logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

მსოფლიოს გასაოცარი ადგილები

26 Jan

მსოფლიოს გასაოცარი ადგილები

პატარა ინდოეთი (“Little India”) – სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილია. ეს უნიკალური რაიონი წარმოადგენს ინდური კულტურის განსახიერებას, სადაც აღდგენილია ქვეყნის ადათები და ტრადიციები. აქაურობის ყველაზე საგულისხმო ღირსებად ითვლება არომატების, ფერებისა და ხმების მრავალფეროვნება. პატარა ინდოეთში ყოფნისას აღმოაჩენთ დიდებულ ტაძრებს, მაღაზიებს, რესტორნებსა და ბაზრობებს, სადაც შეგეძლებათ ნამდვილ ინდურ სამზარეულოსთან ზიარება, ფერადი ქსოვილების და სამკაულების შეძენა, ან უბრალოდ განუმეორებელი ატმოსფეროთი დატკბობა.

პატარა ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა შრი ვეირაბრახჰმას ტაძარი, რომელიც მიძღვნილია ღვთაება ვიშნუსადმი. ასევე უცილობლად უნდა მოინახულოთ რენგუნატჰას შადრევანი, ის ქალაქის უძველეს ძეგლად მიიჩნევა და არის აყვავებისა და კეთილდღეობის სიმბოლო.

ხსენებულ რაიონში დიდი ყურადღება ეთმობა ხელოვნებასა და ხელოსნობას. აქ ყოფნისას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ქსოვილების მოხატვას, სამკაულების დამზადებას, აგრეთვე ეწვიოთ გალერეებსა და სახელოსნოებს.

პატარა ინდოეთის სტუმრობისას სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით. სანელებლების არომატით გაჯერებული ვიწრო ქუჩები, სიცოცხლით სავსე ბაზრობები იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. აქ გამორჩეულ მოვლენად ითვლება დივალის დღესასწაული, იგივე სინათლის ფესტივალი. ამ პერიოდში ქუჩებს რთავენ გირლიანდებით, აქ ტარდება აღლუმები, ცეკვები და მუსიკალური წარმოდგენები.

“სერენგუნ როუდი” -პატარა ინდოეთის ძირითადი ქუჩაა. შრინივასა პერუკუს ტაძარი რაიონის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი სალოცავია. არმადეილის სახლი გახლავთ ისტორიული შენობა, აქ მდებარეობს მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ პატარა ინდოეთის ისტორიასა და კულტურას. ლოტოსის სიმბოლო – ესაა ყვავილის დიდი მარმარილოს ქანდაკება, რომელიც განასახიერებს სილამაზესა და სისუფთავეს.

“სერენგუნ როუდზე” მდებარეობს სრი ვეერამაკალიამანის ტაძარი. ის ეძღვნება სიძლიერისა და გამარჯვების ქალღმერთ კალის. ეკლესიას გამოარჩევს მხატვრული გაფორმება, რომელიც მოიცავს ინდური მითოლოგიიდან აღებულ დეკორატიულ ფიგურებსა და გამოსახულებებს. რაც შეეხება სრი სრინივასა პერუმალის ტაძარს, ის მორთულია ძვირფასი ქვებითა და სკულპტურებით.

რაიონის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ტაძარია “Sri Srinivasa perumal”, რომელიც ეძღვნება ღვთაება კრიშნას. სწორედ აქ იწყება ფესტივალ ტაიპუსამის მსვლელობა, რომელიც ყოველწლიურად იანვარ-თებერვალში ტარდება ხოლმე.

