logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ბჰარატ მატას ტაძარი და სარნათჰი

4 Aug

ბჰარატ მატას ტაძარი და სარნათჰი

ბჰარატ მატას ტაძარი

ინდუისტური რელიგია გამოირჩევა ღვთაებათა სიმრავლით, რომელთა პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით აურაცხელი ოდენობის სალოცავია აღმართული. ბევრი მათგანი ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ინდოეთში არსებობს მხოლოდ ერთი უნიკალური ტაძარი, სადაც არცთუ ისე ჩვეულ კერპებს ეთაყვანებიან. ბჰარატ მატა მანდირი (სიტყვასითვით ნიშნავს ინდოეთის დედის ტაძარს) მდებარეობს მაჰათმა განდის კაში ვიდიაპიტის კამპუსში, ქალაქ ვარანასიში. მის იატაკს ამშვენებს უზარმაზარი მარმარილოს ტოპოგრაფიული რუკა. სალოცავი ააგო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ინდოეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ბაბუ შივა პრასად გუპტამ. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1918-1924 წლებში, იგი ოფიციალურად გახსნა მაჰათმა განდიმ. სწორედ იქ მოხდა მისი ინაუგურაცია. ცნობილმა ინდოელმა პოეტმა, რაშტრაკავიმ, ამ შემთხვევასთან დაკავსირებით ლექსი შეთხზა, რომელიც ამჟამად ბრაჰატ მატას შიგნით არსებულ დაფას ამშვენებს.

ბჰარატ მატა წარმოადგენს ინდოეთის ნაციონალურ განსახიერებას. სახვით ხელოვნებაში მას ჩვეულებრივ გამოსახავენ წითელი ან ზაფრანისფერი სარით შემოსილი ქალის სახით, ეროვნული დროშით ხელში, ზოგჯერ ინდოეთის დედა დგას ლოტოსზე და მას გვერდს უმშვენებს ლომი. მიუხედავად იმისა, რომ ძველ სანსკრიტულ ლიტერატურაში დედა და სამშობლო ზოგჯერ ზეცაზე მაღლა იყო დაყენებული, პირველი წარმოდგენა ბჰარატ მატას შესახებ მხოლოდ მე-19 საუკუნეში ჩნდება. უწინარესად მისი სახელი ფიგურირებს ბენგალურ ენაზე დაწერილ რომანში – “ანანდამატჰი (1882 წ.), სადაც იგი განუყოფელია ინდუისტური ქალღმერთების, დურგისა და კალისგან. მე-19 ასწლეულში ინდოეთი აქტიურად იბრძოდა ბრიტანეთის იმპერიის მარწუხებისგან გასათავისუფლებლად. ბჰარატ მატა იყო ერთიანი სახელმწიფოს სიმბოლო. შთამბეჭდავი ზომების მქონე მარმაილოსგან გამოკვეთილ რუკაზე ინდოეთის სუბკონტინენტი დაუნაწევრებელი სახითაა გამოსახული.

ერთიანი ინდოეთის კონცეფცია მოიცავს ავღანეთს, პაკისტანს, ბანგლადეშს, მიანმარს და შრი-ლანკას, მას აქჰანდ ბჰარატი ეწოდება. მოცემული იდეის თანახმად, ზემოხსენებული სახელმწიფოები ერთ ნაციად განიხილება. ეს ტერმინი დამკვიდრდა ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში, ბრიტანეთის “დაყავი და იბატონე” პოლიტიკის საპასუხოდ. დამპყრობლები ცდილობდნენ ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციას და რელიგიას შორის სოლიდარობის გაქრობას.

ამ ნაციონალისტური იდეის ავტორი იყო აქტივისტი და პოლიტიკოსი კანაიალალ მანეკლალ მუნში, რომელსაც მაჰათმა განდი სრულად უჭერდა მხარს. 1937 წელს მაჰასაბის ყოველწლიურ სესიაზე პოლიტიკურმა მოღვაწემ, ვინაიაკ დამოდარ სავარკარმა, განაცხადა, რომ ინდოეთი “უნდა დარჩეს ერთიანი და განუყოფელი ქაშმირიდან რამეშვარამამდე, სინდიდან ასამამდე”. დღესდღეობით, ქვეყნის დაყოფიდან 70 წლის და პაკისტანთან მრავალრიცხოვანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგაც კი, ინდუისტური ნაციონალისტების დიდი ნაწილი კვლავ ოცნებობს თავისი სამშობლოს გაერთიანებაზე.

