logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

თეირანი

9 Oct

თეირანი

საადაბადის სასახლე

საადაბადის სასახლეთა კომპლექსი აშენდა მე-20 საუკუნეში, უკანასკნელ ხაჯართა მმართველობის პერიოდში, ის განლაგებულია შემირანის რაიონში, აარბანდის ხეობის ძირში. ამ სასახლეთა საერთო ფართობის ნახევარი უჭირავს ტყეებს, წყაროებს, ყვავილების ბაღებს. კომპლექსის ნაგებობათა შორის გამოირჩევა მწვანე სასახლე ანუ შახვანდი, რომელიც აღმართა შაჰ რეზამ სააბადის უმაღლეს წერტილზე. ამ გრანდიოზული ნაგებობის ფასადი მორთულია მწვანე ქვებით. მელტის სასახლე-გალერეაში ექსპონირებულია ფაქისად მოსქოვილი ირანული ხალიჩები, უცხოური წარმოების ფაიფურის ნაკეთობები, აგრეთვე პახლევის დინასტიის საკუთრებაში არსებული ნივთები. კომპლექსის კიდევ ერთი გამორჩეული ნაგებობაა ისლამის გადატრიალების გმირთა ფონდის მუზეუმი, რომლის მშენებლობა დროებით შეწყვეტილი იყო რევოლუციასთან დაკავშირებული მოვლენების გამო.

 

ხალიჩების მუზეუმი

ირანული ხალიჩა – გემოვნების, ხელოვნების, შემოქმედებითი ინიციატივისა და ადგილობრივი მოსახლეობის შრომისმოყვარეობის სიმბოლოა. თეირანში არსებული ხალიჩათა მუზეუმი წარმოადგენს სეფიანთა, ხაჯარების და აგრეთვე თანამედროვე პერიოდის ნოხების განძთსაცავს. ის ააგეს ფარაჰ ფეჰლვის (ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვრივი) ბრძანებით. ეს ორ სართულიანი ნაგებობა თანამედროვე არქიტექტურულ სტილშია შესრულებული. მუზეუმის ორ ექსპოზიციურ დარბაზს უჭირავს 3400 კვ.მ. ფართობის ტერიტორია. შესასვლელ კართან ახლოს არსებულ ორ განცალკავებულ ვიტრინაში შეგიძლიათ დაინოთ, თუ რისგან ღებულობენ ბუნებრივ საღებავებს (ბროწეულის კანებისგან, ნიგვზის ნაჭუჭებისგან, ენდროსგან, რეზედასგან, შაბისგან). მეორე ვიტრინაში დევს ხალიჩის ქსოვისათვსი საჭირო ხელსაწყოები, იქვე დგას საქსოვი დაზგაც.

მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ ეგრეთ წოდებული პოლონური ხალიჩები, რომლებიც “პოლონეზის” სახელწოდებითაა ცნობილი. სპეციალისტთა მოსაზრებით, მსოფლიოში ასეთი ნოხების რაოდენობა სამასს არ აღემატება. ისინი მოქსოვილია შაჰ-აბასის სამეფო კარზე პოლონელი მეფეების დაკვეთით ან მათთვის ძღვნად მისარმთევად. ამ ხალიჩათა დამზადებისას გამოყენებულია ოქროსფერი და თეთრი აბრეშუმის ძაფები. აგრეთვე ყურადღებამისაქცევია მე-16 საუკუნით დათარიღებული კაშანური ნოხი, რომელზეც გამოსახულია ორი ლეგენდარული ცხოველი – ფრინველი სიმურგი და დრაკონი, ისინი ორი საწყისის ურთიერთშეპისპირებასა და ბრძოლას განასახიერებენ.

