logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ესპანეთის გამორჩეული არქიტექტურული ძეგლები

13 Nov

ესპანეთის გამორჩეული არქიტექტურული ძეგლები

ესპანეთის მოედანს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს საქალაქო ფორუმად მოიხსენიებენ. ის ძველთაძველი სასახლის კომპლექსს წააგავს. “Plaza de Espania” წარმოადგენს მასშტაბურ არქიტექტურულ ანსამბლს, რომელიც სამხრეთ სევილიაში ააგეს სპეციალურად იბერიულ-ამერიკული გამოფენის ჩასატარებლად. ის არის უშუალოდ მარია-ლუიზას პარკის გაგრძელება.

მოედნის მშენებლობა წამოიწყო მეფე ალფონსო XIII-მ ჯერ კიდევ 1914 წელს, პროექტის მთავარი ხელმძღვანელები კი იყვნენ ცნობილი ესპანელი არქიტექტორები – ანიბალ გონსალენი, ხოსე კასო და აურელიო მილანო.

ფორუმის ფორმა ატარებს მკვეთრად გამოხატულ სიმბოლურ დატვირთვას. შემქნელთა განმარტებით, ეს თვით ესპანეთის სამეფოა, რომლის ერთი მხარე ეხვევა თავის ზღვისიქითურ ტერიტორიებს, მეორე კი ცნობისმოყვარედ გასცქერის ახალ სამყაროს. ესპანეთის მოედნის შემთხვევაში გამოყენებულია ორი არქიტექტურული მიმართულება – არ-დეკო და მუდეხარი.

პავილიონის წინ მიედინება თვალწარმტაცი არხი, რომლის სიგრძე თითქმის ნახევარ კილომტრს აღწევს. ვენეციის მსგავსად, აქაც შეგიძლიათ ნავის ქირაობა და არემარის დათვალიერება. მოედნის მთელს ტერიტორიაზე განთავსებულია მოჭედილი ძელსკამები, რომლებიც ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი 46 მატერიკული პროვინციისა და 2 არქიპელაგის (კანარისა და ბალეარის კუნძულები) სიმბოლოებია. ფორუმის მეორე მხარეს მდებარეობს დიდი პარკი ულამაზესი მავრიტანული ბაღით.

სევილიის საკათედრო ტაძარი არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ანდალუსიის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. აღნიშნული სალოცავი განთავსებულია სან-ტელმოს სასახლის სიახლოვეს. ადრე ამ ეკლესიის ადგილას მდებარეობდა არაბული მეჩეთი. XV-XVI საუკუნეებში ესპანეთში საკმაოდ პოპულარული იყო გოტიკური სტილი, ხუროთმოძღვრებმა საკათედრო ტაძარი მიანიჭეს ზემოხსენებული მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი ნაკვთები: შესასვლელის ზემოთ განთავსებული ფრანგული როზეტი და მრავალი წაწვეტებული პატარა კოშკები. აღსანიშნავია, რომ სალოცავში ინახებოდა კოლუმბის მიერ ამერიკიდან ჩამოტანილი უძვირფასესი ნივთები, მაგალითად, ველასკესის, გოიას და მურილიოს ტილოები.

მერიდა არის უძველესი ქალაქი, რომელიც გაშენებულია მდინარე გვადიანაზე და მდებარეობს პორტუგალიის საზღვართან ახლოს. ის დაარსეს რომაელებმა ძვ.წ. 25 წელს იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის ხანაში. იმ პერიოდში იბერიის ერთ-ერთ უმსხვილეს და წარმატებულ ქალაქს უწოდებდნენ “ემერიტა-ავგუსტა”-ს. ანტიკურ ხანაში მერიდა ლუზიტანიის პროვინციის ცენტრის ფუნქციებს ასრულებდა. 713 წელს ქალაქი დაიპყრეს მავრებმა, რომელთა წინამძღოლი იყო მუსა იბნ ნუსაირი. უძველესი თავდაცვითი შენობის ნანგრევებზე მავრებმა აღმართეს ახალი ციტადელი – ალკასაბა. არაბებისგან ქალაქის ბრძოლით დაბრუნება 1230 წელს შეძლო მეფე ლეო ალფონს IX-მ. გამარჯვების მოპოვების შემდეგ მან მერიდა გადასცა წმინდა იაკობის ორდენს. ნაპოლეონის ომებისა და ინდუსტრიული რევოლუციის დროს ქალაქს დიდი ზიანი მიადგა.

