logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

მალტა

2 Jan

მალტა

მალტის რესპუბლიკა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში. ქვეყანა შედგება სამი დასახლებული კუნძულისგან, ესენია: მალტა, გოზო და კომინო.

მალტა მოიცავს კომინოტოს, ფილფლას და წმინდა პავლეს კუნძულებს. სახელმწიფოს არ გააჩნია სახმელეთო საზღვრები, მისი უახლოესი საზღვაო მეზობელია სიცილიის კუნძული.

ქვეყანა განთქმულია ულამაზესი პლაჟებით, გასაოცარი ღირსშესანიშნაობებით, მდიდარი კულტურული და კულინარიული ტრადიციებით. მალტის ისტორია ითვლის გარდამტეხი მოვლენებით სავსეს ათასწლეულებს.

უძველესი ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ თავდაპირველად სახლობდნენ კართაგენელები. ძვ.წ. 218 წელს კუნძულზე გამოჩნდნენ რომაელები, რომლებიც მალტას ოთხ ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ. ჩვენი წელთაღრიცხვით 870 წელს აქ გაბატონდნენ არაბები.

1530 წელს იმპერატორმა კარლ მეხუთემ მალტა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ორდენს აჩუქა, რომლებიც აქედან მოგვიანებით ფრანგულმა არმიამ განდევნა. 1800 წელს არქიპელაგი ხელთ იგდო ბრიტანეთმა. 1964 წელს ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა.

მდინაში მდებარე წმინდა პავლეს ტაძრის გუმბათის სილუეტი მალტის სავიზიტო ბარათად ითვლება. ეს ნიშნადი ადგილი იზიდავს მომლოცველებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მიიჩნევა, რომ სალოცავი აღმართეს პავლე მოციქულისა და კუნძულის რომაელი მმართველის შეხვედრის ადგილას. აღნიშნულმა ნაგებობამ გაუთქვა სახელი მის შემქმნელ ხუროთმოძღვარს, ლორენსო გაფს. შიდა ურბანულობა განაცვიფრებს მნახველს თავისი დიდებულებით. იატაკი მოპირკეთებულია მალტელი რაინდებისა და დიდგვაროვნების საფლავის ქვებით. გუმბათი და კედლები მორთულია ფრესკებით, რომელთა შორისაა მატია პრეტის ტილო – “წმინდა პავლეს მოქცევა”.

ვალეტეში შეხვდებით მე-16 საუკუნეში აგებულ სასახლეს. თავდაპირველად ის ეკუთვნოდა მალტური კათოლიკური ორდენის დიდებულ მაგისტრს. მე-20 ასწლეულში ის გახდა პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია.

ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან გოზოს კუნძულზე, პირველ რიგში ამჩნევენ ციცაბო კლდეებით გარემოცულ და მყუდრო ბუხტში განთავსებულ მჯარეს პორტს. ქალაქის სახელი წარმოდგება მალტური სიტყვისგან, რომელიც აღნიშნავს “სავაჭრო ადგილს”. ადრე აქ უპირატესად მეთევზეები სახლობდნენ. მჯარის ძირითადი ღირსშესანიშნაობები მდებარეობს ზემო ქალაქში, რომელსაც ადგილობრივები აინსილემს უწოდებენ. ნოსტრა სინიორა დი ლურდესის ეკლესია მჯარეში დაარსდა 1888 წელს. მისი იშლეა საუკეთესო ხელი მალტისა და გოზოს კუნძულებზე. სალოცავის სიახლოვეს აღმოაჩენთ ბუნებრივ გროტს, სადაც დგას ღვთისმშობლის ქანდაკება. შამრეს ფორტი ატარებს კუნძულ გოზოს გუბერნატორის სახელს. ეს სიმაგრე იყო წმინდა იოანეს ორდენის რაინდთა თავდაცვითი ნაგებობა. აღნიშნული ფორტიფიკაციული ნაგებობა დაეხმარა ადგილობრივებს 1798 წელს ფრანგების მიერ განხორციელებული თავდასხმის მოგერიებაში.

მჯარ იშ-შინი უმსხვილესია კუნძულ გოზოზე წმინდა იოანეს ორდენის რაინდების მიერ აგებულ სადარაჯო კოშკურებს შორის. მისი მშენებლობა დასრულდა 1661 წელს, დიდებული მაგისტრის, მარტინ დე რედინას, გარდაცვალებიდან მალევე.

