logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

კუნძული კრეტა

17 Jul

კუნძული კრეტა

კრეტა – უდიდესი ბერძნული კუნძულია, რომელსაც ჩრდილოეთიდან კრეტის ზღვა, ხოლო სამხრეთიდან ლიბიისა ეკვრის. ეს ადგილი გამოირჩევა მდიდარი ისტორიით. სწორედ იქ მდებარეობს მღვიმე და მთა, სადაც დაიბადა და გაიზარდა მთავარი ბერძნული ღვთაება – ყოვლისშემძლე ზევსი. კრეტის ადმინისტრაციული დედაქალაქია ირაკლიონი, სადაც თავმოყრილია მრავალი მუზეუმი და მართლმადიდებლური სალოცავი. მას ეს სახელი ეწოდა მითოლოგიური გმირის ჰერაკლეს საპატივცემულოდ. მიიჩნევა, რომ ირაკლიონი დაარსდა მინოსის მმართველობისას და წარმოადგენდა კნოსოსის საზღვაო პორტს. ეს ვერსია არქეოლოგიური მონაპოვრებით ვერც დასტურდება და ვერც უარიყოფა. 824 წელს კრეტა არაბებმა ჩაიგდეს ხელთ და ირაკლიონი მძლავს ფორტად აქციეს. მოგვიანებით ქალაქი ბიზანტიელებმა დაიმორჩილეს და ის სამ ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავათ. 1204 წელს ჯვაროსნებმა ირაკლიონი ვენეციელებს მიჰყიდეს, რომელთა მმართველობის პერიოდში ქალაქი საოცრად აყვავდა. 1669 წელს ხანგრძლივი ალყის შემდეგ იგი აიღეს და ჰანდაკასად მონათლეს. მე-19 საუკუნის ბოლოს კრეტამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1913 წელს კი კუნძული საბერძნეთის შემადგენლობაში შევიდა.

კნოსოსის სასახლე უდავოდ შეიძლება მივიჩნიოთ კრეტის ყველაზე ლეგენდარულ ღირსშესანიშნაობად. ყველას გვსმენია მეფე მინოსსა და მისი ლაბირინთის შესახებ, სადაც გამომწყვდეულ იქნა მინოტავრი – ხელმწიფისა და პოსეიდონის მიერ გამოგზავნილი ხარის არაბუნებრივი სიყვარულის ნაყოფი. კნოსოსის სასახლე მინოსური ცივილიზაციის გასაოცარი არტეფაქტია, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 1700 წლით თარიღდება. მას ჯერ კიდევ იმ ეპოქაში შეეძლო დაეკვეხნა ისეთი ინჟინერული მიღწევებით, როგორებიცაა: წყალგაყვანილობა, გათბობა, საკანალიზაციო სისტემა, ხელოვნური განათება. ამ ღირსშესანიშნაობის იერსახეზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინგლისელი არქეოლოგის არტურ ევანსის გათხრებმა. ერთი მხრივ, მან მოახდინა სასახლის ცალკეული ოთახების, კოლონების, ფრესკების რეკონსტრუქცია და დაუბრუნა მათ თავდაპირველი სახე. ამასთან, საწყისი კონსტრუქციის ბევრი ნაწილი უგზოუკვლოდ გაქრა.

კრეტის ისტორიული მუზეუმი მდებარეობს ირაკლიონში, ზღვის სანაპიროზე. 1953 წელს გალერეის ექსპოზიცია ოფიციალურად გაიხსნა მომნახველთათვის. იქ დაცულია არტეფაქტები, რომლებიც ინარჩუნებენ თემატურ და ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას. მუზეუმში გაეცნობით კერამიკულ ნაკეთობათა კოლექციებს, მარმარილოს სკულპტურებს, საიუველირო ნაკეთობებს და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ნიმუშებს, რომლებიც ასახავს კრეტის განვითარების სხვადასხვა საფეხურს.

მართლია, კრეტა არ გამოირჩევა თავისი მასშტაბებით, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით კუნძულის ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებაზე. აქედან გამომდინარე, ირაკლიონში დაარსდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში უდიდესი საბუნებისეტყველო მეცნიერების ისტორიის მუზეუმი. მაგალითად, გალერეის ყველაზე მოცულობით ზონაში, დიორამაში, შეგიძლიათ იხილოთ კუნძულის ყველა ბუნებრივი ლანდშაფტი, რომლებიც მინიატურაშია აღბეჭდილი. უსათუოდ დაგაინტერესებთ მუზეუმის ცოცხალი დარბაზი, სადაც დატკბებით კრეტის ფლორის წარმომადგენელთა ცქერით.

