logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ნიცა

30 Aug

ნიცა

ნიცა კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი კერაა, რაც კი ოდესმე არსებულა დედამიწაზე. ჯერ კიდევ 400 000 წლის წინ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ პირველყოფილი ადამიანები. ჩვ.წ. პირველ ათასწლეულში ძველმა ლიგურიელებმა დაიკავეს ორი ადგილი: ერთი მდებარეობდა “წმინდა ხის ბორცვზე”, მეორე კი კლდეზე, რომელიც დღეს ციხის მთის სახელითაა ცნობილი. ძვ.წ. მე-5 საუკუნეში იქაურობას ეწოდა ნიკაია, გამარჯვების ბერძნული ღვთაების საპატივცემულოდ. იმ პერიოდიდან მოყოლებული ქალაქი ხდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი.

729 წელს ქალაქმა მოიგერია სარაცინების თავდასხმები, თუმცა მე-9 საუკუნეში მომხდურებმა რამდენჯერმა გაძარცვეს და გადაწვეს ნიცა. მოგვიანებით მის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ როგორც ფრანგი მონარქები, ისე წმინდა რომის იმპერიის მმართველებიც. მე-14 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული 1860 წლამდე ნიცა შედიოდა სავოიის საჰერცოგოს შემადგენლობაში, ვიდრე ტურინის ხელშეკრულებით ის არ გადაეცა საფრანგეთს.

ნიცის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას და მის სიმბოლოს ინგლისური სანაპირო წარმოადგენს. ესაა 6 კმ-იანი ფართო ბულვარი, რომელიც გადაჭიმულია აეროპორტიდან ეტა-უნის სანაპირომდე. მე-18 საუკუნეში ეს თვალწარმტაცი კუთხე ძალიან შეუყვარდათ შეძლებულ ინგლისელებს, რომლებიც იქ ზამთრობით ჩადიოდნენ ხოლმე. ამ ადგილთან დაკავშირებულია ერთი ტრაგიკული მოვლენა: 1927 წელს აისედორა დუნკანს გრძელი შარფი გაეხლართა ავტომობილის ბორბლის სპიცებში, რის შედეგადაც ცნობილი მოცეკვავე გაიგუდა. 1860 წელს, ფრანგების მიერ ნიცის ანექსიის შემდგომ, ზემოხსენებულ სანაპიროს ეწოდა “ინგლისური”.

ნიცაში ყოფნისას შეხვდებით კათოლიკურ საკათედრო ტაძარს, რომელიც რეპარატას (ქალაქის მფარველი წმინდანი)  სახელს ატარებს. ის წარმოშობით იყო პალესტინიდან, კერძოდ, კესარიიდან. რეპარატა 15 წლის ასაკში მოწამეობრივად აღესრულა რომალეთა ხელით. თავმოკვეთილი სხეული ჯალათებმა ნავში მოათავსეს და ხმელთაშუა ზღვაში გაიყვანეს. ლეგენდის თანახმად, ანგელოზებმა წმინდანის ნეშტი მიიყვანეს ნიცაში იმ ადგილთან, რომელსაც მოგვიანებით ანგელოზთა ყურე ეწოდა.  მიიჩნევა, რომ წმინდა რეპარატას სალოცავი ააგეს რომში არსებულ წმინდა სუსანას სახელობის ეკლესიის მაგალითზე.

ნიცის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დასავლეთ ევროპის უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარია. ადრე სალოცავის ადგილას იდგა ბერმონის ვილა, სადაც 1865 წელს გარდაიცვალა რუსი იმპერატორის, ალექსანდრე მეორის, ვაჟი.