ახრაშის კოშკი განლაგებულია მელიხაში, მალტის მომცრო ქალაქში. ის აღმართულია ახრაშისა და არმერის ბუხტებს შორის.

ადირას აღკვეთილი მდებარეობს მალტის ყველაზე განთქმული ქვიშის პლაში, მელიხა-ბეის, სიახლოვეს. ის უზრუნველყოფს იდეალურ საარსებო გარემოს გადამფრენი ფრინველებისათვის. აქ არსებობს ბუნებრივი ჭაობები და მლაშობები, რომლებიც ძლიერი გვალვის დროსაც კი არ შრება.

სელმუნის სასახლე მდებარეობს თანამოსახელე ნახევარკუნძულზე. ის აიგო საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ, რომელიც დაარსებულ იქნა მაგისტრ ალოფ დე ვინიაკურას მიერ 1607 წელს ოსმანთა ტყვეობაში ჩავარდნილი ქრისტიანების გამოსახსნელად. უზარმაზარი კომპლექსის ტერიტორიაზე მოხვედრა შეიძლება მისტრას კარიბჭის გავლით. ნაგებობის არქიტექტორის სახელი საუკუნეებში ჩაიკარგა, თუმცა ზოგიერთ წყაროში ავტორად სახელდება დომენიკო კაკია.

რამდენიმე საუკუნის წინ მალტელი ღვინით მოვაჭრე წააწყდა მცირე გროტს, სადაც განთავსებული იყო ღვთისმშობლის ქანდაკება. მოგვიანებით მის მახლობლად ააგეს ეკლესია. სალოცავის მთავარ განძად მიიჩნეოდა ბიზანტიური ფრესკა, სადაც გამოსახულია წმინდა მარიამი, რომელსაც ხელთ უჭირავს ჩვილი იესო. ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით, ხსენებული ნახატი ეკუთვნის თვით წმინდა ლუკას. უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ ტილო მე-13 საუკუნით თარიღდება. ეკლესიის ფასეულობას წარმოადგენს აგრეთვე წმინდა ანასა და წმინდა პავლეს სკულპტურები.

ეშმაკის ფერმა თავდაპირველად წარმოადგენდა საცხენოსნო სკოლას, რომელიც შედგებოდა ურთიერთდაკავშირებული ორი შენობისგან. მოგვიანებით ნაგებობები ერთმანეთში გაიყო ორმა ფერმერმა. საჯინიბოს ჩამოჰგავს ეშმაკის რქებს. მალტაში გავრცელებულია ხალხური სიმღერა, რომელსაც მღერიან ადგილობრივ კარნავალზე. ნაწარმოებში მოხსენიებულია არე, სადაც მდებარეობს აღნიშნული ფერმა.

კემპბელის ფორტი ქალაქ მელიჰაში 1937-38 წლებში ააგეს ინგლისელებმა იმ მიზნით, რათა დაცული ყოფილიყო მისასვლელები მელიჰა-ბეისა და სენ-პოლს-ბეის ყურეებთან.

არმერ-ბეის ბუხტი, ყოფილი მეკობრეთა თავშესაფარი, მდებარეობს მალტის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში.

ვალეტა უმაგალითო წარსულის მქონე ქალაქია. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი მალტის დედაქალაქი გარემოცულია მძლავრი თავდაცვითი ნაგებობებით. ვალეტას ისტორია პირდაპირ კავშირშია წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენის რანდებთან. კათოლიკე ბერების აღნიშნული საზოგადოება იფარებდა წმინდა მიწის მომლოცველებს და აღასრულებდა ქრისტიანული მრწამსის დაცვასთან დაკავშირებული სამხედრო ვალდებულებებს. ბაროკოს დიდებული არქიტექტურა ასახავს ჰოსპიტალიერების სტატუსს. თანამედროვე ვალეტა წარმოადგენს კულტურული ღირსშესანიშნაობებით დახუნძლულ ტურისტულ ცენტრს.

წმინდა იოანეს ტაძარი დაპროექტებული არქიტექტორ ჯიროლამო კასარის მიერ. ის გახდა ადგილი, სადაც რაინდები იკრიბებოდნენ ერთობლივი ღვთისმსახურების აღსავლენად. სალოცავის ერთ-ერთი გამორჩეული საგანძურია კარავაჯოს უზარმაზარი ტილო – “იოანე ნათლისმცემელი”.

