logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

მსოფლიოს სურათოვანი და წარმტაცი ადგილები

16 Dec

მსოფლიოს სურათოვანი და წარმტაცი ადგილები

ტოსკანის უკიდურეს სამხრეთში, სოფელ გრავიკიოს მახლობლად, მდებარეობს ცნობილი ტაროს ბაღი, რომლის დამფუძნებლები არიან: მხატვარი და სკულტპრი ნიკი დე სენ-ფალი, ასევე მისი მეუღლე – სურეალისტი ჟან ტინგელი. უნდა აღინიშნოს, რომ ცოლ-ქმრის გამორჩეულად განთქმული ნამუშევარია პარიზში არსებული სტრავინსკის შადრევანი. პარკის მშენებლობამ და გაშენებამ თითქმის 20 წელს გასტანა. ბაღს ამშვენებს 22 ნაირფრად შეღებილი მონუმენტური სკულპტურა, რომლებიც ტაროს კარტების სხვადასხვა ელემენტის სიმბოლოებად გვევლინება. მოზაიკებით, შუშით და კერამიკით მორთული ქანდაკებების სიმაღლე 15 მეტრსაც კი აღწევს.

პირველი არკანი (ჯადოქარი) განასახიერებს ღვთიურ საწყისს, ენერგიის გარდაქმნას. სკულპტურა შექმნილია მინის მოზაიკისგან, უზენაესი გონის სისუფთავისა და სიდიადის საჩვენებლად. ყოფითი ცხოვების თვალსაზრისით, ხსენებული არკანის აღნიშნავს ადამიანის ნებას, გარემოებებზე გამარჯვების სურვილის ქონას.

მეორე არკანი (ქურუმი ქალი) გამოხატავს ქალის ირაციონალურ საწყისს, ინსტინქტებისადმი მორჩილებას – ყველაფერს, რაც მიეკუთვნება ქვეცნობიერ, ინტუიციურ სფეროს. შემაღლებულზე მდებარე სკულპტურა აჩვენებს, რომ გარესამყაროს შეცნობა მნიშვნელოვანია და ადამიანი შინაგან მისწრაფებებს უნდა მიჰყვეს.

მესამე არკანი (იმპერატორი ქალი) გამოსახავს მატერიალური სამყაროს უშრეტ სასიცოცხლო ენერგიას. ქანდაკება უზარმაზარია, სფინქსის სახე ფიგურას განსაკუთრებულ მონუმენტურობას სძენს.

მეოთხე არკანი (იმპერატორი) ქედმოუხრელობის, სიჯიუტის, აგრესიის და, ამავდროულად, ერთგულების, პატიოსნებისა და ლოგიკური განსჯის სიმბოლოა.

მეხუთე არკანი (იეროფანტი) განასახიერებს მოძღვარსაც და მღვდელსაც, რომელიც მიუთითებს უფლისკენ მიმავალ გზაზე. ის აგრეთვე წინასწარმეტყველის სიმბოლოცაა, რომელიც ფარდას ხდის მომავლის საიდუმლოებებს. ქანდაკებას მესამე თვალი აქვს დაფარულის დასანახად, ხოლო პირი – სიმართლის მოსაყოლად.

მეექვსე არკანი წარმოადგენს შეყვარებულ წყვილს (სკულტორ გამოსახული ჰყავს ადამი და ევა), თუმცა ის მეტწილად არჩევანის აუცილებლობას აღნიშნავს. საუბარია ცხოვების მეგზურის, საურთიერთო წრის, სამსახური არჩევაზე, როცა რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს მხოლოდ გულის კარნახი არ დააშვებინებს შეცდომას.

პერუს ანდების ცენტრში მდებარეობს ვინიკუნკას (მეორენაირად მას ცისარტყელას მთას უწოდებენ) მთა. ის წარმოაჩენს საუცხოო გეოლოგიურ თავისებურებას. ფერები ზოლებადაა ჩამწკრივებულია, დაწყებული ფირუზისფერით, მკრთალი იასამნისფრით და დამთავრებული ბორდოსფრითა და ოქროსფრით.

