logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

უფიცის გალერეაში დაცული ხელოვნების ნიმუშები

29 May

უფიცის გალერეაში დაცული ხელოვნების ნიმუშები

“მადონა ონისანტი”

“მადონა ონისანტი” (ცნობილი აგრეთვე, როგორც “მაესტა” ან “მადონა ტახტზე”) – იტალიელი ფერმწერის, ჯოტო დი ბონდონეს ნახატია, რომელიც 1306-1310 წლებში შეიქმნა და განკუთვნილი იყო ონისიანტის ტაძრის მთავარი საკურთხევლისათვის. ხელოვნების ეს ნიმუში ინახება ფლორენციაში არსებულ უფიცის გალერეაში. ტილოზე გამოსახულია ტრადიციული ქრისტიანული სიუჟეტი: მარიამ ღვთისმშობელს კალთაში პატარა მაცხოვარი უზის, მათ გარშემო კი ანგელოზები და წმინდანები ახვევიათ. ჯოტომდე იტალიური ფერწერა მკაცრად მიჰყვებოდა ბიზანტიურ კანონებს – მოუხეშავი ბრტყელი ფიგურები, განკერძოებული სახის გამომეტყველებები, სიღრმის და მოცულობის არარსებობა. ბონდონემ გადაუხვია მოცემულ ტრადიციას და თავის პერსონაჟებს “ადამიანურობა” შესძინა, რითაც ხელოვნებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ღვთისმშობლის ტახტის მოხატულობა გვაგონებს მრავალფეროვან მარმარილოს, რომელიც გამოიყენებოდა იმ პერიოდის ტაძრების მოსართავად. წმინდანებისა და ანგელოზების მზერა მიმართულია მაცხოვრისაკენ. სასოებას და კრძალვას ხაზს უსვამ წინა პლანზე გამოსახული მუხლებზე დაჩოქილი ორი ღვთის მოციქული, რომელთაც ხელთ შროშანები და წითელი ყვავილები უჭირავთ. თეთრი ფერი სიწმინდეთან ასოცირდება, წითელი კი – იესო ქრისტეს ჯვარცმასთან.

“ხარება”

“ხარება” – იტალიელი ოსტატების, სიმონე მარტინისა და ლიპო მემის მიერ შესრულებული ტრიპტიხია, რომელიც ამჟამად უფიცის გალერეაში ინახება. ხელოვნების მოცემული ნიმუში შესრულებულია ხეზე ტემპარითა და ოქროთი სიენის ტაძრის გვერდითი ეგვტერისათვის. “ხარება” მიიჩნევა გოთიკური ფერწერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად.

ტრიპტიხზე გამოსახულია ხარების სცენა, მარცხენა გვერდით საგდულთან დგას წმინდა ანსანი, მარჯვნივ კი, სავარაუდოდ, წმინდა მარგარიტა და წმინდა მაქსიმა. ნამუშევრის ზედა ნაწილში განთავსებულია ოთხი ტონდო წინასწარმეტყველების (იერემია, ეზეკიელი, ისაია, დანიელი) გამოსახულებებით. მთავარანგელოზი გაბრიელი ატყობინებს ქალწულ მარიამს მაცხოვრის დაბადების შესახებ, ხელში კი ზეთისხილის რტო (მშვიდობის ტრადიციული სიმბოლო) უჭირავს და მიუთითებს სულიწმინდაზე, მას განასახიერებს მტრედი, რომელიც ზეციდან ეშვება ქალწულ მარიამთან მანდორლაში 8 ანგელოზთან ერთად. ტრიპტიხს როგორც ზომის, ასვეე სტილის მიხედვით არ მოეძებნება ანალოგი იმ ეპოქის იტალიურ მხატვრობაში. ის ინახებოდა სიენის ტაძარში 1799 წლამდე, ვიდრე წმინდა რომის იმპერატორმა, ლეოპოლდ II-ის ბრძანებით ნამუშევარი არ გადაცვალეს ფლორენციასთან ლუკი ჯორდანოს ორ ტილოში.