ხუროთმოძღვრების ეროვნული მუზეუმი მდებარეობს ობერჟ დე პროვანსის გასაოცარ შენობაში. მის ექსპონატებს შორისაა ძვ.წ. 5200 წლით დათარიღებული მრავალფეროვანი ქვის იარაღები, ფინიკიური ამულეტები, ტა’ჰაგრატის ტაძრის პრეისტორიული არქიტექტურული მაკეტი.

მარსამშეტის ნავსადგურს იცავს სანტ-ელმოს ფორტი, რომელსაც ეს სახელი ეწოდა მეზღვაურთა მფარველი წმინდანის საპატივცემულოდ.  მასზე მოვიდა ოსმალურ ქვემეხთა ძირითადი დარტყმა 1565 წელს მალტის დიდი ალყის დროს. 2015 წელს განხორციელებული აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ფორტი კვლავ გახსნეს. ახლა აქ ეროვნული სამხედრო მუზეუმია განლაგებული.

ქალაქის მთავარი ჭიშკარი დაროექტებულია რენცო პიანოს მიერ. მისი დიზაინი წააგავს რაინდთა ხმლებს. ამავე ხუროთმოძღვრის ნახელავია მალტის საპარლამენტო შენობაც.

მანოელეს თეატრი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. 1731 წელს ის შეუკვეთა ანტონიო მანოელ დე ვილენამ, მალტის უდიდებულესმა რაინდმა. მდიდრულად გაფორმებული მაყურებელთა დარბაზი მოიცავს მოოქროვილ ლოჟას და რბილ ხავერდოვან სკამებს. ოვალური დარბაზის აკუსტიკა უბრალოდ შეუდარებელია.

ლასკარისას სამხედრო ოთახები წარმოადგენს მექანიკური ვენტილაციის მქონე მიწისქვეშა გვირაბების კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ზემო ბარაკის ბაღების ქვემოთ 40 მეტრ სიღრმეზე. აქ განთავსებული იყო ბრიტანეთის საიდუმლო მთავარსარდლობა მეორე მსოფლიო ომის დროს. 2009 წელს ოთახები აღადგინეს და მათ მიანიჭეს პირვანდელი სახე. ამასთან, დაამატეს ცვილის ფიგურები, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სრულყოფილად იმის წარმოდგენა, რაც აქ ადრე ხდებოდა.

ჩვენი წელთაღრიცხვით 60 წელს წმინდა პავლეს გემი ჩაიძირა, მოციქულმა კი მალტაზე ქრისტიანობა შეიტანა. მისი სახელობის ეკლესია დიდძალ საგანძურს ინახავს. ერთ-ერთი გამორჩეული საუნჯეა წმინდა პავლეს მოოქროვილი ქანდაკება, რომელიც 1650-იან წლებში რომში იქნა გამოკვეთილი.

როცა პიაცა კასტილიაზე აღმოჩნდებით, აუცილებლად შეათვალიერეთ კასტილიის ფუნდუკიც, რომელიც დაპროექტებულია არქიტექტორ ანდრეა ბელის მიერ 1741 წელს. აღნიშნულ ნაგებობაში ერთ დროს ცხოვრობდნენ წმინდა იოანეს ორდენის რაინდთა ესპანური და პორტუგალიური გაერთიანებები. ახლა აქ მალტის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაა განთავსებული.

მე-16 ასწლეულით დათარიღებულ კასა როკა პიკოლას სასახლეში დღემდე ცხოვრობს მეცხრე მარკიზ დე პირო. როცა აქაურობას ეწვევით, გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოთ არისტოკრატთა ცხოვრების წესს და თავი ამოყოთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის თავშესაფარში. ის 30 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

ვალეტაში აგებული პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა. ის აღნიშნავს მალტის დიდი ალყის დროს რაინდების თურქებზე გამარჯვებას. თავდაპირველად აქ ესვენა მალტის ორდენის დიდი მაგისტრის წმინდა ნაწილები, რომლებიც შემდგომ გადაიტანეს წმინდა იოანეს ტაძარში.

1860-იან წლებში აღმართული საოპერო თეატრი განადგურდა 1942 წელს გერმანული საჰაერო თავდასხმის შედეგად. განადგურებული კორპუსი აღარ აღუდგენიათ, ის შემოინახეს, როგორც განვლილი ომის მოსაგონებელი.

 

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register