ირაკლიონში არსებული სახვითი ხელოვნების მუზეუმი განთავსდა შენობაში, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ღირსშესანიშნაობას. ეს ნაგებობა წარმოადგენს მე-13 საუკუნით დათარიღებულ ტაძარს, რომელიც თურქებთა ბატონობის პერიოდში მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა მოგვიანებით მას დაუბრუნდა პირვანდელი იერსახე. მუზეუმში წარმოდგენილი 55 მხატვრის ნამუშევრები.

ირაკლიონში განლაგებულ ვენიზელოსის მოედანზე მდებარეობს წმინდა მინას სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია. სალოცავის ადგილას ადრე ყვაოდა ბაღი, რომელიც შეისყიდეს თურქი ოჯახისგან. საყდრის მშენებლობა დაიწყო 1862 წელს არქიტექტორ ათანასე მუსის ხელმძღვანელობით, მაშინ კრეტის მიტროპოლიტი იყო დიონისიუსი. წმინდა მინა მიიჩნევა ირაკლიოს ზეციურ მფარველად. 1941 წლის მაისში ქალაქის დაბომბვისას ტაძარს დაეცა ნაღმი, რომელიც არ აფეთქდა. ცხადია, მოსახლეობამ ეს სასწაული დიდმოწამე მინას მიაწერა.

ჰანდაკსი, როკა-ა-მარე, საბოლოო ჯამში, კულესი – ყველა ეს სახელწოდება ეკუთვნის ერთ სიმაგრეს, რომელიც უკვე 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვენეციური ბუხტის სტატუსს ატარებს. მე-16 საუკუნეში აღმართული ამ ციხის შიგნითა კედლის სისქე სამ მეტრს ითვლის, გარეთისი კი – ცხრას. არცაა გასაკვირი, რომ მან გაუძლო როგორც ბუნების, ისე ადამიანთა გამოხდომებს. ამჟამად სიმაგრის ტერიტორიაზე განთავსებულია მუზეუმის, რომლის ექსპოზიცია მნახველს მოუთხრობს კულესის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. ექსპონატებს შორის აღმოაჩენთ უძველეს საზარბაზნე ბირთვებს, ღუზებს და მრავალ სხვას.

წმინდა ტიტას ტაძარი ააგეს 960 წელს ძლევამოსილი მხედართმთავრის – ნიკიფორა ფოკის ბრძანებით. ვენეციელთა ბატონობის ხანაში საყდარი გახდა კათოლიკური, ოსმანთა პერიოდში ის გადაკეთდა ვიზირ-ჯამის მეჩეთად და შეივსო მინარეთებით. მე-19 საუკუნეში სალოცავი მიწისძვრის შედეგად განადრუგრდა, თუმცა, საბედნიეროდ, არქიტექტორმა ათანასე მოუსისამ დაუბრუნა მას პირვანდელი იერსახე და 1923 წელს წმინდა ტიტას სახელობის ეკლესია კვლავ იქნა კურთხეული და გახდა მართლმადიდებლური.

გორტინა – კრეტის ყოფილი დედაქალაქია. ზოგადად ამ ადგილს აქვს უძველესი ისტორია, რადგან მის ტერიტორიაზე პირველი მაცხოვრებლები ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში გამოჩნდნენ. დაახლოებით 1880 წელს იქ აღმოაჩინეს კანონთა უდიდესი კრებული.

ლიხნოსტატისი ეთნოგრაფიული მუზეუმის დაფუძნება მიეწერება ექიმ-ოფთალმოლოგს, პროფესორს, ლექტორს და მწერალს იორგოსუ მარკაკისუს, რომელმაც ექსპონატების შეგროვებას 30 წელზე მეტი მიუძღვნა. ღია ცის ქვეშ არსებული გალერეის ტერიტორიაზე წააწყდებით შუასაუკუნოვან წისქვილს.

