logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ადგილები, რომელთაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ პორტუგალიის სტუმრობისას

30 Aug

ადგილები, რომელთაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ პორტუგალიის სტუმრობისას

დუკე დე კავადალის სასახლის ოთახებში გამოფენილია ღირებული ილუსტრირებული ხელნაწერები, აბჯრები, ძველი იარაღი, ფერწერული ტილოები და სკულპტურები. აღნიშნული ნაგებობის ნაწილს წარმოადგენს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია. ამ გოთიკურ სალოცავს გამოარჩევს აზულეჟუს სტილში შესრულებული ინტერიერი.

წმინდა ფრანცისკის ეკლეისიის უნიკალური თავისებურებაა არკადა, რომელიც გოთიკური და მავრიტანული ელემენტების ტიპურ ნაზავს წარმოადგენს. მისი ნაწილია სალოცავი, რომელიც თითქმის სრულად ადამიანთა ძვლებისგანაა გაფორმებული. აღნიშნული საყდარი დაარსა ფრანცისკელმა ბერმა, რომელიც იყენებდა გადავსებულ სასაფლაოზე აღმოჩენილ გარდაცვლილთა ნეშტებს.

ევორას უნივერსიტეტი რენესანსის სტილს ნაგებობათა ისტორიული კომპლექსია. ლარგო და პირტა დე მოურა – თვალწრამტაცი მოედანია, რომელიც ააშენეს დასავლეთის მავრიტანული ჭიშკრის ადგილას. მისი ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა აღორძინების ეპოქის შადრევანი მარმარილოს სფეროთი.

აგუა დე პრატას აკვედუკი – შუასაკუნოვანი ჰიდროტექნიკის შესანიშნავი მაგალითია. ის მე-16 საუკუნეში შექმნეს ევორას წყალმომარაგების მიზნით.

ევორაში ასევე აღმოაჩენთ ალმენდრიშის მენგირებს – 95 გრანიტის ქვას, რომლებიც თარიღდება დაახლ. ძვ.წ. 4000-2000 წლებით. მიიჩნევა, რომ ეს მზის კულტის ძველი ტაძარია. მენგირს უწოდებენ უმარტივეს მეგალითს, რომელიც ნეოლითის ეპოქისთვისაა დამახასიათებელი. ქვის ლოდებისგან აღმართულ სხვა ნაგებობათაგან განსხვავებით მენგირის ვერტიკალური ზომები აჭარბებს ჰორიზონტალურს.

პორტუში შეხვდებით ორიარუსიან თაღოიან ხიდს, რომელიც დააპროექტა გუსტავ ეიფელმა. ეს ნაგებობა ატარებს მეფე დონ ლუიშ პირველის სახელს და აკავშირებს მდინარე დოურუს ორ ნაპირს.

ჩვეულებრივ, თქვენ არ შეიყვანდით წიგნების მაღაზიას აუცილებლად მოსანახულებელ ღირსშესანიშნაობათა სიაში, თუმცა პორტუში არსებული ლელოს მაღაზია გამონაკლისს წარმოადგენს. ის რაღაცით მოგაგონებთ “ფლორიში და ბლოტსი”-ს, რომელიც ყველასთვის საყვარელ “ჰარი პოტერშია” აღწერილი. ეს დამთხვევა როდია შემთხვევითი, რადგან ჯოან როულინგი, ავტორი წიგნისა ჯადოქარი ბიჭუნას შესახებ, გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა პორტუში ინგლისური ენის პედაგოგად და ხშირად სტუმრობდა ლელოს. ეს შენობა წარმოადგენს მუზეუმსაც, სადაც ინახება წიგნების უნიკალური გამოცემები, აგრეთვე უიშვიათესი ჟურნალები და წერილები.

მადეირას არქიპელაგი მდებარეობს ატლანტიკის ოკეანეში და პოტუგალიიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. ის აღმოცენდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად და ჰგავს უზარმაზარ ზურმუხტს, რადგან მისი ფართობის 20% დაფარული პრეისტორიული დაფნის ტყეებით. ისინი წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა უნიკალური სახეობის საცხოვრებელ არეალს და შეტანილია იუნესკოს სიაში. მთები აქ სანაპიროდანვე იწყება და კილომეტრებზე იჭიმება. ეს მარადიული გაზაფხულის მხარეა, რომელიც ჩაძირულია ყვავილებში და მორთულია ცისარტყელათი. არქიპელაგის სიახლოვეს არის გოლფსტირიმის თბილი დინება. სწორედ ამიტომ მადეირაზე ზამთარში თბილა,ზაფხულისათვის კი არაა დამახასიათებელი შემაწუხებელი სიცხეები.

