logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

პარიზი

6 Aug

პარიზი

ეიფელის კოშკი – საფრანგეთის სიმბოლო და პარიზის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა. ეს 320-მეტრიანი მეტალის ნაგებობა აღმართეს 1889 წელს. იმ პერიოდში დედაქალაქში უნდა გამართულიყო პარიზის 100-წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსოფლიო გამოფენა. მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი, არქიტექტურულ ძეგლს უნდა მოეტანა შემოსავალი და საჭიროების შემთხვევაში მარტივი უნდა ყოფილიყო მისი დემონტაჟი. საგულისხმოა, რომ კოშკის პროექტის უშუალო ავტორია არა ეიფელი, არამედ მისი საინჟინრო ბიუროს თანამშრომელი – მორის კიოშლენი. მოგვიანებით გუსტავმა შეისყიდა საავტორო უფლება, თავად კი ხუროთმოძღვრული ნიმუშის ერთადერთი და სრულუფლებიანი მესაკუთრე გახდა.

გერმანული ოკუპაციის პერიოდში ჰიტლრი ეწვია პარიზს, რა დროსაც მან ეიფელის კოშკზე ასხვა მოინდომა. ფიურერის წადილს ახდენა არ ეწერა, ლიფტი საკმაოდ დროულად გაფუჭდა. ამ კონფუზის შემდეგ გერმანელები 4 წლის განმავლობაში ცდილობდნენ ბედკრული ამწის შეკეთებას, თუმცა ისინი ვერა და ვერ გაერკვნენ ეიფელის კოშკის ფუნქციონირების მექნიზმში. 1944 წელს, პარიზის გათავისუფლებიდან რამდენიმე საათიში, ლიფტი სასწაულებრივად ამუშავდა.

ღირსშესანიშნაობის საძირკველს წარმოადგენს 4-საყრდენიანი პირამიდა, რომლებიც 60 მ სიმაღლეზე ერთ თაღად იკვრება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაგებობა უნიკალურია უსაფრთოხების ზომების დაცვის კუთხითაც, რადგან სამუშაოების ჩატარების პროცესში არ დაფიქსირებულა არც ერთი უბედური შემთხვევა. საინტერესოა, რომ ახლად აღმართული ეიფელის კოშკი უარყოფითად იქნა აღქმული ბევრი თანამედროვის მიერ. პარიზის ხელოვანი ინტელიგენცია თვლიდა, რომ იგი ამახინჯებდა დედაქალაქის იერს. უკმაყოფილოთა რიგებში ერივნენ ცნობილი მწერლები – ალექსანდრე დიუმა-ვაჟი და გი დე მოპასანი.

ტროკადეროს მოედანი მდებარეობს შაიოს ბორცვის მწვერვალზე. ამ ადგილს ხსენებული სახელი ეწოდა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის შემდგომ: 1823 წელს ფრანგულმა არმიამ ზღვიდან შეუტია ესპანურ ფორტ ტროკადეროს და მოიპოვეს გამარჯვება. მოცემული შტურმი წარმოადგენდა გადამწყვეტ შეტაკებას, რამაც წერტილი დაუსვა სამწლიან ფრანგულ-ესპანურ ომს. ეს იყო ბონაპარტის შემდგომი საფრანგეთის პირველი სამხედრო ტრიუმფი.

ტროკადეროს მოედნის ცენტრში დგას მარშალ ფოშას ქანდაკება (პირველი მსოფლიო ომის დროს იგი იყო ანტანტის ჯარების უზენაესი მხედართმთავარი. მას შემდეგ, რაც გენიოსმა სამხედრო თეორიტიკოსმა ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ გაიგო, წინასწარმეტყველურად დასძინა: “ეს არა მშვიდობა, არამედ 20 წლით დადებული ზავია!…”) და სკულპტორ პოლ ლანდოვსკის მიერ დამზადებული ფრანგული არმიის სადიდებელი ძეგლი.

ტროკადეროს მოედანზე შეხვდებით პასის სასაფლაოს, საიდანაც იშლება ხედი ეიფელის კოშკზე. ძველად იქ მხოლოდ არისტოკრატებს მარხავდნენ.

მე-16 საუკუნეში აღმართული შაიოს სასახლე წარმოადგენდა ფრანგი დედოფლის – ეკატერინე მედიჩის ქალაქგარე რეზიდენციას. 100 წლის შემდეგ ამ დიდებული ნაგებობის მესაკუთრე გახდა ინგლისის დედოფალი ჰენრიეტა, რომელმაც იქ დააფუძნა მონასტერი. ამ შენობის ადგილზე ადრე იდგა ტროკადეროს სასახლე. ამჟამად იქ განთავსებულია კინოს მუზეუმი, საფრანგეთის მონუმენტური ხელოვნების გალერეა, ადამიანის მუზეუმი, ზღვის გალერეა.

ლუვრის მუზეუმი მდებარეობს პარიზის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე სენას აღმოსავლეთ სანაპიროზე. მისი ისტორია იწყება 1190 წელს, როცა მეფე ფილიპე  II ავგუსტუსის თაოსნობით ააგეს ციხე. სიმაგრე წარმოადგენდა არა მხოლოდ სადამკვირვებლო პუნქტს, არამედ ასევე ხაზინის, იარაღის შესანახ ადგილს და სატუსაღოს.