“მოგვთა თაყვანსცემა”

“მოგვთა თაყვანისცემა” იტალიელი მხატვრის, ჯენტილე და ფაბრიანოს ტილოა. 1420 წელს ეს საკურთხევლის ხატი შეუკვეთა ფლორენციელმა ლიტერატორმა და მეცენატმა პალასტროციმ არსებობს მოსაზრება, რომ ნახატზე გამოსახული წითელქუდიანი მამაკაცი თავად პალას განასახიერებს, მამამისი (ონოფრიო) კი ახალგაზრდა მეფის უკან მდგარი შევარდენთა მომთვინიერებლის სახითაა წარმოდგენილი. 1423 წელს ხატი განათავსეს სანტა-ტრინიტის ტაძრის ახალ სამლოცველოში. ნახატზე 3 სცენად გამოსახულია სამი მოგვის გზა, რომელიც იწყება ზედა მარცხენა კუთხიდან (მოგზაურობა და ბეთლემში შესვლა) და გრძელდება საათის ისრის მიმართულებით ქალწულ მარიამსა და ახალშობილ იესოსთან შეხვედრამდე. ეს ეპიზოდი ნახატის ქვედა ნაწილს იკავებს. პერსონაჟებს აღორძინების ეპოქის გასაოცარი შესამოსელები აცვიათ, რომლებიც მორთულია ოქროთი და ძვირფასი თვლებით. ჯენტილეს მიერ დეტალებისადმი დათმობილი ყურადღება ვლინდება ეგზოტიკურ ცხოველებში. პრედელაზე (საკურთხევლის ხატის ქვედა ნაწილი) გამოსახულია იესოს ბავშვობის სამი სცენა: დაბადება, ეგვიპტეშ გაქცევა და მირქმა (უკანასკნელი მათგანი წარმოადგენს ასლს, ორიგინალი ლეუვრში ინახება).

ურბინული დიპტრიხი

“ფედერიგო და მონტეფელტეროსა და ბატისტა სფორცის პორტრეტი” – ადრეული აღორძინების ეპოქის ცნობილი წყვილი პროფილური პორტრეტია. პიერო დელა ფრანჩესკას ტილოზე გამოსახულნი არიან ურბინელი პერიოდის ჰერცოგი და მისი მეუღლე. ეს ნაწარმოები – XV საუკუნის შუა პერიოდის პორტრეტული ხელოვნების ფლორენციული და ჩრდილო-იტალიური სინთეზია.

ჰერცოგის დასამახსოვრებელი ცხვირის ფორმა სამხედრო ქირურგების ნახელავია. ის ბრძოლის ველზე დაიჭრა, რის გამოც მას ცხვირის ფუძე ამოკვეთეს. ასევე ამ წარმატებულმა და სასტიკმა კონდოტიერმა ერთ-ერთი სამხედრო შეტაკებისას თვალი დაკარგა, სწორედ ამიტომ მას სულ პროფილში ხატავდნენ.

ნახატის ადრეული ისტორიის შესახებ არაფერია ცნობილი. ის პირველად მოხსენიებულია 1631 წლით დათარიღებულ ცნობებში, როცა ურბინოს საჰერცოგო მის მმართველ როვერეს ოჯახთან ერთად ვატიკანის მიერ იქნა ანექსირებული. იმ პერიოდში ტიოლო წაიღეს ფლორენციაში, სადაც მან უფიცის დაიმკვიდრა ადგილი. ჰერცოგის ცილინდრული ფორმის წითელი “biretta” და უბრალო ზედა სამოსელი ხაზს უსვამს ფედერიგოს ძლევამოსილებას და დიდებას. მის ფერმკრთალ ცოლს უკეთია ძვირფასი მარგალიტები, რომლებიც სიმდიდრის გამოკვეთასთან ერთად წარმოადგენს ღვთისმშობლის სანთოებების ალუზიას. იმ ეპოქაში ქალწულ მარიამს ხშირად გამოსახავდნენ მარგალიტების მდიდრული ასხმით, რათა ეჩვენებინათ მისი სტატუსი – “regina coeli” (ზეციური დედოფალი), როგორც, მაგალითად, ეს განახორციელა ვან ეიკმა “გენტის საკურთხეველში”.

