logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

რითია განთქმული იტალია?

23 Apr

რითია განთქმული იტალია?

იტალიაზე ფიქრისას პირველად რა გაგონდებათ: საჭმელი, ხელოვნება, ისტორია, სპორტული ავტომობილები თუ ფეხბურთი? მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ძირითად ასპექტებს, რომლებითაც ცნობილია იტალია, დაწყებული სამზარეულოთი და დამთავრებული ფილმებით, სალაპარაკო ენითა და გამორჩეული ღირსშესანიშნაობებით.

აპენინის ნახევარკუნძულის “ჩექმად” წოდებული ეს სახელმწიფო სახელგანთქმულია მრავალი მიზეზის გამო. ამ ქვეყნის სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იგი ცნობილია აღორძინების ხანით და წარმოუდგენელი მხატვრებით, რომლებიც ამ ეპოქამ შვა. იტალია გამოირჩევა თავისი ტურიზმით, ხელოვნების ქალაქებითა და უნიკალური პეიზაჟებით. ასევე უნდა აღინიშნოს იქაური ენა, ოპერა, მოდა, მდიდრული ბრენდები და უდიდესი საფეხბურთო კულტურა.

 

პასტა

ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ იტალიელები გიჟდებიან მაკარონზე. რიგითი მკვიდრი ყოველწლიურად მოიხმარს დაახლოებით 23 კგ მაკარონის პროდუქტებს. მხოლოდ იტალიაში პასტის დაახლოებით 300-მდე სახეობა არსებობს. იქაური მაკარონი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმისა თუ ზომის.

მაკარონის ნაწარმისგან მომზადებული კერძები ქვეყნის თითოეულ რეგიონში განსხვავებულია, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა საყოველთაო ცნობადობა მოიპოვა. რომაული კარბონარა, გენუური პესტო და ბოლონიური ბოლონიეზე (იტალიურად რაგუს ეძახიან) – ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია.

 

პიცა

პიცა – იტალიის ეროვნული და საფირმო კერძია. მისი ისტორია ქალაქ ნეაპოლიდან იღებს სათავეს. 1889 წელს შეფ-მზარეულმა რაფაელე ესპოზიტომ მოუმზადა პიცა დედოფალ მარგარიტა სავოიელს. მმართველის საპატივცემულოდ მან იგი იტალიური დროშის ფერებში მორთო, წეთელ ფერს ტომატის სოუსი შეესაბამებოდა, თეთრს – ყველი “მოცარელა”, მწვანეს კი – ბაზილიკის ფოთლები. რაფაელემ დედოფლის დაფასების ნიშნად საკუთარ კულინარიულ შედევრს “მარგარიტა” დაარქვა. ასე დაიბადა ყველაზე ცნობილი პიცა მსოლიოში. სახალისო ფაქტი: ნეაპოლური პიცის მომზადების ტექნიკა იმდენად უნიკალურია, რომ იუნესკომ იგი მსოფლიოს არამეტერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.

 

ესპრესო

იტალიური საუზმე იწყება ფინჯანი ყავით. ამ ქვეყანაში ეს სასმელი ფართოდ გამოიყენება გუნება-განწყობის ასამაღლებლად დილის შუა პერიოდში ან ჭამის შემდგომ. იტალია განთქმულია ესპრესოთი (ყავის სახეობა), რომელსაც მიირთმევენ რძით, შაქრით, ან მათ გარეშე. მასზე არანაკლებ ცნობილია იტალიური კაპუჩინო – ყავის, რძისა და რძის ქაფისგან მომზადებული სასმელი. კაპუჩინომ ეს სახელწოდება მიიღო მისი გამომგონებლის, კაპუცინელი ბერის ბუხრის თაროს ფერისგან.

 

ტირამისუ

ტირამისუ გაურკვეველი წარმოშობის იტალიური დესერტია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის ტრევიზოში გამოიგონეს. ეს საოცრად წვნიანი და საუცხოო მრავალფეროვანი ნუგბარი მზადდება მასკარპონეს, ყველის, ყავის (ძირითადად იყენებენ ესპრესოს), ქათმის კვერცხის, შაქრისა და სავოიარდის ორცხობილებისაგან.

