომავლობით წარჩინებულებს აუკრძალა კორიდაში მონაწილეობა. მისი აზრით, ეს ბარბაროსული გართობა ეწინააღმდეგებოდა ცხოველებისადმი მოპყრობის ქრისტიანულ პრინციპს. აღსანიშნავია, მოცემულ საკითხში მან რომის პაპის მხარდაჭერაც მიიღო. საბოლოო ჯამში, დიდგვაროვნებმა ადგილი დაუთმეს უბრალო ხალხისგან შეკრებილ ხარებთან მებრძოლებს. ერთ-ერთი ასეთი პროფესიონალი გახლდათ ფრანსისკო რომერო, რომელმაც კორიდაში ბევრი სიახლე დანერგა. მან მოიგონა მულეტა – ჯოხზე ჩამოკიდებული მოკლე მოსასხამი, რომელიც მატადორს წინ აქვს აფარებული, რათა ხარს დაუმალოს თავისი სხეული და ხმალი (“ესტოკი”). რომეროს დინასტიის საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება ფრანსისკოს შვილიშვილი პედრო რომერო, რომელმაც 6000-ზე მეტი ხარი ისე მოკლა, რომ ერთი ნაკაწრიც არ მიუღია. ის აგრეთვე სევილიაში არსებული კორიდის სკოლის ხელმძღვანელადაც იყო დანიშნული.

თანამედროვე კორიდა შედგება ორი ნაწილისაგან (ეგრეთ წოდებული “ტერციო”), რომელთან თითოეულში ჩართულნი არიან სხვადასხვა მონაწილეები და იყენებენ განსხვავებულ ხელსაწყოებს. პირველ ნაწილს ეწოდება “ტერციო დე ვარილიასი”. ამ დროს არენაზე გამოდის ორი პიკადორი. ისინი არიან მხედრები, რომელთაც აცვიათ ტყავის ქურთუკები, ახურავთ რკინის მუზარადები, ხოლო ხარის რქებისგან მათ იცავთ ბალიშები. პიკადორები შუბებით უტევენ ცხოველს, რათა დაასუსტონ მისი კისრის კუნთები და თავი დაბლა დაახრევინონ. ეს ხორციელდება მატადორისათვის საფრთხის შემცირებისა და არენაზე ხარის შედარებით დიდხანს დაყოვნების მიზნით.

მეორე ნაწილს ჰქვია “ტერციო დე ბანდერილიასი”. ამ დროს არენაზე გამოდის სამი ბანდერილიერო – მატადორის დამხმარეები. ისინი ხარს ზურგში ესვრიან სპიცაილურ კაუჭებიან ისრებს. ეს კეთდება იმისათვის, რათა ცხოველი გაავდეს და მატადორს უფრო მრისხანედ შეუტიოს.

მესამე ნაწილს ეძახიან “ტერციო დე მუერტეს”. ამ დროს არენაზე გამოდის მატადორი, რომელიც პირისპირ ებრძვის ხარს მულეტისა და ესტოკის მეშვეობით. მან უნდა წარმოაჩინოს საკუთარი ოსტატობა, გრაციოზულობა და სიმამაცე სხვადასხვა პასების (“pases” – ხარის თვალწინ მულეტათი შესრულებული მოძრაობები) ჩატარებით. მატადორის მიზანია – ხარის მოკვლა ესტოკას ერთი დარტყმით გულში ან ფილტვებში. ამას ჰქვია ესტოკადა. თუკი იგი რამდენიმე ცდის შემდეგ ვერ გაართმევს საქმეს თავს, მაშინ მას შეუძლია დასახმარებლად იხმოს ბანდერილიერები. თუკი მატადორი განგმირავს ხარს და კარგ სანახაობას აჩვენებს, მაშინ მან კორიდის პრეზიდენტისგან შეიძლება მიიღოს ჯილდო – ხარის ყურები ან კუდი.

სიესტა არის უძველესი ტრადიცია, რომელიც მოიაზრებს სადილობის შემდგომ დასვენებას. ის გავრცელებულია სამხრეთ ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ასეთი პაუზის შემდეგ ქრება ძილიანობა, იზრდება ენერგიის მარაგი და უმჯობესდება მეხსიერება. თუკი ადამიანი არ იცავს დღის ძილის წესს, მაშინ შეიძლება დაირღვეს ორგანიზმის ბიოლოგიური რითმი.

სიესტა წარმოდგება ლათინური სიტყვისგან – “hora sexta”, რაც ნიშნავს “მზის ამოსვლიდან მეექვსე საათს”. შუადღისას ტემპერატურა აღწევს უმაღლეს ნიშნულს, ხალხს კი მსუყე სადილობის მერე დასვენება უნდა. აქედან გამომდინარე, ცხელ ქვეყნებში დროის აღნიშნულ მონაკვეთში აწყობენ სიესტას – რამდენიმე საათიან შესვენებას ძალების მოსაკრებად.

