რომის მუზეუმები, რომელთა მონახულებისას ხალხთა სიმრავლე არ შეგაწუხებთ
პალაცო ალტემპსი
პალაცო ალტემპსი – მე-16 საუკუნის სასახლეა რომში, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არისტოკრატული რეზიდენციის როლს ასრულებდა. პალაცოს შემადგენლობაში შედის კერძო თეატრი, კაპელა და კოშკი-ბელვედერი. ამჟამად პალაცო ალტემპსი ასრულებს ეროვნული მუზეუმის ფუნქციას, მის განკარგულებაშია სკულპტურისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კოლექციები. იქ ყოფნისას აღტაცებული დარჩებით ანტიკური ქანდაკებების, ჩვენს დრომდე მოღწეული ეგვიპტური სიძველის, ბერძული და რომაული არქიტექტურისა და უიშვიათესი ტილოების ხილვით. მუზეუმის საცავებში ინახება შედევრები, რომლებიც ეკუთვნოდათ წარჩინებულ რომაულ დინასტიებს.
ალტემპსის კოლექცია სიძველეთა გასაოცარი ნაკრებია, რომელიც ერთ დროს ეკუთვნოდა კარდინალ მარკუს სიტიკუსს. ის შედგება ასამდე ანტიკვარული ნახატის, უძველესი ქანდაკებებისა (“ჰერკულესი”, “მენადა” და “დემეტრა”) და წიგნებისაგან. ბონკომპანი ლუდოვიზის კოლექციის 104 სკულპტურა განთავსებულია სასახლის პირველ სართულზე. იტალიის ხელისუფლებამ ეს შედევრები შეიძინა კარდინალ ლუდოვიკო ლუდოვიზის ოჯახისგან. ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ქანდაკებებია: “ლუდოვიზის სამეფო ტახტი”, “გალელი, რომელიც თავს იკლავს და სიცოცხლეს უსპობს ცოლს”, “არესი”. ასევე პალაცო ალტემპსში დაცულია მატეის, დრაგოს და ეგვიპტური კოლექციები.
პალაცო მასიმო
პალაცო მასიმო მდებარეობს რომის ცენტრში, დიოკლეტიანეს აბანოების გვერდით. ოდესღაც ამ მდიდრული სასახლის მფლობელი რომის პაპი სიქსტე V იყო, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კი იგი რომის ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ კამპუსად გადაიქცა. 1888 წელს ტერმინის სადგურისა და რკინიგზის მშენებლობისას ეს ისტორიული ნაგებობა დაინგრა. სასახლის თანამედროვე შენობის რეკონსტრუქცია მოხდა აზნაურ მასიმოს დაფინანსებით XIX საუკუნეში. 1960 წლამდე პალაცო მასიმოში სხდომებს მართავდა იეზუიტთა ორდენის კოლეგია, ვიდრე ის ქალაქის საკუთრებაში არ გადავიდა.
მუზეუმის მიწისქვეშა სართულზე აღმოაჩენთ რომის რესპუბლიკის და ადრეული იმპერიის დროინდელ ბიუსტებს, რომელთაგან გამორჩეულებია: მჯდომარე მინევრის პოლიქრომული ფიგურა, იმპერატორ ავგუსტუსის და ასევე ნიობის ქანდაკებები. პალაცო მასიმის პირველ სართულზე ინახება რომის სკულპტურული პორტრეტი, სარკოფაგთა რელიეფები, “ჩამომჯდარი აფროდიტეს” ერთ-ერთი რეპლიკა, ღმერთ აპოლონისა და ცნობილი “დისკის მსროლელის” ქანდაკებები. მუზეუმის მეორე სართულზე დაცულია რომაული ფრესკების, მოზაიკების და სტუკოს (ხელოვნური მარმარილოს) რელიეფთა ნაკრებები. მათ შორისაა ლივიის (იმპერატორ ავგუსტუსის) ტრიკლინუმის მოხატულობები, “მოკრივის” და “ელინელი მმართველის” ბრინჯაოს ქანდაკებები, ასევე ფარნეზინის ვილის ბაღებში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ანტიკური ფრესკები.
ვილა ჯულია
რომში მდებარე ვილა ჯულია ადრე პაპების საზაფხულო რეზიდენცია იყო. ახლა ის ეტრუსკული ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს წარმოადგენს. ვილა 1550-1555 წლებში ააგეს მანერიზმის (ხელოვნების დასავლეთ ევროპული მიმდინარეობა, რომელიც ხასიათდება რენესანსული ჰარმონიის დაკარგვით ხორციელსა და სულიერს, ბუნებასა და ადამიანს შორის) სტილში პაპ იულიუს III-თვის. შენობის დაპროექტებაში მონაწილეობა მიიღეს იმ ეპოქის უდიდესმა მხატვრებმა: ჯაკოპო დი ვინიოლამ, ბართოლომეო ამანატიმ, მიქელანჯელო ბუენაროტიმ და ჯორჯო ვაზარიმ.