დედამიწა მუდმივ მოძრაობაში იმყოფება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. ვინიკუნკის ფორმირება დაიწყო მაშინ, როცა წყნაროკეანური ფილა დაეჯახა სამხრეთ-ამერიკულს. ამის შედეგად პირველი მათგანი მოექცა მეორეს ქვეშ იმ უბანში, რომელსაც სუბდუქციის ზონა ჰქვია. აღნიშნულ მონაკვეთში მოხდა ტემპერატურის გაზრდა და მთის ქანების ზეწოლა, რომელთა სხვადასხვა შრეში დაიწყო ჩალაგება და თავიანთი ფენების წარმოქმნა ისეთმა მინერალებმა, როგორებიცაა: ქვიშაქვა, თიხა, ხრეში, ჰალიტი. დროთა განმავლობაში ამინდის პირობების ზემოქმედების შედეგად ნალექებმა შეიცვალა ფერი. მაგალითად, წითელი ტონალობა, რომელიც ყველაზე კარგად შეინიშნება მთაზე, რკინის დაჟანგვის შედეგია. ყვითელი უბნები ჩალიბდება სულფიდების დაჟანგვის შედეგად, ხოლოდ მუქი მწვანე ნაწილები წარმოდგება ძირითადი მინერალებისგან.

პორტუგალიის ქალაქ სინტრას თავზე აზიდული მთის მწვერვალზე მდებარეობს ჯადოსნური ციხე-სიმაგრე, რომელიც ზღაპრული დრაკონის საცხოვრებელს ჩამოჰგავს. შუასაუკუნოვან სტილში აგებული ფანტასტიკური სასახლე ყოფილი სამეფო რეზიდენციაა.

1511 წელს 528-მეტრიან კლდეზე განთავსებული იყო მონასტერი, სადაც რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდნენ ბერები. მე-18 საუკუნის დასაწყისში სალოცავის ხის ნაწილი ელვის დაცემით გაჩენილმა ხანძარმა გადაწვა, ხოლო მოგვიანებით ძლიერმა მიწისძვრამ დარჩენილი შენობა ნანგრევებად აქცია. 1838 წელს პორტუგალიის მეფე ფერდინანდ მეორემ, ბუნებით რომანტიკოსმა, შეისყიდა დაცარიელებული მიწები და იქ საზაფხულო რეზიდენციის აღმართვა განიზრახა. პენას ციხე-სიმაგრეს 12 წლის განმავლობაში აგებდნენ, პროექტის ავტორია გერმანელი არქიტექტორი და ინჟინერი ლუდვიგ ფონ ეშვეგე.

პენას სასახლე წარმოადგენს თვითმყოფად შენობას, ხუროთმოძღვარმა ერთმანეთს შეუხამა გოთიკური კოშკები, ისრული თაღები, აღმოსავლური გუმბათები და მინარეთები, აღორძინების ეპოქის არქიტექტურული ელემენტები. სიმაგრის იერსახე არის ნეოგოთიკის, ნეორენესანსის, მავრიტანული სტილისა და ისლამური ხუროთმოძვრების მოტივების შერწყმა.

სასახლის კედლები ეყრდნობა უზარმაზარ კლდოვან ბელტებს-კაჭარებს. ბორცვის მწვერვალზე განლაგებულია საათის კოშკი. ქვის ფასადს ამშვენებს პორტუგალირუი კერამიკული ფილები. ერთ-ერთ კედელზე შეინიშნება ტრიტონის ფიგურა, ესაა მითიური არსება. მიიჩნეოდა, რომ იგი იცავდა ადამიანებს ბოროტი სულებისგან. სასახლეს ყოველი მხრიდან შემოფარგლავს პარკი.

1904 წლის მაისის მზიან დღეს კატალონიის პატარა ქალაქ ფიგერასში დაიბადა გამოჩენილი ფერმწერი სალვადორ დალი. 70 წლის შემდეგ აქ გაიხსნა ხელოვანის სახელობის მუზეუმი. მე-19 საუკუნი შუახანებში ფიგერასში ესპანელი არქიტექტორის, ჟოზეფ ბროსის, დაკვეთით ააგეს თეატრის შენობა. მიზანდასახული სალვადორი ჭაბუკობისას აქ ფენდა თავის შემოქმედებით ნამუშევრებს. 1936 წელს ესპანეთში გაჩაღდა სისხლისმღვრელი ომი, რამაც ფიგერასიც ჩაითრია. ქუჩის შეტაკებების შედეგად თეატრის შენობა თითქმის სრულად განადგურდა.