გასაოცარი ქალაქი რეტიმნო მდებარეობს კრეტის დასავლეთ ნაწილში. მისი მყუდრო ქუჩაბანდები, ძველი ეზოები, არქიტექტურა, ვენეციური პორტი, სანაპირო ზოლი და ფორტეცას სიმაგრე ტურისტებს პირველი ნახვისთანავე აჯადოვებს. რეტიმნოს ზღვის წყლები უძველეს დროშიც განთქმული იყო დელფინთა სიმრავლით. სწორედ ამიტომ გახდა ეს ძუძუმწოვარი ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო. იქ სასწაულებრივად შემოინახა მე-16 საუკუნის შემდგომ აგებულ ვენეციურ ნაგებობათა უმრავლესობა.

მე-16 საუკუნით დათარიღებული ფორტეცას სიმაგრე აღმართულია პალეოკასტროს ფერდობზე. ნაგებობის გაბარიტები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ადგილობირივების თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში იქ მთელი მოსახლეობა შეძლებს თავშეფარებას. ციხის შიგნით შეხვდებით ბარაკებს, ძველ ეკლესიას, ჰოსპიტალს და რამდენიმე საწყობს. სიმაგრის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს სულთან იბრაჰიმის მეჩეთი, რომელიც მე-17 საუკუნემდე მართლმადიდებლურ სალოცავს წარმოადგენდა.

არკადის მონასტერი მდებარეობს რეტინოდან 18 კმ-ის დაშორებით. ის განთქმულია თავისი განუმეორებელი არქიტექტურით. დაახლოებით 150 წლის წინ მოხდა კრეტის აჯანყება. ბერები ტაძრის ტერიტორიაზე თავს აფარებინებდნენ ხალხს. არკადის ალყა სამი დღე გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, იქ მაინც შეიჭრნენ დამპყრობლები. დატყვევებისაგან თავის დასახსნელად, მეამბოხეებმა ცეცხლი წაუკიდეს დენთის საწყობებს, რამაც ასობით ადამიანი იმსხვერპლა. ამ მოვლენათა მოსაგონებლად, აფეთქებული ჯაბახანის ადგილზე დგას მცირე ექსპოზიცია.

პრეველის მონასტერი მოიცავს ორ სალოცავს: კატო მონი (ქვედა), რომელიც მიძღვნილია იოანე ნათლისმცემლისადმი, ასევე პისო მონი (ზედა), რომელიც ააგეს იოანე ღვთისმეტყველის საპატივცმულოდ. საყდრები ერთმანეთისაგან 1,5 კმ-ზე მეტი მანძილით არიან დაშორებულები. პისო მონი – მოქმედი მამაკაცთა მონასტერია, სადაც ინახება მორწმუნეთა წრეში ცნობილი ეფრაიმ პრაველიელის სასწაულმოქმედი ჯვარია. ქრისტიანობის სიმბოლო მორთულია ძვირფასი ქვებით და მას საგულდაგულოდ იცავენ, რადგან მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მისი გატაცება ხშირად უცდიათ.

ფესტოსის სასახლის კომპლექსის ნანგრევები მდებარეობს მესარას პლატოზე, ირაკლიონიდან 55 კმ-ის დაშორებით. თავისი მნიშვნელობით  კრეტის მოცემული არქეოლოგიური ძეგლი მხოლოდ კნოსოსის სასახლეს თუ ჩამოუვარდება. თავის დროზე ფესტოსი უძველესი მინოსური ცივილიზაციის ცენტრი გახლდათ. ლეგენდის თანახმად, ქალაქი დაარსა კრეტის უზენაესმა ხელისუფალმა, ზევსისა და ევროპის ვაჟმა – მეფე მინოსმა. მან ფესტოსი სამართავად ჩააბარა თავის ძმას, რადამანტს, რომელიც ხალხში თავისი სამართლიანობით იყო განთქმული. გარდაცვალების შემდეგ რადამანტი ჰადესის მიწისქვეშა სამეფოს ერთ-ერთი მოსამართლე გახდა.

1900 წელს იტალიურმა არქეოლოგიურმა სკოლამ დაიწყო გათხრები ფესტოსის ტერიტორიაზე. მკველავერებმა 1908 წელს აღმოაჩინეს დისკი, რომელზეც აღბეჭდილია უცნობი დამწერლობის 242 სიმბოლური გამოსახულება. მათი გაშიფვრა მეცნიერებმა დღემდე ვერ შეძლეს.