სარნათჰი

სარნათჰის მცირე დასახლება და მისი თანამოსახელე რკინიგზის სადგური განლაგებულია ქალაქ ვარანასის ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ში. იქ მდებარეობს “ირმის პარკი” – სიდჰართა გაუტამის (ბუდის) გასხივოსნების შემდეგ პირველი ქადაგების ადგილი. ბუდისტური ტრადიციების მიხედვით, სარნათჰის ეწოდება ისიპატანა ან მიგადაია. პირველი სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას ხუთასი ასკეტის შესახებ, მეორე დასახელება კი უბრალოდ ითარგმნეა, როგორც “ირმის პარკი”. “ირმის პარკის” ტერიტორიაზე განთავსებულია მოცემული ნაგებობები: მულაგანდჰაკუტი ვიხარის ტაძარი, მიგადავონის ბირმული სალოცავი და აგრეთვე ჯაინისტური ეკლესია.

ბუდისტური მოძღვრების თანახმად, მას შემდეგ, რაც ბუდამ მიაღწია გასხივოსნებას ბოდჰ გაეში, ის სარნათჰიში გაემგზავრა, სადაც შეხვდა ხუთ ასკეტს, რომლებმაც ადრე იგი დაგმეს და უკუაგდეს ასკეზას შეწყვეტის და სუჯატასგან საკვების მიღების გამო (სუჯატა იყო მიწათმოქმედის ცოლი, რომელმაც, გადმოცემის თანახმად, სიდჰართა გაუტამას აჭამა ხეერა, პუდინგი რძითა და ბრინჯით, რითაც დასრულდა ბუდას 6-წლიანი ასკეტიზმი). თავდაპირველად განდეგილებმა მასხრად აიგდეს სიდჰართა გაუტამა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბუდამ მეუდაბნოეს წაუკითხა ქადაგება, რომელშიც გადმოსცა ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება და რვაჯერადი გზა გასხივოსნებისაკენ, ასკეტების სიდჰართას ერთგული მოწაფეები გახდნენ და გაუტამასთან ერთად მათ შექმნეს პირველი სანგჰა (ბუდისტური ბერ-მონაზვნური საზოგადოება). ამასთან დაკავშირებით სარნათჰის ხშირად მოიხსენიებენ “ბუდიზმის დაბადების ადგილად”. ამ მოვლენას ბუდიზმში “სწავლების ბორბლის მოქცევა” ეწოდება. სიდჰართა გაუტამას საუბარს მონუსხულ მწირებთან ერთად გაფაციცებით უგდებდა ყურს აგრეთვე ორი ირემი. აქედან გამომდინარე, დრაჰმის რვაჩხირიანი ბორბლის გამოხატულება, რომლის ორივე მხარეს თითო ირემია გამოსახული, ბუდისტური მოძღვრების სიმბოლოა და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხატებაა.

ქალაქ ვარანასისთან ახლო მდებარეობის გამო, სარანთჰიში არსებულ ტაძრებსა და წმინდა ადგილებს მომლოცველები ძღვენებით ავსებდნენ, თუმცა, იმავე დროს, ის მუდმივი საფრთხის ქვეშ იყო უცხოტომელთა შემოსევების დროს, რომელთა უმთავრესი მიზანი ვარანასის სიმდიდრის დაუფლება იყო. პირველად სარნათჰი ახ.წ. მე-6 საუკუნეში დააცარიელეს ეფთალიტებმა ინდ-განგის დაბლობზე შემოჭრისას. ოთხასწლოვანი კეთილდღეობის შემდე, მე-11 საუკუნეში ქალაქმა გადაიტანა გაზნევიდების თავდასხმები, იგი აღდგენილ იქნა პალას ბუდისტური დინასტიის მმართველობისას. სარნათჰის საბოლოო დაცემა 1193 წელს მუჰამად გურის შემოსევამ განაპირობა, როცა წმინდა ადგილი დაუნდობლად გაძარცვეს და მიწასთან გაასწორეს, მოსახლეობის ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი კი ტყვედ წაასხეს. მე-18 ასწლეულის ბოლოდან იქაური ნაგებობების რღვევა და სამშენებლო მასალების ვარანასიში ჩატანა დაიწყეს. ეს ვითარება შეუმჩნეველი არ დარჩენია ბრიტანლ კომისარს, რის შემდგომაც, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, ბრიტანელებმა სარანათჰის ტერიტორიაზე სისტემური კვლევების და არქეოლოგიური გათხრების წარმოება დაიწყეს.

