სურეალისტური ადგილები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია
სალარ-დე-უიუნი – დამშრალი მარილის ტბა ალტიპლანოს ქვიშიან პლატოზე, რომელიც განლაგებულია ბოლივიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ის ძევს ანდების მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 3560 მ სიმაღლეზე. მის ფსკერზე მარილის იმოდენა მარაგია, რომ დედამიწის მთელს მოსახლეობას კიდევ ტრილიონობით წელი ეყოფა. სალარ-დე-უიუნის დანალექების სისქე 8 მეტრს აღწევს. წვიმიან სეზონზე ის იფარება წყლით და მსოფლიოს უდიდეს სარკედ იქცევა.
დაახლოებით 40 ათასი წლის წინ სალარ-დე-უიუნი იყო მინჩინის ტბის ნაწილი, რომელიც კიდევ უფრო ადრე გამოეყო უძველეს ყინულოვან წყალსატევს – ბალივიანს. მის ცენტრში განთავსებულია რამდენიმე “კუნძულაკი”, რომლებიც წარმოადგენს უძველეს ვულკანთა ნარჩენებს. ახლა მათი ზედაპირი დაფარულია მინერალური გაქვავებულობებითა და წყალმცენარეებით.
სალარ-დე-უინის უზარმაზარი ეკონომიკური მნიშნველობა აქვს ბოლივიის ეკონომიკისათვის. მარილის დიდძალ მარაგთან ერთად, ტბის თითქმის სრულყოფილად მოსწორებული ზედაპირი მთავარი საავტომობილო მარშრუტია ალტიპლანოში მშრალ სეზონზე. ამასთან, აქ აგრეთვე მოიპოვებენ ლითიუმის ქლორიდსაც, რომელიც ფართოდ გამოიყენება აკუმულატორთა მრეწველობაში.
მსოფლიოს უდიდესი მარილის ტბის ტერიტორია მოკლებულია ყოველგვარ მცენარეულობას, მცირე ბუჩქნარებისა და გიგანტური კაქტუსების გამოკლებით. ნოემბერსა და დეკემბერში აქ საოცარი სანახაობის შემსწრე გახდებით: ასობით ვარდისფერი ფლამინგო მისეირნობს ტბის სარკისებრ ზედაპირზე.
დიდი პრიზმული წყარო – აშშ-ში არსებული იელოსტოუნის ეროვნული პარკის ერთ-ერთი სიმბოლოა. ასეთი ხატოვანი სახელი გეოთერმულ წყაროს დაერქვა გასაოცარი ფერადოვნებისა და განუმეორებელი გაფორმების გამო. ზემოდან ის ჰგავს გრძელი წამწამების მქონე თვალს. წყაროს ტონალობა დამოკიდებულია მის ზედაპირზე მცხოვრებ თერმოფიულ ბაქტერიებსა და ასევე წელიწადის დროზე. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ფერი მით მეტად გადადის წითელ გამაში.
უაკაჩინა – ესაა პერუს პატარა სოფელი, რომელიც გაშენებულია ქვიშის ოაზისის გარშემო. ეს ლაგუნა გარემოცულია ქვიშის დუნებითა და პალმებით. არსებობს რამდენიმე ლეგენდა იკას უდაბნოში მისი წარმოშობის შესახებ. ყველაზე რომანტიკული და პოეტური თქმულების მიხედვით, მიმდებარე ქალაქიდან, ტაკარაკადან, აქ ჩამოვიდა ასული თავისი მიჯნურის, ინკების გენერლის, დასატირებლად. სასოწარკვეთილი ქალწული უნუგეშოდ ტიროდა, ვიდრე მისმა ცრემლებმა არ წარმოშვა ზურმუხტისფერი ლაგუნა.
1940-იან წლებში ოაზისი გახდა პოპულარული კურორტი შეძლებული პერუელებისათვის. ითვლებოდა, რომ ლაგუნის წყლები გამოირჩეოდა სამკურნალო თვისებებით და შეეძლო ართრიტის, რევმატიზმის, ასთმისა და ბრონქიტის განკურნება. მოგვიანებით გამოირკვა, რომ ეს ვარაუდი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. 50-იან წლებში უაკაჩინამ დაკარგა თავისი ტურისტული ღირებულება. 1980-იან წლებში დიდ პრობლემად იქცა ლაგუნასთვის წყლის მიწოდება, რადგან მიწების კერძო მფლობელემა აიშენეს ჭები. შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად შეიმუშავეს გეგმა, რაც ითვალისწინებდა მეზობელი ფერმიდან წყლის გადატუმბვას.
ნახევარი საუკუნის წინ საბჭოელმა გეოლოგებმა ყარაყუმში მიაგნეს ბუნებრივი აირის საბადოს. მის გამოსაკვლევად გადაწყვიტეს ჭაბურღილის გაყვანა, თუმცა ნიადაგის თხელი ფენის ჩახვრეტის შემდეგ ბურღი დატრიალდა სიცარიელეში, სამუშაო მოედანი კი მიწაში ჩავარდა. სასწაულებრივად არავინ დაშავებულა, უზარმაზარი ძაბრის ძირში კი მეთანი აშიშხინდა. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასარიდებლად გეოლოგებმა ცეცხლი წაუკიდეს ბუნებრივ აირს, იმ ვარაუდით, რომ ის რამდენიმე დღეში გამოიწვებოდა. მათი გათვლა მცდარი აღმოჩნდა, დარვაზის კრატერი დღემდე იწვის.