პატარა ინდოეთში შეხვდებით სამოთხეს შოპოჰოლიკებისათვის – მუსტაფას სავაჭრო ცენტრს. როცა აქაურობას ესტუმრებით, აუცილებლად გასინჯეთ ცნობილი სინგაპურული კერძი – თევზის თავი კარიში. გასტრონომიული მოგზაურობისას უსათუოდ შეექეცით შემდეგ საჭმელებს: კარის ბანანის ფოთოლზე, ბირიანის ქათმის ხორცთან ერთად, ჩაპატის, ნაანს, როტი პრატას. “Shish Mahal” არის კაფე, სადაც ამზადებენ ჩრდილო-ინდურ და ნეპალურ კერძებს, ეს დაწესებულება მიშლენის ვარსკვლავითაც კია დაჯილდოებული.

“Dunlop”-ის ქუჩაზე განთავსებულია პაბი, სახელწოდებით – “Prince of Wales”, სადაც დაგხვდებათ ცოცხალი მუსიკა და ალკოჰოლურ სასმელებზე ხელმისაწვდომი ფასები. “Chimichanga”-ს ბარში შაბათობით იმართება წვეულებები დიჯეების მონაწილეობით.

უკანასკნელ წლებში პატარა ინდოეთში გაჩნდა ბევრი გრაფიტი. ალბათ, ეს ყველაზე კოლორიტული ეთნიკური რაიონია სახლების კედლებზე შესრულებული ნახატების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ. გამოსახულებები ასახავს კვარტლის ყოველდღიურობას. მაგალითად, გრაფიტი “დოღი Race Course-ის ქუჩაზე” განასახიერებს ცხენს, რომელიც მიქრის ინდურ ბაზარში. ქუჩამ აღნიშნული სახელი მიიღო ფარერის პარკთან არსებული იპოდრომისგან.

ავსტრალიის ეგზოტიკურ სანაპიროსთან რიფების დიდი ბარიერის შესწავლას საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა მეზღვაურმა, ჯეიმს კუკმა. პირველი ხომალდი, რომელმაც შეძლო გაცურვა მატერიკის ნაპირსა და რიფების სისტემას შორის არსებულ ვიწრო სრუტეში, გახდა “ინდევორი”.

ჯეიმს კუკმა თავისი ხომალდით რუკების გამოყენების გარეშე 1000კილომეტრზე მეტი გასცურა რთულ ფარვატერზე (წყლის სივრცის ნაწილი, რომელიც საკმარისად ღრმაა გემის სვლისათვის), სადაც უხვად იყო წყალქვეშა კლდეები. მსგავსი მიღწევა ნამდვილი სასწაული გახდა საზღვაო ხელოვნებაში. მას შემდეგ ორ საუკუნეზე მეტმა განვლო, ამ დროის განმავლობაში ავსტრალიის მარჯნის რიფებმა დააზიანა მრავალი ხომალდი. მარჯნის ზღვის აღნიშნული ზონის გეოგრაფიული სახელწოდებაც მეტყველებს ამ ადგილების სახიფათოობაზე: იმედის კუნძული, მტანჯველი ბუხტი, უბედურების კონცხი.

ბუნების გასაოცარი ქმნილება გადაჭიმულია ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროს გაყოლებით 2900 კმ-ზე, შტატ კვინსლენდის თითქმის პარალელურად. მარჯნის უმსხვილესი სისტემა იწყება თხის რქის ტროპიკთან და მთავრდება ტორესის სრუტეში, რომელიც ახალ გვინეას ავსტრალიისგან გამოყოფს.

დიდი ბარიერული რიფის ჩასახვა მოხდა დაახლოებით 25 მილიონი წლის წინათ ლითოსფერული ფილის გადაადგილების შედეგად. იმ მომენტისათვის მთელი სანაპირო რეგიონისა, რომელსაც დღეს კვინსლენდის შტატის სახელით მოიხსენიებენ, მთლიანად დაიტბორა ტროპიკული წყლებით. ოკეანის თბილი დინებების მიერ აქ მოტანილი მარჯნების ჭუპრები გრუნტში ჩამაგრებულები დარჩნენ.