სადილის შემდგომი დასვენების ჩვევა გაჩნდა ძველ რომში ძვ.წ. მე-2 საუკუნეში. რომაელები დილით ადრე დგებოდნენ და შუადღისას თავს უკვე დაუძლურებულად გრძნობდნენ. ენერგიის აღდგენის მიზნის სადილობის მერე ისინი მუშაობას 2-3 საათით წყვეტდნენ. მოგვიანებით შუადღეზე დაძინების უფლება მონებსაც მისცეს, რათა მათ შრომისუნარიანობა გაზრდილიყო. რომის იმპერიის დაშლის მერე ესპანეთი მუსლიმებმა დაიპყრეს. დღისით ძილის ჩვევა მათაც ჰქონდათ გამომუშავებული, რადგან ეს ნახსენებია ყურანში.

ენსერო არის უძველესი ესპანური ჩვეულება. მისი არსი ბაკიდან გამოშვებული ხარებისა თუ ძროხებისგან თავის დაღწევაში მდგომარეობს. თავად ცნება წარმოდგება ესპანური სიტყვისგან – “დამწყვდეული”. ხარების რბოლის ჩატარების ტრადიცია ჩაისახა 1591 წელს. აღნიშნული გასართობისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჰემინგუეს რომანმა, სახელწოდებით “ფიესტა”, იხილი დღის სინათლე. ესპანელები გარბენს განიხილავენ ჭაბუკის კაცად კურთხევის ერთგვარ რიტუალად. ახალგაზრდები ამ გზით აჩვენებენ, რომ საკუთარ თავში სიმხდალე დაამარცხეს. ენსერო დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდება. დღესასწაულის დანარჩენი დრო უკავია საზეიმო სეირნობას, კარნავალებს, უზარმაზარი თოჯინების სვლას, კოსტიუმირებულ წარმოდგენებს, ქუჩის არტისტების გამოსვლას და კორიდას.

ესპანეთში ყველაზე განთქმული ენსერო ტარდება ნავარას პროვინციის ქალაქ პამპოლაში წმინდა ფერმინის დღესასწაულზე. ყოველწლიურად ამ ფესტივალს 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. მასზე დასწრება საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა: აივნებზე ადგილის დაკავება რამდენიმე ასეული ევროც კი შეიძლება ღირდეს.

ენსერო საკმაოდ სახიფათო ტრადიციაა. მსხვეპლთა რაოდენობის მიხედვით რეკორდული გახდა 1924 წელი, როცა ხარებმა დაგლიჯეს 13 ადამიანი, ხოლო დაჭრეს 200-მდე. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებულმა რბოლებმა ჯამში 15 კაცი იმსხვერპლა.

წმინდა იაკობის გზა წარმოადგენს რამდენიმე სამომლოცველო მარშრუტს, რომლებიც სათავეს იღებენ ევროპის სხვადასხვა წერტილზე, თუმცა ყველა მათგანი სრულდება ესპანურ ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელაში.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გზის ისტორიული დასაწყისი უნდა ვეძებოთ იერუსალიმში. ახ.წ. 44 წელს სწორედ იქ მოკლეს მაცხოვრის ერთ-ერთი მოწაფე – წინასწარმეტყველი იაკობი. გადმოცემის თანახმად, დაახლოებით რვა ასწლეულის შემდეგ მისი წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს ესპანეთში. მოგვიანებით მაგ ადგილას, მდინარე ულიას შესართავთან, ააგეს ტაძარი. მერე მის გარშემო გააშენეს ქალაქი – სანტიაგო-დე-კომპოსტელა. დღეს ის ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე გალისიის რეგიონის დედაქალაქია. წმინდა იაკობის მარშრუტის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი “ფრანგი მეფეების გზის” სახელს ატარებს.

წმინდა იაკობს ესპანეთში სანტიაგოს ეძახიან, სწორედ მისი სახელი ჰქვია სალოცავს და მთლიან ქალაქს. რაც შეეხება სახელწოდებას – “კომპოსტელა”, ის წარმოდგება ლათინური “Campus Stellae”-სგან და ითარგმნება, როგორც “ვარკსვლავით მონიშნული ადგილი”. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შუა საუკუნეებში მომლოცველები გზაში ორიენტირდებოდნენ რძიანი გზის ვარსკვლავების მეშვეობით. ერთი გავრცელებული თქმულების თანახმად, აღნიშნული გალაქტიკა ცაზე სწორედ წინასწარმეტყველმა გამოსახა, რათა პილიგრიმებს თავისი ნეშტისკენ მიმავალი გზის გაკვალვაში დახმარებოდა.

 

Sorry, the comment form is closed at this time.