“სან-რომანოს ბრძოლა”

“სან-რომანოს ბრძოლა” ადრეული რენესანსის იტალიელი მხატვრის, პაოლო უჩელოს სამ ნახატიანი სერიაა. ფერმწერმა ისინი შექმნა კოზიმო მედიჩის დაკვეთით. მოცემულ სამ ტილოზე გამოსახულია ფლორენციასა და სიენას შორის სან-რომანოში გაჩაღებული ბრძოლის ამსახველი სცენები. თავდაპირველად ეს იყო 9,5 მ-იანი ერთიანი ფრიზი, რომელიც ეკიდა პალაცო მედიჩის ერთ-ერთ კედელზე. ნახატზე ვხედავთ ფლორენციელი რაინდი შუბით როგორ გმირავს და ცხენიდან აგდებს სიენის ჯარის წინამძღოლს, ბერნარდინო დელა ჩარდას. სცენას დამატებით დაძაბულობას სძეს ის, რომ მცირე სივრცეში ჩატეულია უამრავი პერსონაჟი.

“მადონა ჩვილთან და წმინდანებთან ერთად”

ეს ტილო სანტა ლუჩია დეი მანგოლის ტაძრის საკურთხევლისათვის 1445-47 წლებში დაწერა იტალიელმა მხატვარმა დომენიკო ვენეციანომ. პორტიკის ცენტრში, მარმარილოს სვეტებს შორის აღმართულ ტახტზე ზის მადონა ჩვილით ხელში, ის გარემოცული 4 წმინდანით (ფლორენციის მფარველები, იოანე ნათლისმცემელი და ეპისკოპოსი ზენობია). პერსონაჟების განლაგება ბუნებრივი და ძალდაუტანებელია, ისინი ქმნიან “sacra conversazione”-ს (“წმინდა ბაასი”). მოცემული კომპოზიცია განსაკუთრებით პოპულარული გახდა მე-15 საუკუნეში. მხატვარი ამ ტილოზე ახდენს ხაზოვან პერსპექტივაში საკუთარი ოსტატობის დემონსტრირებას, მარჯვნიდან შემოსული სინათლე გამოკვეთს სხეულთა ფორმას და უპირატესად აძლიერებს ნათელი ტონების ქრომატულ გამას.

“მადონა ჩვილთან და ორ ანგელოზთან ერთად”

ამ ნახატის ავტორია აღორძინების ეპოქის იტალიელი მხატვარი ფილიპო ლიპი. ტილოს დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ხელოვნებათმცოდნეების ვარაუდით, იგი უნდა შექმნილიყო 1450-65 წლებში. ნახატის მარცხენა ნაწილში გამოსახულია ქალწული მარიამი, რომელსაც ხელები უფლისადმი ვედრების ნიშნად აღუპყრია და სევდიანადაა ჩაფიქრებული თავისი ჩვილის სამომავლო ბედზე. ღვთისმშობელს მე-15 საუკუნის ფლორენციელი არისტოკრატი ქალების შესაფერისად აცვია, ის არაა წარმოდგენილი ტილოზე ბიბლიური პერსონაჟის მსგავსად, არამედ – როგორც იმ ეპოქის მაღალი წრის ქალბატონი, დამახასიათებელი სინატიფითა და მომხიბვლელობით. ჩვილი მაცხოვარი დედისაკენ იწევს, ის ორ ანგელოზს უჭირავს. ეს ნახატი შეიცავს რელიგიურ სიმბოლოებს: ზღვის სანაპირო, სავარაუდოდ, მიგვანიშნებს ქალწულ მარიამის ტიტულზე (“ზღვის ვარსკვლავი და ჩვენი ხსნის ნავსაყურელი”), კლდეები კი – წინასწარმეტყველ დანიელის მონათხრობებზე.