თანდათანობით კოლონიები მომრავლდნენ და მოიცვეს ზღვის ფსკერის უფრო დიდი ფართობი. დანაშრევების ინტენსიური ზრდა ხდებოდა ოკეანის დონის აწევასთან ერთად. კომპლექსი შედგება 3000-მდე სხვადასხვა რიფისა და დიდი ოდენობით კუნძულებისაგან, რომლებითაც აჭრელებულია ლაგუნა.

სისტემა წარმოქმნილია მილიარდობით პატარა ცხოველისგან, რომელთა ზომები არ აღემატება ბრინჯის მარცვალს. საუბარია მარჯნის პოლიპებზე, რომლებიც გარეგნულად ჰგვანან ქვის ფიალაში მოთავსებულ გადაბრუნებულ პაწაწინა მედუზას. ისინი ცხოვრობენ კოლონიებად და რიფების დამოუკიდებლად შენება არ შეუძლიათ, ამიტომ მათი დამხმარეები გახლავთ მიკროსკოპული ზომის წყალმცენარეები, რომლებიც ცხოველთა საცეცებში არიან მომწყვდეულნი. მათი წყალობით მზის სინათლე იქცევა მარჯნებისათვის აუცილებელ ენერგეტიკულ საკვებად. ასეთ სიმბიოზს ძალუძს მინერალების გარდაქმნა კალციუმის კარბონატად, რომელიც აშენებს ჩონჩხს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ აღწერილი სამყარო ძალზედ სათუთი და დაუცველია: ტემპერატურის მცირე მომატებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მარჯნის პოლიპების კვდომა.

1979 წელს დიდ ბარიერულ რიფზე დაარსდა ეროვნული საზღვაო პარკი. აღკვეთილის აღმოცენების პრეისტორია საინტერესოა და იმსახურებს ყურადღებას. ინგლისის სამეფო ფლოტის კაპიტანი მეტიუ ფლინდერსმა მე-19 საუკუნის დასაწყისში მატერიკს ცურვით შემოუარა, რათა მისი სანაპირო ხაზები რუკებზე დაეტანა. 1840-იან წლებში დიდი ბარიერული რიფი შედარებით უსაფრთხო გახდა ხომალდების გადასაადგილებლად. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ევროპაში მარგალიტის, მარჯნებისა და ტრეპანგების მასიური ექსპორტო. ბუნების რესურსების ასეთი ბარბაროსული ფლანგვის აღსაკვეთად შეიქმნა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნა ეროვნული ნაკრძალი.

რიფების გარშემო წყალი კრისტალურად სუფთაა, რადგან ისინი ფილტრის როლს ასრულებენ. დღესდღეობით მათზე დიდ ზემოქმედებას ახდენს კლიმატის ცვლილება, წყლის დაბინძურება და მასში ნავთობის ჩაღვრა. ეს ფაქტორები იწვევს მარჯნების გაუფერულებას.

ლა ბოკა – არგენტინის დედაქალაქის უძველესი რაიონია. 1536 წელს აქ ესპანელმა კონკისტადორმა პედრო დე მენდოსამ დააარსა ბუენოს-აირესი.

ლა ბოკაში ჩასულ დამსვენებლებს იზიდავსორი ღირსშესანიშნაობა: საფეხბურთო სტადიონი ლა ბომბონერა და ელ კამინიტო, ძელაკებით მოკირწყლული საფეხმავლო გზა. ცისარტყელას ფერებში აჭრელებული სახლების დანახვა მნახველს განწყობას უმაღლებს. “ლა ბოკა” ესპანურიდან თარგმანში ნიშნავს “ბაგე”-ს. რაიონს ასეთი სახელი დაერქვა იმიტომ, რომ იგი მდებარეობს მდინარე რიაჩუელოს შესართავთან მდებარეობს.

“Factory Caminito” – ტრადიციული კლუბია, სადაც ცეკვავენ ტრადიციულ მგზნებარე არგენტინულ ტანგოს. თანამედროვე ლა ბოკა იქცა უზარმაზარ ტურისტულ ხაფანგად, რომელიც სავსეა იაფფასიანი სუვენირებით მოვაჭრეებით. ქუჩებში შეხვდებთ დიდ თავგასაყოფ ნახატებს, სადაც შეგიძლიათ შეაძვრინოთ თავი და გადაიღოთ ორიგინალური ფოტო. მხატვრების გამოფენები ტურისტების მოზიდვის კიდევ ერთი საშუალებაა.

