logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ათენი, აკროპოლისი

23 Jun

ათენი, აკროპოლისი

ათენი – უძველესი ცივილიზაციის აკვანია. დღესდღეობით იგი საბერძნეთის დედაქალაქია, 2500 წლის წინ ის ანტიკური სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი მდებარეობს ატიკის ცენტრალურ დაბლობზე, სამი მხრიდან იგი შემოსაზღვრულია პარნიტას, ეგალეოსა და პენდელის მთებით, მეოთხე მხრიდან კი მას ეგეოსის ზღვა ეკვრის.

ათენის ისტორია 3,5 ათასწლეულზე მეტს ითვლის. მითოლოგიიდან ცნობილია, რომ საბერძნეთის დედაქალაქმა თავისი სახელი მიიღო სიბრძნის ქალღმერთ ათენასა და ზღვის მბრძანებელ პოსეიდონს შორის კამათის შემდეგ. კეკროპს, ათენის პირველ ხელმწიფეს, რომელიც ნახევრად ადამიანი და ნახევრად გველი იყო, უნდა გადაეწყვიტა ქალაქის მფარველის ვინაობა. ამ სტატუსის მფლობელი გახდებოდა ათენასა და პოსეიდონს შორის იგი, ვინც მეფეს უკეთეს ძღვენს მიართმევდა. საბოლოო ჯამში, კეკროპის მოწონება ათენას საჩუქარმა – ზეითუნის ხემ დაიმსახურა.

ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან მოყოლებული ათენი იწყებს გამალებით განვითარებას აკროპოლის კედლებით უზრუნველყოფილი უსაფრთხო მდებარეობისა და ზღვაზე გასასვლელის წყალობით. ამგვარად, ის გახდა ძველი ელადის სუვერენული პოლისი. მოსახლეობა ძირითადად ნაოსნობითა და ვაჭრობით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ხალხი გამოთიშული იყო პოლიტიკური საქმიანობიდან, რაც არისტოკრატიის პრივილეგიას წარმოადგენდა.

ძვ.წ. მე-7 საუკუნემდე ათენში მოქმედებდა უზენაესი სასამართლოს დაუწერელი კანონები. მოგვიანებით შეიქმნა დრაკონის (იგივე დრაკონტი, ათენის უძველესი კანონმდებელი) კოდექსი. ეს კანონები სიმკაცრით გამოირჩეოდა, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ მოქალაქეთა დაჟინებული მოთხოვნით კანონმდებლად აირჩია სოლონი, რათა მას შეექმნა ათენის პირველი კონსტიტუცია.

სოლონის რეფორმები შეეხო როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს. ახალი პოლიტიკური სისტემა საფუძვლად დაედო ათენის დემოკრატიის შექმნას, თუმცა ის ვერ აუვლიდა გვერდს სოციალურ კონფლიქტებს. ამგვარად, 20-წლიანი არეულობის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიული პარტია პესისტრატის, სოლონის ბიძაშვილის ხელმძღვანელობით.

ათენის დაარსებამდე სწორედ სპარტა მიიჩნეოდა ელინთა წამყვან ქალაქად. ძვ.წ. 499 წელს ათენმა გაგზავნა ჯარი მცირე აზიაში ბერძნული იონური ქალაქების სპარსელთაგან დასაცავად. ამის შემდგომ მტერი რამდენჯერმე შეიჭრა საბერძნეთში, რამაც გამოიწვია ბერძნებისა და სპარსელების მსხვილი სამხედრო შეტაკებები. საბოლოო ჯამში, ამ ომებიდან გამარჯვებულები ელინები გამოვიდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ვიდრე ქვეყანა მაკედონელებმა დაიპყრეს, ათენი ვითარდებოდა და ყვაოდა. ქალაქი ხდებოდა ფილოსოფიის, ლიტერატურის, პოეზიისა და ხელოვნების ცენტრი. იმ ხანის წამყვანი ფიგურა იყო პოლიტიკოსი პერიკლე, ათენის კავშირის ლიდერი, რომელმაც მრავალი არქიტექტურული ძეგლი ააგო, მათ შორის, პართენონიც.