ვენეციელთა მმართველობის ხანაში კრეტაზე ააგეს მრავალი სიმაგრე, რადგან ევროპელები ცდილობდნენ თურქთა თავდასხმებისაგან დაეცვათ თავიანთი სავაჭრო გზები. ერთ-ერთ ასეთ ნაგებობათაგანია ფრანგოკასტელოს ციხე. თურქთა ბატონობის პერიოდში ეს ნაგებობა იქცა ადგილად, სადაც ტრაგიკული მოვლენები დატრიალდა. 1827 წლის 17 მაისს ბერძნები თავს დაესხნენ თურქებს ფრანგოკასტელოს ხელში ჩაგდების მიზნით, თუმცა ეს მცდელობა დიდი სისხლისღვრით დაგვირგვინდა. ადგილობრივების თქმით, იმ დღიდან მოყოლებული ყოველი წლის მაისში ბერძენ მეომართა აჩრდილები მიდიან თავდაცვითი ნაგებობის კედლებთან, თუმცა მყისვე ქრებიან, თუკი ზედმეტად მიუახლოვდებით. ეს მოვლენა ატარებს სახელს, რომელიც ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “ნამი”, რადგან, გადმოცემის თანახმად, სულები სიმაგრესთან გამთენიისას ჩნდებიან.

დორიული ეპოქიდან დაწყებული შუა საუკუნეების ჩათვლით, ელეფტერნა იყო კრეტის ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი. სავარაუდოდ, უძველესი ხალხი ამ ტერიტორიაზე გვიან ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. ამას მოწმობს პირგის ბორცვზე არსებულ აკროპოლისში აღმოჩენილ შენობათა ნაშთები და არტეფაქტები. ჩვ.წ. 1-2 საუკუნეებში კრეტაზე ბატონობდნენ რომაელები. ელეფტერნასთვის ეს აყვავების პერიოდი გამოდგა. 1985 წლიდან მოყოლებული ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. ერთ-ერთ შთამბეჭდავ მონაპოვარს წარმოადგენს ხელუხლებელი საფლავი, რომლის ასაკი ას წელს ითვლის.

ორტი პეტრას ფერდობზე, მეომართა სასაფლაოს გვერდით არქეოლოგებმა მიაკვლიეს ქვის ფილა, რომელიც რამდენიმე ასეულ კილოგრამს იწონიდა. ეს ფილა ფარავდა უზარმაზარ პიფოსს (დიდი კერამიკული ჭურჭელი ძველ საბერძნეთში, სადაც ზოგჯერ ასვენებდნენ მიცვალებულებს), რომელშიც ემარხნენ ახალგაზრდა ჭაბული და ქალიშვილი. ის სავსე იყო სხვადასხვა ფორმის მქონე ოქროს ფოთლებით. ქალწულს კისერზე ეკიდა ყელსაბამი ფუტკრის გამოსახულებით. სამკაულის გადაბრუნების შემთხვევაში შეიძლება დავინახოთ შროშანი. ცხადია, რომ ახალგაზრდები წარჩინებული წრის წარმომადგენლები იყვნენ.

თანამედროვე ელეფტერნას ჩრდილოეთით განლაგებულია ელინისტურ ხანხაში აგებული ხიდი. ის ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი და აქვს ისრული თაღი. პირგოსის ბორცვის სამხრეთ მხარეს აღმოაჩენთ ქვა-გვერდობში ნაკვეთ ცისტერნებს, რომლებიც განკუთვნილი იყო ქალაქის წყლით მომარაგებისათვის.

აღმოსავლეთ კრეტის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს კუნძულის ცნობილი საკურორტო ქალაქი – აგიოს-ნიკოლაოსი, ან როგორც მას მეორენაირად ეძახიან – “ბერძნული სან-ტროპე”.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ვულიზმენის ტბა. როცა კუნძულზე თურქები იყვნენ გაბატონებულები, მათ ეს ბუნებრივი წყალსატევი შეუერთეს ზღვას.

კიდევ ერთ სახალისო თავგადასავლად შეიძლება გექცეთ სოფელ კრიტსას მონახულება. ის გაშენებულია კასტელოსის კლდოვან ფერდობზე და გარშემორტყმულია ზეთისხილის კორომებით. იქ შეგეძლებათ გაეცნოთ კრეტის ტრადიციულ ხელობას, ასევე შეიძონოთ ტყავისა და კერამიკის ნაკეთობები.