თეირანში ნაქსოვი ხალიჩებიდან გამოსარჩევია მსოფლიოს უძველესი ნოხის ასლი, (ის ციმბირის სამხრეთით, ალტაის რეგიონში აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ იგი მოქსოვილია ირანში ძვ.წ.V საუკუნეში, აქამენიდების მმართველობის ხანაში) რომელსაც საქსოვ დაზგასთან აღმოაჩენთ. მუზეუმში აგრეთვე არის ბიბლიოთეკა, სადაც ინახება სპარსულ, არაბულ, ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე დაწერილი 3500-მდე წიგნი. ეს ხელნაწერები აღმოსავლური ხალიჩების ისტორიას და ასევე ირანის რელიგიას, ხელოვნებასა და ლიტერატურას.

 

არქეოლოგიური მუზეუმი

ირანის ეს უპირველესი და უმსხვილესი მუზეუმი 1937 წელს გაიხსნა. იმ დროიდან მოყოლებული იქ იყო გამოფენილი ქვეყნის ხელოვნების უძვირფასესი ექსპონატები. მანამდე ირანის კულტურული საგანძური ლუვრში ან ბრიტანულ მუზეუმში იყო დაცული. გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიციების დაყოფა ეფუძნება ქრონოლოგიურ პრინციპს და დინასტიებისადმი მიკუთნვებულობას. პირველ სართულზე განთავსებული ექსპონატები მიეკუთნვნება ისლამამდელ ისტორიულ პერიოდს. მათ შორის შესაძელებელია ქვისა და ძვლისგან შესრულებული უძველესი ნაკეთობების აღმოჩენა. აქამენიდთა დროინდელი ძეგლებიდან განსაკუთრებით ფასეულია დარიოს I-ის ბარელიეფი, სუზის მეომრის ფიგურა, პერსეპოლისის კოლონათა კაპიტელები.

არშაკიდების ეპოქის საგნებიდან სამეცნიერო თვალსაზრისით განსაკუთრებით ღირებულია ბახტიარიაში ნაპოვნი ბრინჯაოს ქანდაკება. მუზეუმის მეორე სართული გამოყოფოფილია ისლამური პერიოდის ირანის მატერიალური კულტურის ძეგლთათვის. იქ დაცული ექსპონატები უკვე განსხვავებულ სტილში და ტექნიკითაა შესრულებული. ყურადღებას იპყრობს კერამიკული და ემალით დაფარული, ფაიანსისგან დამზადებული ნაკეთობები, მოენტების კოლექცია. განსაკუთრებით ორიგინალურია კერამიკული ვაზები, რომლებიც მორთულია ოქროსფერ ფონზე წითელი და ყავისფერი საღებავებით შესრულებული წარწერებით (კალიგრაფია შესრულებულია ქუფით – არაბული დამწერლობის უძველესი კალიგრაფიული ფორმით). მუზეუმში უხვადაა წარმოდგენილი სელჯუკთა მმართველობის ეპოქის მატერიალური კულტურა, გამოსარჩევია მეჩეთის წარწერებიანი საკურთხეველი ისფახანიდან, ისლამური სალოცავის მინბარი ფარსიდან. მუზეუმის უკანასკნელ გნაყოფილებას “განძთა დარბაზს” ეძახიან. იქ წარმოდგენილია: ქსერქსეს ოქროს ფიალა, აქამენიდთა ეპოქის ოქროს ფრიზები, სასანიდური ხანის ვერცხლის ჭურჭლეული და სხვა ნივთები.

 