“გაზაფხული”

“გაზაფხული” – სანდრო ბოტიჩელის ტილოა, რომელიც მხატვარმა 1482 წელს დაწერა. მასზე გამოხატულია ველობი ფორთოხლის ბარში, სადაც მიმოფანტულია ყვავილები. აღსანიშნავია, რომ ისინი ფოტოგრაფიული სიზუსტითაა გამოსახულია. ბოტიჩელიმ ერთ ტილოზე შეაერთა ორი სიუჟეტური ხაზი. ოვიდიუსი თავის ლექსებში ძველრომაული სადღესასწაული კალენდრის შესახებ ყვება ფლორის (გაზაფხულის ქალღმერთის) ისტორიას: ერთ დროს ის ხლორისი (ნიმფა) იყო, რომელიც ქარის ღმერთს (ზეფირი) შეუყვარდა და იგი ძალდატანებით შეირთო ცოლად. თავსი ვნებების მოსანანიებლად ზეფირმა ის ქალღმერთად აქცია და მეორე ნახევარს უალამზესი ბაღი აჩუქა, რომელიც ფლორენციელმა გენიოსმა გამოსახა მოცემულ ტილოზე. ბოტიჩელიმ ასევე ისესხა ლუკრეციუსის კომპოზიციაც.

ტილო მარჯვნიდან მარცხნივ უნდა წავიკითხოთ: ზეფირი, ხლორისი მარტის სიმბოლოებია (მიიიჩნევა, რომ გაზაფხული ზეფირის პირველი შებერვით იწყება), ვენერა გრაციებთან ერთად – აპრილის, ხოლო მერკური – მაისის. თითოეული ეს ხატება ატარებს მითოლოგიურ სიმბოლიკას – ცხოვრებისა და სიყვარულის ჩასახვა – ფლორა, ქალწულთა მეგობრობა – გრაციები, მზრუნველობა და მეურვეობა – ვენერა, ფილოსოფიური განსჯა – მერკური.

“ვენერას დაბადება”

“ვენერას დაბადება” – ტოსკანური სკოლის იტალიელი ფერმწერის, სანდრო ბოტიჩელის ნახატია. ჯორჯო ვაზარი (იტალიელი მხატვარი, არქიტექტორი და მწერალი) თავის “შემოქმედთა ცხოვრებანი”-ში აღნიშნავს, რომ “ვენერას დაბადება” და “გაზაფხული” კოზიმო მედიჩის ეკუთვნოდა. “ვენერას დაბადება” – ერთ-ერთია იმ ნახატების სერიას შორის, სადაც ბოტიჩელიმ გამოსახა ულამაზესი სიმონეტა ვესპუჩი. ის იყო ქალი, რომელსაც მხატვარი წლების განმავლობაში ეტრფოდა. ტილოზე სანდრო ხოტბას ასხამს სულიერებისა და მატერიალურობის ერთიანობას, ზეციურისა და მიწიერის კავშირს. ნახატზე გამოსახულ უმშვენიერეს ქალღმერთს ძველი ბერძნები აფროდიტეს ეძახდნენ, ხოლო რომაელები – ვენერას. ლეგენდის თანახმად, ის ზღვის ქაფისგან იშვა. ტილოზე ვენერა ფეხს მაღლა სწევს, რათა მოოქროვილი ნიჟარიდან გადმვიდეს, რა დროსაც ქარი მას ყვავილებით ავსებს. აფროდიტეს გვერდით დგას ორა ტალო, ზევსისა და ფემიდას ერთ-ერთი ქალიშვილი. ის იყო ზეციური მეკარე, რომელიც ოლიმპოს ღრუბლოვან ჭიშკარს იცავდა. ვენერას მარცხნივ ვხედავთ ღვთაებრივ წყვილს – ზეფირას და მის მეუღლეს (ფლორას). ანტიკურ დროში ითვლებოდა, რომ ქარის ღვთაება ანაყოფიერებდა ყველას, ვისაც კი თავისი სუნთქვით შეეხებოდა. ზეფირას და ფლორას ჩაკონება განიმარტება, როგორც ნაზი მიჯაჭვულობის აქტი.