ციხის ბორცვი ამჟამად წარმოადგენს პარკს, საიდანაც, შეიძლება ითქვას, იშლება საუკუთესო ხედი ნიცაზე. მე-18საუკუნის დასაწყისამდე იქ მართლაც იყო აღმართული 7-საუკუნოვანი ისტორიის მქონე სიმაგრე. 1543 წელს ნაგებობამ გაუძლო მოკავშირეთა – რაინდ ფრანცისკ პირველისა და სულთან სულეიმან დიდის ჯარების ალყას. 1706 წელს ესპანური მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში ლუდოვიკ XIV-მ ციხეს უკვე მეორედ შემოარტყა ალყა და 54-დღიანი ბომბარდირების შემდეგ ფორტიფიკაციული ნაგებობა ნანგრევებად აქცია. გორაკზე ნაშთები ეყარა 1830 წლამდე, ვიდრე სარდინიის მეფემ კარლ ფელიქსმა იმ ტერიტორიაზე ბაღის გაშენება არ ბრძანა. 1860 წელს საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ მე-3 ესტუმრა ანექსირებულ ნიცას და ავიდა ციხის ფერდობზე. იქიდან გადაშლილმა პეიზაჟმა ხელისუფალი აღტაცებაში მოიყვანა.

ნიცაში განთავსებულია მარკ შაგალის სახელობის ეროვნული მუზეუმი, რომლის გამორჩეულობაც მდგომარეობს იმაში, რომ იგი დაარსდა მხატვრის უშუალო ქმედითი თანამონაწილეობით. ხელოვანი დაიბადა 1887 წელს ებრაულ ოჯახში. 5 წლიდან მოყოლებული მოვშა ჰაცკევიჩ შაგალი შეისწავლიდა ძველებრაულ ენასა და სჯულის კანონს. 19 წლისამ ძლივს მოიპოვა მამის ნებართვა, რომ ევლო ვიტებსკის იუდელ პენის სახელობის სამხატვრო სკოლაში. 1909 წელს შაგალი მიიღეს მეცენატ ზვანცევას მიერ დაფუძნებულ სასწავლებელში, სადაც ხელოვანმა პედაგოგობას მიჰყო ხელი. იქ მარკს მხატვარმა ლეონ ბაქსტმა უთხრა, რომ რუსეთში მისი ნიჭი აუღიარებელი დარჩებოდა. შაგალმა ყურად იღო დამრიგებლის დარიგება და პარიზში განაგრძო სწავლა.

1934 წელს ნაცისტი პროპაგანდისტის, გებელსის, მითითებით შაგალის ნამუშევრების უმრავლესობა, რომლებიც იმ დროისათვის ბერლინის საგამოფენო დარბაზებში ინახებოდა, საჯაროდ დაწვეს. შაგალი იძულებული შეიქნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე აშშ-ში გადასულიყო საცხოვრებლად, რის მერეც იგი ქალიშვილთან ერთად (მარკის მეუღლე აშშ-ში დაიღუპა) საფრანგეთში დაბრუნდა.

ეროვნული მუზეუმის შენობა შედგება სამი დარბაზისაგან, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი დანიშნულება. პირველ მათგანში გაეცნობით ლურჯ ფერთა გამაში შესრულებულ ტილოებს, რომლებზეც აღბეჭდილია სცენები “დაბადების” და “გამოსვლის” წიგნებიდან. მეორე დარბაზში წარმოდგენილ ნამუშევრებს ღია წითელი ტონალობები გამოარჩვეს, რომლებიც “ქებათა-ქების” სასიყვარულო ლირიკის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა ხელოვანმა შექმნა. მესამე დარბაზში გამოფენილია დროებითი ექსპოზიციები.

თანამედროვე და უახლესი ხელოვნების მუზეუმი ნიცაში გაიხსნა 1990 წელს. გალერეა დაპროექტებულია ივო ბაიარისა და ანრი ვიდალის მიერ.