კუნძული მე-15 საუკუნეში აღმოაჩინა პორტუგალიელმა მეზღვაურმა ჟუან გონსალვიშ ზარკუმ. მადეირაზე აღმოაჩენთ მრავალ სამზერ მოედანს, რომლებიც განთავსებულია ჭიუხებზე, ხეობებსა და ყველაზე მაღალი მთების მწვერვალებზე.

მონტეს სასახლე გარემოცულია გასაოცარი ლანდშაფტური პარკით. იქ ფუნქციონირებს მუზუმი, რომელის ერთ-ერთ გალერეაში თავმოყრილია ზიმბაბვედან ჩამოტანილი 1000-მდე სკულპტურა. ინტერესის აღმძვრელია მინერალების გამოფენა, სადაც ნაჩვენებია მთის ჯიშების ნიმუშები ბრაზილიის, პერუს, სამხრეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის შახტებიდან.

პიკუ-რუივუ – მადეირას უმაღლესი მწვერვალია. ჩანჩქერის, სახელწოდებით “პატარძლის ფატა”, წყარო დამალულია მთათა სიღმეებში. ეს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს პორტუ-მონიშის მუნიციპალიტეტში.

ფუნშალის (მადეირას მთავარი ქალაქი და საზღვაო პორტი) ცენტრში დგას იმპერატრიცა სისის ბრინჯაოს ქანდაკება. ასე ალერსიანად მოსახლეობა მოიხსენიებდა ელიზაბეტ ამალი ეჟენს – ბავარიელ პრინცესას, უნგრეთის, დალმაციისა და ხორვატიის დედოფალს, ავსტრიის ქალ იმპერატორს. მე-19 საუკუნის მეორე ნახვარში გვირგვინის მატარებელი მანდილოსანი იყო სილამაზისა და ელეგანტურობის ეტალონი.

ფუნშალის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ნაგებობათა შორის, რომლებიც მადეირას კოლონიზაციის ადრეული პერიოდიდან მოყოლებული დღემდე უცვლელი სახით შემოინახა. სალოცავის ინტერიერი შესრულებულია გოთიკურ და რომანულ სტილებში და წარმოადგენს საგულისხმო მხატვრულ ფასეულობას. კედრისგან დამადებული და სპილოს ძვლის ინკრუსტაციებით მორთული ჭერი მუდეხარის გამოჩენილი ნიმუშია. ტაძარში ინახება ლიტურგიული შედევრი – ჩამოსხმული ვერცხლის ჯვარცმა, რომელიც საყდარს შესწირა მეფე მანუელ პირველმა. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული აღორძინების ეპოქა პორტუგალიაში. მისი მეფობის ხანაში ზემოაღნიშნული ტაძარი იყო მსოფლიოს უმსხვილესი კათოლიკური ეპარქიის ცენტრი.

მადეირაზე ლევადებს ეძახიან სარწყავ არხებს, რომლებიც გაყვანილია წისქვილთათვის წყლის მისაწოდებლად, აგრეთვე შაქრის ლერწმის, ხეხილის ბაღებისა და ვენახების საწყავად. პორტუ-მონიშის სანაპროსთან შეხვდებით ბუნებრივ აუზები, რომლებიც შექმნილია გაქვავებული ვულკანური ლავის ნაკადების მიერ. ლაგუნები ზვირთცემისგან დაცულია კდოვანი რიფებით.

მადეირას სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს კაბო-ჟირაოს კონცხი. იქ აღმოაჩენთ ნოსა-სენიორა-და-ფატიმას სამლოცველოს, რესტორანს და სავუნეირების ბაზრობას.

მადეირას თემატური პარკი სტუმრებს აცნობს კუნძულის კულტურასა და მის მაცხოვრებელთა წეს-ჩვეულებებს, აგრეთვე უნიკალურ ფლორასა და ფაუნას.

