logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ინდოეთის თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობები

15 Aug

ინდოეთის თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობები

დჰამეკის სტუპა

დჰამეკის სტუპა უძველესი ბუდისტური არქიტექტურული ძეგლია. ის მდებარეობს სარნათჰიში, წმინდა ქალაქ ვარანასიდან 13 კმ-ის დაშორებით. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ადგილას წარმოთქვა ბუდამ თავისი პირველი ქადაგება გასხივოსნების მიღწევის შემდეგ, რითაc მან აამოქმედა დრაჰმას ბორბალი (დჰარმაჩაკრა – იგივე “დრაჰმას ბორბალი” ან “კანონის ბორბალი” დრაჰმულ რელიგიებში დაბადებისა და გარდაცვალების წრის, სანსარას, სიმბოლოა. ბორბლის სამი ნაწილი – მორგვი, ჩხირი და ფერსო ბუდისტური სწავლების სამი ასპექტის – ეთიკის, სიბრძნისა და კონცენტრაციის სიმბოლოებია). ამ მოვლენის აღსანიშნავად იმპერატორმა აშოკამ ძვ.წ. 249 წელს აღმართა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სტუპა. თავდაპირველად იგი მიცვალებულთა ფერფლისა და მათი ნაქონი ნივთების შესანახ ადგილს წარმოადგენდა. შემდგომ ამ არქიტექტურულ ძეგლებმა ბუდიზმის ამა თუ იმ მოღვაწისადმი პატივისცემის გამომხატველი დანიშნულება შეიძინა. არსებობს ეგრეთ წოდებული სუტრიკული სტუპებიც, რომლებიც ბუდას საქმიანობას უკავშირდება. მათ შესახებ ინფორმაცია ინახება ტიბეტურ ანალებში. ბუდისტური თვალთახედვით თანახმად, სტუპის გარშემო შემოვლა წმენდს კარმას. კიდევ უფრი დიდი ეფექტი მიიღწევა მაშინ, როცა მორწმუნე პროსტრაციის შესრულების შემდგომ ფეხზე წამოდგება. (პროსტრაციის ბუდისტური პრაქტიკა კარმის განწმენდისა და დამსახურებათა დაგროვების ეფექტური მეთოდია. პროსტრაციის შესრულების შემდეგ მომლოცველი ნიშნავს იმ ადგილს, რომელსაც მისი ხელისგულები შეეხო. მერე ის ფეხზე დგება და გადის იმ მანძილს, რომელიც მათ თავისი სხეულით დაფარა, მოგვიანებით კი ასრულებს მორიგ პროსტრაციას. დიდებული ბუდისტი მოძღვარი ლამა ცონკაპა უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პროსტაციების პრაქტიკას. მას შეეძლო უშუალო შეხება ჰქონოდა იდამებთან (მედიტაციის ღვთაებები). ლამა ცონკოპა ფილოსოფიურ შეკითხვებს უსვამდა მანჯუშრის, რომლისგანაც იღებდა განმარტებებს ბუდას სწავლების სიღრმისეულ ასპექტებზე (მანჯუშრი – ბოდჰისატვაა ლოტოსის ოჯახიდან, ავალოკიტეშვარასა და ვაჯრაპანისთან ერთად სამ მთავარ ბოდჰისატვადან ერთ-ერთია. იგი განასახიერებს სიბრძნეს, გონიერებას და ნებას, აგრეთვე ის წარმოადგენს ბუდას გასხივოსნებულ გონებას. ბოდჰისატვა, იგივე ბოდისატვა ბუდისტურ რელიგიაში არის არსება, რომელიც ფლობს ბოდჰიჩიტას. მან ბუდად გახდომა გადაწყვიტა ყველა არსების საკეთილდღეოდ. ბოდჰისატვას მოტივაცია ყველა სულდგმულის ტანჯვისაგან ხსნა და ხელახლა დაბადებათა უსასრულობისაგან – სანსარისაგან გამოსვლაა. მაჰაიანას ბუდიზმში ბოდჰისატვას აგრეთვე უწოდებდენ გასხივოსნებულს, რომელმაც უარი განაცხადა ნირვანაში შესვლაზე ცოცხალ არსებათა გადარჩენის მიზნით. სანსკრიტიდან მანჯუშრი ითარგმნება, როგორც “საუცხოო დიდებულება”. იგი სიბრძნის პარამიტის განსახიერებად და სიმბოლოდ ითვლება. პარამიტა ნიშნავს “უსაზღვრო სრულყოფილებას”. ბუდიზმში არსებობს ექვსი პარამიტა – ესენია ურთიერთშეკავშირებული მოქომედებები, რომელთაც “არსებობის ოკეანის მეორე ნაპირზე გადაცურვა” ძალუძთ. ეს ექვსი განმათავისუფლებელი და განმასხივოსნებელი სრულყოფილება მოიცავს: გულუხვობას (გაცემას ან მსხვერპლის გაღებას), გონივრულ ქცევას ან ზნეობის სრულყოფილებას, მოთმინებას, მხიარულ გულმოდგინებას, მედიტაციასა და სიბრძნეს).

