შრი-ლანკის კულტურა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები
შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა ცეილონის კუნძულზე მდებარეობს. მას აქვს ორი დედაქალაქი – ნაკლებად ცნობილი ქალაქი – შრი ჯაიავარდანაპურა კოტტე (სწორედ აქაა განლაგებული ქვეყნის პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს შენობები) და მსხვილი მეგაპოლისი – კოლომბო (აქ მდებარობს შრი-ლანკის საპრეზიდენტო რეზიდენცია და სამთავრობო დაწესებულებები).
შრი-ლანკის მოსახლეობა 21 მლნ-ს აღემატება, მის 74%-ს სინგალელები, 13%-ს ტამილელები-ლანკელები, 6%-ს კი ინდოელები შეადგენენ. კუნძულზე აგრეთვე ცხოვრობენ ევროპელი კოლონისტების შთამომავლები (ისინი საკუთარ თავს ბიურგერებს უწოდებენ) და არაბები.
ამ სახელმწიფოს კულტურა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი ისტორია. შრი-ლანკა ოდითგანვე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფით იყო დასახლებული, რომელთა თანაცხოვრება ყოველთვის როდი იყო უკონფლიქტო. ქვეყნის წეს-ჩვეულებები მჭიდროდაა გადახლართული ინდურ ტრადიციებთან. ამის მიუხედავად, კუნძულოვანმა სახელმწიფომ დროთა განმავლობაში შეიძინა საკუთარი კულტურული მრავალგვარობა.
ლანკელების უმრავლესობა მომღიმარი, კეთილგაწნყობილი და სალმიანია, კომუნიკაციისას ისინი თანამოსაუბრეებს პირდაპირ თვალებში უცქერენ, საუბრისას ხმას მაღლა არ უწევენ, არც სიხარულს და არც მრისხანებას ყვირილით არ გამოხატავენ. ლანკელების თვალთახედვით, ეს უზრდელობისა და უმსგავსოების უზენაესი გამოვლინებაა. ადგილობივ მაცხოვრებლებთან მისალმების ნიშნად შეგიძლიად გამოიყენოთ უძველესი ჟესტი (ვაი) – ხელისგულები შეაერთოთ, მიიტანოთ გულმკერდთან და თავი წინ მსუბუქად დახაროთ. შრი-ლანკის მოსახლეობა მაღალი რელიგიურობით გამოირჩევა, სინგალელები ბუდიზმის მიმდევრები არიან, ტამილელები კი – ინდუიზმის. სატაძრო ნაგებობებს თითქმის მთელი ცეილონის ტერიტორიაზე შეხვდებით, მიყრუებულ ჯუნგლებშიც კი. ორივე ძირითადი რელიგია აღიარებს დოქტრინას მიწიერი არსებობის წარმავლობაზე, ქადაგებს სამყაროს ამაოებისგან განდგომას. სწორედ ამაში მდგომარეობს ლანკელების ცხოვრების “მშვიდი” წესის მიზეზი.
შრი-ლანკა ჯერ-კიდევ საკმაოდ კონსერვატიული სახელმწიფოა, დაუშვებელია ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული სიარული, ასევე საჯარო ადგილებში კოცნაობაც. არაა მიზანშეწონილი, რომ ქალი მძღოლს გვერდით მიუჯდეს. იქ ჩასული სტუმრები უნდა ერიდონ გამომწვევად ჩაცმას, მოკლე კაბებისა თუ შორტების ტარება მიუღებელია.
გირჩევთ, რომ ცეილონზე ყოფნისას არ გადაუღოთ ფოტოები ჯარისკაცებს. მართალია, შრი-ლანკაში სამოქოლაქო ომი დასრულდა, თუმცა სამხედრო მოსამსახურეები მოხარულად არ ხვდებიან სტუმრების მხრიდან მათთვის ფოტოაპარატების მიშვერას.
აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ უნდა ერიდოთ უცხო ადამიანებთან მზერით კონტაქტს, რათა ეს ჟესტი მეძიბლობად არ ჩაგითვალონ. ქალებს მართებთ იმის გათვალისწინება, რომ მხედველობით კონტაქტი გაცნობისაკენ მოწოდებად აღიქმება. თუკი ადამიანის მიმართ ინტერესი არ გამოძრავებთ, მაშინ უბრალოდ მზერა გაარიდეთ მას.