ძვ.წ 88 წლიდან მოყოლებული რომის იმპერიის ჯარმა დაიწყო საბერძნეთში შეჭრა და 146 წლისათვის უკვე სრულად დაიპყრო იგი. ამ ოკუპაციის განმავლობაში ათენმა მიიღო “თავისუფალი ქალაქის” ტიტული, რადგან რომაელები აღტაცებულნი იყვნენ ათენელთა კულტურითა და სკოლებით.

529 წლიდან დაწყებული ათენი ბიზანტიელთა მმართველობის ქვეშ მოექცა. ამ პერიოდში ბიზანტიელმა იმპერატორებმა ხელოვნების მრავალი ნიმუში გადაიტანეს იქიდან კონსტანტინოპოლში.

1458 წელს ათენი ოსმანეთის იმპერიამ იგდო ხელთ. მტერმა გაანადგურა ქალაქის უძველესი ძეგლები, პართენონი მეჩეთად გადაკეთდა. თურქები აკროპოლისის პროპილეებს დენთის საწყობად იყენებდნენ. 1640 წელს მომხდარი დიდი აფეთქების შედეგად პროპილეების დიდი ნაწილი მოისპო, მნიშვნელოვნად დაზიანდა პართენონიც. 1821 წელს დაიწყო რევოლუცია და მალე ბერძნები გათავისუფლდნენ ოსმანთა ბატონობისაგან.

პართენონი – ათენის აკროპოლისის სატაძრო ანსამბლეის დომინანტაა, რომელიც ძვ.წ. მე-5 საუკუნით თარიღდება. ბერძნებმა იგი მიუძღვნეს ქალღმერთ ათენას, რითაც მადლობა გადაუხადეს ზევსის ქალიშვილს მათი ქალაქის მფარველობისა და სპარსელებთან ომის პერიოდში ხსნისათვის.

ძველბერძნული მითის თანახმად, ძლევამოსილ ზევსს ვაჟის ხელიდან სიკვდილი უწინასწარმეტყველეს. შეშინებულმა მეხის მტყორცნელმა გადაყლაპა მეტიდა, თავისი ფეხმძიმე მეუღლე. მალევე ზევსს თავი გაუსაძლისად ასტკივდა, მან მისი გაკვეთა ბრძანა. ასე მოევლინა ქვეყნიერებას ათენა მეომრის სამოსელში. ის თვალებით სიბრძნეს და სითბოს ასხივებდა, რის გამოც სამართლიანობის, გონიერებისა და სამხედრო სტრატეგიის ქალღმერთად შერაცხეს. ათენა ოლიმპოს მთიდან ჩამოვიდა და ხალხს ასწავლა ხელობა, განავითარა მეცნიერება, აჩვენა კანონთა შედგენის ხელოვნება და სახელმწიფო საქმეთა წარმოება.

პართენონის მშენებლობა დაიწყეს პერიკლეს ეპოქაში. შენობის არქიტექტორი გახდა კალიკრატი,  გაფორმებას ხელმძღვანელობდა ფიდიუსი – ათენას ქანდაკების ავტორი. ქალღმერთს ერთ ხელში შუბი, მეორეში კი – გამარჯვევის ღვთაება ნიკეს ორმეტრიანი ფიგურა უჭირავს.

ტაძარს შიგნიდან შემორტყმული აქვს 160-მეტრიანი ბარელიეფური ფრიზი, რომელზეც გამოსახულია ათენას დაბადებისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა. ყოველწლიურად, ივლისის თვეში ხალხი ადიდებდა თავიანთ გამორჩეულ ღვთაებას. თავიდან კითხულობდნენ ლექსებს, მართავდნენ თეატრალურ წარმოდგენებს და სპორტულ შეჯიბრებებს. შემდგომ ხალხი ჩამწკრივდებოდა და პროცესია მიემართებოდა აკროპოლისისკენ, რათა ათენას მიერთმიათ პეპლოსი – საზეიმო ძღვენი, შალის უსახელო ზედატანი.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო ნაგებობის აღორძინება, საბერძნეთის მთავრობამ მას ანტიკური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

აკროპოლისი ნიშნავს „სიმაგრეს, ზედა ქალაქს“ – ასე მოიხსენიებდნენ ბერძნები ბექობებზე აგებულ ციხეებს. ათენის აკროპოლისი წარმოადგენს 156-მეტრიან კლდოვან ბორცვს, რომელზეც აღმართულია ტაძრების, ქანდაკებებისა და არქიტექტურული ნაგებობათა კომპლექსი.