ჩაძირული ქალაქი ოლუსი წარმოადგენდა კრეტაზე ექსპორტის მძლავრ ცენტრს, სადაც 30 ათასამდე ადამიანი სახლობდა. ოლუსის მაღალ განვითარებაზე მეტყველებდა ის ფაქტიც, რომ იქ არსებობდა დამოუკიდებელი ვალუტა და იჭრებოდა თავისი მონეტები. ახ.წ. მე-2 საუკუნეში ოლუსი წყალქვეშ ჩაიძირა დედამიწის ფილების გადანაცვლების გამო.

პანაგია პერა ბიზანტიური ეპოქის ცნობილი არქიტექტურული ძეგლია. ეკლესია ეძღვენება ღვთისმშობელ მარიამს, წმინდა ანტონიუსს და წმინდა ანას. საყდრის დამამშვენებლ ფრესკებს შორისაა ისინიც, რომლებზეც აღბეჭდილია ქალწულ მარიამის საიდუმლო ცხოვრება მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდგომ.

აგიოს-ნიკოლაოსის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური მუზეუმი დაარსდა 1970 წელს. ექსპოზიციებში წარმოდგენილი ექსპონატების უმრავლესობა ირაკლიონის გალერეიდანაა გადმოტანილი. სწორედ ზემოაღნიშნულ მუზეუმში განათავსეს მოხლოსის სასაფლაოზე, ზაკროსისა და ელუნდას სასახლეებში ნაპოვნი არტეფაქტები.

ფენერომენის მონასტერი აღმოსავლეთ კრეტის ყველაზე ცნობილი და სათაყვანო საყდარია. ამ სალოცავთან დაკავშირებულია ლეგენდა. ის მოგვითხრობს ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც ხშირად ქრება და მერე ისევ ჩნდება. ეს სიწმინდე მწყემსმა გამოქვაბულში იპოვა, რომელიც შემდგომ მონასტრად გადააკეთეს.

დამანგრეველ მიწისძვრებს არაერთხელ დაუშლია კუნძულის სხვადასხვა ნაგებობა. გამონაკლისი არ გამხდარა მალიას სასახლეც, რომლის პირველი შენობაც აღმართეს დაახლოებით ძვ.წ. 1900 წელს. იმავე პერიოდს ეკუთვნის ფესტოსის და კნოსოსის სასახლეებიც.

აგიოს-ნიკოლაოსის ფოლკლორული მუზეუმი განთავსებულია საპორტო სამსახურის შენობის პირველ სართულზე. გალერეის კოლექციას შორის აღმოაჩენთ ძველ ფოტოსურათებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ნახატებს, კოსტიუმებს, ხელით ნაქსოვ ხალიჩებს და ძველი კრეტული სახლის მოდელსაც.

კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს დიკტის ლეგენდარული მღვიმე, რომელსაც მეორენაირად ზევსის გამოქვაბულს უწოდებენ. თქმულების თანახმად, სწორედ ამ მიწისქვეშა ქვაბში მოევლინა ქვეყანას ძლევამოსილი ბერძნული ღვთაება. მღვიმეში იხილავთ უზარმაზარ და ულამაზეს სტალაქტიტებს.

სპინალოგას კუნძული განლაგებულია ელუნდას სანაპიროსთან. დღესდღეობით ის ტურისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დასასვენებელი ადგილია, თუმცა 1957 წლამდე სპინალოგას “შეშლილთა და კეთროვანთა” კუნძულად მოიხსენიებდნენ, რადგან სწორედ აქ ასახლებდნენ კეთრით დაავადებულებს. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ არ გამოიგონეს ამ საშინელი სნეულების საწინააღმდეგო წამალი.

ლასიტის პლატო წარმოადგენს კრეტის სასოფლო-სამეურნეო ცენტრს. იქ თქვენს თვალწინ გადაიშლება ზეითუნისა და ნუშის ხეებით სავსე მდელოები. ამ ადგილის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა ცნობილი ქარის წისქვილები, რომელთა ფრთებზე გადაკრულია საიალქნო ქსოვილი.

ხრისის კუნძული განთქმულია თავისი უნიკალური ფაუნით. ამ ადგილს თქვენთვის თავისი თვითმყოფადი კულტურის შემთავაზება შეუძლია. უკაცრიელი კუნძულის ოქროსფერი სანაპიროები ირეცხება ფირუზისფერი ზღვის წყლებით. ყველაზე საინტერესო, რაც იქ გელოდებათ, ესაა ეგზოტიკური ტყეები, სადაც იზრდება ღვია და ლიბანური კედარი. უკანასკნელის თავისებურება არის ის, რომ მას შეუძლია არსებობა მტკნარი წყლის გარეშე.