“მადონა დონი”

“მადონა დონი” – მიქალანჯელო ბუენაროტის მიერ შესრულებული დაზგური ხელოვნების ერთადერთი ნიმუშია, რომელიც დღემდე შემოინახა. ტონდოზე გამოსახულია წმინდა ოჯახი. მიქელანჯელომ მისი შექმნა სიქსტეს კაპელაში მუშაობამდე დაიწყო. მოცემული ნახატი საუკეთესოდ გადმოსცემს ბუენაროტის თეზისს იმის თაობაზე, რომ ყველაზე სრულყოფილ ფერწერად ითვლება ის, რომელიც სკულპტურას გვაგონებს. ფიგურებს განსაკუთრებულ მასიურობას სძენს გამოყენებული სამხატვრო ტექნიკა – “კანჯიენტე”. ნახატი გაჯერებულია სიმბოლიზმით. მაგალითად, წინა პლანზე გამოსახული სამყურა სამების სიმბოლოა, უსუპი კი – ნათლობის. აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში “მადონა დონის” უახლოეს ანალოგად ითვლება ლუკა სინიორელის ტონდო – “მადონა მედიჩი”.

“მადონა მწვანეში”

“მადონა მწვანეში” – რენესანსის ეპოქის გამოჩენილი მხატვრის, რაფაელ სანტის ტილოა, რომელიც მან თავისი მეგორბისა და მფარველისათვის, თადეო თადეისათვის დაწერა. ეს ნახატი წარმოადგენს კომპოზიციის ისეთ სახეს, რომელიც დამახასიათებელია ფლორენციული კვატროჩენტოდან რომაულ ჩინკვეჩენტოზე გარდამავალი პერიოდისათვის. ქალწულ მარიამის გვერდით გამოსახულია ჩვილი იოანე ჯვრთი ხელში. მისი მზერა მიმართულია მაცხოვრისაკენ, რომელიც ტილოს ცენტრშია გამოხატული. ფიგურების თავებს შემოვლებული აქვთ ოდნავ შესამჩნევი შარავანდი. ღვთისმშობლის მოკრებილი ყურადღება კომპოზიციას სერიოზულ ქვეტექსტს ანიჭებს.

“ურბინელი ვენერა”

“ურბინელი ვენერა” – ვენეციური ფერწერული სკოლის ცნობილი მხატვრის, ტიციანის ტილოა. ეს ნახატი შეიქმნა ურბინელი ჰერცოგის, გვიდობალდო II დელა როვერეს დაკვეთით. წინა პლანზე, სასახლის მდიდრული ინტერიერის ფონზე გამოსახულია შიშველი ქალი, რომელიც ქალღმერთ ვენერასთანაა გაიგივებული. მარჯვენა ხელში მას ყვავილები უჭირავს, მარცხენა კიდურით კი ინტიმურ მიდამოს ფარავს. ერთ-ერთი ინტერპრეტაციით, ამ ნამუშევრით ტიციანს სურდა მოეთხრო მნახველთათვის ცოლ-ქმრული ურთიერთობისათვის დამახასიათებელი სექსუალურობის შესახებ, მან ერთმანეთს შეურწყა ამაღელვებელი ეროტიკა და ქორწინების სათნოებები (უპირველეს ყოვლისა, ერთგულება, რომელსაც განასახიერებს ტილოზე გამოსახული ძაღლი).

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register