ძვ.წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადრუგეს ჰეკამპედონის გასაოცარი საყდარი. აკროპოლისის აღმშენებლობა განახლდა სამი წლის შემდეგ მეფე პერიკლეს მიერ.

ძვ.წ. მე-2 საუკუნეში საბერძნეთი დაიკავა რომის რესპუბლიკამ, უძველესი ტაძრები რომაელებმა ქრისტიანულ ეკლესიებად გადააკეთეს. მოგვიანებით აკროპოლისი თურქული ციხესიმაგრე გახდა.

პართენონის ჩრდილოეთით დგას ათენის მეფისა და გმირის ერექტეოსის სახელობის ეკლესია, რომელიც ძვ.წ. მე-5 ასწლეულში ააშენეს იმ ადგილას, სადაც ერთმანეთს ედავებოდნენ ათენა და პოსეიდონი, როცა ატიკაზე ბატონობისათვის ერთმანეთს ეცილებოდნენ.

აკროპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არტემიდა ბრავრონიელის ტაძრის ნანგრევებს. მიიჩნევა, რომ იგი აშენდა პისისტრატის მმართველობის ხანაში. სალოცავში განთავსებული იყო ნაყოფიერების ქალღმერთ  არტემიდას ხის ქანდაკება, რომელთანაც მომავალი დედები სალოცავად მიდიოდნენ. მოგვიანებით შეიქმნა ღვთაების ქვის სკულპტურა, რომლის თავიც ახლა აკროპოლისის ახალ მუზეუმში დაცული.

ჰეკატომპედონის ტაძარი პართენონის წინამორბედია, ის გააჩანაგეს ძვ.წ. 490 წელს მას შემდეგ, რაც სპარსელება ბერძნებს სძლის მარათონის ბრძოლაში. ნაგებობის ნანგრევები აღმოაჩინა გერმანელმა არქეოლოგმა ვილჰელმ დერპფელდმა  მე-19 საუკუნეში. ტაძრის ნაშთები განფენილია პართენონსა და ერექტეიონს შორის.

ათენა პალადის საკურთხეველი იყო ყველაზე საკულტო ადგილი ათენის აკროპოლში. დღესდღეობით მისი ადგილსამყოფელი უცნობია. პანათენის  (ყველაზე დიდი რელიგიურ-პოლიტიკური დღესასწაული ანტიკურ ათენში) ზეიმობისას სწორედ იქ სწირავდნენ მსხვერპლად ქალღმერთ ათენას მსხვილ რქოსან პირუტყვს.

ქალღმერთ ნიკეს ტაძარი დღემდე სასწაულებრივად შემოინახა. თავდაპირველად საყდარი ხის იყო, იგი სპარსელთა შემოსევის შედეგად განადგუნდა, თუმცა საკურთხეველი ხელუხლებელი დარჩა. კიმონის (ბერძენ-სპარსელთა ომების პერიოდის ათენელი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი) პერიოდში ეკლესია აღადგინეს და ამჯერად იგი ქვისგან ააგეს. თურქებმა სალოცავი მეჩეთად გადააკეთეს, ვენეციელებმა კი ის ნაწილებად დაშალეს, რათა მარმარილოსგან ფორტიფიკაციული ნაგებობები აეშენებინათ, ტყვიის სამაგრები კი ტყვიებად და ბირთვებად გადაედნოთ. საბედნიეროდ, მოხდა მორიგი სასწაული და ბერძნებმა დამპრყობლები დაითანხმეს და მტერმა სხვა სამშენებლო მასალები გამოიყენა.