პენას სასახლე განთავსებულია სინტრას მთიან მასივზე. ის ააგეს მე-19 საუკუნეში საყდრის ნანგრევებზე. ეს უნიკალური ნაგებობა რამდენიმე არქიტექტურული მიმართულების ნაზავს წარმოადგენს, რაც მას ზღაპრულ ქმნილებად აქცევს. სასახლის მშენებლობას უძღვებოდა გერმანელი არქიტექტორი ლუდვიგ ფონ ეშვეგე. თავდაპირველად ის გახდა პორტუგალიის დედოფალ მარია II-ისა და მეფე ფერდინანდ II-ის რეზიდენცია. ქვეყნის უკანასკნელი დედოფალი, ამელია ორლეანელი, იძულებული გახდა, რომ 1910 რევოლუციის დროს დაეტოვებინა სამშობლო. როცა პორტუგალია რესპუბლიკად გამოცხადდა, პენას სასახლე გახდა ეროვნული კულტურული და ტურისტული ობიექტი.

სინტრაში ყოფნისას აგრეთვე აღმოაჩენთ კინტა-და-რეგალეირას სასახლეს. წლების განმავლობაში ის ხელიდან ხელში გადადიოდა, ვიდრე მას მეცენატი კარვალიო მონტეირუ არ დაეუფლა. სწორედ მან შესძინა სასახლეს ის იერსახე, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ. უნდა ითქვას, რომ მონტეირუ მასონთა ლოჟის წევრი იყო. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეგრეთ წოდებულია “განათლების ჭა”- მიწის სიღრმეში ჩამავალი გალერეა, რომელიც გარემოცულია ხრახნული კიბით.

მე-8 ასწლეულში არაბებს სულ რაღაც რამდენიმე წელი დასჭირდათ პირენეის ნახევარკუნძულის დასაპყრობად. მოგვიანებით სინტრას მახლობლად მდებარე მთის მწვერვალზე მავრებმა ქალაქის დასაცავად აღმართეს სიმაგრე. ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში ციხე ხან მუსლიმების, ხანაც ქრისტიანების საკუთრებაში გადადიოდა, ვიდრე პორტუგალიის პირველმა მეფემ, აფონს პირველმა, არ დაიკავა ლისაბონი 1147 წელს. მე-19 ასწლეულში სიმაგრის აღდგენას ხელი მიჰყო ფერდინანდ მეორემ, რომელმაც ნაგებობას შუასაუკუნოვანი რომანტიკული ციხის იერი შესძინა.

არაბთა შემოსევამდე, მე-5 საუკუნეში, პირენეის ნახევარკუნძულზე შემოიჭრნენ ვესტგოთები. მათ შეავიწროვეს რომაელები და თავიანთი პოზიციების გასამაგრებლად დაიწყეს სიმაგრეთა შენება. მათგან ერთ-ერთია ქალაქ ობიდუშში არსებული ციხე.

1147 წელს აფონს პირველმა ბერ ბერნარდ კლერკოველს გამოუყო მიწა ალკობასში, სადაც 5 წლის შემდეგ დაარსდა სანტა-მარია-დე-ალკაბასას სააბატო. ეს მონასტერი რეგიონისათვის ნამდვილი საჩუქარი გახდა, რადგან სასულიერო პირები ეხმარებოდნენ ღარიბებს და მიუსაფრებს, კურნავდნენ სნეულთ და ამზადებდნენ წამლებს. ორი საუკუნის განმავლობაში სააბატო სამეფო საძვალეს წარმოადგენდა.

პენედა-ჟერეში – პორტუგალიის ყველაზე დიდი ეროვნული პარკია. ის მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ესპანეთის საზღვართან ახლოს. იქ შემონახულია უძველესი დროის ძეგლები და ადგილობრივთა დასახლებები. პარკის ლანდშაფტი საკმაოდ მრავალფეროვანია. ის წარმოგვიდგება უზარმაზარი ამფითეატრის სახით, რომელიც შემოსაზღვრულია მთის მწვერვალებით, მათ რიცხვში შედის პენედა, სოახო, ამარელო და ჟერეში. ნაკრძალის ტერიტორიაზე შეხვდებით მუხის ტყეებს, ჩანჩქერებს, თერმულ წყაროებს, გამჭვირვალე ტბებს და ტორფიან ჭაობებს. პენედა-ჟერეშის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება სოფელი ვილარინიუ-დაშ-ფურნაში. მიიჩნევა, რომ ეს დასახლება ჯერ კიდევ ძვ.წ. 1-ელ საუკუნეში დაფუძნდა.