როგორ და როდის გამოჩნდა ლა ბოკას რაიონში ფერადი სახლები? ეს ყველაზე ხშირი და ცხადი შეკითხვაა, რომელიც ბუენოს-აირესში ჩასულ მილიონობით ტურისტს უჩნდება. აღსანიშნავია, რომ რეალური პასუხი ბევრმა ადგილობრივმა გიდმაც არ იცის და მათ ხშირად სხვადასხვა ვერსიის გამოგონება უწევთ: არგენტინელებმა სახლების ნაირფრად შეღებვა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყეს იმ მომენტისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი გემის საღებავებით.

1896 წელს არგენტინაში იტალიელი ნახშირით მოვაჭრის ოჯახმა იშვილა 6-წლის ბიჭუნა, რომელსაც დედა არასოდეს ენახა. ბალღს სიცოცხლის პირველი წლები თავშესაფარში ჰქონდა გატარებული. ახალი ოჯახის შეძენის შემდეგ ბავშვს ნახშირის თრევა ხვდა წილად. ბიჭუნას ერქვა ბენიტო მარტინი, მისი მშვილობლის გვარი კი იყო კინკელა.

ბენიტოს პატარაობიდანვე ხატვა ისე კარგად გამოსდიოდა, რომ მშობლებმა ის მალევე შეიყვანეს სამხატვრო სკოლაში. მოგვიანებით ნიჭიერმა ხელოვანმა თავისი ნამუშევრების გაყიდვა დაიწყო ფლორიდის ქუჩაზე. მისი ტალანტ როდი დარჩა შეუმჩნეველი და იგი ბრაზილიაში მიიწვიეს. შემდგომ ბენიტოს ტილოები მოეწონა არგენტინის მაშინდელ პრეზიდენტს – მარსელო ალვეარუს. მოკლედ, ახალგაზრდა მხატვარი სახელმწიფოს ხარჯებით გაემგზავრა ევროპის დასაპყრობად.

როცა ბენიტო იხსენებდა ბავშვობას, ის აღნიშნავდა, რომ იმ პერიოდში ლა ბოკა უფერული და ღატაკი რაიონი იყო. მას არ სურდა მშობლიური ქალაქის უღიმღამობასთან შეგუება, ამიტომ შეიძინა რამდენიმე სათლი საღებავი და დაიწყო ფერების შერევა, რის შემდეგაც თავისი სახლი ნაირფერ კვადრატებად შეღება. მოგვიანებით ბენიტომ იგივეს გაკეთება მეზობლებს შესთავაზა, რომლებიც მიჰყვნენ ნიჭიერი ხელოვანის რჩევას.

ბენიტო მარტინის ტილოები დღემდე იყიდება აუქციონებზე ძალიან მაღალ ფასებში. მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ნამუშევარი – “ლა ბოკას ხიდი” 2013 წელს 340 ათას დოლარად გაიყიდა.

ჩიანგ მაი მდებარეობს ჰიმალაის მთისწინეთში, მდინარე პინგის ხეობაში. ის ჩრდილოეთი ტაილანდის დედაქალაქი და კულტურული ცენტრია. წარსულში ლანას სამეფოს მთავარი ადმინისტრაციული პუნქტი დღეს ტურისტულ მექადაა ქცეული.

ჩიანგ მაის მშენებლობა უშუალო კავშირშია მენგრაი დიდთან, ლანას სამეფოს დამაარსებელთან. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან იღებს დასაბამს ტაილანდის სახელმწიფოებრიობის ფორმირება. ხსენებული ხელისუფალი მაშინ იყო თავისი ძლევამოსილების პიკზე. მას მეზობელი სუკჰოტაისა და პჰაიაუს მმართველებთან ჰქონდა დადებული შეთანხმება, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად შებმოდნენ მონღოლ დამპყრობლებს, რომელბსაც ცოტა ხნით ადრე დაიმორჩილეს ჩინეთი.