ზოგიერთი მონაცემით, აკროპოლისის სამხრეთ ფერდობის მწვერვალზე მდებარეობდა სალოცავი, რომელიც მიუძღვნეს აფროდიტე პანდემოსსა და მის ერთგულ თანამგზავრ პეიროს (დარწმუნების ქალღმერთი).

ძვ.წ XIV-XIII საუკუნეებით დათარიღებული პელაგური კედელი ათენის აკროპოლისის ერთ-ერთი ნაგებობაა, რომელიც მიკენური ხანიდან მოყოლებული დღემდე შემოინახა.

ბრავრონეიონის, იგივე არტემიდას საყდრის მარცხენა მხარეს განლაგებულია მსხვერპლშეწირვისა და რიტუალთა ჩატარებისათვის განკუთვნილი ნივთების შესანახი შენობები, ასევე იარაღის საწყობი – ჰალკოტეკა.

პართენონის წინ მდებარეობს ათენა ერგანას სახელობის კიდევ ერთი საკურთხეველი. მისი ადგილმდებარეობა დღემდე წარმოადგენს არქეოლოგების დავის საგანს.

ერექტიონის გვერდით მდებარეობს პანდროსას (მეფე კეკროპის ერთ-ერთი ქალიშვილი) ტაძარი. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ საყდრის სიახლოვეს იყო დარგული ზეთისხილის ხე, რომელიც ათენამ უძღვნა საბერძნეთის დედაქალაქის მოსახლეობას პოსეიდონთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ. ათენელები ეთაყვანებოდნენ პანდროსას, როგორც ნამის ქალღმერთს, რომელიც მათ სამყოფელს გვალვებისაგან იცავდა.

აკროპოლისის ჩრდილო კედელთან განლაგებულია აფროდიონი. ეს იყო ორი ქალიშვილის საცხოვრებლად განკუთვნილი შენობა, რომელთა მოვალეობას პანათენის თამაშებისათვის პეპლოსის (ტანსაცმელი ათენას ქანდაკებისათვის) ქსოვა წარმოადგენდა. მათ ეძახდნენ არეოფორებს. როგორც წესი, ესენი იყვნენ 6-12 წლამდე ასაკის გოგონები წარჩინებული ოჯახებიდან.

გადმოცემის თანახმად, აკროპოლისის იმავე ნაწილში განთავსებული იყო ზევსისადმი მიძღვნილი სალოცავი. იქ მეხის მტყორცნელს სწირავდნენ ხარებს.

მე-19 საუკუნის ბოლოს აკროპოლის ძველი მუზეუმის მშენებლობისას აღმოაჩინეს კიდევ ერთი ნაგებობის ფუნდამენტი. სალოცავს სახლი დაერქვა გმირ პანდიონის საპატივცემულოდ. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ იმ ადგილას მთავრდებოდა პანათენის წმინდა გზა.

პართენონის აღმოსავლეთის ფასადის წინ კიდევ ერთი ტაძრის ნანგრევებს შევხვდებით. ავგუსტუსისა და რომის სალოცავიდან დღემდე შემორჩა მხოლოდ კოლონათა ნაწილები და მრგვალი საფუძვლის ფრაგმენტები. ეს ეკლესია ააშენეს რომის იმპერიის პერიოდში ქალღმერთ რომასა და იმპერატორ ავგუსტუსის საპატივცემულოდ. აღსანიშნავია, რომ იგი აკროპოლისში არსებული ერთადერთი წრიული მოყვანილობის შენობაა.

მახვილ თვალს არ გამორჩება პროპილეთა გვერდით მყოფი აგრიპას ძეგლის პედესტალი. თავდაპირველად მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა პერგამის მეფე ევმენ II-ისა და მისი ძმის – ატილას ბრინჯაოს ქანდაკებები. მოგვიანებით ისინი ჩაანაცვლეს ანტონიუსისა და კლეოპატრას სკულპტურებით, თუმცა ბოლოს პედესტალზე დადგეს მარკუს აგრიპეს, იმპერატორ ავგუსტუსის სიძის, მონუმენტი.