1961 წელს ფიგერასის მერად აირჩიეს ფრიად განათლებული და კულტურაზე შეყვარებული კაცი, რომელმაც მიზნად დაისახა ქალაქის პრესტიჟის ამაღლება. მან დასახმარებლად დალის მიმართა. პასუხად სალვადორმა მერს შესთავაზა ისეთი მუზეუმის დაარსება, რომლის მთლიანი არქიტექტურაც სურეალიზმით იქნებოდა გაჯერებული. ჩანაფიქრის მიხედვით, ნაგებობაში თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენებიც უნდა გამართულიყო. 1974 წელს საზეიმოდ გაიხსნა რესტავრირებული ძველი თეატრის შენობა.

გამრუდებული რეალობის ოსტატი პირადად მონაწილეობდა მუზეუმის კეთილმოწყობაში, ხოლო გამოცდილი არქიტექტორების გუნდი ბრწყინვალედ ახდენდა მხატვრის იდეების ხორცშესხმას. დალი კვერცხს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის პირველწყაროდ მიიჩნევდა, ამიტომ მის ნახატებში ხშირად შეინიშნება მრგვალი ფორმები. შენობის საბოლოო ვარიანტი გახდა რაღაც შუალედური შუასაუკუნოვან ციხე-სიმაგრესა და საქორწილო ტორტს შორის, სურეალიზმის დანიშნულებაც ხომ გაოცება და გამოცანების მოცემაა.

სურეალიზმი შლის საზღვრებს სინამდვილესა და მიღმიერ სამყაროს შორის და აფართოებს სივრცეს. მუზეუმის დარბაზების კედლები ოსტატმა საკუთარი ხელით მოხატა, მათ აგრეთვე ამშვენებს ხელოვანის ტილოების საუცხოო რეპროდუქციები. შიდა ტერასები სავსეა სკულპტურული ექსპოზიციებით, რომლებიც მხატვრის შინაგანი სამყაროს გამოაშკარავების, სურეალიზმის მონუმენტალურობისა და დიდებულების შეგრძნობის შესაძლებლობას გვაძლევს.

ერთ-ერთ ტერასაში განთავსებულია უჩვეულო პანო, სახელად – “მოშიშვლებული გალა გასცქერის ზღვას”. ეს ფსევდონიმი ეკუთვნის დალის ცოლს, ელენა დიაკონოვას. ხელოვანმა საყვარელ მეუღლეს ასევე მიუძღვნა გალატეას კოშკი.

ავსტრალიაში არსებული “კატა ტიუტას” ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არაერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელთა შორის გამოსარჩევია ულურუ (“წითელი მთა”).

ულურუს მთა არის კლდოვანი წარმონაქმნი, რომელიც ჩამოყალიბდა დაახლოებით 680 მლნ წლის წინ ამადიუსის (უძველესი ტბა) ფსკერზე. ბუნების ეს სასწაული აღმართულია უდაბნოს შუაგულში, რითაც არღვევს პეიზაჟის ერთფეროვნებას. ევროპელმა მეცნიერებმა ის აღმოაჩინეს და აღწერეს 1873 წელს, რა დროსაც შეარქვეს აიერს-როკი. აბორიგენებს, რომლებიც ამ მიწებზე სახლობდნენ 10 ათასი წლის წინათ, მთის ძირში არსებულ მღვიმეებში ჰქონდა დადებული ბინა. კლდიდან გამომავალი წყარო გადარჩენისათვის აუცილებელ პირობას ქმნიდა. დღეს ადგილობრივები აღნიშნულ ადგილას რეგულარულად ატარებენ წმინდა რიტუალებს. ულურუ ოფიციალურად ეკუთვნის ანანგუს ტომს, რომელსაც იგი მიქირავებული აქვს ხელისუფლებისათვის.

მთა ფორმით მწოლიარე სპილოს ჩამოჰგავს. ის შედგება წითელი ქვიშაქვისგან, რომელიც განათების მიხედვით იცვლის ფერს. კლდის კელდებზე აღმოაჩენთ უძველესი დროიდან შემორჩენილ ნახატებს. მათზე გამოსახულნი არიან ღვთაებები, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ აბორიგენები და აგრეთვე სიუჟეტები ადგილობრივ მკვიდრთა ცხოვრებიდან.

განთიადისას ამომავალი მზის სხივებში მთა იღებს მუქ ლილისფერ შეფერილობას. შემდგომ, ცის კამარაზე მნათობის ასვლის მიხედვით, ფერი ხდება სისხლისფერი წითელი, მერე კი ვარდისფერიც. როცა მზე ზენიტს მიაღწევს, კლდე ოქროსფრად იღებება.