კანოლი

როცა ამ დესერტს დააგემოვნებთ, მიხვდებით, თუ რატომაა მის გარშემო ატეხილი ამხელა აურზაური. კანოლი – ესაა ვაფლის ხრაშუნა მილაკი ყველის (როგორც წესი, რიკოტის) გულსართით, ასევე იგი გაჯერებულია ვანილის ან შოკოლადის სიროფით, მარსალით (შემაგრებული სადესერტე ღვინო) ან ვარდისფერი წყლით. კანოლი ძირითადად მაფიოზური ფილმების დამსახურებით გახდა პოპულარული.

იტალიური ტრუფელი

ტრუფელი არ გვხვდება მხოლოდ იტალიაში, თუმცა ამ ქვეყნის რამდნეიმე რეგიონი სწორედ ამ სახეობის სოკოთია სახელგანთქმული, მაგალთად, “Tartufi d`Alba” (“Tartufo” ქართულად ტრუფელს ნიშნავს), რომელიც პიემონტში იზრდება.

იტალიური ყველი

იტალიაში უამრავი სახეობის ყველი იწარმოება, რომელთაგან ზოგიერთი იმდენად შეუდარებელია, რომ ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. მათგან ყველაზე გამორჩეულებია: პარმეზანი, მოცარელა, რიკოტა, მასკარპონე, ბურატა, პეკორინო, გრანა პადანო, ტალეჯიო, გორგონძოლა, რობიოლა.

ვაშლი

შესაძლოა, იტალიაზე ფიქრისას პირველად ვაშლი არ გაგახსენდეთ, თუმცა ხილის ამ სახეობის წარმოების რაოდენობით იგი მეორე ადგილზეა ევროპაში. ტრენტინო – იტალიის უმსხვილესი რეგიონია ვაშლის მოყვანის მხრივ. თუ ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოში იმყოფებით, გადაამოწმეთ, სადაურია თქვენი ვაშლი. არსებობს დილი ალბათობა იმისა, რომ ისინი სწორედ იტალიიდანაა იმპორტირებული.

ჯელატო

ჯელატო – ესაა გაყინული დესერტი, თუმცა მას გაცილებით ნაკლები რამ აქვს საერთო ჩვეულებრივ ნაყინთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ! იგი შედარებით დაბალ ტემპერატურაზე მზადდება ძროხის ახალი რძისა და შაქრისაგან, კენრკრის, ნიგვზის, შოკოლადის ან ხილის დამატებით. ჯელატოს აქვს კრემისმაგვარი, ნაზი და სქელი ტექსტურა. ნაყინთან შედარებით ის ნაკლებ რძის ცხიმებს, თუმცა მეტ შაქარს შეიცავს.

რიზოტო

რიზოტო – უმეტესად იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებული კერძია, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მთელს მსოფლიოში. მას სხვადასხვანაირად აკეთებენ, თუმცა ყველაზე ცნობილი ვარიანტებია: რიზოტო მილანურად და ოსო ბუკო.

იტალიური ღვინო

იტალიური მეღვინეობის რეგიონები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა გადაჭიმული, ზოგიერთი მათგანი საყოველთაოდაა განთქმული. ჯერ კიდევ დაახლოებით 1000 წლის წინ ძველმა ბერძნებმა იტალიას “ენოტრია” უწოდეს, რაც ღვინის ქვეყანას ნიშნავს. იტალიური მეღვინეობის ყველაზე ცნობილი რეგიონებია  – კიანტი (ტოსკანა), ვალპოლიჩელა (ვენეტო), ლანგე (ვენეტო), არ უნდა დაგვავიწყდეს მარსალის ტკბილი ღვინოც, რომლის სამშობლოც კუნძული სიცილიაა.

ღვინოების გარდა, იტალიაში ასევე აწარმოებენ ვახშმის შემდგომ მისართმევ სასმელებს, რომელთაც დიჟესტივები ჰქვია.

იტალიური მოდის სახლები

იტალია ცნობილი თავისი მოდური სახლებითა და დიზაინერული ბრენდებით. მათგან ყველაზე გამორჩეულებია: “Valentino”, “Gucci”, “Prada”, “Armani”, “Versache”, “Dolce e Gabbana”. იტალიის დიზაინერულ მაღაზიებში, სავაჭრო ქუჩებსა და მოდურ ღონისძიებებზე შეგიძლიათ დატკბეთ იტალიელი მოდელიერების ქმნილებებით. ერთ-ერთი გამორჩეული მოდის ჩვენებაა მილანის მოდის კვირეული.