მერიდას მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს რომის იმპერიის პერიოდიდან შემორჩენილი ნაგებობების ნაშთები. ისინი ძირითადად კონცენტრირებულია ქალაქის ისტორიულ ცენტრში. რომაული თეატრი არსებობს ძვ.წ. XVI-XV საუკუნეებიდან მოყოლებული. ნაგებობა ელიფსის ფორმაშია შესრულებულია, უკანა კედელზე შემონახულია დიდებული სკულპტურული მორთულობები. თეატრი 600-მდე მაყურებელს იტევდა. მე-20 საუკუნეში იქ ჩატარდა გათხრები და დღესდღეობით ეს ღირსშესანიშნაობა კვლავ გამოიყენება სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად.

რომაული ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია რომაული ეპოქის უძველესი არტეფაქტების კრებული, მათ შორის, კერამიკული ჭურჭელი, შუშის ნაკეთობები, საფლავის ქვათა წარწერების ნიმუშები, სკულპტურები, კედლის მოზაიკის ფრაგმენტები, ნუმიზმატიკის კოლექციები.

მერიდაში შემონახული ერთადერთი რეგლიგიური რომაული შენობა არის დიანას ტაძარი. ეს გარნდიოზული მართკუთხა ნაგებობა შემოსაზღვრულია გრანიტის კოლონებით. აღნიშნული სალოცავი გადარჩა იმის შედეგად, რომ მე-16 საუკუნეში მის გარშემო ააგეს გრაფ კორბოსის რენესასნული სასახლე.

მერიდაში მდებარეობს აკვედუკი, სახელწოდებით “ლოს-მილაგროსი”, რაც ნიშნავს “საოცრებათა აკვედუკს”. თანამედროვეობამდე მოაღწია ნაგებობის მხოლოდ 73-მა ძელმა. მდინარე გვადიანაზე გადეს თაღოვანი ხიდი ემერიტა-ავგუსტისა და ტარაგონის დასაკავშირებლად. მშენებლობისას გამოიყენეს მტკიცე თლილი გრანიტი.

მავრიტანული სიმაგრე, სახელად აკლაკსაბა, ააგეს 855 წელს აბდ არ-რახმან მეორის ბრძანებით. შიდა სივრცის ცენტრში მდებარეობს პატარა დახურული მიწისქვეშეთი, სადაც განლაგებულია წყლის გამასუფთავებელი ნაგებობა.

მესკიტა არის კორდიბაში არსებული რომაულ-კათოლიკური ტაძარი, რომელიც ადრე მეჩეთი იყო. შუა საუკუნეებში ის გახდლათ მსოფლიოში სიდიდით მეორე მაჰმადიანთა სამლოცველო სახლი, ახლა კი მიიჩნევა ესპანეთის ყველაზე განთქმულ არქიტექტურულ ნაგებობად, რომელიც აღიმართა ომეიადების დინასტიის მმართველობისას.

თავდაპირველად მესკიტა მოხსენიებულია მატიანეებში, როგორც წმინდა ვიკენტი სარაგოსელის ეკლესია. მოგვიანებით ის მეჩეთად გადააკეთეს, მე-8 ასწლეულის დასაწყისში კი სრულად გაანადგურეს. 784 წელს იმავე ადგილას აღმართეს ახალი მუსლიმური სალოცავი. პროექტის ავტორი იყო აბდ-არ-რახმან პირველი, რომელსაც სურდა ცოლის სახელის უკვდავყოფა. სამი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა მეჩეთის რეკონსტრუირება და ახალი დეკორატიული ელემენტების დამატება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ონიქსისგან დამზადებული დიდი შიდა თაღები, კედელში ჩაყოლებული ამარტის ქვები. ესპანეთში რეკონკისტას (ქრისტიანებისა და მუსლიმების ბრძოლა პირენეის ნახევარკუნძულის ხელში ჩასაგდებად) დასრულების შემდეგ მესკიტა კათოლიკურ ეკლესიად გარდაქმნეს.

ბურგოსი გადაჭიმულია ფერდობზე, რომლის ძირას განფენილია თვალწარმტაცი კასტილიის დაბლობები. მდინარე არლანსონი ქალაქს ორ ნაწილად ყოფს.თანამედროვე ბურგოსი სტუმრებს სთავაზობს ყველაფერს, რაც საჭიროა ცხოვრების სრულფასოვნების შესაგრძნობად: მრავალფეროვან სავაჭრო წერტილებს, გემრიელს საკვებს და ღვინოს, ღამის გართობას, მწვანე ბულვარებს, გასაოცარ პლაჟს, ძველი ქალაქის შუასაუკუნოვან ატმოსფეროს.

