კუნძულ ევბეას ღირსშესანიშნაობები
ოსიოს დავითის, იგივე წმინდა დავით ევბეელის მონასტერი განლაგებულია კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დრიმონის დასახლების სიახლოვეს, კავალარისის მთის ძირას. საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საყდარში დაყუდებულმა ბერებმა დახმარება აღმოუჩინეს აჯანყებულებს, რის გამოც 1824 წელს თურქებმა ისინი გაჟლიტეს, სალოცავი კი გადაწვეს. მონასტრის აღდგენა მხოლოდ 1877 წლისათვის მოხერხდა, სწორედ მაშინ ააგეს ახალი კაფოლიკონი. ეკლესიის შორიახლოს აღმოაჩენთ მჩქეფარე წყაროს, რომელსაც სამკურნალო თვისებები მიეწერება. დღემდე მოაღწია იმ პატარა გამოქვაბულმაც, სადაც წმინდა დავითი დროის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა.
ლამნი არის პატარა საპორტო ქალაქი ევბეის ჩრდილოეთის სრუტის სანაპიროზე. გადმოცემის თანახმად, იგი გააშენეს იმ ადგილას, სადაც უძველეს დროს მდებარეობდა უძველესი ქალაქი ელიმნიონი, რომელიც მოხსენიებულია ძველბერძენი კომედიოგრაფის არესტოფანის კომედიაში. დღესდღეობით ლიმნი წარმოადგენს კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე კურორტს. იქ ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მოილოცეთ ხარებისა და ზოოდოქოს პიგის ეკლესიებში.
თანამედროვე ქალაქ ერეთრიას ტერიტორიაზე ადამიანის არსებობის ყველაზე ადრეული მტკიცებულებები (თიხის ნატეხები და ქვის არტეფაქტები) თარიღდება ნეოლითის დასასრულით. სამწუხაროდ, არ მოიპოვება ამ პერიოდს მიკუთვნებულ ნაგებობებათა არანაირი ნიშნები. დანამდვილებით მხოლოს იმის თქმა შეიძლება, რომ ძვ.წ. 2000 წელს დატბორვის საფრთხის გამო ადგილობრივები დაფუძნდნენ ერთ-ერთ ახლომდებარე ბორცვზე, სადაც დღეს შეგვიძლია ვიხილოთ ძველი აკროპოლისის ნაშთები.
ძვ.წ. მე-8 ასწლეულში ერეთრია იქცა ელადის ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ და აყვავებულ დერჟავად, რომელსაც მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ხმელთაშუაზღვისპირეთთან და ჰქონდა საკუთარი კოლონიება. იმავე საუკუნის ბოლოს ლელანტის დაბლობის კონტროლისათვის ქიშპი გადაიზარდა არქაული საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბრძოლაში – ლელანტის ომში.
ძვ.წ. 490 წელს იონიისათვის მხარდაჭერის აღმოჩენის გამო სპარსელებმა ერეთრია გაძარცვეს და შემდეგ გადაწვეს. ქალაქი მალევე აღადგინეს, რის მერეც ის დელოსის კავშირს შეუერთდა. ძვ.წ. 87 წელს მითრიდატეს ომების პერიოდში ერეთრის საბოლოოდ გასწორდა მიწასთან და გაოხრდა. ქალაქის თანამედროვე ისტორია დაიწყო 1821 წელს ნეო სპარას პატარა დასახლებიდან, რომელიც დაარსეს ხიზნებმა კუნძულ პსარადან.
თანამედროვე ერითრეა გვთავაზობს სასტუმროების, რესტორნებისა და ბარების ფართო არჩევანს. იქ შეხვდებით ანტიკური თეატრის, აპოლონის, დიონისეს, დემეტრასა და ისიდას ტაძრების, მაკედონიური აკლდამის, მოზაიკური სახლის და სხვა უძველეს ნაგებობათა დღემდე მოღწეულ ნანგრევებს. დიდ სიამოვნებას მიიღებთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და ნეოკლასიკური სასახლის დათვალიერებით.