ულურას ქვეშ მოქცეულია მიწისქვეშა ტბები, რომლებიც ზედაპირზე მხოლოდ ზოგიერთ ადგილას ამოდის. რაც შეეხება კლიმატურ პირობებს, თავსხმა წვიმები და ქარბუქები აქ საკმაოდ ხშირია.

სოჩიმილკო (ნაუტალის ენიდან თარგმანში ნიშნავს “ყვავილების მდელო”) წარსულში იყო ცალკე ქალაქი, დღეს კი ის მეხიკოს ერთ-ერთი რაიონია. ასეთი მშვენიერი სახელი ამ ადგილმა მიიღო ესპანურ კოლონიამდელ პერიოდში, როცა ჩინამპასის კუნძულებზე აქტიურად ეწეოდნენ მიწათმოქმედებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე ახ.წ. მე-10 საუკუნეში დაიწყეს დასახლება ნაუას ტომებმა (ამ ეთნიკური ჯგუფის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ტოლტეკები და აცტეკები). საუბარია ხალხზე, რომელიც შემდგომ გაბატონდა მეხიკოს ხეობაში და დაარსა განთქმული უძველესი ცივილიზაციები.

სოჩიმილკო დაფუძნებულ იქნა 919 წელს თანამოსახელე ტბის მარჯვენა სანაპიროზე. ნაუაელებმა მიაკვლიეს მიწათმოქმედების ახალ ხერხს და ნაყარი მიწისგან შექმნეს ჩინამპასის კუნძულები. 1430 წელს ქალაქი მოექცა აცტეკთა იმპერიის დედაქალაქის – ტენოჩტიტლანის დაქვემდებარების ქვეშ. მე-16 ასლწლეულში კი სოჩიმილკო დაიპყრეს კონკისტადორებმა.

ამჟამად სოჩიმილკო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია. ექსკურსიის დროს ტურისტები გადაადგილდებიან არხებზე სპეციალური ხის ნავებით, რომელთაც ეწოდება ტრახინერასი. სხვათა შორის, ისინი ძალიან ჰგავს იტალიურ გონდოლებს. ყვავილებით მორთული ნავების ბორტზე სრულდება მარიაჩი (მექსიკური ხალხური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჟანრი).

აღსანიშნავია, რომ სოჩიმილკოში მდებარეობს თოჯინების საზარელი კუნძული. მე-20 საუკუნის შუახანებში ქალაქში ცხოვრობდა საკვირველი სენიორი ჯულიან სანტანა. უცოლშვილო კაცი მუშაობდა ადგილობრივ ფეხსაცმელების ფაბრიკაში. მოგვიანებით სანტანას უჩვეულო გატაცება გამოუჩნდა: მან ძველი, გადაყრილი თოჯინების შეგროვება დაიწყო. როცა ტიკინები უკვე სახლში აღარ ეტეოდა, მაშინ ჯულიანმა თავისი კოლექცია გადაიტანა დამშრალი ტბის არხებს შორის მოქცეულ კუნძულზე. მან აიშენა ქოხი, მოიწყო ბოსტანი, დაკავდა მეურნეობითა და თევსჭერით. დროთა განმავლობაში დამახინჯებული თოჯინების რიცხვმა იმდენად იმატა, რომ შეიქმნა ქაოსი. სანტანა დედოფალებს ამაგრებდა ყველგან, სადაც მოუხერდხდებოდა – ზოგს აცვამდა ბამბუკის სარებზე, ზოგს აჭედებდა ხეებზე. ათწეულების განმავლობაში ღია ცის ქვეშ ყოფნამ თოჯინები საზარელ საფრთხობელებად აქცია.

დიდი ხნის განმავლობაში ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული უოლტემსტოუს გარეუბანი არაფრით იყო ღირსსაცნობი. უკანასკნელ ხანებში რაიონში გამოჩნდნენ ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდა ჰიპსტერები, რომლებმაც აქაურობის იერსახე წარმოუდგენლად შეცვალეს. “თვით ღმერთის ნაგავსაყარი” – ესაა ხელით შექმნილი მოციმციმე ნეონის სიმბოლოების საწყობი-ლაბირინთი. ამ საოცრებათა ადგილის ხელმძღვანელია მარკუს ბრეისი, რომელიც მესამე თაობის ნეონის წარმოებითაა დაკავებული. საზოგადოებისათვის აქ ეწყობა უფასო მხატვრული გამოფენები.