მდიდრული მანქანები

იტალია გამოირჩევა სპორტული მანქანების სიმრავლით. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ავტოქარხნების დიდი ნაწილი წარმოშობით სწორედ ამ ქვეყნიდანაა, მაგალითად, “Ferrari”, “Lamborghini”, “Maserati”. იტალიაში ასევე მრავლადაა საავტომობილო მუზეუმებიც.

“Fiat” – იტალიური კომპანიაა, რომელიც მანქანებს აწარმოებს. მისი ერთ-ერთი საკულტო ქმნილებაა “Fiat 500”, რომელმაც მინიატურული ზომის მიუხედავად მალევე მოიპოვა პოპულარულობა მთელს ევროპაში. ეს ავტომობილი ჩანს ტიპური იტალიური სცენის ამსახველ უამრავ ფოტოსურათზე.

“Vespa”

კომპანია “Vespa” -ის მოტოროლერები იტალიის სიმბოლოდ იქცა. მათ გარემოცვაში გაზრდილი ადამიანები დიდი ხალისით აკვირდებიან იმას, თუ როგორ გარდაიქმნა ეს სკუტერები იტალიური სტილის ქვინტესენციად. დღეს ბევრი ტუროპერატორი ტურისტებს სთავაზობს “Vespa”-ის მოდელის მოტოროლერებით ქალაქის დათვალიერებას. ეს ნადმვილად სახალისო მოგზაურობა იქნება, თუ იტალიურად დასვენება გაქვთ დაგეგმილი.

ოპერა

იტალიური ოპერა ამ მუსიკალური მიმართულების ერთ-ერთი ლოკომოტივია მთელს მსოფლიოში. ესაა ხელოვნების უნიკალური სახეობა, რომელიც აერთიანებს თეატრს, მუსიკას და პოეზიას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჟანრი წარმოიშვა “ფლორენციული წრის” – ნიჭიერი მუსიკოსების კავშირის დამსახურებით მე-17 საუკუნის დასაწყისში. იტალიაში დაიბადნენ და მოღვაწეობდნენ უდიდესი საოპერო მომღერლები: ვერდი, როსინი, პუჩინი, სკარლატი. მილანში მდებარეობს ლა სკალის საოპერო თეატრი – კულტურის ამ ჟანრის მსოფლიო ცენტრი. იტალიურ ენაზეა დაწერილი უამრავი ისეთა ოპერა, სადაც მოქმედება სრულიად სხვა ქვეყნებში ვითარდება, მაგალითად, “ბოჰემა” და “მადამ ბათერფლაი”.

ისტორია და არქეოლოგიური ძეგლები

იტალია უამრავი ცივილიზაციის სახლს წარმოადგენდა, ბერძნების, ეტრუსკების, რომაელების, ნორმანებისა და არაბების ჩათვლით. ეს იმას ნიშნავს, რომ აპენინის “ჩექმის” ტერიტორიაზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ამ ხალხების რელიქვიები. იტალიის უძველესი ნანგრევები უკავშირდება ეტრუსკების ხანას (ტოსკანა და ლაციო), ასევე ბერძნულ (პაესტუმი, ტაძრების ხეობა და სეგესტა კ.სიცილიაზე) და რომაულ ეპოქებს (კოლიზეუმი და პომპეი). მთელი იტალიის ტერიტორიაზე შეხვდებით შუასაუკუნოვან ქალაქებს, როგორებიცა, მაგალითად, სიენა და სან-ჯიმინიანო.

რენესანსი

რენესანსი, იგივე აღორძინების ხანა აღნიშნავს შუა საუკუნეებიდან აყვავებისა და აღორძინების ეპოქაში გადასვლის ისტორიულ პერიოდს. უამრავი ცნობილი ხელოვნების ნიმუში სწორედ რენესანსის ერაში შეიქმნა. “Rinascimento” იტალიურიდან ითარმგნება, როგორც “ხელმეორედ დაბადება”. ბევრი იტალიური ქალაქის ფორმირებაც სწორედ აღორძინების ხანაში მოხდა, მაგალითად, ფლორენცია რენესანსის ეპოქის არქიტექტურული ოსტატობის იდეალური მაგალითია.

იტალიელი მხატვრები და მოქანდაკეები

იტალიამ შვა უამრავი მხატვარი და მოქანდაკე. მათ შორის ყველაზე ცნობილები არიან: ლეონარდო და ვინჩი (“მადონა ყვავილით”, “მონა ლიზა”, “საიდუმლო სერობა”), მიქელანჯელო ბუენაროტი (“პიეტა” – “ქრისტეს დატირება”), დონატელო, ბერნინი (“აპოლონი და დაფნე”, “პროზერპინის მოტაცება”), კანოვა, ჯოტო, ბოტიჩელი, კარავაჯო, რაფაელი.