ზოოლოგიური მუზეუმი

ზოოლოგიური მუზეუმი მდებარეობს ელბრუსის მთაგრეხილის მთისწინეთში, თეირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. 1977 წელს ეს გალერეა გახდა მუზეუმთა საერთაშორისო საბჭოს წევრი. ზოოლოგიურ მუზეუმში ფართოდაა გამოყენებული დიორამის ხელოვნება (დიორამას აკუთვნებენ მასობრივ სანახაობრივ ხელოვნებას, რომელშიც მხატვრული და ტექნიკური საშუალებების სინთეზით მიიღწევა მაყურებლის ბუნებრივ სივრცეში ყოფნის ილუზია). ბინადრობის ბუნებრივი პირობების აღმბეჭდავი ნახატების ფონზე განლაგებულია ნადირთა და ფრინველთა ფიტულები. მუზეუმის სპეციალურ დარბაზებში წარმოდგენილია იშვიათი ცხოველების, მაგალთად, აფრიკული ცხენის, ჯიხვისა თუ გაზელის თავები. მნახველებს იზიდავს უზარმაზარი სვიის მულაჟი. მუზეუმის ერთ-ერთ პავილიონში რუდუნებით ინახება პეპლების, ნემსიყლაპიებისა და სხვა არანაკლებ საინტერესო მწერების კოლექციები. გალერეის პალეონტოლოგიურ განყოფილებაში ხდება ჩვენი პლანეტის სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდის რეკონსტრუქცია. იქ მნახველები ეცნობიან დროის თითოეული მოანკვეთისათვის დამახასაითებელ კლიმატური პირობებს, წიაღისეულთა მრავალფეროვნებას და მცენარეულ საფარს.

საიუველირო ნაკეთობათა მუზეუმი

ეროვნული საიუველირო ნაკეთობათა მუზეუმი წარმოადგენს ძვირფასი ქვების კრებულს. იქ დაცული თითოეული გვახსენებს ირანის ისტორიულ დაცემებსა და აღმასვლებს, მეტყველებს მოსახლეობის გემოვნებასა და ოსტატობაზე. ყველაზე დახელოვნებულმა ექსპერტებმაც კი დაახლოებითაც ვერ განსაზღვრეს საგანძურის ფასი. მუზეუმი დაარსდა 1855 წელს. ისლამური რევოლუციისა და ირან-ერაყის ომის დროს ამ საუნჯეს საგულდაგულოთ ინახავდნენ. უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ სეფიანთა დინასტიის შაჰები ორ ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აგროვებდნენ იშვიათ ძვირფასეულობას. სეფიანების მმართველობის უკანასკნელ ხანებში ქვეყანაში წარმოშობილი არეულობისა და ნადირ-შაჰის გარდაცვალების კვალდაკვალ საგანძურის უდიდესი ნაწილი გაძარცვეს.

როცა ძვირფასეულობის ეროვნული მუზემის დარბაზში შედგამთ ფეხს, ნახევრად სიბნელეში აღმოჩნდებით. რამდენიმე წუთში საიუველირო ქვების ელვარება გაფიქრებინებთ, რომ საერთოდ არ არსებობს ხელოვნური განათების საჭიროება. საგანძურის ყველაზე ცნობილი ალმასია – ვარდისფერი ალმასი “დარიაე-ნური” (სპარსულიდან ითარგმნება, როგორც “ზღვის სინათლე”), რომლის წონა 182 კარატია. მუზეუმში დაცულ ხელოვნების ნიმუშთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ტავუსის ტახტი, იგი ტახტე-ტავუსი, რომელიც დაამზადეს ფატხალი-შაჰის მმართველობისას. მასში ჩასმული 26 733 ძვირფასი ქვა. გალერეის კიდევ ერთი უნიკალური ექსპონატია 1874 წლით დათარიღებული გლობუსი, მის დამზადებაზე 34 კგ სუფთა ოქრო დაიხარჯა.

როცა თეირანის ბაზრობის ქსოვილთა დახლებს ჩაუვლით და ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე განაგრძობთ სვლას, მიაღწევთ აკლდამას, სადაც დამარხულია წინასწარმეტყველ სეედ ზეიდ იბნ ალის შთამომავალი. სამარხის მთავარი ნაგებობა დაახლოებით XVI საუკუნით თარიღდება, მის დანარჩენ ნაწილებს კი XIX ასწლეულს აკუთვნებენ. აკლდამის ეზოში არის საფლავის ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია ლუტფ-ალი ზენდის სახელი. ის იყო ირანის უკანასკნელი შაჰი ზენდების დინასტიიდან. ამას გარდა, სამარხის ტერიტორიაზე აღმოჩენთ ახალახანს აგებულ სკოლას.

