logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

შრი-ლანკის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები.

27 Oct

შრი-ლანკის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები.

დამბულას ოქროს ტაძარი

დამბულაში არსებული კლდოვანი ტაძარი, რომელიც მაჰავამსაში (შრი-ლანკის ძირითადი ისტორიული ქრონიკა, რომელიც აღწერილია პალის ენაზე) მოხსენიებულია იუმბუკოლა ვიჰარას სახელწოდებით, მდებარეობს კანდის (სინგალელ მეფეთა უკანასკნელი დედაქალაქი) ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 75 კმ-ის დაშორებით.

ეკლესია შედგება ხუთი მღვიმე-სალოცავისგან. თითოეული გამოქვაბული გამოირჩევა თაღოვანი კამარებით, იქ ინახება ბუდას და სხვადასხვა გამოჩენილი ისტორიული მოღვაწის ქანდაკებები. ისტორიკოთა ვარაუდით, დამბულას ტაძრის ყველაზე ადრეული ფრესკები თარიღდება ახ.წ. მე-8 საუკუნით. მიიჩნევა, რომ სინგალური ფერწერის კლასიკურმა სკოლამ არსებობა შეწყვიტა პოლონარუვას სამეფოს დაცემის შემდგომ, მე-12 საუკუნის ბოლოს. ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ სტილის ვერც ერთმა ნიმუშმა, რომელიც შეიძლებოდა მიგვეკუთვნებინა მე-13 საუკუნის შემდგომი პერიოდისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვაბულთა კელდები თითქმის მთლიანად დაფარულია ფრესკებით.

მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით, დამბულას ოქროს ტაძარი ეკუთვნოდა მეფე ვალაგამბაჰას, რომელმაც პატივისცემის ნიშნად სალოცავი ბუდისტურ ოდენს შესწირა.

პირველი მღვიმე რაჯა ვიხარაიას სახელწოდებითაა ცნობილი. ეს 14-მეტრიანი ქანდაკება განასახიერებს ბუდას პარინიბანუს (უკანასკნელ წამს). გამოქვაბულის სამხრეთ ნაწილში დგას სკულპტურა, რომელიც, სავარაუდოდ, ეკუთვნის არხატ ანანდას (ბუდას უერთგულესი მოწაფე), რომელიც დაიტირებს თავისი მოძღვრის გარდაცვალებას.

მეორე მღვიმეს ეწოდება მაჰარაჯა ვიხარაია (დიდებული ხელმწიფის ტაძარი), რადგან ის დაარსა მეფე ვატაგამანი აბხაიამ, რომელიც პირადად იღებდა მონაწილეობას მის მშენებლობაში. გამოქვაბულში განთავსებულია 53 ქანდაკება, რომელთა უმრავლესობა განასახიერებს ბუდას სხვადასხვა პოზაში. სალოცავის მთავარი სკულპტურაა: დრაკონს ტოტანას ფორმის თაღის ქვეშ მდგარი ბუდა. ამ ქანდაკების გვერდით დგას ნათჰას (ღვთაება შივას სახელი, რაც სანსკრიტულიდან ითარგმნება, როგორც “ბატონი” და “ოსტატი”) და მაიტრეიას (ბოდჰისატვა – მომავლის ბუდა, ბუდიზმში არსება, რომელიც ფლობს ბოდჰიჩიტოს – გამოღვიძების უმაღლეს საფეხურს) ფიგურები.

მეორე მღვიმის ყველა ზედაპირი მოხატულია კაშკაშა ფერებში ყვითელი ფერის სიჭარბით. იქ არსებული ფრესკებიდან გამორჩეულებია: 1) უფლისწული სიდჰარტა გამოდის სასახლიდან, თავისი მეომრული ხელოვნების საჩვენებლად; 2) უფლისწული სიდჰარტა, რომელიც ავლენს მშვილდოსნობის ოსტატობას; 3) პრინცი სიდჰარტა, რომელიც მიდის ჭეშმარიტების საძებნელად; 4) მარას არმიის ურჩხულები თავს ესხმიან ბუდას; 5) ავგული მარა (სატანა) ჩამოგდებული სპილოდან და დამარცხებულია ბუდას მიერ.

ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე კედლის მხატვრობა, რომელიც ასახავს ღვთაება გამანისა (სინგალთა განთქმული გმირი) და ელარის (ინდოელი უზურპატორი, რომელიც 44 წლის განმავლობაში განაგებდა შრი-ლანკის ჩრდილოეთ ნაწილს) შერკინებას.

მესამე მღვიმეს ეძახიან მახა ალუტ ვიხარაიას, რომელიც მე-18 საუკუნემდე სარდაფს წარმოადგენდა. ის სალოცავად გადაკეთდა კიტრი შრი რაჯასინჰას განკარგულებით.

მეოთხე გამოქვაბულს ეძახიან პაჩიმა ვიხარაიას (“დასავლეთის ტაძარი”), მისი მთავარი სკულპტურაა მედიტაციის პოზაში (“დჰიანა მუდრა”) მჯდარი ბუდა.

სიგირია

სიგირია წარმოადგენს 170 მ სიმაღლის კლდოვან პლატოს, რომელზეც აღმართულია სიმაგრე. ის მდებარეობს მატალეს რაიონში, შრი-ლანკის ცენტრალურ ნაწილში. მის მწვერვალზე მიმოფანტულია ქალაქის ნარჩენები, უძველესი ციხისა და სასახლის ნანგრევები, რომლებიც ხელმწიფე კასიაპას მმართველობის დროს აშენდა. პლატოსკენ მიმავალ ნახევარგზაზე შეგხვდებათ ლომის თათების ფორმის კარიბჭე. მე-14 ასწლეულში სიგირიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა ბუდისტური მონასტერი.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მონაცემების მიხედვით, კლდის მიმდებარე რაიონში ხალხი ჯერ კიდევ პრეისტორიულ პერიოდში ცხოვრობდა, რასაც მოწმობს მრავალი გროტა და მღვიმე.

477 წელს კასიაპამ, ხელმწიფისგან შობილმა მდაბიომ, ძალის გამოყენებით წაართვა სამეფო ტახტი კანონიერ მემკვიდრეს – დატუსენას. მას შემდეგ, რაც კასიაპამ ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, მან დედაქალაქი ანურადჰაპურიდან სიგირიაში გადაიტანა. ეს იძულებითი ზომა იყო, რადგან თვითაღიარებულ მეფეს ეშნოდა, რომ მას ტახტიდან ჩამოადგდებდა ის, ვისაც ხელმწიფობა მემკვიდრის უფლებით ეკუთვნოდა. ამ მოვლენების მერე სიგირია გახდა ნამდვილი საქალაქო კომპლექსი, კარგად გათვლილი არქიტექტურით, თავდაცვითი ნაგებობებით, ციხითა და ბაღებით. 495 წელს უკანონო მონარქი გადააყენეს და დედაქალაქი კვლავ ანურადხაპურა გახდა, კლდის მწვერვალზე კი მრავალი წლით დაფუძნდნენ ბუდისტი ბერები.

სიგირია აღმოაჩინა ბრიტანელმა ჯარისკაცმა – ჯონათან ფორბსმა 1831 წელს. ისტორიკოს დე სილვამ სიღრმისეულად შეისწავლა კლდის ფრესკები და მათი წარმომავლობა. მისი მოსაზრებით, სიგირია არასოდეს ყოფილა კასიაპას რეზიდენცია. მკვლევარის ვერსიით, იქ არსებობდა მაჰაიანური ტაძარი და მოხატულობებზე აღბეჭდილ მანდილოსნებს არ აქვთ არანაირი კავშირი ხელმწიფისი ჰარემთან. კლდეზე აგრეთვე ამოკაწრულია ქალის სილამაზისადმი მიძღვნილი ლექსები და პოემები.

 

ადამის მწვერვალი

ადამის მწვერვალი წმინდა ადგილადაა აღიარებული ოთხი სხვადასხვა რელიგიის მიერ. ეს მთა მდებარეობს დელჰუსის დასახლებაში. ადგილობრივები იქაურობას ეთაყვანებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ დატოვა ფეხის ანაბეჭდი თავად ბუდამ. მუსლიმები მოწიწებით ეპყრობიან იმ ადგილს, რადგან თვლიან, რომ სწორედ იქ მოხვდა ადამი ედემის ბაღიდან განდევნის შემდეგ. ქრისტიანები პატივს სცემენ მწვერვალზე არსებულ ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფის ნაკვალევს, ინდუსები კი ამ კვალს შივას ნიშანთან აიგივებენ. ადამის მწვერვალის სიმაღლე 2243 მეტრია, იგი შრი-ლანკის რიგით მეორე უმაღლესი წერტილია. მთაზე ასასვლელად, შესვენებების გათვალისწინებით, დაახლოებით 2,5 საათია საჭირო.