მომაჯადოვებელი ქალაქი კიმი მდებარეობს ევბეას აღმოსავლეთ ნაწილში. მისი პორტი მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს და უზრუნველყოფს რეგულარულ საბორნე კავშირს კუნძულ სკიროსთან. კიმის ხშირად “ეგეოსის ზღვის აივნად” მოიხსენიებენ. სიმწვანეში ჩაფლული ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ეთნოგრაფიული მუზეუმი, წმინდა პანტელეიმონის მონასტერი. კიმიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შეხვდებით ონეფტიკოს ცნობილ წყაროს.
კიმი – ცნობილი ბერძენი ექიმის, გეორგიოს პაპანიკოლაუს, სამშობლოა. მისმა კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას ციტოლოგიაში. გეორგიოსის მიერ შემუშავებულმა საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადების დიაგნოსტიკის მეთოდს ავტორის საპატივცემულოდ დაერქვა პაპანიკოლაუს ტესტი.
ამარინტოსი ევბეას ცენტრში არსებული სანაპირო ქალაქია, რომელსაც მდიდარი ისტორია გამოარჩევს. ადგილობრივები ოდითგანვე დაკავებულნი იყვნენ ვაჭრობით, სოფლის მეურნეობით, მესაქონლეობით, თევზჭერითა და სპილენძის დამუშავებით. ამანტიოსში აღმოაჩენთ მრავალ ბიზანტიურ ეკლესიას, მაკედონიის აკლდამას, რომაულ თერმებს, “Skoteini”-ის ცნობილ მღვიმეს, აგრეთვე გაეცნობით დღემდე არც ისე ცუდად მოღწეულ კედლის ფერწერას.
აგია ანა არის პატარა სოფელი, რომელიც მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, მწვანე ბორცვთა თვალწარმტაც ფერდობებზე. ეს ტრადიციული ბერძნული დასახლება ხასიათდება ერთობ გამორჩეული და განუმეორებელი კოლორიტით. იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ნილეასის ხეობას.
პროკოპი ევბეას ჩრდილოეთში განლაგებული პატარა სოფელია, სადაც 1100 ადამიანამდე ცხოვრობს. ყოველწლიურად აქაურობას უამრავი ტურისტი სტუმრობს. განსაკუთრებით პოპულარული ეს ადგილი გახდა მას შემდეგ, რაც იქ აღმართეს წმინდა იოანე რუსის სახელობის ეკლესია.
რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, 1711 ეწლს, იოანე შეიპყრეს თურქთა წინააღმდეგ მებრძოლმა ტატარებმა. მოგვიანებით ის მონად მიჰყიდეს თურქ ოფიცერს. იოანეს სასტიკად აწამებდნენ, რათა იგი ისლამზე მოექციათ. ტანჯვა-გვემის მიუხედავად მან სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა და სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანობის ერთგული დარჩა. იოანე 40 წლის ასაკში აღესრულა.
მარმარი არის სამხრეთ ევბეის სანაპირო ქალაქი, სადაც გადის საბეძნეთის ეროვნული გზა 44 (თებე-ხალკიდა-კარისტოსი). უძველეს დროში მარმარის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მოიპოვებდნენ მარმარილოს, აქედან დამკვიდრდა რეგიონის სახელი – “მარმაროსი” (ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “თეთრი ქვა”). ქალაქის გამორჩეულ ძეგლებს შორისაა: წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, უცნობი მეზღვაურის ქანდაკება და წმინდა ირინას სამლოცველო.
ევბეას სამხრეთ ნაწილში მდებარეობს არტემიდას ტაძრის ნაშთები და წმინდა შადრევნის ნანგრევები. საყდარი განადგურდა ალარიხის გოთების შემოსევის პერიოდში.
კუნძულის ჩრდილო სანაპიროზე, აგიოკამპოსის პორტიდა დაახლოებით 5-6 კმ-ის დაშორებით მდებარებს ორეოი. ეს ქალაქი დაარსდა მე-19 ასწლეულში, უკვე მას შემდეგ, რაც ხალხს გაუქრა მეკობრეთა მიმართ შიში და დაიწყო სანაპირო ტერიტორიების ათვისება. 1833 წელს ნიჭიერმა ტოპოგრაფმა ჯორჯ სდოუმაჯერმა მოამზადა ადგილის დეტალური ტოპოგრაფიული გეგმა, რომლის საფუძველზეც შეიმუშავეს მომავალი ქალაქის პროექტი. ორეოიში დაგხვდებათ შესანიშნავი პლაჟი, მყუდრო სასტუმროები და აპარტამენტები, მრავალი ტავერნა და რესტორანი.