267 წლის ჰერულების დარბევის შემდეგ აკროპოლისის კედელს გაუკეთეს ორი ჭიშკარი. ერთ-ერთი მათგანი 1852 წელს აღმოაჩინა ფრანგმა არქეოლოგმა ერნესტ ბეილმა.

აკროპოლის შესასვლელთან, მის სამხრეთ ფერდობზე ძევს ჰეროდეს ატიკუს თეატრი, რომელიც ახ.წ. II ასწლეულით თარიღდება.

ძვ.წ. მე-5 საუკუნეში აგებულმა ასკლეპიოსის (მკურნალობის და მედიცინის ღვთაება) ტაძარმა თითქმის ათი საუკუნის განმავლობაში იარსება, თუმცა იგი საბოლოოდ დაარღვიეს საბერძნეთის ქრისტიანიზაციის პერიოდში.

აკროპოლისის ტერიტორიაზე განთავსებული მსოფლიოს უძველესი დიონისეს თეატრი ძვ.წ. მე-4 საუკუნეში აღმართეს, ის დაახლოებით 15 000 მაყურებელს იტევდა. მევენახეობისა და მეღვინეობის ღვთაების  საპატივცემულოდ ათენში ყოველწლიურად ეწყობოდა დიონისია. ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პისისტრატმა, ცნობილმა ტირანმა. მისი ბრძანებით, აკროპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ააგეს დიონისეს ტაძარი, შემდგომ კი უკვე თეატრი.

ძველ საბერძნეთში ტემენოსს უწოდებდნენ მიწის წმინდა ნაკვეთს, რომელიც ეძღვნებოდა რომელიმე ღვთაებას. სწორედ დიონისეს ტემენოსზე ააგეს მისივე სახელობის სალოცავი.

დიონისეს თეატრის ზედა ნაწულში აღმოაჩენთს მცირე გროტს, რომელშიც ანტიკურ ხანაში მდებარეობდა ღვთისმშობლის ეკლესია. მისი შესასვლელი მორთული იყო ტრასილას მონუმენტით. საკვირველია, რომ საუკუნეთა მანძილზე ეს ნაგებობა მტრის თავდასხმებს გადაურჩა. ის განადგურდა მხოლოდ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, როცა აკროპოლისზე თურქებს ალყა ჰქონდათ შემორტმული.

დიონისეს თეატრის სიახლოვეს შეამჩნევთ კიდევ ერთი ნაგებობის ნაშთებს. ესაა მსოფლიოში პირველი გადახურული თეატრი. ერთ-ერთი ვერსიით, ის ააშენეს ძვ.წ. VI-V საუკუნეებში, თუმცა იგი გადაწვეს მითრიდატული ომის დროს. პერიკლეს ოდეონი მალევე ქვაში აღადგინეს, თუმცა დღემდე მისგან თითქმის ვერაფერი შემორჩა.

პერიპატოსი – ესაა გზა, რომელიც გადიოდა ათენის აკროპოლისის ყველა ფერდობის გასწვრივ. სწორედ მას გაივლიდა ხალხი რელიგიური დღესასწაულების დროს. მისი სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს.

აკროპოლისის ჩრდილოეთ ფერდობზე აღმოაჩენთ კლეპსიდრას წყაროს, რომლის წყლებიც ქრისტიანულ პერიოდში წმინდად მიიჩნეოდა და მასთან ახლოს ეკლესიაც კი ააგეს. როცა სალოცავი დაარღვიეს, მისი ნანგრევების ქვეშ ჩაიმარხა წყარო, რომელიც 1822 წელს კვლავ აღმოაჩინეს, როცა ათენი დროებით გათავისუფლდა თურქი დამპყრობლებისგან.

ჩრდილოეთის ფერდობის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობებია პანას, ზევსისა და აპოლონის მღვიმეები. პანას გამოქვაბულს სახელი დაერქვა იმ ღვთაების პატივსაცემად, რომელიც მფარველობდა მწყემსებს და იცავდა ტყეებს. ქრისტიანულ ეპოქაში იქ ააგეს წმინდა ათანასეს სამლოცველო.