იტალიის ისტორიაში ეტრუსკული პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საინტერესოა. რომაელები, რომლებმაც ძვ.წ. III საუკუნეში შთანთქეს ეტრუსკული ცივილიზაცია, ყველანაირად ეცადნენ, თავიანთი დიადი წინამორბედების მიღწევების ყველა კვალი წაეშალათ. სწორედ ამის გამო თანამედროვეობამდე ამის ძალიან ცოტა მტკიცებულება შემორჩა. ეტრუსკთა უძველეს კულტურასთან დაკავშირებული აღმოჩენები და მონაპოვრები მსოფლიო სენსაცია გახდა. ვია ჯულიის ექსპონატთა კოლექციას შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს ტერაკოტისგან დამზადებულ ცოლ-ქმრის საფლავის ძეგლს. ეს სკულპტურა აღმოაჩინეს XIX საუკუნეში ბანდიტაჩის ნეკროპოლის ერთ-ერთ აკლდამაში. მყიფე შედევრი შედგება გამომწვარი თიხის 400-მდე ფრაგმენტისაგან. ქმრის გვერდით ცოლის არსებობა გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ერტურიაში ქალები და მამაკაცები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ (რომაელებისაგან განსხვავებით). სკულპტურული ფრაგმენტი – ქალღმერთ ლევკოტეის თავი წარმოადგენს ეტრუსკული ტაძრის ფასადის მორთულობის ნაწილს. ჩეტვეტერის უძველესი პორტის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა პირგის გორელიეფი. მასზე გამოსახულია დრამატიზმით სავსე მითოლოგიური სცენა: ედიპის ვაჟები ვერ იყოფენ ბერძნული ქალაქის, თებეს სამეფო ტახტს და ურთიერთშეტაკებაში ორივე მათგანი იღუპება.
ვილა ფარნეზინა
ვილა ფარენზინა – აღორძინების ეპოქის მონუმენტური ხელოვნების არქიტექტურული ძეგლია. იგი მდებარეობს რომში, ტრასტევერეს რაიონში. თავდაპირველად ვილა შენდებოდა ბანკირ აგოსტინო კიჯისათვის, რომელიც ქეიფისა და დროსტარების დიდი მოტრფიალე იყო. ის მფარველობდა მხატვარ რაფაელს, რომელმაც ნაგებობების გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა. 1577 წელს ვილა შეიძინა ალესანდრო ფარნეზემ, რომლის სახელსაც ის დღემდე ატარებს. ფარნეზე იყო კარდინალი, მეცენატი და კოლექციონერი.
დღესდღეობით ვილა ფარნეზინა დეი ლინჩეის ეროვნულ აკადემიას ეკუთვნის. შენობის პირველ სართულზე სამი დარბაზია განლაგებული: 1) ფრიზების ოთახი: იქ ინახება ფრესკები, რომლებზეც ასახულია სცენები ძველბერძნული მითებიდან. 2) გალატეის ლოჯია: მან ეს სახელი მიიღო რაფაელის ფრესკის – “გალატეის ტრიუმფის” გამო, რომელზეც გამოსახულია ერთ-ერთი სცენა ოვიდიუსის “მეტამოფროზებიდან”. 3) ამურისა და ფსიქეას ლოჯია – იქ აღმოაჩენთ აპულეუსის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ ფრესკებს. ოთახს, რომელიც ადრე ვილის მეპატრონეთა საძინებელს წარმოადგენდა, ახლა საქორწინო დარბაზი ჰქვია. მან ეს სახელწოდება მიიღო იქ დაკიდებული ფრესკის დამსახურებით, რომელზეც ალექსანდრე მაკედონელის შეუღლებაა გამოსახული.
კორსინის გალერეა
პალაცო კორსინი ბაროკოს სტილის რომაული სასახლეა. XVII საუკუნის მეორე ნახევარში ის შეიძინა რომში გადასახლებულმა გაკათოლიკებულმა შვედეთის ექს-დედოფალმა. მისი მფარველობის ქვეშ სასახლეში მოქმედებდა არკადიის აკადემია, სადაც იკრიბებოდნენ ხელოვანი ადამიანები, ლიტერატორები და მეცნიერები. მათ აერთიანებდათ სიმპათია არკადიისადმი, ძველბერძნული მითოლოგიური რეგიონისადმი, რომლის შესახებაც წერდა პოეტი ვერგილიუსი. ნაპოლეონის მიერ რომის ოკუპაციისას პალაცო კორსინიში დასახლდა იმპერატორის უმცროსი ძმა, ჟოზეფი.
დღეს სასახლის მეორე სართულს იკავებს კორსინის სამხატვრო გალერეა. იქ წარმოდგენილი ნამუშევრები ძირითადად XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ექსპოზიციის ყველაზე ცნობილი ნახატებია: კარავაჯოს “წმინდა იოანე ნათლისმცემელი”, ჯორდანოს “ქრისტეს შესვლა იერუსალიმში”, რუბენსის “წმინდა სებასტიანი”, მურილიო “მადონა ჩვილთან ერთად”, პუსენის “ოვიდიუსის ტრიუმფი”.