 

კუმანას ეროვნული პარკი

კუმანას ეროვნული ნაკრძალი მდებარეობს ქალაქ კოლომბოდან თითქმის 400 კმ-ის დაშორებით, მისი ფართობი დაახლოებით 36 000 ჰექტარს უტოლდება. პარკის ტერიტორიაზე გადაჭიმულია ლაგუნები, რომლებიც ატარებენ უჩვეულო სახელებს: იაკალა, ანდარაკალეი, ბაგურა, იტიკალა. კუმანას ნაკრძალში აღმოაჩენთ თვალწარმტაც ტბას – კუმანა ვილუს. იქ ბინადრობს დაახლოებით 355 სახეობის ფრინველი. პარკში სეირნობისას შეხვდებით ჟეროებს, იბისებს, თეთრ ყანჩებს, წეროებს, ვარხვებს. ნაკრძალის ტერიტორია დაფარულია ტყეებით, მანგროს ბარდებით, გვიმრის კორომებით.

 

კანდის ხეობა

ქალაქი კანდი კუნძულის ცენტრალური პროვინციის დედაქალაქია (წარსულში, XV- XIX საუკუნეებში, ის იყო კანდის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი). ეს წყნარი და მყუდრო ადგილი გამოირჩევა უნიკალური ატმოსფეროთი, იქ ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის კოლონიალური პერიოდის ხელოვნება, არქიტექტურა (პორტუგალიამ, ჰოლანდიამ და ბრიტანეთმა იქაურობას თავიანთი ნაკვალევი დაამჩნიეს) და ბუნების სილამაზე. ქალაქისგან 150 კმ-ის დაშორებით, ანურადჰაპურაში, იზრდება ბოდჰის წმინდა ხე, ის სწორედ იმ მცენარის კალამია, რომლის ქვეშაც მედიტირებდა უფლისწული გაუტამა. კანდის ყველაზე ცნობილი სალოცავია ბუდას კბილის ტაძარი. 371 წლიდან მოყოლებული იქ ინახება ბუდა შაკიამნის კბილი, რომელიც ჩამოიტანეს პრინცესა ჰემამალამ და უფლისწულმა დანთჰამ. ლეგენდის თანახმად, ამ წმინდა რელიქვიას აქვს ჯადოსნური თვისება. მის მფლობელს ეძლევა სრული ძალაუფლება და მას შეუძლია ნებისმიერ დაბრკოლებათა გადალახვა. ბუდიზმის დამფუძნებლის კრემაციის შემდგომ, სხეულის დარჩენილი 8 ნაწილი (4 კბილი და 4 ძვალი) გადაანაწილეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აგებულ სტუპებში. ბუდას წმინდა ნაწილის განადგურება მრავალჯერ უცდიათ. მეფე ვიმალადჰარმასურიას მიერ აშენებული ტაძარი პორტუგალიელმა დამპყრობლებმა მიწასთან გაასწორეს. ხელმწიფე რაჯასინგჰე მეორის მიერ აღმართული სალოცავი კი ჰოლანდიელებმა გადაწვეს. 1998 წელს ისლამისტებმა ააფეთქეს ბუდას კბილის ტაძარი, თუმცა ის სასწაულებრივად გადარჩა. ეკლესიაში დაცულ სიდჰარტა გაუტამას ძვალს ხშირად იყენებენ ბუდისტური დაკრძალვების ცერემონიების დროს. ტაძარი მდებარეობს ბოგამბარას ხელოვნური ტბის სანაპიროზე.