ბურგოსის ისტორიულ ცენტრს შეუძლია დაიკვეხნოს შემდეგი მოედნებით: პლაზა დელ მიო სიდი (აქ დგას რაინდ სიდ კომპეადორის ძეგლი), პლაზა დელ რევ სან ფერნანდო, პლაზა მაიორი, პლაზა ლიბერტადი (ცნობილია კასა-დელ-კორდონის ისტორიული სასახლის წყალობით), პლაზა ლესმესი (აქ მდებარეობს ბერნარდოსის მონასტერი).

მდინარე არლანსონზე გადებულია სანტა-მარიას ხიდი. რაც შეეხება ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, ის ესპანეთის გოტიკური არქიტექტურის შედევრადაა აღიარებული. მას ლათინური ჯვრის ფორმა აქვს. არკადის ცენტრალურ ნაწილში, კოშკებს შორის, განთავსებულია ქალწული მარიამის ქანდაკება. მის ქვემოთ იხილავთ კასტილიის რვა მეფის სკულპტურულ გამოსახულებებს, მათ ქვეშ კი მდებარეობს უზარმაზარი ფანჯარა-ვარდი, რომლის ცენტრში გამოსახულია მეფე დავითის ექვსკუთხა ვარსკვლავი. ტაძრის ჩრდილოეთი ფასადი მიძღვნილია მოციქულებისადმი. შესასვლელი კარის თავზე აღბეჭდილია საშინელი სამსჯავროს სცენები.

კანარის კუნძულები არის ესპანეთის ავტონომიური ტერიტორია, რომელიც შედის ევროკავშირის შემადგენლობაში. არქიპელაგი განლაგებულია ატლანტიკის ოკეანეში. დღესდღეობით იგი მსოფლიო მასშტაბით განთქმულ კურორტს და დიდ პორტს წარმოადგენს.

პლატონი თვლიდა, რომ კანარის კუნძულები იყო ატლანტიდა. ძველ დროში ამბობდნენ, რომ იქ განთავსებული იყო ჰესპერიდების ბაღები. მრავალი მეზღვაური ოკეანეში „ბედნიერი მიწის“ აღმოჩენას ლამობდა. არქიპელაგის სახელწოდებასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მეცნიერები ემხრობიან ვარაუდს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულს ადგილს ასეთი სახელი დაერქვა იქ მცხოვრების უამრავი ძაღლის გამო (ლათინურიდან “canis” ითარგმნება, როგორც „ძაღლი“). კანარის კუნძულების ისტორია გამოცანებითა და მითებითაა მოცული. ძვ.წ. 1-ელ ათასწლეულში იქ დასახლდნენ გუანჩები, რომლებიც მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით ირჩენდნენ თავს. სწორედ მათ აღმართეს გუიმარის პირამიდები, რომლებიც დღეს არქიტექტურულ მემკვიდრეობად ითვლება. ბერძნები, ფინიკიელები და კართაგენელები იქ სახლობდნენ ანტიკურ ხანაში. მე-12 საუკუნეში არქიპელაგზე გამოჩნდნენ არაბი ზღვაოსნები. მე-15 ასწლულის ბოლოს ესპანელები სრულად დაუფლენენ იქაურ მიწებს, რადგან გუანჩის ტომები ამოწყდნენ შავი ჭირის ეპიდემიის გამო. მოგვიანებით არქიპელაგი გახდა მთავარი გაჩერება ამერიკისკენ მიმავალ გზაზე. აღსანიშნავია, რომ აქ ქრისტეფორე კოლუმბიცაა ნამყოფი. ტერიტორია ესპანეთის ავტონომიურ ნაწილად იქცა 1982 წელს.

კანარის კუნძულთა კლიმატზე გავლენას ახდენს საჰარის უდაბნოსთან ახლო მდებარეობა, კანარის ცივი დინება. არქიპელაგის უმაღლესი წერტილებია: გრან კანარია, ტენერიფე და პალმა.

ტენერიფეს კუნძულზე მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ ტეიდეს ვულკანი, ტახაოში არსებული ბუნებრივი თაღი, სან მიგელის ციხე, ჯოჯოხეთის ხეობა. სანტა კრუსში მდებარე მუზემში დაცულია პალეონტოლოგიური, ბოტანიკური, არქეოლოგიური და სხვა სახის საინტერესო არტეფაქტები.