ფრანცისკე 1-ლის მმართველობისას ლუვრმა ოფიციალურად მიიღო სამეფო რეზიდენციის სტატუსი. არქიტექტორი პიერ ლესკო მუშაობდა შენობის გადაკეთებაზე, გეგმავდა კოლონებიანი პავილიონებით მძიმე ქვის კოშკების ჩანაცვლებას. მისი ყველა ჩანაფიქრის ხორცშესხმა ვერ მოხერხდა. ხუროთმოძღვარმა სასახლის მხოლოდ დასავლეთი ფრთის და სახმრეთის ნაწილის აშენება მოასწრო. სკულპტორმა ჟან გუჟონმა შექმნა ქანდაკებები, რომლებიც დღემდე ამშვენებს ფასადაც.

როცა ტახტზე ჰენრი IV ავიდა, ლუვრმა დაიწყო ფრანგ მეფეთა შესაფერის მდიდრულ სასახლედ გარდაქმნა. ლუი  XIV-მ ნაგებობის სრულყოფა მიანდო არქიტექტორ ლუი ლევოს. ოსტატმა რამდენიმე წლიანი შრომის შედეგად სასახლე ზომაში 4-ჯერ გაადიდა. ფერმწერმა რომანელიმ ფრესკებით შეამკო სეზონთა დარბაზი და ანა ავსტრიელის კაბინეტი. მხატვარმა შარლ ლებრენმა თავისი ხელით მოხატა აპოლონის გალერეა. ნაპოლეონ ბონაპარტის პერიოდში შეიქმნა მარშანის პავილიონი.

თანამდროვე ლუვრის შუშის პირამიდა არქიტექტორ იო მინგ პეის ნახელავია. ის ხეოფსის პირამიდის ზუსტი ასლია. შუშია სპეციალური რეცეპტით დაამზადეს, რისი წყალობითაც იგი სინათლეს ირეკლავს. ამჟამად ლუვრის კოლექცია 300 ათასამდე ექსპონატს ითვლის.

მსოფლიო ფერწერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრია – ლეონარდო და ვინჩის “ჯოკონდა”, იგივე “მონა ლიზა”. ხელოვნების ეს ნიმუში საიდუმლოებითაა მოცული. ქალწულის ღიმილი ნუსხავს მნახველთ. ტილოზე გამოსახულია ლიზა გერარდინი, მდიდარი ფლორენციელი ვაჭრის – ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს ცოლი.

ჟაკ ლუი დავიდის ნახატი “ნაპოლეონის კორონაცია” შეიქმნა ბონაპარტის დაკვეთით. ტილოზე აღბეჭდილია იმპერატორისა და მისი მეუღლის ჟოზეფინას გვირგვინის დადგმა რომის პაპ პიუს VII-ის კურთხევით.

ეჟენ დელაკრუამ 1830 წელს შემქნა ნახატი – “თავისუფლება, ხალხის წინამძღოლი”. ტილოს ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშიანი ქალი, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლოა. მანდილოსანს თავზე ახურავს ჩაჩი, რაც 1793 წლის რევოლუციის მხატვრული სახეა. ფეხშველა ქალს მკერდი მოუჩანს – მისი ასეთი სახით გამოსახვა ხალხის თავგანწირვაზე მიუთითებს.

1751 წელს ლუდოვიკ XV-ის დავალებით გაიხსნა სამხედრო სკოლა, რომელიც განკუთვნილი იყო ღარიბი ფენის წარმომადგენელი ყმაწვილთათვის. სასწავლებლის წინ იყო ვრცელი აუთვისებელი ტერიტორია. გადაწყდა მისი პლაცად გამოყენება. მოედანს დაარქვეს მარსის (ომისა და ჯარის მფარველი ღვთაება) სახელი. იქ მომხდარა უმნიშვნელოვანესი მოვლენების საფრანგეთის ისტორიაში: პირველი კონსტიტუციის მიღება, 1791 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტა, საჰაერო ბუშტით პირველი გაფრენა, რომელიც განახორციელა ჟან-პიერ ფრანსუა ბლანშარმა.

მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთის დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ თავისთვის მოინდომა ქალაქგარე სასახლე, მშენებლობისათვის კი პარიზის გარეუბანი შეარჩია. რელიგიური ომების დროს ბოლომდე აუგებელი სასახლე დაანგრიეს. დაახლოებით საუკუნის შემდეგ ლუდოვიკ XVI-ის ბრძანებით იმავე ადგილას გააშენეს პარკი, რომელიც დღესდღეობით განთქმულია თავისი შადრევნებით, მარმარილოს ქანდაკებებით, მრავალსაუკუნოვანი ხეებით.

1793-94 წლების პერიოდი საფრანგეთში ცნობილია “ტერორის ეპოქის” სახელით: ამ დროის განმავლობაში რევოლუციონერებმა დასაჯეს დაახლოებით 10 ათასი ადამინია. ერთი წლის შემდეგ ანგარიშსწორების დასრულების ნიშნად პარიზის ცენტრში განთავსებულ მოედანს სახელი გადაარქვეს და “შეთანხმების” მოედანი უწოდეს. ჩვენამდე მოაღწია მსხვილმა ხუროთმოძღვრულმა ანსამბლმა. ყველაზე მეტად გამოირჩევა კრიონის სასტუმრო და საზღვაო სამინისტროს სასახლე.

ლუქსემბურგის ბაღი მდებარეობს ლათინურ კვარტალში. ის პარიზელებისა და დედაქალაქის სტუმრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია. ბაღის სახემ ჰპოვა ანარეკლი ლიტერატურასა და მუსიკაში. 1976 წელს ფრანგმა მომღერალმა ჯო დასენმა გამოუშვა ალბომი, სახელწოდებით “ლუქსემბურგის ბაღი”. იქ სეინობა უსაზღვროდ უყვარდათ დიდროსა და რუსოს.