ტურიზმის განვითარებასთან ერთად ლანკიელებმა დაიწყეს ინგლისური ენით ათვისება სტუმრებთან კომუნიკაციის მიზნით. ადგილობრივებთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ასპექტი: თავის მოძრაობა, თითქოს ნიკაპი უსასრულობის ნიშანს ხაზავს, სინამდვილეში არა უარყოფას, არამედ თანხმობას ნიშნავს.
ლანკიელები თავიანთ ცხოვრებას ასტროლოგიასთან აჯერებენ. მნიშვნელოვან მოვლენებს ისინი ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით გეგმავენ და შესაბამის სპეციალისტს ეკითხებიან ხოლმე რჩევებს. აგრეთვე კუნძულელები ბოთლებს მაგიდაზე არ დგამენ, ალკოჰოლს მუდამ ცალკე მაგიდაზე აქვს მიჩენილი ადგილი. ლანკიელებს სწამთ, თუ შორეულ გზაზე პირველად ბერს შეხვდებიან, ეს უბედურების მომასწავებელი ნიშანია. მათი აზრით, მარცხენა ხელი ბინძურია, ამიტომაც ისინი საკვებს ყოველთვის მარჯვენა ხელით მიირთმევენ ხოლმე. მარცხენა ზედა კიდურის ლანკელები ჰიგიენური პროცესებისათვის იყენებენ.
ლანკიელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ რელიგისადმი, რწმენას უმნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თითქმის ყოველ სახლში შეხვდებით სალოცავ კუთხეს, სადაც ბუდას, კრიშნას, შივას, განეშის და სხვა ღვთაებათა ქანდაკებები უდგათ ხოლმე. გახსოვდეთ, რომ ტაძარში შესვლის წინ ფეხზე უნდა გაიხადოთ, ზურგს, მხრებსა და მუხლებს ტანსაცმელი უნდა გიფარავდეთ. იმ შემთხვევაში, თუ შესაფერისად არ გაცვიათ, ზოგიერთ სალოცავშივე შეგიძლიათ იქირავოთ სარონგი (სამხრეთ-აღოსავლეთი აზიისა და ოკეანეთის რიგი ხალხების ტრადიციული ტანისამოსი). უმჯობესია, რომ ბერებს ხელის ჩამორთმევით არ მიესალმოთ და ასევე საერთოდ არ შეეხოთ. სალმის თქმის ნიშნად ხელისგულები შეატყუპეთ და აიწეთ შუბლის დონეზე. არ შეიძლება სასულიერო პირთან ერთ დონეზე ჯდომა, მხოლოდ მის ქვემოთ, მაგალითად, იატაკზე. საზოგადოებრივ ტრანსპორში წინა ადგილები ყოველთვის ბერებისთვისაა განკუთვნილი.
რელიგიისადმი მოწიწებითი დამოკიდებულების მიუხედავად, ლანკელ მამაკაცთა ნაწილი სიგარეტსაც ეწევა და ალკოჰოლსაც ეტანება. თამბაქოსა და სპირტიანი სასმელების გაყიდვა შრი-ლანკაში ნებადართულია, თუმცა სახელმწიფო სერიოზულად იბრძვის, რათა მოსახლეობამ უარი თქვას მათ მოხმარებაზე. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მიღება აკრძალულია.
ლანკელთა ტრადაციული მამაკაცის ტანსაცმელი შედგები თეთრი კაბისა და იმავე ფერის გრძელსახელოებიანი პერანგისგან, თუმცა ადგილობრივები განსხვავებული შეფერილობის ქვედაბოლოს ატარებენ. ქალები უპირატესად სარიში არიან გამოწყობილები.
რაც შეეხება გარემოსთან დამოკიდებულებას, ლანკელები ძალიან შორს არიან ბუნების დაბიძურებასთან, ელექტროენერგიის დაზოგვასთან, ნაგვის დახარისხებასა თუ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული საკითხებისგან.