ანრი მატისი ნიცაში გადაბარგდა ექიმების რჩევით, რომელთაც ანაღვლებდათ მხატვრის მდგომარეობა ბრონქიტის გამო. იმ დროისათვის იგი უკვე იყო ფოვიზმის ფუძემდებელი და სახელგანთქმული ხელოვანი. თავიდან მხატვარი დასახლდა ეტა-უნის სანაპიროზე მდებარე “ბო-რივაჟის” სასტუმროში. როცა მატისმა გაიგო, ყოველ დილით შეეძლო ეხილა ზღვაზე არეკლილი მზის სხივები, ტალღების ფერი და ანგელოზთა ყურე, ვერ იჯერებდა, რომ ესოდენ გაუღიმა ბედმა. პიკასო მიიჩნდევდა, რომ მხოლოდ ორ მხატვრას ესმოდა სიღრმისეულად ფერთა არსი, – მატისსა და შაგალს.

ნიცაში განთავსებულია ანრი მატისის სახელობის მუზეუმი, სადაც ექსპოზირებულია მრავალი ტილო, გრავიურა და სკულპტურა.

დახვეწილი ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს კოჩუბეიას სასახლეში, ბომეტის პროსპექტზე. მის დარბაზებში ნამდვილი საგანძურია დავანებული. გალერეას აქვს შერეული ფრანგულ-რუსული ფესვები. ნიცაში სამხატვრო კოლექციის შექმნის იდეა იქაურობის მონახულებისას წამოაყენა იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ. მისთვის ეს წინასწარ გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი იყო: სარდინიის პიემონტთან 1860 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ნიცის საგრაფოს ტერიტორია საფრანგეთის შემადგენლობაში გადადიოდა. იმპერატორმა აღნიშნული სვლა იმ მიზნით გააკეთა, რომ ახალ ქვეშევდრომთა თვალში ღირსეულად წარმოჩენილიყო. იმ პერიოდში მუზეუმისათვის შესაფერისი შენობის ნახვა ვერ მოხერხდა.

ნიცაში ჩასულმა  თავადის ქალმა ელიზაბეტ ვასილიევნამ შეისყიდა მიწის ნაკვეთი და წამოიწყო სასახლის მშენებლობა. რამდენიმე წელიწადში მას ენთუზიაზმი გაუქრა და მან დაუსრულებელი ნაგებობა მიჰყიდა ამერიკელ მეწარმეს, ჯეიმს ტომპსონს. 1925 წელს ვილა ქალაქმა შეისყიდა, რომელშიც დაარსდა მხატვარ ჟიულ შერეს სახელობის გალერეა. თანდათანობით მუზეუმის კოლექცია ფართოვდებოდა კოლექციონერთა შემოწირულობების წყალობით და სულ მალე ნიცაში გამოჩნდა დახვეწილ ხელოვნებათა მუზეუმი.

ძველი ქალაქის ცენტრში მდებარეობს ლასკარის სასახლე. უცნობია როგორც მისი აგების ზუსტი თარიღი, ასევე არქიტექტორის ვინაობაც. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნაგებობა მიეკუთვნება მე-17 საუკუნის პირველ ნახევარს და შესრულებულია იტალიური ბაროკოს სტილში. 1802 წლამდე სასახლის მფლობელი იყო ლასკართა საგვარეულოს. 1942 წელს შენობა ქალაქმა შეისყიდა, რათა იქ შეექმნა ხელოვნების მუზეუმი. დღესდღეობით სასახლის ინტერიერი აცვიფრებს მნახველთ: მონუმენტური მარმარილოს კიბეები, არკადები და გალერეები, მრავალრიცხოვანი ქანდაკებები, ფლამანდიური გობელენები.

მასენას სასახლე დგას ინგლისურ სანაპიროზე, სასტუმრო “ნეგრესკოს” გვერდით. ეს გასაოცარი ვილა ერთ დროს ეკუთვნოდა ვიქტორ მასენას – ფრანგ ოფიცერსა და პოლიტიკოსს, რივოლის ჰერცოგს. ნაგებობა დააპროექტეს არქიტექტორებმა – ხანს-გეორგ ტერსლინგმა და აარონ მესიამ. მათ ნიმუშად აიღეს კანში არსებული როტშილდების ვილა. ნეოკლასიკური იტალიური სტილის მქონე სასახლე ასახავს ვიქტორ მასენას ორსახოვნებას – მკაცრი ჩრდილოეთის ფასადი გვახსენებს მეპატრონის სამხედრო კარიერას, სამხრეთი მათგანი როტონდითა და ნახევრადწრიული აივნით კი – სამხედრო პირის არისტოკრატიულ ცხოვრებას. 1919 წელს ვიქტორ მასენას ვაჟმა ნიცას საჩუქრად გადასცა სასახლე ორი პირობით: იქ უნდა დაეარსებინათ მუზეუმი და ბაღი.