 

იმამ ხომეინის მავზოლეუმი

1979 წლის ისლამური რევოლუციის ლიდერის მავზოლეუმი მდებარეობს ბეხეშტე ზახრას სასაფლაოს კიდეში. ის გარემოცული მრავალი სამედიცინო და სავაჭრო ცენტრით. მონუმენტური სამარხი ნაგებობა გარშემორტყმულია ოთხი მინარეთით, თითოეული მათგანის სიმაღლე 91 მ-ია, რაც იმამის სიცოცხლის წელთა ოდენობის სიმბოლოა, 72 ტიტით მორთული გუმბათი კი განასახიერებს კერბელას მოწამეთა რიცხვს (680 წელს ქალაქ კერბელაში მოხდა სამხედრო შეტაკება წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილს – ჰუსეინ იბნ ალისა და ომეიადების დინასტიის ხალიფას – იაზიდ იბნ მუავის შორის. შედეგად, ჰუსეინი, მისი ნათესავები და თანამოაზრეები სიკვდილს მისცეს). საინტერესოა აღინიშნოს, რომ იმამ ხომეინი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვორბდა. მავზოლეუმის ერთ-ერთ ოთახში დგას პატარა მაგიდა, რამდენიმე უზურგო სკამი, სარკე და წიგნების თაროები.

 

დავუდის მავზოლეუმი

მომლოცველთა მიერ თეირანის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადგილია დავუდის სამარხი. დავუდ იბნ ემადოდინი იყო იმამ საჯადის (იმამ ჰუსეინის ვაჟი, რომელიც ალაჰმა გამოარჩია მუსლიმთა სულიერი წინამძღოლების გვარის გამგრძელებლად) ჩამომავალი.

იმამ ზადე-სალეხის მავზოლეუმი

იმამ ზადე-სალეხის  სამარხის ნანგრევები განლაგებულია თაჯრიშის მოედანზე. მავზოლეუმის შიგნით აღმოჩენილი საფლავის ქვები იმის მტკიცებულებაა, რომ იქაური უძველესი საფლავები მიეწერება XV საუკუნეს.

მოწამე მოტახარის სახელობის მეჩეთი და მედრესი

ეს ნაგებობები მდებარეობს ბახარისტანის მოედნის შორიახლოს. მეჩეთისა და მედრესეს დამაარსებლად მიიჩნევა ხაჯ მირზა სეპახსალარი – ნასრედან-შაჰის დიდებული ვიზირი (მუსმილურ ქვეყნებში უმაღლესი ჩინის სახელმწიფო მოხელის წოდება). სალოცავის შიგნით არსებული მედრესი ირანის ერთ-ერთ განთქმულ ბიბლიოთეკას წარმოადგენს. მეჩეთის აღმოსავლეთ ნაწილის მოზაიკური შორენკეცები ცნობილია “ხაფტ კასეს” სახელწოდებით. სალოცავს აგრეთვე ამშვენებს მრავალრიცხოვანი წარწერები, ნახჭები და ქვისგან გამოკვეთილი სკულპტურები.

მილადის კოშკი

ირანის ყველაზე მაღალ ნაგებობად მილადის კოშკი ითვლება. შენობა გასაოცრად აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებს და სპარსეთი არქიტექტურულ ტრადიციებს. მის თავზე მოწყობილი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო სადამკვირვებლო მოედანი, საიდანაც იშლება თეირანისა და მისი შემოგარენის განსაცვიფრებელი პანორამა. ხუროთმოძღვრული ძეგლი დამზადებულია ფოლადის, მინისა და ბეტონისგან, მისი მშენებლობა თეირანის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 1996 წელს დაიწყო. პროცესს ხელმძღვანელობდა ცნობილი არქიტექტორი – მოჰამედ რეზა ხაფეზი. კოშკის სახელი ირანულიდან ითარგმნება, როგორც “დაბადება”.