გრან კანარიას კუნძულზე ყოფნისას აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს წარმოადგენს: ქალაქები – ფატაგა, ტერორი, არუკასი; მარკიზის ბაღი, კუევა პინტადას მღვიმე, პალმიტოსის პარკი. ჯერ კიდევ მე-18 ასწლეულის ბოლოს მომხდარი ცუნამის შედეგად ჩამოყალიბდა მასპალომასის დიუნები, რომლებიც უნიკალურ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

ლა-სიბინას ბორცვის ვრცელ მწვერვალზე მდებარეობს ალგამბრას სასახლე. მე-8 საუკუნეში სამხრეთ ესპანეთში გაბატონდნენ მუსლიმი დამპყრობლები. მუხამედ იბნ ნასრმა თავი ემირად გამოაცხადა და მისი სამფლობელოს დედაქალაქად გრანადა გახადა. 1238 წელს ხელისუფალმა დაიწყო პირადი რეზიდენციის, ალგამბრას ციხე-სიმაგრის, მშენებლობა. ვიდრე გრანადის საამიროს ნასრიდების დინასტია მართავდა, მავრი ხუროთმოძღვრები და ინჟინრები ახალ მეჩეთებსა და სიმაგრეებს აგებდნენ, ისინი ფაქტობრივად „მსოფლიოს მერვე საოცრებას“ ქმნიდნენ. ხსენებული პერიოდი გრანადის „ოქროს ხანის“ სახელითაა ცნობილი. მე-15 საუკუნის ბოლოს პირენეის ნახევარკუნძული მაჰმადიანთაგან გაათავისუფლეს, ალგამბრეს სიმაგრე კი კარლ მეხუთის რეზიდენციად გადააკეთეს.

ალგამბრას შემადგენლობაში შედის ალკასაბა – უძველესი ციტადელი, სადაც ცხოვრობდნენ პირველი ემირები ნასრიდების დინასტიიდან. იქ შემოინახა კუბური კოშკი, რომლის თავზეც არის სამზერი ტერასა, საიდანაც ჩანს მდინარე დაროს ხეობა და ალბაისინი – ქალაქ გრანადის ძველი კვარტალი.

ალგამბრაში შესასვლელს წარმოადგენს 1348 წელს აღმართული სამართლიანობის კარიბჭე. ესაა ნალის ფორმის დიდებული თაღი. ალგამბრას ტერიტორიაზე განთავსებულია მეშარის სასახლე, კომარესისა და ლვოვის სიმაგრეები.

ქალაქ ტოლედოში არსბებული წმინდა მარიამის სახელობის საკათედრო ტაძარი შედის კასტილიის ყველაზე ცნობილი ობიექების სიაში. ის გახლავთ არა მხოლოდ გვიანი გოტიკური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში, არამედ ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული მუზეუმიც. ტერიტორია, სადაც მდებარეობს სალოცავი, ასე თუ ისე ყოველთვის კავშირში იყო რელიგიასთან. თავიდან აქ იდგა ძველი რომაული ბაზილიკა, შემდგომ – ვესტგოთების მართლმადიდებლური ეკლესია, მოგვიანებით -მუსლიმური მეჩთი, რომელიც განადგურდა ქრისტიანებთან მორიგი დაპირისპირების მერე.

ტაძრის აგება დაიწყო 1126 წელს მეფე ფერდინანდო მესამის თაოსნობით და ორ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. სალოცავს ატყვია გოთიკის გარდა სხვა ხუროთმოძღვრული სტილების კვალიც. მისი მთავარი ფასადია “Cathedral Primada”, რომელიც გადის აიუტამენტოს მოედანზე. მას გააჩნია სამი პორტალი – „ჯოჯოხეთის“, „საშინელი სამსჯავროს“, „მიტევების“. პირველ მათგანს მეორენარიად პალმების ბჭესაც უწოდებენ, მის ერთადერთ მორთულობას მცენარეული ორნამენტი წარმოადგენს.

დიოდორ სიცილიელის მტკიცებით, ქალაქი იბიცა დაარსდა ძვ.წ. 654 წელს კართაგენელების მიერ. მრავალი ისტორიკოსის ვარაუდით, ფინიკიელები კუნძულზე უფრო ადრე გამოჩდნენ, თუმცა არც ისინი ყოფილან პირველები. ამას მოწმობს სან-ანტონიში არსებულ კოვა-დე-სეს-ფონტანელესში („შადრევნებიანი მღვიმე“)  ნაპოვნი ძვ.წ. 800 წლით დათარიღებული მოხატულობები. სიტყვა“იბიცა“ ითარგმნება, როგორც „დემონის კუნძული“. ძველი ეგვიპტელები ბოროტ სულს გამოსახავდნენ მახინჯი ჯუჯის სახით.