მეფე ჰენრი IV-ის მკვლელობის შემდეგ მისმა მეუღლემ მარია მედიჩიმ ლუვრის დატოვება გადაწყვიტა, მან არქიტექტორ სალომონ დე ბროსს დაავალა ადრე შეძენილი სასახლის “ტოსკანურ სტილში” გადაკეთება. მარია წარმოშობით ფლორენციიდან იყო, ამიტომ ამგვარად საკუთარი თავისათვის ისეთი გარემოს შექმნა სურდა, რომელიც იქნებოდა მისი შორეული სახლის მსგავსი. ლუქსემბურგის პარკში აღმოაჩენთ ხეხილის ბაღს, ორანჟერეას, როზარიუმს და 106 ქანდაკებას (იქ ვეღარ ნახავთ 46-მეტრიან ამერიკულ თავისუფლების ქანდაკების დაპატარავებულ ასლს, რადგან ვანდალების მიერ მისი დაზიანების შემდგომ სკულპტურა გადაიტანეს დახურულ სივრცეში).

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ბაღს შემატეს ახალი მიწები, რის შედეგადაც მისი ფართობი საგრძნობლად გაიზარდა. ლუქსემბურგის სასახლე ააგეს პალაცო პიტის მაგალითზე, სადაც გაატარა ბავშვობა მარია მედიჩიმ.

ბაღის ტერიტორიას ამშვენებს რამდენიმე შადრევანი. განსაკუთრებული დახვეწილობითა და სილამაზით გამოირჩევა ფრანგულ სტილში შესრულებული მედიჩის შადრევანი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გახლავთ დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო და გოთიკური არქიტექტურის შედევრი. ის მოცულია საუკუნოვანი საიდუმლოებებითა და ლეგენდებით. სავარაუდოდ, მის ადგილას ადრე იდგა წარმართული ეკლესია. ნოტრ-დამის აგებას სათავე დაუდო რომის პაპ ალექსანდრე III-მ 1163 წელს. მშენებლობა 180 წელზე მეტხანს გაგრძელდა. საყდარი მდებარეობს კუნძულ სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში. ფრანგ ხუროთმოძღვრებს ჟან დე შელსა და პიერ დე მონტრიოს გამორჩეული წვლილი მიუძღვით პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შექმნაში.

ამ დიდებულ არქიტექტურულ ძეგლს დიდი ზიანი მიადგა საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში. 1793 წელს რობერსპიერის განკარგულებით ტაძრის ფასადურ სკულპტურებს, რომლებიც იუდეველ მეფეებს გამოსახვდნენ, თავები მოკვეთეს, რადგან ისინი ფრანგ მონარქებად მიიჩნიეს. ამას გარდა, წაახდინეს უნიკალური ვიტრაჟები და დაანგრიეს მე-13 საუკუნით დათარიღებული შპილი.

1804 წელს ნოტრ-დამში მოხდა ნაპოლეონ ბონაპარტის კორონაცია. ტაძარი რესტავრირებას საჭიროებდა, თუმცა აღდგენის ნაცვლად დაიწყო საუბრები საყდრის დანგრევაზე. ეს განზრახვა გაქარწყლდა ვიქტორ ჰიუგოს წყალობით, რომლის კალამს ეკუთვნის რომანი – “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”.

ნოტრ-დამის დასავლეთი (მთავარი) ფასადი გადის მოედანზე, სადაც შეიძლება საფრანგეთის ნულოვანი კილომეტრის დანახვა. ესაა ქვეყნის დედაქალაქში გამავალი ყველა გზის ათვლის წერტილი. საყდრის წინ დგას ცხენზე ამხედრებული კარლოს დიდის ქანდაკება, მის სამხრეთ მხარეს კი რომის პაპ იოანე პავლე II-ის ძეგლი.

ვიქტორ ჰიუგომ ტაძარს “ქვაში გახევებული სიმფონია” უწოდა. ნოტრ-დამს შიგნიდან ამშვენებს ბიბლიური თემატიკის ფრესკები. იესოს ცხოვრების და სიკვდილით დასჯის ამსახველი სცენები საოცრად რეალისტურია.

საკათედრო ტაძრის დასავლეთი ფასადი დაყოფილია სამ ვერტიკალურ უბნად. ქვედა ჰორიზონტალურ იარუსში განთავსებულია მარიამ ღვთისმშობლის, საშინელი სამსჯავროსა და წმინდა ელენეს ჩაღრმავებული პორტალები. ისინი მორთულია სკულპტურებით, ბარიეფული პანოებით. პორტალების ზემოთ დადგმულია იუდეველ მეფეთა 28 ქანდაკება. ყურადღებას იქცევს დიდი ვიტრაჟული ვარდი, მის ფონზე შეინიშნება სკულპტურა, რომელიც გამოსახავს მადონასა და ჩვილს ანგელოზთა გარემოცვაში. გვერდითა ისრულ ღაობებთან შეიმჩნევა ადამისა და ევას ფიგურები.

იმისათვის, რათა ახვიდეთ ნოტრ-დამის სამზარ მოედანზე, ვიწრო კიბის 387 საფეხურის გადალახვა მოგიწევთ. გარგულიების გაცნობის გარდა მნახველები გაეცნობიან ვიქტორ ჰიუგოს რომანის მთავარი გმირის – კვაზიმოდოს კელიას, რომლის რეალური არსებობის დამადასტურებელ ცნობებს ახლახანს მიაკვლიეს.

2013 წლიდან მოყოლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე განთავსებულია ფუტკრის სკები. ეს იმ პარიზელთა უჩვეოლო ინიციატივის ხელშეწყობაა, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებულნი ქალაქის პირობებში თაფლის შეგროვებით.