დუბაის საოცრებათა ბაღი მდებარეობს დუბაილენდში, დუბაიში. აქ წარმოდგენილია 45 მილიონზე მეტი ყვავილი. გახსნის დღიდან ეს სამოთხე რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც და კეთილსურნელოვან ადგილად იქცა. ეს ბაღი თანამედროვე ლანდშაფტური დიზაინის ნამდვილი სასწაულია.

დუბაის საოცრებათა ბაღი თავდაპირველად იქმნებოდა არა როგორც ტურისტული ობიექტი, არამედ როგორც წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების მაგალითი. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამწვანება სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ეს ბაღი დამაჯერებელი ნიმუშია იმისა, თუ რა შედეგის მიღწევაა შესაძლებელი ჩამდინარე წყლების განმეორებითი გამოყენებით.

უბრალო, თუმცა იმავდროულად გენიალურმა იდეამ არაფრით გამორჩეული სოფელი კუნძულ ტაივანის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ადგილად აქცია. ჩვენი პლანეტის შორეულ კუთხეში არსებობს ფრიად უჩვეულო დასახლება. ზოგიერთ ქვეყანაში სოფლების დაცარიელებისა და კერძო სექტორის გაქრობის ძირითად მიზეზი მზარდი ურბანიზაციაა. ეს ნათლად ჩანს ტაივანის მაგალითზეც. ტაიჩჟუნის გარეუბნის მაცხოვრებელი ხუან იუნ-ფუ ჩაერთო უთანასწორო ბრძოლაში აღნიშნული მოვლენის წინააღმდეგ და გამარჯვებაც მოიპოვა. ურბანიზაციის სხვა მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, რომლებიც მიმართავდნენ მანიფესტაციებსა და პროტესტებს, ხსენებულმა მოქალაქემ თავისი მშობლიური სოფელი შესანიშნავ არტ-ობიექტად აქცია.

ხუანი ადრე ცხოვრობდა ჩინეთში, მსახურობდა ჰონკონგის არმიაში და იბრძოდა კომუნისტების წინააღმდეგ. მაოს მომხრეთა გამარჯვების შემდეგ ის იძულებული გახდა, რომ ტაივანის კუნძულზე გადმოსახლებულიყო. ახალი ათასწლეულის დასაწყისში ტაიჩჟუნმა დაიწყო სოფელ იუნ-ფუს შთანთქმა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო ერთადერთი, რომელმაც თავისი კერა ბინაში არ გადაცვალა. მან დაიწყო საკუთარი სახლის მოხატვა, მოგვიანებით კი შეუდგა მეზობელი ნაგებობისა და გზების გალამაზებასაც. შედეგად, ტაიჩჟუნში გაჩნდა ახალი ღირსშესანიშნაობა – “ცისარტყელას სოფელი”.

ვიქტორიის შტატის ნაციონალური მუზეუმი დაფუძნებულ იქნა მელბურნში 1861 წელს. აღნიშნულ პერიოდში აქ ოქროს ციებ-ცხელება იყო გაჩაღებული. 1968 წელს მელბურნში ააგეს ახალი შენობა მუზეუმში დაცული ხელოვნების ნიმუშების ფართო კოლექციის განსათავსებლად. ლურჯით ქვით მოპირკეთებული ნაგებობა განთავსებულია საუტბენკის რაიონში, რომელიც მდებარეობს სამეფო დომენის (ქალაქის შუაგულში არსებული უზარმაზარი საზოგადოებრივი პარკი) დასავლეთით. მუზეუმს აქვს ორი განყოფილება: საერთაშორისო საგამოფენო დარბაზი და იან პოტერის ცენტრი.

“მადონა ინს-ჰოლიდან” – არის იან ვან ეიკის (გახლდათ წამყვანი ფიგურა მე-15 საუკუნის დასაწყისის ფლამანდიელი პრიმიტივისტების წრეში) ნამუშევრის ასლი. ნაწარმოებს დაერქვა სახელი იმ ადგილის (მდებარეობდა მერსისაიდის საგრაფოს სიახლოვეს, ლივერპულში) საპატივცემულოდ, სადაც აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც გარკვეული ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.