აკროპოლისის ჩრდილოეთ ნაწილში სეირნობისას შეხვდებით მიკენის შადრევანს. რთულია ამ ნაგებობას შადრევანი ეწოდოს, იგი მცირე გამოქვაბული უფროა. ადრე იგი წარმოადგენდა ღრმა ჭას, წყლის ასაღებად კიბეებით დაბლა ჩასვლა იყო საჭირო. ფაქტობრივად, იგი იყო აკროპოლში შესასვლელი კიდევ ერთი ფარული გზა, რომელიც თავიდან ძველ ბერძნებს ემსახურეოდა, მეორე მსოფლიო ომის წლებში კი მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. საბერძნეთის გერმანული ოკუპაციის დროს, 1941 წლის 30-31 მაისი ღამეს, ორ ბერძენმა კომუნისტმა – აპოსტოლოს სანტასმა და მანოლის გლეზოსმა მიკენური შადრევნის გავლით ავიდნენ აკროპოლისში და ჩამოხიეს ნაცისტური დროშა. ითვლება, რომ ეს იყო ოკუპანტებისათვის წინააღმდეგობის გაწევის პირველი აქტი საბერძნეთში, რამაც ზემოაღნიშნული პიროვნებები ეროვნული გმირები გახადა.

აფროდიტესა და მისი ვაჟის ეროსის სალოცავი განლაგებულია ღია ცის ქვეშ. იქვე არსებულ კლდეში შეამჩნევთ მცირე ნიშებს, სადაც ძველად ათავსებდნენ საჩუქრებს ქანდაკებების ან ლარნაკების სახით. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ საყდრის სიახლოვეს ტარდებოდა ათენა პოლიადისადმი მიძღვნილი რიტუალი.

აკროპოლისის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს ნიმფა აგლავროსის გამოქვაბული. 1980 წელს აღმოჩენილი და ძვ.წ. მე-3 საუკუნით დათარიღებული მარმარილოს სტელის მეშვეობით დადასტურდა, რომ ეს მღვიმე ზემოაღნიშნული ქალღმერთის სახელს ატარებდა. მანამდე არქეოლოგები დარწმუნებულები იყვნენ, რომ აგლავროსის სალოცავში მივყავდი მიწისქვეშა გზას ერექტეიონის საყდრიდან. ჰეროდოტეს თანახმად, სწორედ ამ ფარული გზის გავლით შევიდნენ ძვ.წ. 480 წელს სპარსელები აკროპოლისში.

აგლავროსი მითიური მეფე კეკროპსის სამ ქალიშვილთაგან ერთ-ერთია, ნამის ქალღმერთი. ერთ-ერთი მითის მიხედვით, ომის ღვთაებამ აგლავროსსა და მის დებს გადასცა სკივრი, რომელშიც იმყოფებოდა ჩვილი ერექტეი (მიწის გველისმაგვარი შვილი) და აუკრძალა მათ ყუთში ჩახედვა. ნამის ქალღმერთსა და მის ერთ-ერთ დას ცნობისმოყვარეობამ სძლია, უჩვეულო ბავშვის ნახვის შემდეგ ისინი შეძრწუნდნენ და კლდიდან გადაიჩეხნენ. მათი გარდაცვალების ადგილას გაჩნდა მღვიმე.

მეორე ლეგენდის მიხედვით, აპოლონის ორაკულმა განაცხადა, რომ ქალაქის ხანგრძლივ ალყას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეღებოდა ბოლო, თუკი ვინმე ნებით გაიღებდა მსხვერპლად საკუთარ თავს. აგლავროსმა გადადგა ეს რთული ნაბიჯი და კლდიდან გადაეშვა. ღვთაების აღსასრულის ადგილას ახალგაზრდა ათენელი მებრძოლები დებდნენ ფიცს, რომ უკან არაფერზე დაიხევდნენ თავიანთი მშობლიური ქალაქის გულისათვის, რის შემდეგაც მათ გადაეცემოდათ შუბები და ფარები.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register