მაცხოვრის ეკლიანი გვირგვინი მე-9 საუკუნის შუახანებამდე ინახებოდა სიონის მთაზე მდებარე ეკლესიაში. მოგვიანებით, იმპერატორმა იოანე ციმისკემ სიწმინდე გადაიტანა კონსტანტინოპოლში. ეს ქალაქი 1204 წელს დაიპყრეს ჯვაროსნებმა და ქრისტეს გვირგვინი იმპერატორ ბალდუინ მეორეს ჩაუვარდა ხელში, რომელმაც იგი ვენეციელებს მიაგირავა. მაცხოვრის თავსაბურავი გამოისყიდა საფრანგეთის მეფემ, წმინდა ლუდოვიკმა. ხელმწიფემ ვენეციელებს გადაუხადა კოლოსალური თანხა – 135 000 ლივრა, რაც იმდროინდელი საფრანგეთის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენდა. მოგვიანებით ააშენეს სენტ-შაპელის სამლოცველო, სადაც გვირგვინი 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაცული. ამჟამად რელიქვია პარიზის მერიაში ინახება.

კონსერჟერიის ისტორიას მრავალ სიურპრიზი აქვს დაგროვილი. მე-6 საუკუნეში კუნძულ სიტეს დასავლეთ კიდეზე ფრანკთა ხელმწიფემ, მეროვინგთა დინასტიის წარმომადგენელმა – ხლოდვიგმა ააგო მიუდგომელი ციხე, თავისი პირადი რეზიდენცია. სწორედ ეს ნაგებობა იყო თანამედროვე კონსერჟერიის წინამორბედი.

დინასტიათა გამოცვლამ გეოგრაფიული პრიორიტეტების შეცვლა განაპირობა, კაროლინგების მმართველობისას სახელმწიფოს ცენტრმა პარიზიდან აღმოსავლეთით, ქალაქ ლანში გადაინაცვლა. პარიზი აყვავების ფაზაში კვლავ მაშინ შევიდა, როცა მე-10 საუკუნეში გუგო კაპეტმა სახელმწიფო რეზიდენცია იქ გადაიტანა. მომდევნო ასწლეულების განმავლობაში ციხეს შეემატა მიწისქვეშა გალერეები, სხდომათა დარბაზი და სამეფო პალატა. ისტორიულ წყაროებში  კონსერჟის თანამდებობა პირველად მოხსენიებულია ფილიპე II-ის ხელმწიფობისას. წმინდა ლუდოვიკმა სიმაგრე ქრისტიანულ რელიქვიათა საცავად აქცია. მე-16 საუკუნის ბოლოსათვის კონსერჟერიამ მოირგო სატუსაღოს სტატუსიც, იგი ზოგჯერ ბასტილიის დიდებასაც კი ჩრდილავდა. 1793 წლიდან მოყოლებული ციხეში დასადგურდა რევოლუციური ტრიბუნალი. “ეჭვმიტანილთა შესახებ კანონი” იძლეოდა ყველა იმ ადამიანის უსაფუძვლოდ დაჭერის უფლებას, ვინც კი რაიმე ნიშნით ჩამოჰგავდა რევოლუციის მტერს.

სენტ-შაპელის სამლოცველო პირველი სატაძრო ნაგებობაა კონსერჟერიის ტერიტორიაზე. მის ინტერიერს ამშვენებს ვიტრაჟული ფანჯრები და სკულპტურული კომპოზიციები. რევოლუციის წლებში იქაურო ძლიერ დაზიანდა, ექსპონატთა კოლექციის დიდი ნაწილი გატაცებების შედეგად გაიბნა.

იეზუიტი ბერი ფრანსუა დე ლაშეზი იყო მეფე ლუდოვიკის სულიერი მამა და ახლო მეგობარი. მოძღვარმა შარონის ბორცვზე შეისყიდა მიწის ნაკვეთი, სადაც ხელმწიფის ფულით დაიდგა შადრევნების, გაშენდა ბაღები და ორანჟერეები, ის გახდა არისტოკრატთა რომანტიკული შეხვედრების ადგილი. ლუდოვიკის გარდაცვალების შემდეგ აქაურობა გაჩანაგდა და დე ლაშეზეს პატივსაცემად მისი სახელობის საფლავად გადაკეთდა.

დე ლაშეზეს სასაფლაოზე მარხია ალფონს ბარტილიონი, ფრანგი კრიმინოლოგია, რომელმაც შეიმუშავა სასამართლო ექსპერტიზის რთული მეთოდი. მისი სისტემის ერთ-ერთი ასპექტი მდგომარეობდა დაკავებისას დამნაშავეთა ფოტოგრაფირებაში. დე ლაშეზეს სასაფლაოზე აგრეთვე განისვენებენ ფრედერიკ შოპენი, ოსკარ უალდი.

მონმარტრი – პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კოლორიტული რაიონია. იქ აღმოაჩენთ ბლანშის მოედანს (ეს დასახელება ფრანგულიდან თარგმანში ნიშნავს “თეთრს”, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია იმასთან, რომ მონმარტრის ბირცვზე ერთ დროს აქტიურად მოიპოვებდნენ თეთრ კირქვას.). მის სიხლოვეს მე-19 საუკუნის ბოლოში დაარსდა “წითელი ფარნების რაიონი”. კლიშის ბულვარს “ახსოვს”, როგორ იჭრებოდნენ პარიზში რუსული ჯარები ნაპოლეონის არმიის დამარცხების შემდეგ. პარიზის კომუნის დროს, 1871 წლის შემოდგომაზე, ბლანშის მოედანი რევოლუციური მოვლენების ცენტრში მოექცა, იქ კომუნარები მართავდნენ ბარიკადებს.

