logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

იტალიის ძვირფასი ფარული ადგილები

13 May

იტალიის ძვირფასი ფარული ადგილები

ჩივიტა – დი – ბაიორეჯო

ჩივიტა-დი-ბაიორეჯო ლაციოს რეგიონის ქალაქია. ვალე-დეი-კალანკის უნაყოფო ხეობაში არსებულ კლდოვან ბექობზე გაშენებული ძველი სახლებისა და კოშკების სილუეტები მირაჟს ჰგავს. ფანასტიკურ პეიზაჟს ავსებს ხიდი, რომელიც შუასაუკუნოვანი ციხე-ქალაქისაკენ მიმავალ ერთადერთ გზას წარმოადგენს. ჩივიტა-დი-ბანიორეჯო დაახლოებით 2500 წლის წინ დაარსდა ეტრუსკების მიერ იმ დროისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე – ბოლნესის ტბისა და მდინარე ტიბრის შემაერთებელ გზაზე, რომელიც ცენტრალური იტალიის უდიდესი სანაოსნო მარშრუტი იყო.

ძვ.წ. 265 წელს ქალაქი რომაელებმა ჩაიგდეს ხელში. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ჩივიტა ერთმანეთის მონაცვლეობით იყო მოქცეული ჯერ ვესტგოთებისა და გოთების, ბიზანტიელების, მერე კი ფრანკებისა და ლანგობარდების დაქვემდებარების ქვეშ.

ჩივიტის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია სან-დონატოს მოედანზე მდებარე თანამოსახელე ეკლესია. ამჟამად იქ ინახება ბაზალტის ქვისგან გაკეთებული ორი ეტრუსკული სარკოფაგი. ეკლესიის მნიშვნელოვანი რელიქვიაა მაცხოვრის ჯვარცმის ამსახველი ხის ფიგურა, რომელმაც, გადმოცემის თანახმად, შავი ჭირის ეპიდემიისგან იხსნა ქალაქი.

სანტა-მარიას ჭიშკარი ჯერ კიდევ ეტრუსკებმა გამოკვეთეს ტუფისგან, შუა საუკუნეებში კი იგი გარდაქმნეს და ზედ გოთური თაღები დააშენეს. მორწმუნეთათვის ჩივიტა ცნობილია, როგორც სან-ბონავენტურის დაბადების ადგილი. ის იყო კარდინალი, ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი.

სპერლონგა

სპერლონგა – ლაციოს რეგიონის პატარა დასახლებაა, რომელიც განლაგებულია ტირენის ზღვის სანაპიროზე. ეს ქალაქი მოგნუსხავთ თავისი არქიტექტურით, რომელიც მოგაგონებთ ელინიზმის ეპოქის საბერძნეთს. ლეგენდის თანახმად, სპერლონგა სპარტელებმა დააფუძნეს. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა იქ თავისთვის მდიდრული ვილა აიგო, რომლის სიახლოვეს არსებობს ბუნებრივი გროტების და გვირაბების რთული სისტემა. ერთ-ერთმა მღვიმემ მიიღო “ტიბერიუსის გროტის” სახელწოდება, მოგვიანებით ის ტრიკლინურად (სანადიმო დარბაზი) გადააკეთეს. იგი მორთულია “ოდისეის” გმირების ქანდაკებებით.

მე-6 საუკუნიდან მოყოლებული, სარაცინელი მეკობრეებისგან თავდაცვის მიზნით ადგილობრივები მთის ფერდობებზე სახლდებოდნენ, ისინი სახლებს გროტებში (“speluncae”) აშენებდნენ, სწორედ აქედან წარმოსდგება ქალაქის სახელწოდება – სპერლონგა.

რაველო

რაველო გაშენებულია ამალფიტის სანაპიროზე. ეს შუასაუკუნოვანი ქალაქი წამოჭიმულია ვიწრო მთიან პლატოზე. რაველო მე-5 საუკუნეში დაარსდა, როგორც ბარბაროსთა შემოსევებისგან თავდაცვითი ადგილი. 1086 წელს იტალიელ-ნორმანდიელი გრაფ როჯერ ბორსის თხოვნით, პაპ ვიქტორ III-ემ რაველო ეპარქიის რეზიდენციად გამოაცხადა. მე-12 საუკუნის შუა წლებში ქალაქი თითქმის სრულად გაანადგურა პიზის რესპუბლიკის არმიამ.

რაველოს ერთ-ერთი განთქმული ღირსშესანიშნაობაა რუფოლოს ვილა, რომელიც ნახსენებია ჯოვანი ბოკაჩოს “დეკამერონში”. 1880 წელს ამ ადგილის ხილვით შთაგონებულმა რიხარდ ვაგნერმა შექმნა თავისი ოპერის (“პარსიფალის”) მეორე აქტი.

რაველოს მთავარ მოედანზე მდებარეობს წმინდა პაიტელეიმონის სახელობის საკათედრო ტაძარი. კაპელაში საკურთხევლის მარცხნივ ინახება დიდებული სიწმინდე – ღვთისმოსავი ბერის სისხლიანი ამპულა.