აზადის კოშკი

აზადის კოშკი მდებარეობს ირანის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში, თანამოსახელე მოედნის ცენტრში. ნაგებობას ასევე უწოდებენ “თეირანის კარიბჭეს”, რადგან იგი განლაგებულია ქალაქისკენ მიმავალ მთავარ გზაზე. 1960-იან წლებში მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი კოშკის პროექტის შესამუშავებლად ირანის სახელმწიფოებრიობის 2500 წლის იუბილესადმი. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა არქიტექტორი ჰუსეინ ამანატი. ნაგებობის საზეიმო გახსნას პირადად დაესწრო ირანის შაჰინშაჰი – მოჰამედ რეზა ფეჰლევი. იმ დროს შენობა ატარებდა “ბორჯ-ე-შაჰაიადის” (სპარსულიდან ითარგმნება, როგორც “შაჰების ხსოვნისადმი მიძღვნილი კოშკი”) სახელს. 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ კოშკსა და მოედანს შეარქვეს აზადი, რაც სპარსულად “თავისუფლებას” ნიშნავს. ნაგებობის ცოკოლის სართულზე მდებარეობს მუზეუმი, რომლის ერთ-ერთ მთავარი ექსპონატია კიროსის ცილინდრის ზუსტი ასლი, ორიგინალი ინახება ლონდონში, ბრიტანულ მუზეუმში. გალერეაში აგრეთვე წარმოდგენილია ექსპოზიციები, რომლებიც მიეკუთვნება ირანის თეთრ რევოლუციას, სხვადასხვა ცნობილი ტილო, ყურანის დაპატარავებული ასლი, ტერაკოტის ნაკეთობები, გორგანში ნაპოვნი ოქროს ჭურჭელი, სპარსული მინიატურის კოლექცია.

 

კასრის ციხე

კასრი ააგეს 1970 წელს, ხაჯართა დინასტიის შაჰის, ფეთჰა-ალის მმართველობისას. ის წარმოადგენდა სასახლეს, რომელსაც ამშვენებდა ვრცელი ბაღები. 1929 წელს ეს ნაგებობა ციხედ გადააკეთეს. რუსეთში მომხდარი 1917 წლის რევოლუციის შემდგომ რუსი ხუროთმოძღვარი ნიკოლაი მარკოვი ირანში გადასახლდა. მან კასრის ციხის რეკონსტრუციაშ მიიღო მონაწილეობა და მას შემატა ტრადიციული ირანული ელემენტები, მაგალითად, ალიზის აგური. ტურისტთა შორის სახელგანთქმულმა “ექიმმა ახმადიმ” სწორედ კასრის ციხეში შუყვანა რეზა-შაჰ ფეჰკევის მოწინააღმდეგების სასიკვდილო ინექციები. მას შემდეგ, რაც ირანის 34-ე შაჰი ტახტიდან ჩამოაგდეს 1941 წელს ირანში ბრიტანეთის, ავსტრალიისა და საბჭოთა კავშირის ჯარების შემოჭრის შედეგად, “ექიმი ახმადი” გაასამართლეს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო და მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. იმ პერიოდში, როცა ხელისუფლების სათავეში იდგა მოჰამედ რეზა ფეჰლევი, კასრის ციხეში ხალხს აწამებდნენ სერიოზული პოლიტიკური კანონდარღვევების გამო. მის საკნებში დატყვევებული ჰყავდათ აიატოლა ჰომეინი (ირანის სასულიერო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, უდიდესი აიატოლა – შიიტური რელიგიური ტიტული, 1979 წლის ირანის რევოლუციის ლიდერი), აიატოლა ტალეგანი, ალი ჰამენეი, მურტახა მუტახარი. 2012 წელს კასრი ციხე-მუზეუმად გადაკეთდა.

Sorry, the comment form is closed at this time.