იბიცა არის ღამის კლუბების  დედაქალაქი, მარადიული დღესასწაულის კუნძული. დალტ ვილა, ეგრეთ წოდებული ძველი ქალაქი, წარმოადგენს ბორცვის გამაგრებულ მწვერვალს. ეს ფორტიფიკაციული ნაგებობა შეიქმნა ჯერ კიდევ ფინიკიელების დროს, თუმცა იგი ხსენებული ხალხის პირენეის ნახევარკუნძულიდან გამოდევნის შემდეგაც აგრძელებდა ფუნქციონირებას. დღესდღეობით დალტ ვილას ბასტიონები პროჟექტორებითაა განათებული და ქალაქის მთელი სამხრეთი ნაწილიდან ჩანს.

სეს სალინესი იბიცის საუკეთესო პლაჟად ითვლება. თეთრი ქვიშის ზოლს ერთი მხრიდან ეკვრის ზღვა, მეორე მხრიდან კი ის გარემოცულია დიუნებით, წიწვოვანი ტყის ნაკვეთებით.

იბიცის ყველაზე თანამედროვე ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს 13 ბაზალტის კოლონისგან შეკრული ნახევარწრე, რომელიც შექმნილია ავსტრალიელი მხატვრის – ენდრიუ როჯერსის მიერ.

დალტ ვილა გარშემორტყმულია კოლოსალური დამცველობითი კედლებით, რომელთა სიმაღლე 25 მეტრს აღწევს.

იბიცის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ეს-ვედრას კუნძული. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოუცნობ ადგილის შესახებ მრავალი მითი თუ ლეგენდაა გავრცელებული.

ასწლეულების განმავლობაში პუჩ-დე-მისას ბორცვი იყო იდეალური თავშესაფარი ადგილობრივი მოსახლეობისათვის მეკობრეთა თავდასხმებისაგან.

კუენკა – შუა საუკუნოვანი ესპანური ქალაქია, რომელიც განლაგებულია ორი მდინარის – ხუკარისა და უეკარის ხეობებს შორის. ძველთაძველი არქიტექტურის წყალობით მან შეინარჩუნა ისტორიული ატმოსფერო. კლდეებზე გადმოკიდებული სახლები კი უბრალოდ ჯადოსნურ სანახაობას ქმნის.

ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში მაღალ კლდოვან ფერდობზე გაჩნდა კელტების დასახლება. მოგვიანებით აქ ჩავიდნენ რომაელები, რომლებმაც დააფუძნეს პატარა გარნიზონიანი სიმაგრე. 711 წელს კუენკე ხელთ იგდეს არაბებმა. 1177 წელს ქალაქი აიღო კასტილიის მეფემ – ალფონსო მერვემ, რომელმაც იგი თავისი სამეფოს დედაქალაქი გახადა და იქ საკუთარი ეპარქია გადაიტანა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ქრისტიანები, მაჰმადიანები და ებრაელები. მოგვიანებით ახალმა კანონებმა წარმოშვა შინაომები, რამაც განაპირობა რელიგიური ნიშნით განცალკავებული ანკლავების ფორმირება. მრავალი კასტილიური ქალაქის მსგავსად, კუენკა ყვაოდა მე-16 ასწლეულამდე. იქ აწარმოებდნენ ქსოვილებს, მოშენებული ჰყავდათ საქონელი და ამუშავებდნენ სპილოს ძვალს. მოგვიანებით დაიწყო უბედურების წყება: შავი ჭირი, გვალვები, კალიების შემოსევა, ეპიდემიები. ამ ყველაფერმა ქალაქის ეკონომიკური დაცემა გამოიწვია.

კუენკას მთავარ მოედანზე განთავსებულია სანტა-მარია-ლა-მაიორის საკათედრო ტაძარი, რომელიც აგებულია გოთიკურ და ნორმანდიულ სტილებში. მას ეკედლება ეპისკოპოსის სასახლე.

ქალაქის უმაღლეს წერტილში განთავსებულია კარმელიტების მონასტერი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი მდინარე უეკარის ხეობაზე. სან-ფელიპე-დე-ნერი არის მდიდრულად მოკაზმული მე-18 საუკუნის ეკლესია, რომელიც როკოკოს სტილშია შესრულებული. მას აქვს კამარიანი ნეფი, რომელიც ლათინურ ჯვარს მოგაგონებთ.

პლაზა მაიორი არის ქალაქის ცენტრალური მოედანი. განსაკუთრებულ ინტერესს იპყრობს იქ არსებული რატუშა. მანგანა – მაღალი ქვის კოშკია, რომლის ფასადს საათი ამშვენებს.