პროჩიდა

პროჩიდა – კამპანიის რეგიონის ქალაქია იტალიის სამხრეთ ნაწილში, რომელიც მდებარეობს თანამოსახელე კუნძულზე ნეაპოლის ყურეში. პროჩიდა წარმოადგენს ციცქნა კუნძულს, რომელზეც  პასტელის ტონებში განგეფინილია სათევზაო სოფლები. სავარაუდოდ, ძვ.წ. მე-15 საუკუნეში ის დასახლებული იყო მიკენელი ბერძნებით, რასაც ამტკიცებს არქეოლოგიური აღმოჩენები. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემისა და ბიზანტიური დაპყრობის შემდეგ პროჩიდა დარჩა ნეაპოლის იურისდიქციის ქვეშ. ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში კუნძული ააოხრეს ჯერ ვანდალებმა და გოთებმა, შემდეგ კი სარაცინებმა. 1744 წელს კარლ III-ემ პროჩიდა სამეფო აღკვეთილად აქცია. 1860 წელს, სიცილიის სამეფოს დაცემის შემდეგ კი კუნძული გაერთიანებული იტალიის ნაწილი გახდა.

მარინა გრანდე – პროჩიდის მთავარი პორტია. სწორედ აქედან იწყება ქალაქის ყველაზე გაცოცხლებული ქუჩა – ვია რომა. იქ გასეირნებისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ სანტა-მარია-დელა-პიეტის სახელობის ეკლესიას, რომელიც ცნობილია მზიანი ყვითელი ფასადით, ნატიფი მარმარილოს საკურთხევლითა და ლამაზად მოხატული გუმბათით. ტერა მურატის ეკლესია და პალაცო დავალოსის დიდებული მუზეუმი პროჩიდის ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს, რომელბიც მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, მის ყველაზე მაღალ წერტილში.

ტროპეა

ტროპეა- იტალიის ერთ-ერთი ულამაზესი საზღვაო კურორტია. იგი მდებარეობს ტირენის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც კოსტა-დელი-დეის (“ღმერთების სანაპირო”) ეძახიან. ლეგენდის თანახმად, ეს ქალაქი ჰერაკლემ დააარსა. თანამედროვე ტროპეა რომაელებმა დააფუძნეს, რომლებმაც იქ სავაჭრო პორტი ააგეს.

1130 წლით დათარიღებული ტილო მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულებით ჰკიდია ტროპეის ეკლესიაში, რომელსაც ჰქვია “Cattedrale di Maria Santissima di Romania”. ეს ნახატი “რუმინელი ქალწულ მარიამის” სახელწოდებითაა ცნობილი და მას აქვს ბიზანტიური წარმოშობა. ამბობენ, რომ ღვთისმშობელი რამდენჯერმე გამოეცხადა ქალაქის ეპიკოპოსის ამბროჯო კორდოვას და იგი მოახლოებული დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ გააფრთხილა.

კამოლი

კამოლი – სათევზაო სოფელი და ტურისტული კურორტია, რომელიც განლაგებულია ნახევარკუნძულ პორტფინოს დასავლეთ ნაწილში, ლიგურიის რეგიონში. გვიან შუა საუკუნეებში კამოლი მსხვილი საზღვაო ფლოტი იყო. 1798 წელს ქალაქში იმყოფებოდა ნაპოლეონის ფლოტის დიდი რაზმი, რომელიც შემდგომ ნილოსის წყლებში განადგურებულ იქნა ადმირალ ნელსონის მეთაურობით. კამოლიში არსებობს პრესტიჟული სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი “Cristoforo Colombo”, რომელიც გენუელი მეზღვაურის პატივსაცემად დაარსდა.

კამოლის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია სანტა მარია ასუნტის ბაზილიკა, რომლის ინტერიერი ბაროკოს სტილშია შესრულებული. ჯიო ბონო ფერარის საზღვაოსნო მუზეუმი პირდაპირ ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. მნახველებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ქალაქის შუქურა.

მატერა

მატერა – ბაზილიკატის რეგიონის ქალაქია. ის ევროპის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომლის ისტორია 7-10 ათასწლეულს ითვლის. რომის იმპერიის დაშლის (ახ.წ. მე-7 საუკუნე) შემდეგ ქალაქი ლანგობარდებმა დაიპყრეს და იგი ბენევენტოს საჰერცოგოს ნაწილი გახდა. მე-11 საუკუნეში მატერა ნორმანების სამფლობელოში მოექცა. მე-15 ასწლეულში მატერა ტრამონტანოს ბარონების კუთცვნილება გახდა. 1806 წლამდე მატერა ბაზილიკატის რეგიონის დედაქალაქი იყო.

სასია – ქალაქის მარგალიტია, რომელიც ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში დასახლებული გამოქვაბულების და შუასაუკუნოვანი სახლების კულტურული ლანდშაფტია. მატერის საკათედრო ტაძარი ქალაქის პეიზაჟის სიმბოლოა. იგი სამი ნეფისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან მრგვალი თაღებითაა გამოყოფილი. იქ ინახება 1270 წლით დათარიღებული ბიზანტიურ სტილში შესრულებული ფრესკა მადონას გამოსახულებით.