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყის ფრანგულმა კაბარეებმა აყვავების პიკს მიაღწია. კლიშის ბულვარზე მდებარეობდა იმდროისათვის ერთ-ერთი უპოპულარულესი კაბარე – “შავი კატა”, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ: მოპასანი, ვერლენი, პიკასო და სხვა შემოქმედებითი ადამიანები.

აბესის მოედანზე სეირნობისას თვალში მოგხვდებათ სენ-ჟანის ეკლესია. მისი იერსახე ნეოგოთიკისა და არტ-ნუვოს ნაზავს წარმოადგენს, აგრეთვე შეინიშნება აღმოსავლური მოტივებიც. ეს საყდარი წითელი ქვითაა ნაშენი.

როცა “Rue des Trois Freres”-ის მყუდრო ქუჩაბანდზე აღმოჩნდებით, არ გამოგრჩეთ N=56 სახლი. სწორედ აქ ცხოვრობდა ამელი.

ემილია გუდოს მოედანზე არსებული N=13 სახლი საუკუნეებში წარმოადგენდა საერთო საცხოვრებელს. ის არაერთხელ გამხდარა ღატაკი მხატვრების, ლიტერატორებისა და პოეტების თავშესაფარი.

მულენ დე ლა გალეტის შორიახლოს (ქარის წისქვილია) შეხვდებით ადამიანის ფიგურას, რომელიც კედელში გასვლას ცდილობს. ის გვახსენებს მარსელ ემეს მოთხრობის გმირს. იქვე, სიუზან ბიუსონის სკვერში მორიგ უჩვეულო სკულპტურას გადააწყდებით. ქანდაკება გამოსახავს პარიზელ ეპისკოპოსს, რომელსაც ხელში საკუთარი მოკვეთილი თავი უჭირავს. ესაა პარიზის მფარველი – წმინდა დიონისე (სენ დენი). ლეგენდის თანახმად, ის თანამედროვე პარიზის ტერიტორიაზე ქრისტიანობის საქადაგებლად მაშინ ჩავიდა, როცა იქ წარმართები სახლობდნენ. ცხადია ადგილობრივებმა წმინდა მამის სწავლება არ მიიღეს და იგი სიკვდილით დასაჯეს. გადმოცემის მიხედვით, წმინდა დიონისემ ხელში მოკვეთილი თავი აიღო და ასეთ მდგომარეობაში კდიევ რამდენიმე კილომეტრი განვლო, გზად კი არ წყვეტდა ჭეშმარიტების ღაღადს.

საკრე-კიორის ბაზილიკა – პარიზის ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარია, რომელიც ცნობადობით მხოლოდ ნოტრ-დამს თუ ჩამოუვარდება. ის მდებარეობს მონმარტრის ბორცვზე და ჩანს ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან. სალოცავის მშენებლობა დაიწყო 1870 წლის 4 სექტემბერს. სწორედ ამ დღეს პარიზელებმა შეიტყვეს საფრანგეთ-პრუსიის ომის ფარგლებში სედანში მომხდარ შეტაკებაში ნაპოლეონ მესამემ მარცხი განიცადა. მოსახლეობამ მოაწყო მასობრივი პროტესტები, რამაც შედეგად მესამე რესპუბლიკის გამოცხადება და იმპერატორის გადაყენება გამოიღო.

ბაზილიკის სახელწოდება ფრანგულიდან თარგმანში ნიშნავს “წმინდა გულს”. აგებისას საყდარს მიენიჭა ბერძნული ჯვრის ფორმა. მის აფსიდს ამშვენებს უზარმაზარი მოზაიკა, რომელზეც გამოსახულია იესო თეთრ შესამოსელში. ბაზილიკის მნიშვნელოვანი ელემენტია ორღანი, რომელიც თავისი სიდიდით გამოირჩევა.

მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში დაიწყო კულტურის აყვავება, გამოიხატა ეკონომიკური და სოციალური პროცესი, გაკეთდა მრავალი სამეცნიერო აღმოჩენა. სწორედ ამ პერიოდში ჟოზეფ ოლერმა და შარლ ზიდლერმა გახსნეს ლეგენდარული კაბარე “მალენ რუჟი” (ფრანგულიდათ ითარგმნება, როგორც “წითელი წისქვილი”. ამ დაწესებულების უჩეულო ინტერიერზე იზრუნა ფრანგმა მხატვარმა ადოლფ ვილეტამ. სწორედ “მალენ რუჟის” დამსახურებით მოიპოვა პოპულარობა კანკანამ. თავიდან ეს ცეკვა ზედმეტად ვულგარულად მიიჩნეოდა, დღეს კი იგი ფრანგული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

სენის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ორსეს მუზეუმი. მისი კოლექციის ძირითად ნაწილს შეადგენს იმპრესიონისტთა და პოსტიმპრესიონისტთა ნამუშევრები. საგამოფენო დარბაზებში იხილავთ კლოდ მონეს, პოლ გოგენის, ოგიუსტ რენუარის და ლეგენდარული ვან გოგის ტილოებს.

პარიზში არსებული ინვალიდთა სახლი წარმოადგენს ნაგებობათა კომპლექსს, რომელიც მოიცავს მუზეუმებს, ვეტერანთათვის განკუთვნილ თავშესაფარსა და ჰოსპიტალს. მის მშენებლობას სათავე დაუდო ლუდოვიკ XIV-მ. აღსანიშნავია, რომ ინვალიდთა სახლში განისვენებს მრავალი სახელგანთქმული მხედართმთავარი, მათ შორის, ნაპოლეონ I ბონაპარტი.