ჩენტალე მონტემარტინი
ჩენტალე მონტემარტინი – რომის თბოელექტროსადგურია, რომელიც XX საუკუნის პირველ ნახევარში ააგეს. 1997 წლიდან მოყოლებული შენობაში განთავსებულია არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც უპირატესად წარმოდგენილია ანტიკური სკულპტურების კოლექციები, მოკრებილი კაპიტოლეუმის გალერეებიდან.
სპადას გალერეა
სპადას დიდებული სასახლე აიგო 1540 წელს არქიტექტორ ბართოლომეო ბარონინოს მიერ კარდინალ ჯიროლამო კაპოდეფეროს დაკვეთით. მდიდრული ექსტერიერი შეიმუშავა და გამოკვეთა ჯულიო მაცონიმ, ცნობილი მხატვრისა და ხუროთმოძღვრის, ჯორჯიო ვაზარის მოსწავლემ და მიმდევარმა. სკულპტორმა ფასადი გაალამაზა რომაელი მეფეებისა და იმპერატორების ქანდაკებებით (რომულუსი, ტრაიანე, პომპეუსი, იულიუს კეისარი). იმ დროს რომის კათოლიკურ ეკლესიაში მიმდინარეობდა რეფორმირების პროცესი და აღორძინების ეპოქის ატმოსფეროს მოეცვა საზოგადოების უმეტესი ფენა. კარდინალი კაპოდეფერო არაფერს ხედავდა დასაძრახს იმაში, რომ საკუთარი სასახლე მოერთო წარმართული ღმერთების შიშველი ქანდაკებებით. პალაცო სპადას ცენტარული შესასვლელის თავზე გამოქანდაკებულია სპადას ოჯახის გერბი.
1902 წელს გარდაიცვალა მარია სპადა – გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი, რის შემდეგაც სასახლე სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. გნეუს პომპეუსის კოლოსალური ქანდაკება შენობის დახურულ ნაწილში დგას. გალერეის პირველ დარბაზს პაპის ოთახი ჰქვია. იქ აღმოაჩენთ 50-მდე ტილოს, რომლებიც ასახავს პონტიფიკების ცხოვრებას. მეორე დარბაზი თავდაპირველად კედლისათვის განკუთვნილი მოჩუქურთმებული ხის პანელებით იყო ინკრუსტირებული, თუმცა რეკონსტრუქციის შემდეგ ეს უნიკალური საფარველი მოაცილეს. გალერეის მესამე დარბაზში წარმოდგენილია XVII-XVIII საუკუნეების იტალიელი მხატვრების ტილოები. მეორე დარბაზში ინახება კარავაჯოს სკოლის ფერმწერთა ნახატები.
პალაცო ბრასკი
პალაცო ბრასკი – ნეოკლასიკური სასახლეა, რომელიც მდებარეობს პირიონეში, რომის ერთ-ერთ უძველეს რაიონში. ის 1435 წელს აიგო პრეფექტ ფრანჩესკო ორსინის დაკვეთით. 1790 წელს რომის პაპმა, პიუს VI-მ, შეისყიდა ნეაპოლელი ოჯახისგან პალაცო ორსინი, რათა იმ ადგილას ახალი სასახლე აეგო. სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაევალა არქიტექტორ კოზიმო მოსელის, რომელმაც დიდებული შენობა ნეოკლასიციზმის სტილში დააპროექტა. 1930 წელს სასახლეში რომის მუზეუმი დააფუძნა ისტორიკოსმა და ხელოვნებათმცოდნემ ანტონიო მუნოსომ. გალერეის ოვალურ დარბაზში დგას ორი უნიკალური ოთხთვალა ეტლი, რომლებიც თავის დროზე საქორწინო პროცესიისათვის დაამზადეს. რომის მუზეუმში დაცული ხელოვნების ნიმუშებიდან განსაკუთრებით ფასეული და საინტერესო ინფორმაციის მატარებელია რომის დაკარგული ადგილებისა და წარსული მოვლენების ამსახველი ძველი ტილოები და გრავიურები. სკულპტურული კოლექცია ძირითადად შედგება ბერნინის, ოტონის, ალგარდის, მოკისა და სხვა ოსტატთა ნამუშევრებისაგან.
ბაროკოს მუზეუმი
ბაროკოს გალერეაში წარმოდგენილია გამოჩენილი კოლექციონერის, ჯოვანი ბაროკოს მიერ შეგროვებული ხელოვნების ნიმუშები. ბაროკოს ოჯახი გამოირჩეოდა თავისი სიმდიდრით მთელ სიცილიის სამეფოში. ახალგაზრდა ჯოვანის წინ ყველა კარი იღებოდა. ევროპელ ინტელექტუალთა წრეში მან გაიცნო ჯუზეპე ჯიორელი, ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი და პომპეიში წარმოებული გათხრების ხელმძღვანელი. ახლო მეგობარმა ჯოვანის შეაყვარა ხელოვნება და ძველი მატერიალური კულტურის ძეგლები. 1902 წელს ბაროკომ ხელოვნების ნიმუშთა უზარმაზარი კრებული რომის მუნიციპალიტეტს ძღვენის სახით გადასცა. კოლექცია ამ წლების განმავლობაში ივსებოდა ახალი ნამუშევრებით.
Sorry, the comment form is closed at this time.