 

ჩაუკჰანდის სტუპა

ეს ბუდისტური სტუპა მდებარეობს სარნათჰიში, ვარანასიში არსებული კანტის რკინიგზის სადგურიდან 8 კმ-ის დაშორებით. 2019 წელს ინდოეთის არქეოლოგიურმა სამსახურმა ჩაუკჰანდის სტუპა ეროვნული მნიშვნელობის მქონე ძეგლად გამოაცხადა. მიიჩნევა, რომ თავდაპირველად იგი აშენდა ტერასიანი ტაძრის სახით გუპტების მმართველობის ხანაში, ახ.წ. IV-VI საუკუნეებში. ჩაუკჰანდის სტუპა აღნიშნავდა იმ ადგილს, სადაც ბუდა და მისი პირველი მოწაფეები ერთმანეთს შეხვდნენ ბოდჰ გაიადან სარნათჰისკენ მოგზაურობისას. მოგვიანებით გოვარდჰანმა, რაჯა თოდარ მალას ვაჟმა, სტუპას ფორმა შეუცვალა და მას თანამედროვე სახე მიანიჭა, მან რვაკუთხა კოშკი ააგო ჰუმანიუნის, დიდ მოგოლთა ძლევამოსილი ხელისუფლის სტუმრობის პატივსაცემად.

 

განგა აარტი – მდინარე განგისადმი მიდძღვნილი თაყვანისცემი ცერემონია

ინდოეთში უამრავი მშვენიერი, უაღრესად საინტერესო და სულიერი მნიშვნელობით აღსავსე ცერემონია თუ რიტუალია. განგა-აარტი ესთეტიკური სილამაზის, ღრმა სულიერი სიძლიერისა და ცოცხალი შოუს ნაზავია. აარტის დროს ღვთაებებს სწირავენ, პირველ რიგში, წმინდა ცეცხლს, აგრეთვე ყვავილებს, ბრინჯსა და წყალს. პატარა თიხის ფიალაში ან სპეციალურ ლითონის ჭურჭელში ათავსებენ გჰის – წმინდა ძროხის გაწმენდილ ერბოს ან კაფურის ზეთს, ფითილად კი დაგრეხილი ბამბის ნაჭერს იყენებენ.

აარტის ძირითადი აზრი გაშლილი ხელით თაყვანისცემის ობიექტის – ქანდაკებების ან, ჩვენს შემთხვევაში, მდინარე განგის გარშემო წრიული მოძრაობების შესრულებაში მდგომარეობს. ამავდროულად, ცერემონიის მონაწილეები მღერიან ღვთაებათა განსადიდებელ მანრებს, რეკენ ზარებს. საერთო ჯამში, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა ღვთაების მიერ შესმენილნი იყვნენ. განგა-აარტი სრულდება ქალაქ ვარანასის ერთ-ერთი მთავარ გჰატზე (გჰატი არის საფეხურებიანი ნაგებობა, რომელიც ინდუისტთა რიტუალური განწმენდის ან კრემაციის ადგილად გვევლინება). ცერემონიის ჩასატარებლად შეირჩევა ხოლმე ისეთი დრო, როცა მზის ნახევარი მიიმალება და თვალს მიეფარება. დროის სწორედ ამ პერიოდში მოკლა რამამ თავისი დაუძინებელი მტერი – მზაკვარი დემონი რავანა (რამას, იგივე რამაჩანდრას, ინდუიზმში პატივს მიაგებენ, როგორც ვიშნუს მეშვიდე ავატარს, რომელიც სამყაროში ჩამოვიდა ტრეტა-იუგას უკანასკნელ მეოთხედში, დაახლოებით 1,2 მლნ წლის წინ. ტრეტა-იუგა ინდუისტურ დროის ციკლში ოთხიდან მეორე იუგა, იგივე ერაა. ამ ეპოქის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შორის გამოირჩევა ვიშნუს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ავატარების – ვამანის, პარაშურამასა და რამას მოვლინება. მაშინ, როცა პარაშურამა დაკავებული მსოფლიო წესრიგის შექმნითა და შენარჩუნებით, რამა მოწოდებულია “დაიცვას ქორწინების ღირსება”, როგორც ცოლ-ქმარს შორის მარადიული და განუყოფელი კავშირის გამოხატულება. ინდუისტთა უმრავლესობა რამას რეალურად არსებულ ისტორიულ ფიგურად თვლის, კერძოდ, აიოდჰის მეფედ. კრიშნასთან ერთად რამა ღვთაების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავატარია ინდუიზმში. მისი ცხოვრების დეტალური აღწერა მოცემულია რამაიანაში – სანკსრიტულ ენაზე დაწერილ ძველინდურ ეპოსში. ინდუისტურ ტრადიციაში რამას მოიხსენიებენ “მარიადა პურუშოტამას” სახელით, რაც სანსკრიტულიდა ითარგმნება, როგორც “ქმართა შორის ყველაზე სრულყოფილი”. რამას ცოლია სატა, რომელსაც ეთაყვანებიან, როგორც ლაქშმის ავატარს, იგი უნაკლო ქალის განსახიერებაა.