ალტამირას ისტორიის დასაბამი დაკავშირებულია ფრანგი მეცნიერების მიერ აღმოჩენილ არქეოლოგიურ მონაპოვრებთან, რომლებიც წარმოდგენილი იყო პარიზში 1878 წელს გამართულ მსოფლიო გამოფენაზე. იქ შემთხვევით მოხვდა წარმოშობით ესპანელი მოყვარული ხუროთმოძღვარი მარსელინო სანს დე საუტუოლა. გამოფენაზე ძველთაძველი ექსპონატების დათვალიერების შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაწვრილებით შეესწავლა არქეოლოგთა მიერ შემთხვევით მიკვლეული გამოქვაბული.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საუტუოლა მყისვე შეუდგა იმ არტეფაქტების ძიებას, რომლებიც დაამტკიცებდა ალტამირას ბნელ დარბაზებში უძველესი ადამიანის შესაძლო ყოფნას. ერთ დღეს ის შეისწავლიდა მიწისქვეშა დერეფნებს თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად. პატარა მარია დიდი ინტერესით აკვირდებოდა მღვიმის მთავარი დარბაზის კამარებს, რა დროსაც მან შემთხვევით თვალი მოჰკრა ბიზონის გამოსახულებას. დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვა ცხოველთა ნახატებიც. საუტუოლა დაუყონებლივ შეუდგა უძველესი პეტროგლიფების შესწავლას.

მრავალმა გამოხატა გამოქვაბულის სტუმრობის და გამყინვარების პერიოდის ადამიანის ქმნილებათა თვალნათლივ ხილვის სურვილი. მღვიმის კედლის ნახატებით დაინტერესდა მადრიდის უნივერსიტეტის პროფესორი – ხუან ვილანოვა-პიერა და ასევე ესპანეთის მეფე ალფონს მე-12.

სანტიაგო-დე-კომპოსტელას ხშირად რაცხავენ ქრისტიანულ მექად, ის საკმაოდ საინტერესო ისტორიის მატარებელია. მრავალი მომლოცველი იქ ფეხით მიდის და მიჰყვება ცნობილი ბიბლიური მოციქულის გზას. ზემოხსენებული ძველი ქალაქი გაშენებულია მდინარე სარის ნაპირზე. ის აღმოცენდა შუა საუკუნეებში საკათედრო ტაძრის გარშემო, რომელიც წარმოადგენდა მომლოცველობის უმსხვილეს ცენტრს და კათოლიკური რწმენის ერთ-ერთ სიმბოლოს. „Santiago” – ნიშნავს „წმინდა იაკობს“, ხოლო “compo stela” – „ვასკვლავით მონიშნულ მიწას“.

სანტიაგო-დე-კომპოსტელას პრაქტიკულად ყველა ღირსშესანიშნაობა თავმოყრილია ძველ ქალაქში, რომელიც წარმოადგენს ქუჩებისა და მოედნების გადახლართვას. ისტორიული რაიონის ყველაზე ხალხმრავალი ქუჩაა “Rua do Franco”, სადაც მოფენილია მყუდრო ბარები და ნაციონალური გალისიური რესტორნები. თუკი იქ მოხვდებით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ წმინდა იერონიმეს სახელობის კოლეჯს, კინტანას მოედანს, რახოის მოედანს.

ბლანესი – უძველესი საკურორტო ქალაქია, რომელიც იზიდავს მნახველებს თავისი წარმტაცი ბუნებით და განუმეორებელი ესპანური კოლორიტით. აქ ყოველწლიურად ტარდება ქვეყნის მთავარი ფიესტა, რომელსაც წმინდა ანასა და წმინდა ხოაკიმის დღესასწაულს უწოდებენ. ბლანესს სხვანაირად „კოსტა ბრავაში შესასვლელ კარს“ უწოდებენ.

ბლანესის მთავარი ისტორიული სიმბოლოა სან-ხუანის ციხე, რომელიც შუა საუკუნეებში ფლიბუსტერებისგან  საიმედოდ იცავდა ქალაქს. სამწუხაროდ, ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ სადარაჯო კოშკმა.

ბლანესეს ბოტანიკური ბაღი შექმნილია გერმანელი მრეწველის, კარლ ფაუსტის პროექტის მიხედვით. ის შედის ევროპის ყველაზე ცნობილი დენდრარიების სიაში. იქ დარგულია 3 ათასამდე სახეობის მცენარე, რომელთაგან ზოგიერთი გადაშენების პირასაა.