კურ-სალეია – ძველი ქალაქის უმთავრესი საფეხმავლო ქუჩაა. ის ნიცის ყველაზე მხიარული და სიცოცხლით სავსე ადგილია, სადაც განთავსებულია ცნობილი ღია ბაზრობა.

კურ-სალეიას ცენტრში დგას მოწყალების სამლოცველო. ეს კათოლიკური ეკლესია ბაროკოს სტილში შესრულებულ ხუროთმოძღვრულ შედევრადაა აღიარებული. წმინდა კაეტანისადმი (ეპისკოპოს პავლე IV-თან ერთად თეატინელთა ორდენის დამფუძნებელი) მიძღვნილი ტაძარი ააგეს იმ ადგილას, სადაც ადრე სარდინიის მეფის საწყობი მდებარეობდა.

ნიცის ერთ-ერთ სიმბოლოთ ითვლება სასტუმრო “ნეგრესკო”. ის გახსნა ანრი ნეგრესკომ, რუმინელი მიკიტანის ვაჟმა, რომელმაც საფრანგეთში სასტუმროებს ბიზნესში საოცარ მწვერვალებს მიაღწია. ოფიციალური გახსნიდან წელიწადნახევარში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და სასტუმრო გადააკეთეს სამხედრო ჰოსპიტლად. ნეგრესკო გაკოტრდა და იძულებული გახდა, რომ თავისი “პირმშო” გაეყიდა.

წმინდა ნიკოლოზისა და დიდმოწამე ალექსანდრას სახელობის ეკლესიის ისტორია ფრიად საინტერესოა. ეს სალოცავი – მე-19 საუკუნის შუახანებში ნიცაში ჩამოყალიბებული პირველი რუსული კოლონიის მემკვიდრეობაა. 1856 წელს ალექსანდრა ფიოდოროვნა, იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ქვრივი, ჩავიდა ნიცაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად. მას მიბაძა მრავალმა რუსმა არისტორკატმა. ზამთრობით ნიცაში დასვენება კარგი ტონის ნიშანი გახდა. რუსული კოლონიის სტუმრები ხშირად ხდებოდნენ სამხედრო ოფიცრები: ვილფრანშის ყურეში მოქმედებდა რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელიც დაარსდა სარდინიის მეფესთან შეთანხმების საფუძველზე (ლაჟვარდოვანი სანაპირო მაშინ სარდინიის სამეფოს ნაწილი იყო).

მოგვიანებით, ალექსანდრა ფიოდოროვნას მფარველობის ქვეშ დაიწყო ტაძრის მშენებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად მხოლოდ მცირე სამლოცველო სახლის აგება იყო დაგეგმილი. პროექტი შექმნა არქიტექტორმა ალექსანდრ კუდინოვმა, ხოლო მისი ჩანაფიქრის დაავალეს ადგილობრივ ხუროთმოძღვარს ანდრე ბარაიას. ფრანგმა თავისი განზრახვისამებრ თითქმის გააორმაგა შენობის სიმაღლე და ის გუმბათით დააგვირგვინა – გამოვიდა ნამდვილი ეკლესია.

ხმელთაშუაზღვისპირეთის სასახლე გარდასული ეპოქის ძეგლია. ადრეკოს სტილში აგებული შთამბეჭდავი შენობა გახდა “აყვირებული ოციანების” პროდუქტი. ამ ტერმინით მოიხსენიებენ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებს, როცა ხალხი აზრზე მოდიოდა, უსმენდა მოდურ ჯაზს, უყურებდა ხმოვან კინოს. ამ პერიოდში საფრანგეთში სიცოცხლე ყვაოდა. პარიზში პიკასომ გაიცნო დალი, ჰემინგუეიმ მწერლობა გადაწყვიტა, რადიოში მღეროდა მორის შევალიე.