ჯერ კიდევ მეფე მენგრაის სიცოცხლეში ჩიანგ მაი განადგურდა წყალმეტობის შედეგად, ხელუხლებლად გადარჩა მხოლოდ ტაძარი –  “Wat Chedi Liam”. ამის მერე დაიწყო ქალაქის ხელახალი აღმშენებლობა.

შემდგომ ასწლეულებში ჩიანგ მაი იყო ხან ბირმას, ხანაც კი ლანას სამეფოს შემადგენლობაში. ის გადადიოდა ხელიდან ხელში, ვიდრე 1774 წელს მეფე ტაკსინ დიდმა, სიამის სამეფოს მმართველმა, წარმატებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად არ დაიკავა ჩიანგ მაი.

ჩიანგ მაის კულტურის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა ბირმას მრავალწლიანმა ბატონობამ, ასევე ქხმერების მთის ტომების ადათებმა. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა რელიგიურია და აღიარებს თჰერავადას ან ჰინაინას ბუდიზმს, რომლებიც ქრისტიანობის მსგავსად გმობენ შურს, სიხარბეს, განკითხვას. ჩრდილო ტაილანდელები ხასიათდებიან უფრო ხორბლისფერი კანით, დაბალი სიმაღლით და გარეგნულად ჩინელებს ჰგვანან.

საზოგადოებრივი სტატუსი განისაზღვრება ასაკობრივი და რელიგიური იერარქიით. ახალგაზრდა მამაკაცების წმინდა ვალია მიიღონ ტაძარში მწირის გამოცდილება. სალოცავში შესვლამდე სავალდებულოა ფეხსაცმლის გახდა, ასევე მოშიშვლებული მხრებისა და მუხლების დაფარვა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები ასევე ეთაყვანებიან სულებს, აგებენ პატარა სახლებს, რომლებშიც აწყობენ შესაწირს.

საინტერესოა, ტაილანდელის თავთან შეხება დიდ უპატივცემულობად ითვლება. მათი რწმენით, ადამიანის თხემთან ბინადრობს სული. მათი ტოლერანტობის შესახებ ფართოდაა ცნობილი. ტაილანდელები უცხოელებს ხშირად პატიობენ მათი ტრადიციების დარღვევას. ჩიანგ მაიში უპირატესობა ენიჭება ქუჩის საკვებს. აქ შეხვდებით ხოჭოების, კალიების, მორიელებისა და მატლებისგან გაკეთებულ საჭმელებს. ეროვნულ კერძად ითვლება ქოქოსის რძისგან, სოიოს ან ბრინჯის ატრიისა და ღორის ძეხვეულობისგან მომზადებული წვნიანი.

ვატ პჰრა დოი სუტჰეპის სატაძრო კომპლექსი ჩრდილოეთ ტაილანდის ხუროთმოძღვრული ძეგლია. ის ჩიან მაის სავიზიტო ბარათადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. სალოცავი პირველად მოხსენიებულია მე-14 საუკუნით დათარიღებულ მატიანეში. მისი აგება დაიწყო მეფე კუ ნას მმართველობისას. მან სუკოტაიდან მოიწვია ბერი სუმანა, რომელმაც თან ჩამოიტანა ბუდას წმინდა რელიქვიები.

ვატ პჰრა სინგჰის სალოცავი მდებარეობს ძველი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი მთავარი რელიქვიაა ქანდაკება, სახელწოდებით “პჰრა ბუდა სიჰინგი”. ლეგენდის თანახმად, ის ეკუთვნოდა შაკიას ძველინდურ გვარს, საიდანაც წამოსდგა დიდი ბუდა, უფლისწული სიდჰართა გაუტამა. ინდოეთიდან სკულპტურა გადაიტანეს ცეილონის კუნძულზე, მოგვიანებით აიუტაიაში, საიდანაც ის უკვე მოხვდა ჩიანგ მაიში. სატაძრო კომპლექსის შესასვლელთან დგას ორი ლომის ქანდაკება.