ევბეას ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორის ცალკე გამორჩევას იმსახურებს ფილას სიმაგრე. ამ შუასაუკუნოვანი ციხის ნანგრევები განფენილია კლდოვან ბირცვზე, რომელიც ზემოდან დაჰყურებს ლილანდიანის ნაყოფიერ ხეობას. ფილას სიმაგრე გარკვეული ხნის განმავლობაში ფრანკი ბატონის – მერიტოს რეზიდენციას წარმოადგენდა. მოგვიანებით ეს ციხე ლეგენდარული რაინდის – ლიკარიოსის სამფლობელოდ იქცა. უძველესი ლეგენდის თანახმად, მან დატოვა ფრანკთა არმიის რიგები თავისი ბერძენი სატრფოს – ფელიზას გულისათვის.
მე-15 საუკუნის ბოლოს, როცა თურქებმა განახორციელეს კუნძულის ოკუპაცია, ძველი სიმაგრის თავდაცვითი კედლების ნაწილი განადგურდა.
კარისტოსი – მცირე საპორტო ქალაქია კუნძულის სამხრეთში. ის განლაგებულია მყუდრო ბუნებრივი ბუხტის ნაპირებზე და გარშემორტყმულია მთებით. თანამედროვე კარისტოსი დაარსდა მეფე ოტონის მითითებით, რომელსაც აქ საბერძნეთის დედაქალაქის გადმოტანა ჰქონდა განზრახული. ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორის შეგვიძლია გამოვარჩიოთ მე-13 ასწლეულით დათარიღებული ვენეციური სასახლე ბურძი, კასტელ როსოს ციხის ნანგრევები, ქალაქის რატუშის შენობა და კულტურული ცენტრი “Yokaleion”, სადაც წარმოდგენილია ელინისტური და რომაული ეპოქების სკულპტურათა და კერამიკის მცირე კოლექცია. ცალკე ყურადღებას იპყრობს ტაკსიარისის და წმინდა გიორგის მონასტრები, კავო დ’ოროს კონცხი, ოხის მთა, რომლის ფერდობებზე დღემდე შემოინახა უძველესი მეგალითური ნაგებობები.
არტემიზიო – ესაა კონცხი, სოფელი და აგრეთვე ყოფილი მუნიციპალიტეტი. მის სიახლოვეს აღმოაჩინეს უნიკალური ექსპონატები. ერთ-ერთი მათგანია ცხენზე ამხედრებული მხედრის ქანდაკება, რომელმაც უძველესი დროიდან დღემდე სასწაულებრივად მოაღწია. ის ნაწილ-ნაწილ ამოიღეს იმ ადგილიდან, სადაც ჩაიძირა ანტიკური ხომალდი. ცხენის მარჯვენა ბარძაყზე ამოტვიფრულია ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის, სიმბოლო. მხედარი დაბალი სიმაღლის მქონე ახალგაზრდაა, თუმცა მისი გამორჩეულობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი შავკანიანია. ის ატარებს სანდლებს და შემოსილია ტუნიკით, მარცხენა ხელში მას უჭირავს სადავე, მარჯვენაში კი – მათრახი.
მეორე ფასეული ექსპონატი, რომელიც გადაცემულია ათენში, არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში – კლასიკური პერიოდის ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული ქანდაკებაა. ხელოვნების ეს უზარმაზარი ნიმუში გამოსახავს ზევსსა და პოსეიდონს. ღმერთები წარმოდგენილნი არიან შიშველი სახით და ისინი ფართოდ მიაბიჯებენ. ფორმები შესანიშნავად გადმოსცემენ მოძრაობებს, უწვრილესი დეტალები საოცარი სიზუსტითაა გადმოცემული. როგორც ჩანს, ღვთაებათა თვალები ძვირფასი ქვებისგანაა დამზადებული, რომლებიც დღემდე ვერ შემოინახა. ეს ქანდაკება ძველბერძნული დინამიკური სკულპტურის შესანიშნავი მაგალითია. სავარაუდოდ, ის დაამზადა კალამიმ.
Sorry, the comment form is closed at this time.