სან-აგოსტინოს მონასტერი – მე-16 საუკუნის შენობათა კომპლექსია. 1734 წელს ის საშინელი მიწისძვრის შედეგად განადგურდა, თუმცა აღდგენის შემდგომ იგი ავგუსტინელი ბერების რეზიდენციად იქცა. არაგონული არქიტექტურის ნათელი ნიმუშია ტრომანტანოს ციხე, საიდანაც იშლება ხედი მატერის ისტორიულ ბირთვზე.

კასტელმეძანო

ქალაქი კასტელმეძანო მდებარეობს პოტენცის პროვინციაში, ბაზილიკატის რეგიონში. ამ კომუნის ისტორია ძვ.წ. VI- V საუკუნეებში იღებს სათავეს, როცა ბერძენმა ახალმოშენეებმა მიაღწიეს ბასენტოს ხეობას და დააფუძნეს ქალაქი მაუდორო, რაც ნიშნავს “ოქროს სამყაროს”. მე-10 საუკუნეში სარაცინელების შემოსევამ აიძულა ადგილობრივი მკვიდრები, ეძებნათ დასახლების ახალი ადგილი. მწყემსი პაოლინო გაუძღვა მოსახლეობას და მათ კლდეებს შორის მოქცულ მიდამოში დაიდეს ბინა. X- XI საუკუნეები აიგო ციხე – “Castrum Medianum”, რომლის ნანგრევები დღემდე შემორჩა. XVI-XVII ასწლეულებში ქალაქს მართავდა ბარონ ჯოვანი დე ლეონარდისი და მისი ოჯახი.

დღეს კასტელმეძანო მარავლირცხოვან ტურისტებს აცნობს იტალიურ წარსულს: ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოფენილია ლეგენდები, ტავერნებში ამზადებენ კერძებს კანონიკური რეცეპტების მიხედვით, საღამოს კი დამსვენებლებს შეუძლიათ დატკბნენ შუასაუკუნოვანი ტაძრების ზარების და ორგანის ხმიანობით.

ალბერობელო

ალბერობელო – აპულიის რეგიონის შუაგულში არსებული ქალაქია, რომელიც იტრიას ხეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად ითვლება. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის იბიექტადაა აღიარებული ტრულების (ტრადიციული სახლები თეთრი კედლებითა და კონუსისებური სახურავით, რომლებიც აშენებულია დუღაბის გამოყენების გარეშე) წყალობით.

ალბერობელოში პირველად აგებული ტრულები მე-14 საუკუნით თარიღდება. სწორედ იმ პერიოდში გადაეცა ეს ტერიტორია გრაფ რობერტო ანჯიოს (ტარანტოს მმართველს) ჯილდოს სახით ჯვაროსნულ ლაშქრობებში მიღწეული წარმატების გამო.  1797 წელს ალბარობელომ ნეაპოლის მეფე ფერდინანდ  IV-გან მიიღო სამეფო ქალაქის სტატუსი. წმინდა კოსმა და დამიანეს ბაზილიკა – ქალაქის მთავარი საკრალური ძეგლია, რომელიც ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს.

ოტრანტო

ოტრანტო – აპულიის რეგიონის საპორტო ქალაქია. იგი განლაგებულია თვალწარმტაცი ქარაფის მწვერვალზე, რომელიც ზემოდან დაჰყურებს ადრიატიკის ზღვის ფირუზისფერ წყლებს. ოტრანტო დააფუძნეს ძველმა ბერძნებმა და ის ჰიდროსის სახელითაა ცნობილი. რომაელთა მოსვლასთან ერთად დასახლებას ჰიდრუნტუმი დაერქვა, რა დროსაც იგი ბალკანეთის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი უმთავრესი პორტი იყო. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ოტრანტო ჯერ გოთებმა, შემდეგ კი ბიზანტიელებმა დაიპყრეს. მე-11 საუკუნეში ქალაქი სიცილიის სამეფომ დაიქვემდებარა. 1480 წელს ოტრანტო თურქებმა ააოხრეს და ადგილობრივი მოსახლეობა გაჟლიტეს. ოსმანებმა იქაურობა მეჰმედ დამპყრობლის დაღუპვის შემდეგ დატოვეს.

სანტა-მარია-ანუნციატის სახელობის საკათედრო ტაძარი მე-12 საუკუნეში აიგო. ეს უმსხვილესი შუასაუკუნოვანი ეკლესიაა სალენტინის ნახევარკუნძულზე. მისი მოზაიკური იატაკი არის შედევრი, რომელიც შექმნა ბერმა პანტალეონმა. მასზე გამოსახულია სიცოცხლის ხე. ოტრანტოს სიმბოლოდ ითვლება არაგონის ციხე. პიაცა დელ პოპოლოს მოედანზე არსებული საათის კოშკი მე-18 საუკუნის ბოლოს აშენდა, ის მორთულია ქალაქის გერბით.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register