რვაკუთხა შადრევანი ტრადიციული ესპანური გოთიკის ნათელი ნიმუშია. თავდაპირველად გორგულიების გამოსახულებებით მორთული სამ დონიანი ნაგებობა იდგა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. როგორც ჩანს, ის იმდენად ერწყმოდა გარემომცველ არეს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის ამპლეს ქუჩაზე გადაიტანა.

ავილას გაცნობა ტრადიციულად იწყება მდინარე ადახას მარცხენა სანაპიროზე განლაგებული პატარა სალოცავით, რომელიც ცნობილია „ოთხი სვეტის“ სახელწოდებით. არქიტექტურული ანსამბლი შედგება გაერთიანებული ოთხი კოლონისგან, რომელთა შორის აღმართულია გრანიტის ჯვარი. ლეგენდის თანახმად, სწორედ აღნიშნულ ადგილას დაიჭირა ბიძამ სახლიდან გაპარული 7 წლის ტერეზა ავილელი თავის ძმასთან ერთად, რომელთაც ქრისტიანობისათვის მოწამეობრივად აღსრულება ჰქონდათ გადაწყვეტილი.

ქალაქის კედლის მშენებლობა დაიწყო კასტილიისა და ლეონის ხელმწიფის – ალფონს მეექვსის ბრძანებით. ამ ნაგებობას ბადალი არ მოეპოვება მთელს ევროპაში, ის ითვლის 87-მდე კოშკს და 9 კარიბჭეს.

თუკი ცნობილი ამერიკელი პროზაიკოსი მარკ ტვენი არასოდეს მალავდა თავის ირონიულ დამოკიდებულებას ახალი სამყაროს აღმოჩენასთან დაკავშირებით, მაშინ ესპანელები, რომლებიც ოცნებობენ თავიანთი ქვეყნის ქრისტეფორე კოლუმბის სამშობლოდ გამოცხადებაზე, მოგზაურის საქმიანობისადმი მეტ ყურადღებას იჩენენ. ამის მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს მალაგის პროვინციაში განთავსებულია კოლომარესის ციხე, რომელიც თავისი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი რეგიონია.

ხსენებული სიმაგრე თავის არსებობას უნდა უმადლოდეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, რომელსაც არ გააჩნდა სპეციალური განათლება, თუმცა იგი შესანიშნავად ერკვეოდა ისტორიასა და ხუროთმოძღვრებაში. ესტებან მარტინი აღიჭურვა ორი მუშის მხარდაჭერით, რომლებიც იმ მომენტისათვის მხოლოდ აგურის დაგებით იყვნენ დაკავებულნი. მან მოახერხა შეუძლებლის გაკეთება და ააგო უდავოდ უნიკალური ნაგებობა, რომელსაც ძალუძს ესპანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობისავის ღირსეული კონკურენციის გაწევა.

მალაგიდან 100 კმ-ის მდებარეობს გასაოცარი ქალაქი რონდა. ის ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით სალ კლდეებზე თავისი ხელსაყრელი განლაგებით, საიდანაც იშლება დაუვიწყარი ხედი ანდალუსიის მწვანე ფერდობებზე.

თავისი არსებობის განმავლობაში რონდა ხელიდან ხელში გადადიოდა. ცნობილია, რომ ის დაარსდა ძვ.წ. მე-6 საუკუნეში კელტი ტომების მიერ, რომლებმაც მას არუნდა შეარქვეს. მას შემდეგ, რაც იქაურობა დაიპყრეს ბერძნებმა, მათ ქალაქს რუნდა უწოდეს. მოგვიანებით რონდა ხელში ჩაიგდეს რომაელებმა, იგი სამხედრო პლაცდარმის ფუნქციას ასრულებდა. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ აღნიშნული დასახლება ბარბაროსთან თარეშებს განიცდიდა. ვესტგოთებმა რონდა პრაქტიკულად მიწასთან გაასწორეს. 711 წელს ესპანეთის ტერიტორიაზე შეიჭრა არაბული ხალიფატი. მათ ქალაქს იზნ-რანდ ონდა უწოდეს. მე-11 ასწლეულის ბოლოს ძლევამოსილმა არაბული „დერჟავა“, რომელმაც ესპანეთის მიწებზე ჩამოაყალიბა კორდოვის საამირო, დაქუცმაცდა წვრილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად – ტაიფებად.