თავდაპირველად ზემოხსენებული ნაგებობა წარმოადგენდა გასართობ ცენტრს – იქ განთავსებული იყო კაზინო, რესტორნები, თეატრი. პირველად მისული სტუმრები აღტაცებაში მოდიოდნენ ანტუან სარტორიოს ფასადის რელიეფების (ქალთა და ზღვის ცხენების ფიგურები), მარმარილოს ვესტიბულის, უზარმაზარი ვიტრაჟების, ხის ძვირფასი სახეობებისგან დამზადებული გაწყობილობების, ბროლის ჭაღების ხილვით.

ნიცის საოპერო თეატრში თავიანთ მსოფლიო პრემიერებს წარადგენდნენ ჰექტორ ბერლიოზი და ჟიულ მასნე, იქ დირიჟორობდა იოჰან შტრაუსი, ხოლო ოპერას უსმენდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე. იქაურ სცენაზე მღეროდნენ: მონსერატ კაბალიე, ხოსე კარერასი, პლასიდო დომინგო, დმიტრი ხვოროსტოვსკი.

1776 წელს ამ ადგილას გამოჩნდა მაკარანის საოჯახო თეატრი, რომელიც ხისგან იყო აგებული. მოგვიანებით ქალაქმა ნაგებობა შეისყიდა და მის ნაცვლად იტალიურ სტილში დიდი ოპერის აშენება გადაწყდა. პროექტი შეიმუშავა ბენედიქტ ბრუნატიმ. ნიმუშად მან აიღო ნეაპოლში არსებული სან-კარლოს თეატრი. განუმეორებელი დაამზადა მხატვარმა ჟან-ბატისტ ბისკარამ. ეს საუცხოობა ნიცის მაცხოვრებლებს ახარებდა თითქმის ნახევარი საუკუნე. 1881 წლის 23 მარტს, “ლუჩია დი ლამერმურის” შესრულებისას აალდა სცენა, რის მიზეზადაც ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ. წამებში ცეცხლი გადავიდა, ჩაქრა შუქი, სიბნელეში ატყდა პანიკა, რომლის დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა ძეგლი დგას ნიცის ციხის სასაფლაზე

ნოტრ-დამ-დე-ნისის ბაზილიკა ნიცის ყველაზე დიდი ეკლესიაა, მის გვერდით დგას ორი 65-მეტრიანი კოშკი. ახლახანს სამლოცველოს ჩაუტარდა რესტავრაცია, რის მერეც თეთრი ფერის ფასადისა ყვითელი გაწყობილობების დამსახურებით მან მიიღო საზეიმო შესახედაობა. ადრე ტაძარი იყო ნაცრისფერ ტონალობებში, რაც გამოკვეთდა მის გოთიკურ იერსახეს.

სამართლიანობის სასახლის მოედანზე მდებარეობს ორი სასამართლო შენობა. მას ახლახანს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოედნის წინ დგას რუსკას სასახლე, სადაც განთავსებულია მაღალი ინსტანციის სასამართლო. ეს მოკრძალებული ნაგბობა თავდაპირველად იყო ყაზარმა, მოგვიანებით კი მონასტერი.

წმინდა სამების და გარდამოხსნის კათოლიკური სამლოცველო მდებარეობს ძველ ქალაქში, კურ-სალეიას ბაზრობიდან  რამდენიმე წუთის ფეხის სავალზე.

მასენას მოედანი ქალაქის ნამდვილი ცენტრია, ის დაარსდა ნიცის ინტენსიური განვითარების პერიოდში. მის წინსვლას ხელი შეუწყო იდეალურმა განლაგებამ ძველ ქალაქსა და ჟან მედსინის ცენტრალურ ავენიუს შორის. თავდაპირველად მოედანს ჰქონდა სარდინიის ხელმწიფის, კარლ ალბერტის, სახელი. მოგვიანებით, საფრანგეთის მიერ ნიცის ანექსიის შემდგომ, ფრანგი მარშალის საპატივცემულოდ ზემოხსენებულ ადგილს დაერქვა მასენას მოედანი.