შრი-ლანკაში საკმაოდ პოპულარულია ჭოკით თევზაობა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ცეილონზე ეს მეთოდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოცენდა. თევზჭერის მოცემული სახე ფართოდ გამოიყენებოდა კუნძულის მთელი სანაპიროს გასწვრივ 2004 წელს მომხდარ ცუნამამდე, რის გამოც ეს საქმიანობა უკანასკნელ ხანებამდე შეწყვეტილი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ თევზაობის ეს ხერხი ხელების სიმარჯვესა და ძელზე წონასწორობის დაცვის უნარს საჭიროებს.
ეროვნული დღესასწაულები
შრი-ლანკის ბუდისტი მოსახლეობა, ტჰარევადას ტრადიციის მიმდევრები, 7 დეკემბერს აღნიშნავენ სავსემთვარეობის დღეს, რომელიც “უნდუვაპ პოიას” სახელწოდებითაა ცნობილი. ის უკავშირდება ცეილონზე ბოს ხის ტოტის ჩამოტანას პრინცესა სანგამიტას, ინდოეთის იმპერატორ აშოკის ქალიშვილისა და უფლისწულ მაჰინდას დის, მიერ ძვ.წ. მე-3 საუკუნეში. ისტორიული ცნობების თანახმად, მას თან ახლდა 11 ბერი და 500-კაციანი ამალა. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ბოს ხის ქვეშ მიაღწია სიდჰართა გაუტამამ გასხივოსნებას. ანურადჰაპურაში გადმოტანილი ეს წმინდა ნერგი დღემდე ხარობს. ამჟამად ის დედამიწაზე არსებული უძველესი ხეა, რომლის ასაკი დაახლოებით 2250 წელს აღწევს.
6 იანვარს ბუდისტები აღნიშნავენ სავსემთვარეობის ყოველწლიური 12 დღიდან პირველს – “დურუტუ პოიას”. ლანკური ქრონიკების მიხედვით, ამ დღეს სიდჰარტა გაუტამა გასხივოსნებიდან 8 თვის შემდეგ პირველად ეწვია ცეილონს. იგი მახიანგანას რეგიონს ეწვია ორ კლანს შორის წარმოშობილი კონფრონტაციის მოსაგვარებლად. მის მიერ წარმოთქმული მონოლოგის შემდეგ მეომრები ადგილზე გაშეშდნენ, იარაღი დაყარეს და გულიდან ბოროტება განიდგეს. გასხივოსნებიდან ხუთი წლის შემდეგ ბუდა მეორეჯერ ესტუმრა შრი-ლანკას, რათა გადაეჭრა ნაგას ტომის ორ მეფეს შორის მარგალიტის ტახტისათვის სადავო საკითხი. იმ ადგილას, კოლომბოდან 10 კმ-ის დაშორებით ააგეს კელანიას ტაძარი მომხდარი დაზავების სამახსოვროდ. “დურუტუ პოიას” დროს ეწყობა სახალხო მსვლელობა.
“ტაი პონგალი” – მოსავლის ინდუისტური დღესასწაულია, რომელიც ჩვეულებრივ იანვრის შუა რიცხვებში აღინიშნება. ეს საზეიმო დღეა ტამილელთათვის, ამიტომ მას ზოგჯერ ტამილელთა ტაი პონგალი ან ტამილელთა ფესტივალი ეწოდება. ამ დროს ფერმერები მადლიერებას აღუთქვამენ ბუნებას, მზეს და შინაურ ცხოველებს უხვი მოსავლის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ. ხალხის დანარჩენი ნაწილი მადლობას უხდის მიწათმოქემდებს საკვებით უზრუნველყოფის გამო.
ლეგენდის თანახმად, ერთხელ შივამ დედამიწაზე გამოგზავნა თავის ხარი (ნადი) და მას დაავალა, ხალხისათვის გადაეცა, რომ მათ ყოველდღიურად უნდა მიეღოთ ზეთოვანი აბაზანა და თვეში ერთხელ ეჭამათ. ხარს დანაბარები აერია და მან ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა. მაშინ შივა გაბრაზდა და ცხოველს მიწის დამუშავებაში ადამიანების დახმარება დაავალა, რადგან ამიერიდან მათ მეტი საკვები უნდა მიეღოთ.