ჩედი ლუანგი ერთ დროს ჩიან მაის მთავარი ტაძარი გახლდათ, რადგან აქ ინახებოდა ბუდას პატარა ზურმუხტის ქანდაკება. 1545 წელს აქ მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რამაც გაანადგურა სალოცავის მთავარი სტუპა, რის მერეც სკულპტურა გადაიტანეს თანამედროვე ლაოსის ტერიტორიაზე, ქალაქ ლუანგში, რომელიც მაშინ ეკუთვნოდა ლამას სამეფოს. დღეს ჩედი ლუანგი მნახველთათვის დაკეტილია, თუმცა შეგიძლიათ ირგვლივ შემოუაროთ მონუმენტურ ნაგებობას და დაათვალიეროთ მისი ნიშები. ტაძარი დგას ამაღლებულ საფუძველზე (პოსტამენტი), რომელსაც აქვს საფეხუროვანი პირამიდის ფორმა. აქ ადის ოთხი კიბე, რომელთა წინ დგას ნაგის (გველისმაგვარი მითიური არსებები ინდუიზმსა და ბუდიზმში) ქანდაკებები.

თავის ტურისტულ მომხიბვლელობას კატალონიის დედაქალაქი დიდწილად უნდა უმადლოდეს გენიალურ არქიტექტორს – ანტონიო გაუდის. საკმარისია იმის აღნიშვნაც, რომ ამ ქალაქში არსებულ იუნესკოს რვა ობიექტიდან ექვსი ხსენებული ოსტატის ნახელავს წარმოადგენს. ვისენსის სახლი გაუდის უფრო ცნობილი ნაგებობების – მილას და ბალოს სახლების, გუელის პარკისა და საგრადა ფამილიას ჩრდილში იმყოფება, თუმცა ეს ოდნავადაც არ აკნინებს მის არქიტექტურულ ფასეულობას.

1878 წელს ანტონიო გაუდიმ, რომელსაც ახლახანს ჰქონდა აღებული არქიტექტორის დიპლომი, დააპროექტა სასახლე კერამიკული ფილებისა და აგურის საწარმოს მფლობელისათვის, კერძოდ, მანუელ ვისენსისათვის. მეწარმის გარდაცვალების მერე მისმა ქვრივმა დიდებული სახლი მიჰყიდა ჰავანელ ქირურგს, ანტონიო ხოვერს, რომლის შთამომავლებიც აქ 2017 წლამდე ცხოვრობდნენ.

შენობა აგებულია დაუმუშავებული ქვისგან და მოპირკეთებულია ფერადი კერამიკული ფილებით. ნაგებობის დეკორატიულ სტილში შეინიშნება გაუდის ახალგაზრდული გატაცება – მუდეხარი (ამ სტილში გოტიკის კომპოზიციური ხერხები შეხამებული იყო მავრიტანული ხელოვნების ძირითად თვისებებთან.), რომელიც იმხანად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბარსელონაში.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ტუბერკულოზით დასნეულებული მხატვარი ჟაკ მაჟორელი საცხოვრებლად საფრანგეთიდან მარაკეშში გადავიდა. ქალაქის ფერადოვნებამ ხელოვანი მოაჯადოვა, ამიტომ მან აიშენა მავრიტანული ვილა, ხოლო მის გვერდით გააშენა ულამაზესი ბაღი. აქაურობა სავსეა დედამიწის სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოტანილი უიშვიათესი მცენარეებით. სამხრეთ-აზიური ბამბუკი, აფრიკული პალმები, მექსიკური კაქტუსები, გასაოცარი სახეობები ინდოეთიდან, კანარის კუნძულებიდან, მესოპოტამიიდან, ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და კალიფორნიიდან – ეს არასრული ჩამონათვალია.