ფრანცისკე ასიზელის სახელობის ეკლესია განლაგებული პაოლის ქუჩაზე. თითქმის მის პირდაპირ შენიშნავთ ოპერის თეატრის შენობას. ეს კათოლიკე წმინდანი ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებელია. სიყრმეში ფრანცისკე დიდ ინტერესს არ იჩენდა არც სწავლის და არც სავაჭრო საქმის მიმართ. მას უდარდელი და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. 20 წლის ასაკში ის თანაქალაქელებთან ერთად ებრძოდა პერუჯელებს, ომში ასიზელები დამარცხდნენ და ფრანცისკემ წელიწადზე მეტი პერუჯაში ტყვეობაში გაატარა. გათავისუფლების შემდგომ ფრანცისკემ კვლავ უზრუნველ ცხოვრებას მიჰყო ხელი და მოგვიანებით სამხედრო კარიერის შექმნა გადაწყვიტა. ამ პერიოდში ფრანცისკემ ორჯერ გადაიტანა მძიმე დაავადება, რამაც მასში სულიერი ძვრები გამოიწვია.

25 წლის ასაკში ახალგაზრდა რელიგიურმა ენთუზიაზმმა მოიცვა. ეს უშუალოდ განაპირობა იმ შთაბეჭდილებამ, რაც მასზე მოახდინა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს მათეს სახარების სწორედ იმ მონაკვეთის ამოკითხვამ, სადაც მესია მოციქულებს შემდეგი სიტყვებით მოძღვრავს: “ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით. ნურც გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია”. იმ დღიდან მოყოლებული ფრანცისკე უპოვარივით შეიმოსა, მას ღამით მიწაზე ეძინა, თავქვეშ სადებად კი ქვა ჰქონდა და ხალხის მოწყალების ამარად დარჩა. ასიზში მას ყველა დასცინოდა და გიჟად რაცხავდა, მამამ დასწყევლა კიდეც. ამის მიუხედავად, ახალგაზრდა თავის სულიერ სწრაფვას მიჰყვებოდა.

ფრანცისკე ქადაგების გზით ევანგელეის გავრცელებას შეუდგა, ის სხვადასხვა ადგილას ჩადიოდა და უფლის სიტყვას მრავალთათვის ხდიდა გასაგებს. მოგვიანებით იგი რომს ეწვია, სადაც პაპმა ინკონეტი მესამემ ფრანცისკე და მისი მიმდევრები ბერებად აღკვეცა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა მათ ორდენის დაფუძნების უფლება მისცა, რითაც ფრანცისკეს სწავლება დაცული იქნებოდა ერესის დაღისგან. პაპმა ნახა სიზმარი, რამაც ის დაარწმუნა, რომ ფრანცისკე ღვთისგან მოვლენილი ჭეშმარიტი წმინდანი იყო.

ისტორია გვასწავლის, რომ 1224 წელს ფრანცისკე ასიზელს ჰქონდა ხილვა, რომელშიც მას ებოძა ქრისტეს სტიგმატები. ესაა ნაირევები, რომლებიც მიიღო მაცხოვარმა ჯვარცმის დროს. შედეგად, ფრანცისკე გახდა ქრისტეს ჭრილობების მატარებელი პირველი ადამიანი. ამაში ბევრს შეჰქონდა ეჭვი. სკეპტიკოსები აცხადებდნენ, რომ ეს იყო კეთრის წყლულები და არა წმინდა ნიშნები, რადგან ფრანცისკე წლების განმავლობაში მკურნალობდა ზემოხსენებული სენით დაავადებულებს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ჭრილობებმა მკვეთრად გააუარესა წმინდანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის მალევე გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქში.

Sorry, the comment form is closed at this time.