კანდიში აღმოაჩენთ ღვთაებებისადმი (ვიშნუ, ნათჰა, კალი, პატინი – უბიწოების ქალღმერთი) მიძღვნილ ინდუისტურ ტაძრებს. აგრეთვე, ქალაქსა და მის შემოგარენში მოქმედებს ბუდისტური სალოცავები: მალვატუ მაჰა ვიჰარაია, ლანკატილაკა ვიჰარაია, ემბეკა დევალაიას ტაძარი. კანდიში არსებობს 1914-18 წლებში დაღუპული უცხოელი ჯაისკაცების და ასევე კოლონიალური პერიოდის კათოლიკური სასაფლაოები. უდავოდ, ცალკე ყურადღებას იმსახურებს სამეფო ბოტანიკური ბაღი. ის მდებარეობს ქალაქ პერადენიაში, კანდიდან 20-30 წუთის სავალზე. 60 ჰექტარი ფართობის მქონე ბაღში დარგულია 4800-მდე სახეობის მცენარე, რომლებიც ჩამოტანილია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მათი უმრავლესობა ან ძალზედ იშვიათია, ან გადაშენების პირასაა. აღსანიშნავია, რომ ბაღში იზრდება საბჭოელი კოსმონავტის – იური გაგარინისა და მეფე ნიკოლოზ II-ის მიერ დარგული ხეები.

ალაგალას მთაგრეხილი მდებარეობს ორი პროვინციის – ცენტრალურისა და საბარაგამუვას საზღვარზე, კანდიდან 26 კმ-ის დაშორებით. თითქმის ხუთი საუკუნის განმავლობაში ის წარმოადგენდა ბუნებრივ თავდაცვით ადგილს პორტუგალიელების, ჰოლანდიელებისა და ბრიტანელების შემოსევათა წინააღმდეგ, რომლებიც მიმართული იყო კანდის სამეფოსკენ.

კანდიდან 7 კმ-ის დაშორებით განლაგებულია რანავანას სალოცავი, სადაც განთავსებულია მოსეირნე ბუდას ყველაზე მაღალი ქანდაკება.

 

ქალაქი კოლომბო

კოლომბო შრი-ლანკის დასავლეთ პროვინციის დედაქალაქია და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ერთ დროს ქალაქის ტერიტორიაზე მანგროს უკიდეგანო ბარდები იყო გადაჭიმული. ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება “კოლომბო” წარმოდგება “ნავსაყუდლის”, “მწვანე ფოთლებისა” და “მანგოს” სინგალური შესატყვისებისგან. კოლომბოში მდებარეობს სამხრეთ აზიის ყველაზე დიდი პორტი. ქალაქის ფარგლებსა და მის შემოგარენში ფუნქციონირებს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები, ქიმიური და სამშენებლო მასალების საწარმოები. იქ აგრეთვე განვითარებული ხის და ტყის მრეწველობა. შრი-ლანკა დაახლოებით 150 საუკუნის განმავლობაში იყო კოლონიზირებული ბრიტანელების მიერ. იქ ინგლისელებს მოჰყავდათ ჩაი და ყავა, კაუჩუკის ხეები, მათ დიდი წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაში.

კოლომბოს ერთ-ერთი უძველესი და განთქმული ღირსშესანიშნაობაა საათიანი კოშკი. ესაა უძველესი შუქურა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საზღვაო ხომალდებისათვის ორიენტირს წარმოადგენდა. ადრე მასზე დაკიდებული იყო საათი, რომელიც შეიმუშავა ლონდონში არსებული ბიგ-ბენის მწარმოებელმა.

ქალაქის კიდევ ერთი გამორჩეული ტურისტული ობიქტია ჯამი ულ ალფარის მეჩეთი, რომელიც ააგო არქიტექტორმა საიბო ლებემ. სალოცავის ორნამენტს ადარებენ ჭადრაკის დაფას. კოლომბოს ყველაზე დიდი კულტურული ღირსშესანიშნაობაა ბუდისტური ტაძარი – “განგარამაია”, რომელიც მდებაორება ბეირას ტბის სანაპიროზე. დაფუძნების დღიდან ის ბუდისტი ბერების საგანმანათლებლო ცენტრია. სალოცავი გამოირჩევა უზარმაზარი ბიბლიოთეკით.