“ორი მეცნიერის კამათი” – რემბრანტ ვან რეინის გასაოცარი ტილოა. ხელოვანმა ეს ნახატი შექმნა ახალგაზრდობაში, როცა ჯერ კიდევ ცხოვრობდა თავის მშობლიურ ლეიდენში. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე ორ მოკამათე მხცოვანს უწოდებს ფილოსოფოსებს – ჰიპოკრატესა და დემოკრიტს. სხვა ვერსიის თანახმად, ესენი არიან ქრისტეს მოციქულები – პეტრე და პავლე.

“წითელი ზღვის გადაკვეთა” – ამ ნახატის ავტორია ფრანგი მხატვარი, ნიკოლა პუსენი. ხელოვანს თავისი შემოქმედებითი კარიერის უმეტესი ნაწილი გატარებული აქვს ქალაქ რომში. ტილოზე გამოსახულია ებრაელების მიერ წითელი ზღვის გადაკვეთა, რომელიც მოთხრობილია გამოსვლის წიგნის მე-14 თავში. მოგვიანებით პუსენმა შექმნა ნახატი, სახელწოდებით – “ოქროს კუროსადმი თაყვანისცემა”, რომელიც დღეს ლონდონის ნაციონალური გალერეის კოლექციის ნაწილია.

“ანტონიუსის და კლეოპატრას ნადიმობა” – ეს უზარმაზარი ნახატი ეკუთვნის იტალიელ ფერმწერს – ჯოვანი-ბატისტა ტეპოლოს. ის იყო როკოკოს ეპოქის ერთ-ერთი წამყვანი ვენეციელი ფერმწერი.

ტანჯვა” – ავგუსტ-ფრიდრიხ შენკის ხელოვნების ნიმუშია. ხელოვანი ძირითადად მუშაობდა პეიზაჟებსა და ანიმალისტიკაზე. მოცემულ ტილოზე გამოსახულია დედა ცხვარი, რომელიც თავზე ადგას თავის გარდაცვლილ ბატკანს, მათ კი უთვალავი ყვავი ახვევია გარს. ეს ერთ-ერთი პირველი ნახატია, რომელიც დაარსების მერე შეძენილ იქნა ვიქტორიის გალერეის მიერ.

“მეწამული შუადღის გამჭვირვალე ძალა” – შექმილია ავსტრალიელი მხატვრის, არტურ სტრიტონის მიერ. ის გახლდათ წამყვანი ფიგურა ჰეიდელბერგის სკოლაში. საუბარია მხატვრულ მიმდინარეობაზე, რომელიც აგრეთვე ცნობილია ავსტრალიური იმპრესიონიზმის სახელით. მხატვრების ხსენებული ჯგუფი შთაგონებულნი იყვნენ მე-19 ასწლეულის ფრანგი ოსტატების ნამუშევრებით. ტილოზე გამოხატულია მდინარე ხოკსბერი, უკანა პლანზე აღბეჭდილია ცისფერი მთები.

“ოქტომბერი, კარტოფილის მოსავლის აღება” –  ამ ნახატის ავტორია ფრანგი ფერმწერი – ჟიულ-ბასტიენ ლეპაჟი, ნატურალიზმის წარმომადგენელი. ეს მიმდინარეობა მიიჩნეოდა რეალიზმის გაგრძელებად, რომელიც ხშირად ფოკუსირდებოდა უბრალო, მშრომელი ხალხის გამოსახვაზე. ტილოზე გამოსახული სცენა ხდება ხელოვანის მშობლიურ სოფელში, დანვილერში.

“ცხვრების პარსვა” – ესაა ერთ-ერთი ყველაზე ნიშნადი ნახატი ტიმ რობერტსის შემოქმედებაში.

“Vétheuil” – კლოდ მონეს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. ამ იდილიურ ტილოზე გამოსახულია პატარა სოფელი. სავსებით სავარაუდოა, რომ იმპერიოსინზმის ფუძემდებელმა ნახატი შექმნა გემზე, რომელსაც ის ხშირად იყენებდა სახელოსნოდ.

“პიონერი” – ეკუთვნის ავსტრალიელ იმპრესიონისტს – ფრედერიკ მაკაბინს. ხელოვნების მოცემული ნიმუში წარმოადგენს ტრიპტიხს. ის შედგება სამი ცალკეული პანელისგან, რომელთაგან თითოეულზე გამოსახულია “თავისუფალი სელექციონერის” ისტორიის ნაწილი. ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ ადამიანს, რომელიც ირჩევდა და იძენდა მიწის განსაზღვრულ ნაკვეთს ფერმერული საქმიანობის წამოსაწყებად.

Sorry, the comment form is closed at this time.