ტერიტორია, სადაც ახლა დგას გიმარაინშის ციხე, ბრძოლით წაართვეს არაბებს მე-9 საუკუნეში. მაშინ მართვის სადავეები ხელში აიღო გრაფ დიოგუ ფერნანდეშმა, რომლის ღვთისმოსავმა ქალიშვილმა 959 წელს მიწის ნაკვეთი გადასცა მონასტრის ასაშენებლად. სავანე მუდამ იყო არაბთა და ნორმანთა მხრიდან თავდასხმის საფრთხის ქვეშ, ამიტომ შორიახლოს სიმაგრის აშენება გადაწყდა.

მიშლენის ვერსიით, პრაია-და-მარინიას პლაჟი (მდებარეობს ალგავრეს რეგიონში) ევროპის 10 საუკეთესო სანაპიროთა შორის ერთ-ერთია. რაში მდგომარეობს ამ ადგილის საიდუმლო? პასუხი საკმაოდ მარტივია: უსუფთავესი ქვიშა, ატლანტიკის ოკეანის ლაჟვარდოვანი წყლები, უამრავი სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის კლდე და მღვიმე.

დღეს ბონ-ჟეზუშის საყდარი საკულტო არქიტექტურის უდიდეს მემკვიდრეობად ითვლება, თუმცა დაახლოებით 600 წლის წინ იქ ჯვრისა და პატარა სკიტის გარდა არაფერი იყო.

ქალაქი ავეირუ გაშენებულია მდინარე ვოგაზე და დასერილია წყლის არხებით, რის გამოც მას ხალხმა “პორტუგალიური ვენეცია” შეარქვა. აქაცაა სპეციფიკური ნავები, რომლებიც რაღაცით ჩამოჰგავს გონდოლებს, თუმცა ზომით უფრო დიდია. მათ აქვს თავისებური ფორმა, რადგან ადრე იყენებდნენ წყალმცენარეებისა და მარილის გადასაზიდად. ქალაქის ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მე-15 საუკუნით დათარიღებული იეზუიტური მონასტერი, სადაც ახლა განისვენებს ჟუანა პორტუგალიელი – აფონს მეხუთის ქალიშვილი.

1940 წლის 20 აპრილს ქალაქ ფატიმაში ჩატარდა რელიგიური კონფერენცია, სადაც გაჟღერდა ლოცვები, რომ პორტუგალიას არ შეხებოდა მეორე მსოფლიო ომი. როგორც ჩანს, ღვთისთვის ვედრება შესმენილ იქნა, რადგან ქვეყანა არ ჩართულა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ სამხედრო დაპირისპირებაში, ყოველ შემთხვევაში, პირდაპირი სახით. უფლისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად მოგვიანებით აღმართეს ქრისტეს 28-მეტრიანი ქანდაკება.

ვილა-ნოვა-დი-გაია – პატარა საპორტო ქალაქია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, მდინარე დორუს სამხრეთ სანაპიროზე. ის პორუგალიური პორტვეინის მთავარი მწარმოებელია. აქ ღვინოს უძველესი დროიდან მოყოლებული ამზადებდნენ და ზღვით ახდენდნენ მის ტრანსპორტირებას ბრიტანეთში. ხანგრძლივი მგზავრობისას ღვინო მჟავდებოდა, ვიდრე ვიღაცას თავში აზრად არ მოუვიდა სასმელში ყურძნის სპირტის დამატება. მართალია, “პორტვენი” ითარგმნება, როგორც “ღვინო პორტუდან”, თუმცა მისი ისტორიული სამშობლო მაინც ვილა-ნოვა-დი-გაიაა. ამ ქალაქში ყოფნისას აუცილებლად ესტუმრეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს. იქ შეგიძლიათ მხატვარ მირა შენდელის კოლექციის დათვალიერება.

აზორის კუნძულება – ესაა არქიპელაგი ატლანტიკის ოკეანის წყლებში, რომელიც წარმოადგენს პორტუგალიის ავტონომიურ რეგიონს. მას აქვს ვულკანური წარმოშობა, ამიტომ ყოველ კუნძულზე მთიანი რელიეფია წარმოდგენილი. მათგან უდიდესია – სან-მიგელი, ხოლო ყველაზე პატარა – კორვუ. არქიპელაგის უმაღლესი წერტილია პიკუს მწვერვალი. მრავალი ვულკანის კრატერი აივსო წყლით, რის შედეგადაც წარმოიქმნა ტბები. მათგან ფართობით ყველას აღემატება ე.წ. “ცეცხლოვანი ტბა”.