ტაძრის არქიტექტურაში შეზავებულია ცეილონის, ტაილანდურ, ინდურ და ჩინურ სტილთა მოტივები. “განგარამაია”-ს მუზეუმში წარმოდგენილია რელიგიური, ისტორიული და კულტურული ექსპონატები. ბუდას მხატვრულ და სკულპტურულ გამოსახულებათა სიმრავლე ინტერესს იწვევს მასალებისა და შესრულების ტექნიკათა მრავალფეროვნების გამო. მათი დამზადებისას გამოყენებულია ძვირფასი ლითონები და ქვები, სპილოს ძვალი, კერამიკა, შუშა, ხე. ქალაქ კოლომბოს მშვენებაა ვიჰარამაჰადევის პარკი, რომელიც თავდაპირველად ატარებდა დედოფლის – ვიქტორიის სახელს. 1958 წელს მას შეუცვალეს სახელი სინგალელი მმართველის საპატივცემულოდ, რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ. II ასწლეულში და იყო ცნობილი მონარქის – დუტუგამუნდის (იყო პირველი გამაერთიანებელი, ვინც შირ-ლანკა მტკიცედ შეკრულ სახელმწიფოდ აქცია. მან ქვეყანა გაათავისუფლა ტამილელი დამპყრობლებისგან). პარკის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მჯდომარე და თვალდახუჭული ბუდას უზარმაზარი ქანდაკება. რაც შეეხება კოლომბოს ეროვნულ მუზეუმს, ის განთავსებულია მე-19 საუკუნით დათარიღებულ, ინგლისელი გუბერნატორის მიერ დაარსებულ თეთრ სასახლეში. გალე ფეისი ვრცელი სანაპირო 1,3 კმ-ზეა გადაჭიმული, ის მასობრივი საქალაქო ღონისძიებების ჩატარების ადგილია, სწორედ იქ ხვდებიან ადგილობრივები ახალ წელს.

 

სენტ-კლერის ჩანჩქერი

სენტ-კლერის ჩანჩქერს მეორენაირად შრი-ლანკის “პატარა ნიაგარას” ეძახიან. მან ეს სახელწოდება მიღო უახლოესი ჩაის პლანტაციისგან. სენტ-კლერი გაყოფილია ორ კასკადად: მაჰა ელად (დიდი ჩანჩქერი) და კუდა ელად (პატარა ჩანჩქერი). უკანასკნელი მდებარეობს 50-მეტრიან სიმაღლეზე და წარმოქმნილია მდინარე კოტმალე ოიას შენაკადით. ჩანჩქერი სპეციფიკურია იმიტომ, რადგან ის საკმაოდ განიერია (დაახლოებით 50 მ). მდინარეზე კაშხლის აგების გამო არსებობს საშიშროება, რომ შრი-ლანკის ეს საოცრება გაქრება. ამის არ დასაშვებად მთავრობამ შეიმუშავა პროექტი სენტ-კლერის დასაცავად. ჩანჩქერთან ახლოს გაყვანილია სარკინიგზო გზა, შესაბამისად, მატარებლიდანაც შესაძლებელია სენტ-კლერისა და თვალწარმტაცი ხეობის დანახვა.

 

პინაველას სპილოების სანაშენე და ზოოპარკი

პინაველას – პატარა, თუმცა ერთობ პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომელიც მდებარეობს საბარაგამუვას პროვინციაში, ის განლაგებულია შუაგზაზე კოლომბოსა და კანდის შორის. ეს ადგილი განთქმულია თანამოსახელე სპილოს სანაშენით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თავშესაფარია ველური აზიური სპილოების მოშენების მხრივ. ის ტურისტებისათვის 1975 წელს გაიხსნა. სანაშენეში სპლიყვებს ზრდიან, წვრთნიან და შეასწავლიან აუცილებელ უნარებს. მოგზაურებს განსაკუთრებით უყვართ ეს ადგილი სპილოებთან ახლო და უსაფრთხო კონტაქტის შესაძლებლობის გამო. სანაშენესთან ახლოს მდებარეობს პინაველას ზოოპარკი, რომელიც გაიხსნა 2015 წელს და იგი წარმოადგენს შრი-ლანკის პირველ ზოოლოგიურ პარკს ღია ცისქვეშ.