სირნათჰი გამოირჩევა წმინდა ობიექტების სიმრავლით, რომელაც ეთაყვანებიან ბუდისტები და ისინი ტურისტთა ყურადღებასაც იპყრობენ. ერთ-ერთი გამორიჩეული ღირსშესანიშნაობაა ჩაუკჰანდი, რომელიც წარმოადგენს მე-5 საუკუნით დათარიღებულ რვაკუთხა სტუპას (ბუდისტური არქიტექტურულ-სკულპტურული ნაგებობა, რომელსაც აქვს ნახევარასფერული მოხაზულობა).

მიიჩნევა, რომ თავდაპირველად ჩაუკჰანდის სტუპა ააგეს ტერასიანი ტაძრის სახით გუპტების მმართველობის პერიოდში, ახ.წ.  IV-VI საუკუნეებში, იმ ადგილის აღსანიშნავად, სადაც ბუდა და მისი მოწაფეები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით, გოვარდჰანმა, რაჯა ტოდარ მალის ვაჟმა შეძინა მას ახლანდელი ფორმა რვაკუთხა კოშკის აგებით, ჰუმაიუნას, ძლევამოსილი მონღოლი მმართველის ვიზიტის სამახსოვროდ.

აშოკას კოლონები – ქვის კოლონებია, რომლებიც წარმოდგენილია განცალკავებით მდგარი ვერტიკალური სვეტების სახით. ისინი დადგეს ძვ.წ. III საუკუნის შუა ხანებში ინდოეთის მეფე აშოკას ბრძანებით მაურიების იმპერიის საკვანძო ცენტრებში. სვეტებზე დატანილი წარწერები შესრულებულია ბრაჰმას ენაზე, ისინი 1837 წელს გაშიფრა პრინსეპმა. სულ პირველად კოლონათა მწვერვალებზე განთავსებული იყო სკულპტურული ჯგუფები წმინდა ცხოველების გამოხატულებებით, მათ აგრეთვე ამშვენებდა დრაჰმის ბორბლისა და სვასტიკის გამოსახულებები. თითოეულ მონუმენტთან იდგა მსახური, რომელიც წერა-კითვის უცოდინარ მოსახლეობას წარწერების მნიშვნელობას განუმარტავდა ხოლმე. მსგავსი კოლონები სახელმწიფო პროპაგანდის ეფექტური საშუალება იყო. აშოკას სვეტები შემდგომი ინდოელი მმართველების მიბაძვის საგანი გახდა (ჰელიოდორას ან რკინის კოლონა). სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მსგავსი მონუმენტური ძეგლების აღმართვით გატაცებული იყო სიამის მეფე მენგრაი.

რახან ინდოეთის მაჰმადიანი მმართველები სისტემატურად ანადგურებდნენ ცხოველთა ქანდაკებებს, ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ 19 კოლონისა და 6 სკულპტურული ჯგუფი ფრაგმენტებმა. სხვებზე უკეთ შემოინახა სარნათჰაში არსებული ლომის კაპიტელი, რომლის სტილიზირებული გამოსახულება 1950 წელს ინდოეთის ეროვნულ ემბლებმად გამოცხადდა. სვეტებზე ცხოველთა იერატიკული გამოსახულებები აქამენიდების ხელოვნების გავლენის კვალია. ესაა ინდური სკულპტურის უძველესი შედევრები, რომლებიც ამჟამად მუზეუმებშია დაცული, კოლონებზე კი ისინი ასლებითაა ჩანაცვლებული.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register