ვაის სანაპიროზე მდებარეობს ევროპაში ყველაზე დიდი ველური პალმების ტყე. ფინიკიური პალმები არატიპურია კრეტის ტერიტორიისათვის. ზოგიერთები კუნძულზე მათ გაჩენას მეკობრეებს მიაწერენ, სხვები – ბერძნულ ღვთაებებს. სამწუხაროდ, პალმების კორომი ძლიერ დაზიანდა 2014 წელს მომხდარი ხანძრების შედეგად, თუმცა ის ახლა აქტიური აღდგენის ეტაპზე იმყოფება.

კერა კარდიოტისას სალოცავი ქალთა მართლმადიდებლური მონასტერია, რომელიც ახ.წ. მე-10-მე-13 საუკუნეების შუალედში ააგეს. იქ ინახებოდა ღვთისმშობლის განკურნების სასწაულმოქმედი ძალის მქონე ხატი – “კარდიოტისა” (ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც – “გულისა”), რომელიც შემდგომ გაიტაცეს. ამჟამად მონასტერში ორიგინალი ხატის ასლია დასვენებული.

ხანია კრეტის სისიდით მეორე ქალაქია, რომელიც 1971 წლამდე კუნძულის დედაქალაქი იყო. ხანია ძველ და ახალ ნაწილებადაა დაყოფილი. ნამდვილი სასწაულია, რომ ქალაქის ისტორიული კუთხე გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის დაბომბვებს და დღევანდელობამდე ხელუხლებელი სახით მოაღწია. ხანიას ცენტრად ითვლებას კასტელის რაიონი, რომელიც დასახლებული იყო ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში. კასტელის დასავლეთით, სინდივანის კვარტალში, მდებარეობს ელეფტერიოს ვენიზელოსას მოედანი. იქვეა იანიჩართა ცნობილი მეჩთი – “იალი ძამისი”.

ტოპანასის კვარტალში აღმოჩენისას დროში იმოგზაურებთ და გადახვალთ ვენეციური მმართველობის ეპოქაში. იქ ყველაზე უკეთ შემოინახა ვენეციური სახლები და ვიწრო ქუჩები. ტოპანასის ჩრდილოეთით მდებარეობს ფირკასის ციხე, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია საზღვაო მუზეუმი. ის მნახველთ აცნობს მეზღვაურობის ისტორიას, ხომალდთა მოდელებს და საზღვაო იარაღს. შენობის მეორე სართულზე აღმოაჩენთ ექსპოზიციას, რომელიც ასახავს ბრძოლას კუნძულ კრეტისათვის დაუფლებისათვის. ასევე აუცილებლად უნდა ეწვიოთ სფაკიონაკის ქუჩაზე არსებულ ისტორიულ მუზეუმს, რომელიც ეძღვნება თურქი დამპყრობლებისაგან კუნძულის გასათავისუფლებლად მებრძოლ გმირებს. ხალიდონის ქუჩაზე სეირნობისას შეიარეთ არქეოლოგიურ მუზეუმში, რომელიც წმინდა ფრანცისკეს სახელობის ეკლესიაში მდებარეობს. თითქმის მის პირდაპირ აღმართულია სამი მოწამის საყდარი. მის დამაარსებლებად მიიჩნევიან ძმები ლავრენტი და ერემია. ეკლესია აგებულია ბიზანტიურ სტილში იონური და კორინთული ელემენტების თანდართვით.

კრეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ევროპის უგრძესი ხეობა (18 კმ). სამარიის ხეობა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

უძველესი ქალაქი აპტერა დაარსდა ძვ.წ. მე-7 ასწლეულში, ის მალევე იქცა დასავლეთ კრეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად. სამწუხაროდ, მოგვიანებით ის მიწისძვრებმა მიწასთან გაასწორა, თუმცა ამით აპტერას ისტორია არ დასრულებულა. მე-10 საუკუნეში, ბიზანტიის ბატონობისას, იგი გახდა საეპისკოპო, სადაც სამი ასწლეულის ააგეს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი.

 

Sorry, the comment form is closed at this time.