ელისეის მინდვრების სიახლოვეს, ვარენის ქუჩაზე, ლამაზ სასახლეში მდებარეობს როდენის მუზეუმი. ფრანგ სკულპტორი ოგიუსტ როდენი 1908 წლიდან მოყოლებული ცხოვრობდა და მუშაობდა სასტუმრო ბირონაში, მე-18 საუკუნის პარიზის არქიტექტურის მარგალიტში. ნაგებობაში როდენის სახელობის გალერეა გაიხსნა ოსტატის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ. მხატვარმა თავის შემოქმედებაში შეძლო რეალიზმისა და რომანტიზმის, იმპრესიონიზმისა და სიმბოლიზმის შერწყმა. მისი ცნობილი ქანდაკებებია: “მოაზროვნე”, “ადამი და ევა”, “კოცნა”, “მარადიული შემოდგომა”.

პარიზის სენის სანაპიროებზე ანტიკური დროიდან მოყოლებული მოიპოვებდნენ კირქვასა და თაბაშირს. იქ კატაკომბების შექმნა ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან დაიწყეს რომაელებმა. მე-17 ასწლეულის ბოლოსათვის დედაქალაქის გარკვეული რაიონების ქვეშ უკვე მრავალი გვირაბი იყო გაყვანილი. პარიზის აღმშენებლობასთან ერთად იზრდებოდა მისი ჩანგრევის საფრთხეც. ამის გამო მე-18 საუკუნის შუახანებში ლუდოვიკ XVI-მ გამოსცა განკარგულება ქვის სამტეხლოების გენერალური ინსპექციის შესახებ. სპეციალური სამსახურის მუშაკებმა შექმნეს გამაგრებითი კონსტრუქციები მიწისქვეშა ქსელის ჩამოშლის თავიდან ასარიდებლად.

მე-18 საუკუნის ბოლოსათვის დედაქალაქის სასაფლაოები უკვე გადაივსო. მაგალითად, უბიწოთა სასაფლაოზე დასვენებულები იყვნენ ბართლომის ღამის მსხვერპლები და შავი ჭირის შედეგად დაღუპულები. საერთო ჯამში, იქ 2 მილიონამდე ადამიანმა ჰპოვა განსასვენებელი. ცხადია, ნეკროპოლი მომაკვდინებელ ინფექციათა ბუდედ გადაიქცა. აღნიშნულის გამო ხელისუფლებამ მიცვალებულთა კატაკომბებში დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

პანთეონი ფრანგული ნეოკლასიციზმის საუკეთესო ნიმუშია. მისი დაარსება უკვაშირდება ლუდოვიკ XV-ის სერიოზულ ავადმყოფობას. მან დადო ფიცი, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში აღმართავდა ტაძარს, რომელსაც მიუძღვნიდა წმინდა ჟენევიევას – პარიზის მფარველს. მოხდა სასწაული და მონარქი მომჯობინდა. პროექტის განსახორციელებლად რომიდან მოიწვიეს არქტირექტორი ჟაკ-ჟერმან-სუფლო. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტაძრის პანთეონად გადაკეთების შესახებ. იქ შეხვდებით ფუკოს ქანქარას, რომელიც გამოიყენება დედამიწის სადღეღამისო ბრუნვის ექსპერიმენტული დემონსტრირების მიზნით.

პარიზის ცენტრში, სალეს სასახლეში, განთავსებულია პიკასოს მუზეუმი, სადაც მხატვრის 5 000 ნამუშევარზე მეტია თავმოყრილი. ზემოხსენებული დიდებული შენობა ხშირად იცვლიდა მეპატრონეებს. ერთ დროს ის ნაქირავები ჰქონდა ვენეციის ხელმწიფეს, რევოლუციის პერიოდში კი სასახლე ლიტერატურული საწყობის როლს ასრულებდა. მე-19 საუკუნეში იგი პანსიონატად გადაკეთდა, რომელსაც ხშირად სტუმრობდა ბალზაკი. პიკასოს მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1985 წელს.

ტრიუმფალური თაღი მდებარეობს ეტუალის მოედანზე, საიდანაც იშლება ხედი ელისეის მინდვრებზე. მისი აღმართვის იდეა გაჩნდა აუსტერლიცის ბრძოლის დასრულებიდან მეორე დღესვე. ამ არქიტექტურული ძეგლის მშენებლობას ნაპოლეონ ბონაპარტის დავალებით ხელმძღვანელობდა ხუროთმოძღვარი ჟან შალგრენი. ტერმინი “ტრიუმფი” წარმოიშვა რომის იმპერიაში. ეს იყო გამარჯვების აღსანიშნავი დღესასწაული, როცა ლეგიონი მხედართმთავრის წინამძღოლობით სწრაფად და გადაჭრით მოიპოვებდა მტრის ჯარებზე გამარჯვებას. ტრიუმფალური თაღი ეძღვნება იმ მეომრებს, რომლებიც იბრძოდნენ ნაპოლეონის ომებში. მასზე ამოტვიფრულია 128 ბატალიისა და მათში მონაწილე ოფიცრების სახელები.

თაღის კამარების ქვეშ არსებულ მიწაზე არის უცნობი ჯაროსკაცის საფლავი, სადაც დასვენებულია პირველი მსოფლიო ომის მონაწილეთა ნეშტები. უნიკალური მონუმენტი განთქმულია მრავალრიცხოვანი სკულპტურული შედევრებით. ყველაზე ცნობილ კომპოზიციას წარმოადგენს ფრანსუა რიუდეს ბარელიეფი- “მარსელეზა”.