ლურჯი კობალტი აღნიშნული სამოთხის სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებული სიღრმის გამოსაკვეთად, მაჟორელმა მას შეუხამა ლიმონისფერი, ბორდოსფერი და ცისფერი ტონალობები. ხელოვანმა თავისი ხელით მოხატა სადარბაზოს კარი, მოიფიქრა ნახჭები შორენკეცებისათვის, სინამდვილედ აქცია მის მიერ ჩაფიქრებული სახლის ინტერიერი.

ბაღში შესვლამდე სტუმარი ხვდება პატარა ეზოში, სადაც დგას მაროკოული ფილებით მორთული კვადრატული ფორმის შადრევანი. შემდეგ გავდივართ წყნარ და ჩრდილიან ბაღში, სადაც ჟღურტულებენ ჩიტები, ხოლო ფერთა სიჭრე ახარებს თვალს. მცენარეთა შეგროვებისას ჟაკ მაჟორელმა დიდი ინტერესი გამოიჩინა კაქტუსებისადმი.

როცა სინგაპურში არსებულ ჰო პა ვილას პარკში ამოყოფთ თავს, ჩინურ ფოლკლორთან და მითოლოგიასთან ზიარებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ. ეს არაჩვეულებრივი ადგილი დააფუძნეს 1937 წელს. ის განთქმულია თავისი შემზარავი ექსპოზიციებით ჩინური ზეპირსიტყვიერებიდან – “ჯოჯოხეთის ათი სამსჯავრო”. ამ მღვიმოვან გალერეაში შექმნილია კომპოზიციური დადგმები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ სჯის ცოდვილებს თავიანთი ზნეობრივი დანაშაულებების უზენაესი მოსამართლე. ჩინურ მითოლოგიაში არსებობს მიცვალებულთა სამეფო, რომელიც იყოფა ათ ქვესკნელად იყოფოდა, თითოეულ მათგანს კი ცალკე მეფე მართავდა. გარდაცვალების შემდეგ ყველა სულს უწევს სარკისებიანი დარბაზის გავლა, სადაც ირეკლება ჩადენილი ცოდვები, ბოლოს კი სული მოვალეა წარდგეს ათი ხელმწიფის წინაშე. თითოეულ სამეფოში მან უნდა მიიღოს დაკისრებული სასჯელი.

ჭორიკნებს აჭრიან ენებს, მძარცველებს და თაღლითებს ყრიან ვულკანის კრატერში, მოვალეებს აკისრებენ გადასახადბს, მოშურნეებს ქვის სანაყით ფქვავენ. უკანასკნელ მე-10 სამეფოში იმართება უზენაესსი მმართველი სასამართლო, სადაც სულებს ალევინებეს თავდავიწყების სასმელს, რის შემდეგაც ისინი კვლავ ბრუნდებიან დედამიწაზე ადამიანის ან ცხოველის სახით – ასე მთავრდება გარდასახვის ციკლი.

ამ კვიმატი გამოქვაბულის გარდა შეხვდებით სცენებს სხვა ჩინური ლეგენდებიდანაც, მაგალითად, დადგმებს წყალთევზების, ქალის თავიანი კირჩხიბის, ადამიანი-ღორის მონაწილეობით. ჰო პა ვილას პარკში აღმოაჩენთ უზარმაზარ ქვას, რომელზეც ამოტვიფრულია ჩინური ჰოროსკოპი.

ხსენებული პარკი მდებარეობს პარის პანჯანგის ფერდობზე. მას სახელი დაერქვა იმ ძმების საპატივცემულოდ, რომლებმაც დაამზადეს ვეფხვის ბალზამი – “Tiger Balm”. უფროსმა უმცროსს ბორცვის მწვერვალზე აუგო მდიდრული სახლი და გაუშენა ბაღი. 1930-იან წლებში აღნიშნული ნაგებობა სინგაპურში ოდესმე არსებულ სასახლეებს შორის ერთ-ერთ ულამაზესად მიიჩნეოდა.