ცხრა კუნძულს შორის სან-მიგელი ყველაზე დიდი, უხვად დასახლებული და ტურისტულად განვითარებულია. აქ მდებარეობს არქიპელაგის დედაქალაქი – პონტა-დელგადა. თუკი ეძებთ ეგზოტიკას, მაშინ უნდა მოინახულოთ გრუტა დუ კარვაოს მღვიმეები ან თერმული წყაროები. თუ მშვიდ დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ აქ გელოდებათ თვალწარმტაცი სანაპიროები და პარკები, აგრეთვე რელიქტური ტყეები.

აზორის კუნძულებზე გაშენებულია ჩაისა და ანანასის პლანტაციები. ისინი დეტალურად აღწერილ იქნა კატალონიურ ატლასში, რომელიც შეადგინეს 1375 წელს. იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა შეიძინოთ ცისფერი და თეთრი კერამიკული ნაწარმი, ნაქსოვი კალათები, თევზის ქერცლისგან დამზარებული ყვავილები.

აზორის კუნძულთა წყლები ვეშაპთა ბინადრობის უმსხვილესი არეალია. ნებისმიერ მსურველს პატარა ნავით შეუძლია ოკეანეში გასვლა და ძუძუმწოვართათვის თვალის მიდევნება. ეს სრულიად უსაფრთხოა, საჭიროა მხოლოდ კაპიტნის მითითებების გათვალისწინება.

ბენაგილის ზღვის გამოქვაბული ძალიან საინტერესო ტურისტული ობიექტია. ოქროსფერ კლდეებში გამოკვეთილი გროტი თავისი თაღების ქვეშ მალავს “საიდუმლო სანაპიროს”- გასაოცარ ბუხტას წვრილი ქვიშითა და გამჭვირვალე წყლით.

ქალაქ ფატიმას სიახლოვეს მდებარეობს მირა-დე-აირეს მიწისქვეშა გამოქვაბული. ის სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლებმა 1947 წელს. ხალხმა გადაწყვიტა გაეგო, თუ რატომ ამოდიოდა მიწიდან ორთქლი. იქაურობის გამოკვლევისას მათ მიაგნეს პატარა ხვრელს, რომელიც მღვიმეში შესასვლელი აღმოჩნდა. შემდგომში სპალეოლოგებმა აღმოაჩინეს 20-მდე გამოქვაბული, რომელთა საერთო სიგრძე 11კმ-ს უტოლდება.

საკურორტო ქალაქი კოშტა-ნოვა-დუ-პრადუ ცნობილია, მათ შორის, პატარა ფერადი სახლების წყალობით, რომელთაც ეძახიან “Palheiros”-ს. იქაურ თვალუწვდენელი ქვიშის სანაპიროებს თავისებური მაგია გამოარჩევს.

ქალაქ მონსანტოს შენობები ადგილობრივი ქვითაა ნაგები, ისინი იდეალურად ერწყმის მსხვილ კაჭარებსა და კლდოვან შვერილებს. 1938 წელს პორტუგალიაში ჩატარდა კონკურსი ქვეყნის ყველაზე აუთენტურად დასახლებული პუნქტის წოდების მოსაპოვებლად, რომელშიც მონსანტომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რატუშას სასაათო კოშკზე დგას ვერცხლისფერი მამლის ქანდაკება, რომელიც ადგილობრივების სიამაყეს წარმოადგენს.

ქრისტეს მონასტერი, იგივე კონვენტუ-დე-კრიშტუ დააფუძნეს 850-ზე მეტი წლის წინ. აქვე ჯვაროსნებმა აღმართეს მძლავრი სიმაგრე, რომელმაც 1190 წელს გაუძლო მავრების ალყას იაკუბ ალ-მანსურას წინამძღოლობით. ჯვაროსანთა ორდენი გააუქმეს მე-14 საუკუნეში, ამიტომ აღნიშნული მიწები გადასცეს ქრისტეს სამხრედრო-სამონაზვნო ორდენს, რომლის რეზიდენციად იქცა ქალაქი ტომარი 1347 წელს.

 

Sorry, the comment form is closed at this time.