 

სამეფო ბოტანიკური ბაღი პერადენიაში

პერადენიაში არსებული სამეფო ბოტანიკური ბაღი მდებარეობს ქალაქ კანდიდან 4 კმ-ის დაშორებით. ვრცელ მდელოებზე, პალმის ხეივნებსა და ჩრდილიან კორომებში გავლისას უსათუოდ იგრძნობთ ბუნებასთან შერწყმას. 1821 წელს დაარსებული 60 ჰა ფართობის ბაღი განლაგებულია ოდნავ ბექობიან ადგილზე, რომლის სიახლოვეს მიედინება შრი-ლანკის ყველაზე მსხვილი მდინარე – მაჰაველი. სანაპიროს გაყოლებით დარგული ბამბუკის ხეები ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას და, ამადვროულად, შარმს მატებს გარემომცველ პეიზაჟს. ბაღის ერთ-ერთი უნიკალური ზონაა – ოთახის მცენარეთა კოლექცია (750-მდე სახეობა), აგრეთვე გამოსარჩევია დეკორატიული ორქიდეები. მნახველთა ყურადღებას ასევე იპყრობს პალმის კორომები. ბაღში სეირნობისას უსათუოდ შეხვდებით მემორიალურ ხეთა ხეივნებს, რომლებიც დარგეს შრი-ლანკაში ჩამოსულმა მსოფლიოს გამოჩენილმა მოღვაწეებმა. პირველი სამახსოვრო მცენარე – ბოს ხე დარგო მეფე ედუარდ მეშვიდემ. მეორე, ცეილონის რკინის ხე – შრი-ლანკის ეროვნული სიმბოლო, მიწაში ჩაფლა რუსმა ხელმწიფემ – ნიკოლოზ II-მ 1891 წელს.

 

ნუვარა ელიას ჩაის პლანტაციები

შრი-ლანკის ტერიტორიაზე არსებობს დაახლოებით ექვსი რაიონი, სადაც მოშენებული ჩაის ბუჩქები. ისინი განლაგებულია კუნძულის მთიან, ან მიმდებარე მოვაკებულ ნაწილში. ზღვის დონიდან რაც უფრო დაბლა მდებარეობს პლანტაცია, მით უფრო მაგარია და მწკლარტეა ჩაი. ნუვარა ელია ყველაზე მაღალმთიანი რაიონია, სადაც მოჰყავთ ზემოხსენებული მცენარე. რაც უფრო ასაკოვანია ჩაის ბუჩქი, მით უფრო მუქი ფერი და გაჯერებული გემო აქვს სასმელს. კომპანია “Mackwoods”-ს ეკუთვნის ყველაზე მეტი ჩაის პლანტაცია ნუვარა ელიაში. ეს საწარმო დაფუძნდა ჯერ კიდევ 1841 წელს. ის ტყუილად როდია ბრიტანეთის სამეფო სასახლის ოფიციალური მიმწოდებელი.

 

რავანას ჩანქერი

რავანას ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე დიდია შრი-ლანკაში, ის მდებარეობს ქალაქ ელას შორიახლოს. იგი გარშემორტყმულია ტროპიკული მცენარეულობით და მთის მასივებით. ჩანჩქერმა ეს სახელწოდება მიიღო ეპიკური პოემა “რამაიანას” ცნობილი ინდუისტური პერსონაჟის საპატივცემულოდ. ეს იყო შრი-ლანკის 10-თავიანი და 20-ხელიანი მეფე-დემონი, რომელიც არღვევდა კანონებს და აფრთხობდა ადგილობრივ მოსახლეობას. ერთხელ მონარქმა გაიტაცა სიტა, ღვთაება რამას ცოლი, რომელიც მან რავანა ელად წოდებულ მღვიმეებში გადამალა. პრინცესა იქ თავს ბედნიერად გრძნობდა, ის ხშირად ბანაობდა ჩანჩქერის წყლებით შექმნილს აუზში.

 

გალეს ფორტი

გალეს ფორტი ააგეს პორტუგალიელებმა 1588 წელს, თუმცა მე-17 საუკენეში კუნძულზე ჰოლანდიელები გამოჩნდნენ, რომლებმაც სიმაგრე მთლიანად გადააკეთეს. ორი საუკუნის განმავლობაში გალეს ფორტი წარმოადგენდა შრი-ლანკის მთავარ პორტს, სადაც ჩერდებოდნენ ევროპიდან აზიისკენ მიმავალი ხომალდები. სიმაგრის ტერიტორიაზე განთავსებულია მუზეუმები, ძველი სასახლეები, ტაძარი და მეჩეთი. ამას გარდა, იქ ყოფნისას შეგიძლიათ ეწვიოთ სუვენირების დახლებს, ისადილოთ ან ივახშმოთ ტრადიციული ლანკიური სამზარეულოს მქონე რესტორანში ან გაემგზავროთ შუქურის შესასწავლად.

Sorry, the comment form is closed at this time.