სამხატვრო მუზეუმები

გამორჩევის ღირსია შემდეგი მუზეუმები და გალერეები: უფიცის გალერეა (ფლორენცია), ვატიკანის მუზეუმები (რომი), აკადემიის მუზეუმი (ვენეცია), ბორგეზეს გალერეა (რომი), პალაცო პიტო (ფლორენცია), პალაცო ბიანკო (გენუა), უმპრის ეროვნული გალერეა (პერუჯა), პალაცო ვეკო (ფლორენცია), ბრერის გალერეა (მილანი).

მუზეუმები იტალიის ეროვნული საგანძურია, იქ შეგიძლიათ საკუთარი თვალით იხილოთ გასული ეპოქების გენიალური ქმნილებები და თავადვე შეაფასოთ ხელოვნების ნიმუშების კოლექციების მასშტაბი და უნიკალურობა.

მეცნიერები, მკვლევრები და გამომგონებლები

იტალიელი მეცნიერები, მკვლევრები და გამომგონებლები საუკუნეების განმავლობაში წარმოუდგენელ სიმაღლეებს აღწევდნენ სხვადასხვა სფეროში. იტალიური წარმოშობის ესპანელი მეზღვაური – ქრისტეფორე კოლუმბი – საკულტო ფიგურაა მსოფლიო ისტორიაში, იგი ამერიკის კონტინენტის პირველაღმომჩენად ითვლება. გულიელმო მარკონიმ დააკონსტრუირა პირველი ხელსაწყო რადიოსიგნალების გასაგზავნად. მას შემდეგ, რაც ალესანდრო ვოლტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ელექტრულ დენს მოძრაობაში მოჰყავდა ბაყაყის ფეხები, მან გამოიგონა ელექტრული ბატარეა. ლეონარდო და ვინჩი იყო აღორძინების ეპოქის უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც მიაღწია სრულყოფილებას როგორც ხელოვნებაში, ასევე მეცნიერებაშიც. გალილეო გალილეიმ დაამტკიცა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავდა, 1633 წელს მას მწვალებლობაში დასდეს ბრალი. 1938 წელს ნობელის პრემიის ლაურეატმა ენრიკო ფერმიმ ააგო პირველი ბირთვული რეაქტორი, რომელიც გამოიმუშავებდა ენერგიას.

პიზის დახრილი კოშკი

პიზის კოშკი – იტალიის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური და ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ალბათ, ყველამ როდი იცის, რომ იგი არა ცალკე ნაგებობა, არამედ არქიტექტურული ანსამბლის ნაწილია. ეს კომპლექსი შედგება პიზის ტაძრის, კამპო-სანტოს სასაფლაოს, სანათლავისა და ე.წ. საოცრებათა მოედნისგან. პიზის კოშკის მშენებლობა გარკვეული პერიოდულობებით დაახლოებით ორი საუკუნე გრძელდებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ნაგებობის პირველი სამშენებლო პროექტის ავტორია ბონანო პიზანო. 3 სართულის აგების შემდეგ უკვე ცხადი გახდა, რომ კოშკი იხრებოდა (ამის მიზეზი ერთ მხარეს თიხიანი გრუნტის არსებობა იყო), რის გამოც მშენებლობა 99 წლით გადაიდო. მომდევნო ექვსი საუკუნის განმავლობაში ეს ნაგებობა სულ უფრო კარგავდა ვერტიკალურ პოზიციას, 1993-2001 წლების ინტერვალში მიმდინარეობდა კოშკის რეკონსტრუქცია, გამოიცვალა დეფექტური ნიადაგი და გატარებული ზომები ეფექტური აღმოჩნდა.

ჩინკვე-ტერე

ჩინკვე-ტერე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ლანდშაფტია. იგი ლიგურიის (ადმინისტაციული ოლქი) 5 სოფლის საერთო სახელწოდებაა. ისინი გაშენებულია ზღვაში შეჭრილ მაღალ ციცაბო კლდეებზე, რომლებიც ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკებითაა დაკავშირებულია. ეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია.