ტრიუმფალური თაღი გახდა პარიზის ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტის მოწმე გამხდარა. საუბარია ნაცისტების საზეიმო სვლაზე მეორე მსოფლიო ომის დროს დედაქალაქის ოკუპაციისას და შარლს დე გოლის მიერ თაღის ქვეშ სამოკავშირეო ჯარების შემოყვანაზე, რაც 1944 წელს გათავისფულების სიმბოლო გახდა. არქიტექტურული ძეგლის ერთ-ერთ შიდა კედელზე არის ნაპოლეონის ბარელიეფი, სადაც მონარქს გამარჯვების გვირგვინი ადგას და ის ძალიან ჰგავს რომის იმპერატორს.

სენტ-ესტაშის ეკლესია მდებარეობს კომურციული ცენტრის, “ფორუმ დე-ალის”, სიახლოვეს. ის ითვლება ერთ-ერთი უკანასკნელ სალოცავად, რომელიც გოთიკურ სტილშია შესრულებული. ეს საყდარი მიძღვნილია დიდმოწამე ევსტათესადმი, რომელიც კათოლიციზმში თოთხმეტი წმინდა დამხმარიდან ერთ-ერთია. ნათლისღებამდე მას ერქვა პლაკიდა, ის მხედართმთავრად მსახურობდა ტიტუსისა და ტრაიანეს კარზე. გადმოცემის თანახმად, ევსტათეს გაქრისტიანების ისტორია ასეთია: ნადირობისას ის დაედევნა ირემს, რომლის რქებს შორის მან ჯვარზე გაკრული მაცხოვრის ხატება გაარჩია, რომელმაც უთხრა: “პლაკიდა, რად მდევნი მე, რომელსაც შენი ხსნა სწადია?” ბარბაროსებზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ევსტათე რომში დაბრუნდა, სადაც ღიად აღიარა თავისი რწმენა. მაშინ ის და მისი ოჯახი ნადირებს მიუგდეს დასაგლეჯად, თუმცა ცხოველებმა მათ არაფერი დაუშავეს. ამის შემდეგ იმპერატორის დავალებით ისინი ჩაყარეს გავარვარებულ სპილენძის ხარში, სადაც მათ მიიღეს მოწამეობრივი სიკვდილი.

სენტ-ესტაშის ეკლესია არის ორღანი, რომელიც საფრანგეთში სიდიდით ყველას აღემატება. მის არქიტექტურაში გოთიკას ერწყმის რენესანსული ელემენტები და კლასიცისტური ფასადი.

მე-5 საუკუნეში ფრანკებს და ვესტგოთებს შორის გაჩაღებული იყო სისხლისმღვრელი ომი. ესპანურ ქალაქ სარაგოსაზე ალყის მოხსნის შემდეგ ადგილობრივებმა ფრანკების მეფეს, ხილდებერტს, გადასცეს ვიკენტის წმინდა ნაწილები. სწორედ აქედან იწყება სენ-ჟერმენ-დე-პერეს ისტორია, რომელიც პარიზის უძველეს ეკლესიად ითვლება. ხილდებერტმა ააგო მთელი სააბატო, რომლისგანაც დღეს მხოლოდ საყდარიღა დარჩა. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ტერიტორიაზე დამარხულია მთელი მეროვინგების გვარი.

საფრანგეთი რევოლუციის დროს სენ-ჟერმენ-დე-პერეში არასწორი შენახვის გამო მოხდა აფეთქება, რამაც ნაგებობათა ნაწილი მიწასთან გაასწორა. ეკლესიაში მდებარეობს იან II კაზიმისრის – სააბატოს წინამძღვრის, წარსულში კი პოლონეთის მეფის, ალკდამა. იქ ასევე განისვენებს ფილოსოფოსი რენე დეკარტი. საყდრის კედლებზე იხილავთ ფერმწერისა და პორტრეტისტის იპოლით ფლანრენის ნამუშევრებს.

ვინ მოთვლის, თუ რამდენი ოპერის მომღერალი შვა საფრანგეთმა. აქედან გამომდინარე, პარიზში ყოფნისა ოპერის თეატრის სტუმრობა თქვენი თავგადასავლის ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტია. ხელოვნებასთან საზიარებლად შეგიძლიათ ეწვიოთ გარნიეს ოპერას, რომელიც უკვე 150 წელზე მეტია არსებობს. მისი აგება ნაპოლეონ -მ შეუკვეთა, რადგან აღარ სურდა ფეხი დაედგა ძველ ოპერაში, სადაც მისი სიცოცხლის ხელყოფა სცადეს.

ოპერის თეატრში შეხვდებით ოთხ ცნობილ სკულპტურულ კომპოზიციას, ესენია: ჟიულ-ჟოზეფ პეროს “დრამა”, ეჟენ გიიომას “ინსტრუმენტალური მუსიკა”, ფრანსუა ჟუფრუას “პოეზია”, ჟან-ბატისტ კარპოს “ცეკვა”.

ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმი მდებარეობს ვეგოზთა მოედანზე. 1832 წელს მწერალმა როგან-გემენის სასახლეში ბინა იქირავა. ჰიუგო მაშინ 30 წლის იყო, იმ დროისათვის მას უკვე მოეხვეჭა დიდება, რადგან “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს” ნანახი ჰქონდა დღის სინათლე. ზემოხსენებულ ბინაში ჰიუგო თავის ცოლთან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობდა 16 წლის განმავლობაში. იქ მან დაწერა რომანები – “ლუკრეცია ბორჯია”, “სხივები და ჩრდილები”, “მარია ტიუდორი”, “საბრალონი”.