ჯორჯ კორონისი ტორონტოში ცხოვრობს, თუმცა გმირობა მან შორეულ თურქმენეთში ჩაიდინა. ეს ადგილი მას მუდამ აჯადოებდა და იზიდავდა. დარვაზის კრატერი “ჯოჯოხეთის კარიბჭის” სახელითაა ცნობილი. ამერიკულმა ტელეარხი “National Geographic” და ტურისტული კომპანია “Kensington Tours” დათანხმდა მისი თამამი პროექტის დაფინანსებას – ჯორჯს გადაწყვეტილი ჰქონდა აგიზგიზებული კრატერის ფსკერზე ჩასვლა და გრუნტის ნიმუშის აღება. ამ წამოწყების მთავარი მიზანი იყო დადასტურება ან უარყოფა იმ ჰიპოთეზისა, რომ ცოცხალ ორგანიზმებს შეუძლიათ მსგავს პირობებში არსებობა – კრატერის შიგნით არსებული ტემპერატურა და ატმოსფეროს შემადგენლობა ძალიან ჰგავს სხვა პლანეტებისას.
დარვაზას ფერდობები დაბზარულია, ნაპრალებით დიდი წნევით გამოდის ბრიალა მეთანი. ჯორჯი კრატერში ჩაშვებისათვის წელიწადნახევარი ემზადებოდა. “ნანახს სიტყვებით ვერ აღვწერ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ცეცხლმოკიდებულ ბერძნულ ამფითეატრში მოხვდი. ბუნებრივი აირი სუფთაა, ამიტომ არაა კვამლი და შესაძლებელია თითოეული ალის გარჩევა. ყურში ისეთი ხმა ჩაისმის, თითქოს უზარმაზარი რეაქტიული ძრავის შიგნით აღმოჩნდი”.
ჟანცჯიანჯის პარკმა განსაკუთრებით გაითქვა სახელი მას შემდეგ, რაც 2009 წელს ეკრანებზე გამოვიდა ჰოლივუდური ბლოკბასტერი – “ავატარი”. ეს ადგილი გამოირჩევა სვეტების მაგვარი მაღალი კარსტული წარმონაქმნებით. ჟანცჯიანჯი არის ხუნანის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნაკრძალი. აღკვეთილის ტერიტორია იტევს 243 მთას, მისი უმეტესი ნაწილი მცენარეულობითაა დაფარული. პარკის განსაკთრებულად ლამაზი ობიექტებია: ცაში გადებული ხიდი – ეს ბუნებრივი წარმონაქმნი ერთმანეთთან აკავშირებს ორ კლდეს; 100 დრაკონის ლიფტი – მსოფლიოში ყველაზე მაღალი ღია ლიფტია. მისი მეშვეობით შესაძლებელია 326 მ სიმაღლეზე ასვლა; “ლაოვუჩანი” – გასაოცრად მშვენიერი ბრინჯის მდელო; ყვითელი ქვა-გვერდობების რაიონი, სადაც მდებარეობს ცნობილი პიკი – “ხუთი თითი”.
რინჯანის მთა არის აქტიური ვულკანი, რომელიც განლაგებულია კუნძულ ლომბოკზე. ადმინისტრაციულად ის შედის დასავლეთის მცირე ზონდის კუნძულების (“ნუსსა ტენგარა ბარატ”) პროვინციის შემადგენლობაში. რინჯანის მთის სიმაღლე 3726 მეტრს შეადგენს, მის მწვერვალს წარმოადგენს მსხვილი კალდერა. კალდერა კრატერისგან განსხვავდება ზომით (ის შედარებით მცირეა) და ასევე ფორმირებით (კალდერა – ფიალასმაგვარი ქვაბულია, ხოლო კრატერი – უხშირესად ძაბრისებრი ჩაღრმავებაა). რინჯანის კალდერას შიგნით განთავსებულია გეოთერმული წყლები და ტბა – სეგარა ანაკი. ინდონეზიურიდან თარგმანში მისი სახელი ნიშნავს “ზღვის შვილს”.
ადგილობრივებისა და ინდუსებისათვის რინჯანის მთა და სეგარა ანაკის ტბა წმინდა ადგილებია. მწვერვალზე, წყალსატევის მახლობლად, ხშირად იმართება რელიგიური რიტუალები. მთის სიახლოვეს განფენილია პარკი, რომელსაც 2008 წლიდან იუნესკო იცავს.
ექვს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პათაგონიის ანდებში, ჩილესა და არგენტინის საზღვარზე, ბუნება ქმნიდა უნიკალურ გეოლოგიურ წარმონაქმნებს – მარმარილოს მღვიმეებს. გამოქვაბულები მდებარეობს კირქვოვან ნახევარკუნძულზე, რომელიც, თავის მხრივ, ძევს ყინულოვანი ტბის ცენტრში. აღნიშნულ წყალსატევს ჩილურ ენაზე ჰქვია “Lago General Carrera“, ხოლო არგენტინულად – “Lago Buenos Aires“. გროტებისა და მღვიმეთა კედლებიდან გადაშლილი პეიზაჟები იზიდავენ ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. მარმარილოს ტაძარი არის კარსტული წარმონაქმნი, რომელიც ჩამოჰგავს ეკლესიის გუმბათს. მარმარილოს კაპელა კიდევ ერთი დიდი ქვის კუნძულია, რომლის ქვეშაც წყალში ჩაძირული გვირაბების ქსელია.
Sorry, the comment form is closed at this time.