პუსანი – სამხრეთ კორეის სიდიდით მეორე ქალაქია. ის ქვეყნის საზღაო დედაქალაქად მიიჩნევა და მდებარეობს სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. “სამგუკ საგი”-ში, სამი სამეფოს ქრონკებში, მითითებულია, რომ ხსენებული ქალაქი გაჩნდა ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში. ეს ქვეყნის უძველესი მატიანეა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ნახევარკუნძულის სამივე სამეფოს (კოგურიო, პექჩე, სილა) მაცხოვრებელთა ყოველდღიურობა.

პირველად სახელწოდება “პუსანი” გამოჩნდა მე-14 საუკუნით დათარიღებულ წყაროებში, ის წარმოსდგება მთის სახელისგან. მე-15 ასწლეულში კორეაში აქტიურად ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები თავის უახლოეს საზღვაო მეზობელთან – იაპონიასთან.

1592 წელს სახელმწიფოში დაიწყო იმდინის ომი. პუსანი, როგორც მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი, დაპყრობილ იქნა იაპონიის მიერ. დაპირისპირების მიზეზი გახდა იაპონელი იმპერატორის თხოვნა, რომ მისი ჯარებისთვის ჩინეთის საზღვრებთან მიახლოების უფლების მიეცათ. ცხადია, რომ ჩინეთზე თავდასხმა იყო გამიზნული, თუმცა კორეის მმართველებმა უარი განაცხადეს, რადგან შიშობდნენ, რომ იაპონელები ააოხრებდნენ მათ მიწებს. აქედან გამომდინარე, გაჩაღდა სისხლისმღვრელი ომი, რომელშიც კორეელებმა გამარჯვება მოიპოვეს.

მარკტჰოლის ბაზრობა მდებარეობს ბინენროტეში, როტერდამის ისტორიულ რაიონში. ადგილობრივმა მთავრობამ აქაურობის გამოცოცხლება გადაწყვიტა და განიზრახა მომსახურების სფეროს განვითარებისა და ხალხის მოდინებისათვის ხელსაყრელი პირობები შეექმნა. მუნიციპალიტეტმა დახურული სავაჭრო სივრცის შექმნა და მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა დაისახეს მიზნად. კონკურსში გაიმარჯვა “MVRDV”-ის არქიტექტურულმა ბიურომ. მათ გადაწყვიტეს ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა: ჩაიფიქრეს ორი საცხოვებელი კორპუსის აშენება და მათ შორის სავაჭრო სივრცის მოწყობა, მიწიქსვეშ კი საპარკინგე ადგილის გაკეთება. ეფექტურობის მიზნით ნაგებობას შესძინეს თაღის ფორმა, რომელის დეკორაცია შეუდარებელია.

მადეირას ბოტანიკური ბაღი განთავსებულია მონტეს მთის ფერდობზე, 350 მეტრის სიმაღლეზე, რაც მნახველებს აძლევს საშუალებას დატკბნენ არა მხოლოდ მცენარეული სამყაროთი, არამედ ულამაზესი პანორამებითაც. ინჟინერ რუი ვიეირას მიერ შექმნილი სამოთხე განთქმულია ფლორის სახეობათა მრავალფეროვნებით: რბილი კუნძულოვანი კლიმატი ხელსაყრელია, რათა ასეთ პირობებში გაიხაროს სხვადასხვა გეოგრაფიული ზონის მცენარემ. ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1952 წელს ფუნშალას მხარის ხელისუფლების ინიციატივით. მთავრობამ შეისყიდა რეიდსების ოჯახის მამული. ბაღის ჩრდილოეთ ნაწილში შეხვდებით დენდრარიუმს, ხელოვნურ ტბას, შეყვარებულთა მღვიმეს.

 

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register