1948 წლის 4 თებერვალს შრი-ლანკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, სწორედ ამ დღეს გათავისუფლთა ცეილონი დიდი ბრიტანეთის გავლენისგან.
მარტში შრი-ლანკაში მცხოვრები ინდუისტები აღნიშნავენ “მაჰა შივარატრის” (“შივას დიდებული ღამე”). ერთ-ერთი გავცელებული ლეგენდის თანახმად, ამ დღეს ზეიმობენ შივასა და პარვატის შეულებას. არსებობს ვერსია, რომ ეს თარიღი შივას მიერ შესრულებულ შესაქმის, შენახვისა და განადგურების ცეკვას უკავშირდება.
აპრისი შუა პერიოდში (13-14 რიცხვში), როცა მზე თევზების სახლიდან ვერძის სახლში გადააადგილდება, ლანკელები აღნიშნავენ ეროვნულ ახალ წელს – “ალუტ ავურუდუს”. ეს დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულის მომგვრელია როგორც სინგალელების, ისე ტამილელებისთვისაც. ახალი წელი ბრინჯის მოსავლის აღების სიმბოლო, მზის ძველი ციკლის დასასრულისა და ახლის დაწყების სიმბოლოა.
ლეგენდის თანხმად, სამყაროს უფლისწული, სახელად ინტერვადა, ამ დღეს მოევლინა დედამიწას, რათა ხალხისათვის მშვიდობა და ბედნიერება ეწყალობა. ის ამოვიდა რძის ზღვიდან (კირი) გრავიტაციის ყველა კანონის დარღვევით, მის თავს კი თეთრი ყვავილების თაიგული ამშვენებდა. “ალუტ ავურუდუს” დროს მოისმენთ ფრინველ კოჰას ხმიანობას, რომელიც მხოლოდ ახალი წლის პერიოდში გალობს.
1 მაისი – შრი-ლანკაში შრომის საერთაშორისო დღედაა აღიარებული. როგორც წესი, ამ რიცხვში ყოველი პარტია ცდილობს თანამოაზრეთა და მომხრეთა შეკრებას, მიტინგის ჩატარებას და საკუთარი უფლებების ხმამაღლა გაჟღერებას.
12 ნოემბერს ინდუისტები აღნიშნავენ “დიპავალის” დღესასწაულს, მეორენაირად მას “ცეცხლთა ფესტივალს” ეძახიან. ეს საზეიმო დღე საფუძველს იღებს ეპიკური პოემა – “რამაიანიდან”.
ინდოელ მეფეს ჰყავდა სამი ცოლი და ოთხი ვაჟი. ხელმწიფეს ტახტის მემკვიდრედ რამას, თავისი უფროსი შვილის, დასახელება სურდა. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მეფის ერთ-ერთი მეუღლე, რომელსაც ქვეყნის მმართველად თავისი ვაჟი – ბარატა ესახებოდა. მან ხელმწიფეს გაახსენა თავისი დანაპირები ბარატას მეფედ გახდომასა და რამას გაძავებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, რამა და მისი საცოლე (სიტა) სასახლიდან განდევნეს. შეყვარებულები უგზოუკვლოდ დახეტიალობდნენ. ერთხელაც სიტა რავანამ გაიტაცა და ცეილონზე გადამალა. რამამ მაიმუნისმაგვარ ადამიანთა (ჰანუმანების) რაზმი გაგზავნა თავისი სატრფოს დასახსნელად, თავად კი ლაშქარს წინ გაუძღვა. საბოლოო ჯამში, უფლისწულმა იპოვა თავისი მიჯნური, ბოროტ დემონს კი თავი მოჰკვეთა. 14-წლიანი დევნის შემდეგ რამა სამშობლოში ტრიუმფალურად დაბრუნდა, გამარჯვებულს მოსახლეობა ზარ-ზეიმით ხვდებოდა. ხალხი აჩაღებდა ლამპებს და მათ გზის გასწვრივ აწყობდა, რათა უფლისწულისათვის გზა გაენათებინა. იმ დროიდან მოყოლებული, “დიპავალის” დღესასწაულის დროს, ხალხი ნეონის სანათებსა და სანთლებს ანთებს.
Sorry, the comment form is closed at this time.