იტალიის ტბები

იტალიის ტერიტორიაზე 1500-მდე ტბაა, რომელთა უმრავლესობა პატარა მთის წყალსატევებს წარმოადგენს. ყველაზე სურათოვანი და თვალწარმტაცია ალპების მთის ძირას არსებული ტბები (გარდა, კომო, მაჯორე, იზეო).

ამალფის სანაპირო

კამპანიის რეგიონში, მზით გაჩახჩახებულ ვენახებსა და ზეითუნის წარაფებს შორის აღმოაჩენთ სამოთხის სადარ ადგილს. სორენტოს ნახევარკუნძულთან არსებული სალერნის ყურე გამოირჩეა ამალფის სანაპიროთი, რომელიც ტირენიის ზღვით ირეცხება. ქვიან ტერასებზე გაშენებული ფერადი სახლები გასაოცარი პეიზაჟის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის.

“La doce vita” – “ტკბილი ცხოვრება”

ფედერიკო ფელინის ეს ცნობილი ფილმი ლამის იტალიური ცხოვრების სტილის სიმბოლოდ იქცა. ამ ქვეყნის მკვიდრთა ბედნიერების რეცეპტის ინგრედიენტებია: გემრიელი საჭმელი, ოჯახური შეკრებები, მეგობრული ურთიერთობა, პრობლემებისადმი აუღელვებელი დამოკიდებულება, საინტერესო დასვენება, ამაღლებული განწყობა.

ოჯახი

იტალიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახის კულტს, რაც მრავალი ფორმით გამოვლინდება, განსაკუთრებით, მშობლებთან მჭიდრო კავშირსა და მოხუცებისადმი თავაზიან, პატივისცემით გამსჭვალულ დამოკიდებულებაში. იტალიელები გიჟდებიან ბავშვებზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ქვეყანაში მცირეა მრავალშვილიან ოჯახთა რაოდენობა, იტალიაში შობადობის მაჩვენებელი დაბალია.

იტალიური ფეხბურთი

ედოარდო ბოსიო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა იტალიური ფეხბურთის განვითარების ისტორიაში. 80-იან წლებში ბრიტანული ტექსტილის საწარმოს თანამშრომელი ინგლისს ეწვია და იქ გამოსცადა ახალი თამაში, რომელიც უსაზღვროდ მოეწონა. ტურინში დაბრუნების შემდეგ მან მონდომა, რომ თავის რეგიონში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზება მოეხდინა. ასე დაარსდა ტურინში კლუბი სახელწოდებით “il Football & Cricket”, რომლის წევრებიც ზამთრობით თამაშობდნენ ხოლმე ფეხბურთს.

იტალიის ნაკრები ფეხბურთში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.

ტყავის ნაწარმი

იტალიური ტყავი გამოირჩევა გამძლეობით, ელასტიურობით და მრავალფეროვანი შეფერილობებით. ამ მასალისაგან დამზადებული ნაკეთობები ფართო დიაპაზონშია წარმოდგენილი. აქედან დაახლოებით 50% მოდის ფეხსაცმელზე, 20% – ტყავის ნაწარმზე, 19% – ავეჯის პროდუქციაზე, დანარჩენი წილი კი – ტანსაცმელზე, ავტომობილის ინტერიერსა და აქსესუარებზე. ~

იტალიური მაფია

მაფია – იტალიური კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ორგანიზაციის სახელწოდებაა. თავად ამ სიტყვის წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, “მაფია” წარმოადგენს 1282 წლის ჯანაყების დევიზის აბრევიატურას – “სიკვდილი საფრანგეთს! ამოისუნთქე იტალია!” (“Morte alla Francia Italia Anelia!”). მეორე ვარიანტის მიხედვით, ტერმინი “მაფია” იმ დროის გადმონაშთია, როცა სიცილია არაბულ ტერიტორიას წარმოადგენდა, რაც აღნიშნავდა უბრალო ხალხის დაცვას ხელისფულების უსამართლობისაგან. იტალიის ყველაზე ცნობილი მაფიოზური კლანებია “კოზა ნოსტრა”, “კამორა”, “ნდრანგეტა”.

მე-19 საუკუნეში იტალიურ მაფიაში ჩამოყალიბდა იერარქიული სისტემა, რომელიც დღემდე შემორჩა. ის დაახლოებით 7 საფეხურისაგან შედგება, თუმცა სხვადასხვა კლანის შემთხვევაში მათი რაოდენობა მცირედ იცვლება.

Sorry, the comment form is closed at this time.