1902 წელს, ვიქტორ ჰიუგო ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწყდა მის ბინაში სახლ-მუზეუმის გახსნა. ამისათვის პოლ მერისმა (მწერლის გულთადი მეგობარი და მისი ანდერძის ამსრულებელი) შეისყიდა სასახლე.

სენ-დენის ბაზილიკა არის გოთიკურ სტილში შესრულებული პირველი კათოლიკური ტაძარი და შუასაუკუნოვანი საფრანგეთისა და აღორძინების ეპოქის საფლავის სკულპტურათა მუზეუმი. გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სალოცავი დგას, ახ.წ. მე-3 საუკუნეში აღესრულა წმინდა დიონისე.

პარიზის ლათინურ კვარტალში მდებარეობს კლიუნის სასახლე, რომელშიც განთავსებულია შუა საუკუნეების ნაციონალური მუზეუმი. იქ წარმოდგენილია 23 ათასამდე ექსპონატი. ამ ადგილას ძვ.წ. II-III საუკუნეებში არსებობდა რომაული თერმები, რომლებიც მოგვიანებით ბარბაროსებმა გადაწვეს. მე-16 ასწლეულში საფრანგეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა აბატმა იქ წამოჭიმა დიდებული სახლი. ამ ადგილის ისტორიუალ ფასეულობას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ლუდოვიკ XII-ის გარდაცვალების შემდეგ კლიუნის სასახლეში ცხოვრობდა მეფის ქვრივი – მარია ტიუდორი.

სენ-სიულპისის ტაძარი მდებარეობს ლუქსემბურგის ბაღსა და სენ-ჟერმენის ბულვარს შორის. თავისი მასშტაბებით ეს სალოცავი მხოლოდ ნოტრ-დამ-დე-პარის თუ ჩამოუვარდება. საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში საყდარი წაბილწულ იქნა: ის საბანკეტო დარბაზად გადააკეთეს. მაგალითისათვის, იქ იზეიმეს ნაპოლეონის წარმატებული ეგვიპტური ლაშქრობა.

1977 წელს პარიზში გამოჩნდა ახალი ღირსშესანიშნაობა – კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, რომელსაც ჰქვია ჟორჟ პომპიდუს, საფრანგეთის პრეზიდენტის,სახელი. მისი მასშტაბური კოლექცია მოიცავს 60 ათასზე მეტ ექსპონატს, რომლებიც ავსებს 40-მდე საგამოფენო დარბაზს.

ელისეის ველები პარიზის ცენტრალური პროსპექტია, ის სათავეს იღებს შეთანხმების მოედნიდან, ხოლო მთავრდება ტრიუმფალური თაღით. მისი დასახელების საწყისი სიტყვაა ელიზიუმი – ბერძნულ მითოლოგიაში ამგვარად მოიხსენიებოდა საიქიოს გასაოცარი კუნძული, სადაც გამეფებული იყო მარადიული გაზაფხული, სიმშვიდე და ბედნიერება. ფრანგები ბულვარს უწოდებენ შანზ-ელიზეს.

ქვეყნის აღნიშნულ ნაწილში მე-16 საუკუნემდე მხოლოდ ჭაობები იყო, სადაც ფრანგი მეფეები და არისტოკრატები ბაყაყებზე ნადირობით იქცევდნენ თავს. მომდევნო ასწლეულიდან მოყოლებული დაიწყო დამდგარწყლიანი ადგილების ამოშრობა, იქ ხეების დარგვა და გზების დაგება. 1812 წელს ნაპოლეონის მარცხი უარყოფითად აისახა ელისეის მინდვრების მდგომარეობაზე, რადგან რუსული არმიის კაზაკები სწორედ იქ დაბანაკდნენ. 1830-იან წლებში ეს ადგილი განსაკარგავად გადაეცა პარიზის მუნიციპალიტეტს, რის მერეც დაიწყო იქაურობის აყვავება.

თანამედროვე საფრანგეთის საპრეზიდენტო რეზიდენციას ელისეის სასახლე წარმოადგენს. 1722 წელს აგებული ამ დიდებული შენობას თავდაპირველად იყო გრაფ ევრიოს სასახლე, მოგვიანებით ის შეისყიდა ლუდოვიკ  XV-მ და აჩუქა მარკიზ დე პომპადურს. სახელმწიფოს სახლის სახის იგი პირველად გამოიყენა ნაპოლეონ  I ბონაპარტმა.

პარიზის ერთ-ერთი ულამაზესი ხიდი, რომელიც გადაკიდებულია სენაზე, ატარებს რუსი იმპერატორის – ალექსანდრე III-ის სახელს. ის რუსეთის იმპერიასა და საფრანგეთს შორის დამყარებული კავშირის სიმბოლოა. მე-19 საუკუნის ბოლოს ომებში განცდილი მარცხებისგან ძლივს მოკეთებული საფრანგეთი უფრთხოდა საფრანგეთსა და ავსტრია-უნგრეთს, რომლებიც იმ პერიოდში ძალებს იკრებდნენ. რუსეთის იმპერია კი ევროპაში მოკავშირის ძიებით იყო დაკავებული.

ალექსანდრე III-ის სახელობის ხიდი საზეიმოდ გაიხსნა 1900 წელს, ნოკოლოზ მეორის მეფობის ხანაში. 160-მეტრიანი ნაგებობა იმგვარად იყო დაპროექტებული, რომ არ ფარავდა ელისეის მინდვრების ხედს. ფრანგების მეგობრულ პასუხს წარმოადგენს სანკტ-პეტერბურგში არსებული ტროიცკის ხიდი.

 

Sorry, the comment form is closed at this time.