რამას ცხოვრება და მოღვაწეობა დჰარმას პრინციპების მკაცრი დაცვის უზადო მაგალითია, რთული ცხოვრებისეული გამოცდებისა და განსაცდელების მიუხედავად. მამის ღირსების შესანარჩუნებლად რამა უარს აცხადებს კოშალას სამეფო ტახტზე და ნებაყოფლობით თანხმდება ტყეში 14 წლთ გახიზვნას. განდევნილ რამას თან ახლავან ცოლი (სიტა) და ძმა (ლაქშმანი). როცა სიტას გაიტაცებს რავანა – რაქშასების (კაცისმჭამელი დემონებისა და ბოროტი სულების) ძლევამოსილი მმართველი და კუნძულს ლანკას მპყრობელი, რამა უმალვე იწყებს თავისი საყვარელი ცოლის ხანგრძლივ და რთულ ძიებას. ბოლოს და ბოლოს, რამა პოულობს რავანას, კლავს მას და ათავისუფლებს სიტას. 14-წლიანი გადასახლების შემდეგ რამა აიოდჰოში ბრუნდება და ჯერ ხელმწიფე, მოგვიანებით კი მთელი მსოფლიოს იმპერატორი ხდება).

განგა – აარტის ცერემონიას უძღვება 5 ბრაჰმანი – უმაღლესი კასტის ინდუისტური ქურუმები. დამხმარეები მოგვებს წინასწარ უმზადებენ პუჯის ატრიბუტიკას. ღვთაებათა თაყვანისცემა ხორციელდება ხუთი მთავარი ელემენტის – ეთერზეთის (აკაშა), ქარის (ვაია), ცეცხლის (აგნი), წყლის (ჯალი) და მიწის (პრიტჰვი).

 

კალიგჰატ კალის ტაძარი

ქალღმერთი კალი ათ დაშამაჰავიდიას შორის ერთ-ერთია. ის შაქტის განრისხებული ფორმაა, რომელიც მითოლოგიაში ჩნდება, როგორც დემონთა მომსპობი. ის კოსმოსური ენერგიის დამანგრეველი გამოვლინებაა (დაშამაჰავიდია (“ათი დიდი ცოდნა”) – ათი ქალღმერთისგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც უაღრესად დიდ როლს თამაშობენ ტანრტრულ შაქტიზმსა და შივაიზმში. თითოეულ ღვთაებას აქვს ინდივიდუალური იერსახე, ფორმა, ენერგია). კალის რისხვა იმდენად საშინელია, რომ სამყაროს არსებობასაც კი საფრთხეს უქმნის, ამიტომაც მითოლოგიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული თემა ქალღმერთის დამშვიდებაა. ვედურ წერილობით წყაროებში “კალი” მოიხსენიება, როგორც აგნის ტომის შვიდი ენიდან ერთ-ერთი, რომელიც მატერიის ენერგიად ტრანსფორმაციის ცეცხლია.

კარი დედაღვთაებაა, რომელიც თავის შვილებს ბოროტი ძალებისაგან იცავს, იგი ხელახლა დაბადებათა ციკლისგან გათავისუფლების მბოძებელია. ის კოსმოსური ძალების განსახიერებაა, იგი აგრეთვე წარმოადგენს გამანადგურებელ ძალას, რომელსაც კაცობრიობა ქვეყნიერების აღსასრულამდე მიჰყავს. ქალღმერთი კალი დროის, ყოფიერების, ეპოქათა და სამყაროთა ცვალებადობის, სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლურობის ჰიპოსტასია. კალი გარდამქმნელი და გარდამსახველი ძალა, რომელიც თავად მუდამ უცვლელი რჩება. ის სპობს ეგოისტურ მიდრეკილებებსა და უვიცობას, თავიდან გვაშორებს ილუზიებს. კალის არის ძალა, რომელიც შთანთქავს მის მიერვე მანამდე შექმნილს, ვლინდება დროის სახით და ინთქმება უწესრიგობის ბნელ ქაოსში, სიცარიელესა ან საწყის ენერგიაში.

კალიგჰატის ტაძარი მითების ქსელშია გახვეული. გავრცელებულია თქმულება, რომ ორმა წმინდანმა, ბრაჰმანანდამ და ათმარაშ გირიმ კალკუტის გუბურაში აღმოაჩინეს ქალღმერთ სატის მარჯვენა ფეხის თითის ნამარხი. ამ მონაპოვარმა კალიგჰატს მოუპოვა აღიარება, როგორც პიტუ შაქტის (შაქტიზმის მიმდევართათვის წმინდა მოსალოცი ადგილი). 1809 წელს საბარნა როი ჩაუდჰურიმ, ზამინდარის რეგიონის მესაკუთრემ, კალკუტის სამხრეთ რეგიონში ააგო სატაძრო კომპლექსი. კალიგჰატ კაის საოცავში მდებარეობს საკურთხეველი, რომელიც ერთ გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. იქ განთავსებულია ქალღმერთ კალის კერპი, რომლის გამოყოფილი ენა და ოთხი ხელი სუფთა ოქროსგანაა დამზადებული.

Sorry, the comment form is closed at this time.