აღსანიშნავია, რომ რონდა თანამედროვე კორიდის სამშობლოა. მე-18 საუკუნეში ფრანსისკო რომერომ შეცვალა ტრადიციული წესები და გახდა პირველი, ვინც პირისპირ შეერკინა ხარს (ადრე ტორეადორები ცხენებზე ამხედრებულები იბრძოდნენ). კორიდის გულმხურვალე თაყვანისმცემელი იყო ერნეს ჰემინგუეი, ის მეგობრობდა ცნობილ ტორეროსთან – კაეტანო ორდონესთან. უნდა ითქვას, რომ რონდაში მწერალს ძეგლიც კი დაუდგეს.

ქალაქის მარგალიტი და სავიზიტო ბარათია პუენტო-ნუევოს ხიდი. თუკი იქიდან ხეობას ქვემოთ დაუყვებით, აღმოაჩენთ ორ უფრო ძველ ხიდს, რომლებიც გადებულია მდინარე გუადალევინზე.

ქალაქში სეირნობისას აუცილებლად წააწყდებით ძველ არაბულ აბანოებს, რომლებიც დღემდე მშვენივრად შემოინახა. ამჟამად იქ ტარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები.

ვისაც გატაცებული ხართ ისტორიითა და მავრიტანული არქიტექტურით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მონდრაგონის სასახლეს. არაბ ხელისუფალთა ჩამოგდების შემდეგ შენობა დაიკავეს ესპანელმა მეფეებმა.

რონდას კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა მავრიტანელი ხელმწიფის სახლი და მისი მიმდებარე ბაღები. ქალაქის ყველაზე ცნობილი სალოცავია – სანტა-მარია- ლა-მაიორის ეკლესია. ტურისტებს გამორჩეულად უყვარდ სოკოროს მოედანზე გასეირნება, რომლის შუაგულში ჩქეფს შადრევანი.

ვალენსია სიდიდით ესპანეთის მესამე ქალაქია მადრიდისა და ბარსელონის შემდეგ. ის განლაგებულია მდინარე ტურიას სანაპიროზე, ვალენსიის ყურის ცენტრში. ისტორიული წყაროების მიხედვით, აღნიშნულ ადგილას პირველი დასახლება გაჩნდა ძვ.წ. IV-III საუკუნეებში.

ვალენსია დაარსდა ძვ.წ. 128 წელს 2 ათასამდე რომაელი ახალმოშენის მიერ კონსულ დეციმუს კალაიკას დროს. დასახლებულ პუნქტს ჰქონდა სტრატეგიული ზღვისპირა მდებარეობა, მას კვეთდა ავგუსტუსის გზა, რომელიც აერთიანებდა ამჟამინდელ ანდალუსიას რომის იმპერიის დედაქალაქთან.

1238 წელს ვალენსია დაიკავა მეფე ხაიმე პირველმა რაინდთა ორდენების დახმარებით. ამის შემდეგ იქიდან განდევნეს მუსლიმები. ხელმწიფემ გამოსცა ახალი მუნიციპალური კანონი, რომელიც წლებთან ერთად გავრცელდა ვალენსიის მთელს სამეფოში. იმ მომენტიდან მოყოლებული დასაბამი დაედო ახალ ისტორიულ ეტაპს, როცა ჩაისახა ახალი საზოგადოება და სასაუბრო ენა.

როცა ვალენსიის უკანასკნელი ემირი ზაიან იბნ მარდანიში მეფე ხაიმე პირველს ქალაქის გასაღებს გადასცემდა, მან შემდეგ სიტყვები წარმოთქვა: „ აქ მშვიდად თანაცხოვრობენ მაჰმადიანები, ქრისტიანები და ებრაელები. იმედია, იცით, როგორ უმეთაუროთ ისე, რომ მათ ერთმანეთთან ჰარმონიაში იარსებონ და ერთად იშრომონ ამ ღირსეულ მიწაზე. ჩემი მმართველობის ხანაში აქ ტარდებოდა ვნების კვირეულის მსვლელობა, რა დროსაც ქრისტიანები თავისუფლად აღმსარებლობდნენ თავიანთ რელიგიას, რადგან ჩვენი ყურანი აღიარებს ქრისტესა და ღვთისმშობლის არსებობას. ვიმედოვნებ, რომ თქვენც ასეთი დამოკიდებულებას გამოიჩენთ მუსლიმების მიმართ“.

1957 წლის ოქტომბერში მდინარე ტურიის კატასტროფული ადიდების შემდეგ მისი წყლები ხელოვნურ არხში გადაიყვანეს. დამშრალი კალაპოტის ადგილას ვალენსიის ცენტრში გამოჩენილმა ესპანელმა ხუროთმოძღვარმა სანტიაგო კალატრავამ შექმნა შთამბეჭდავი საპარკო კომპლექსი – „ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი“.

ლანდშაფტური ბიოპარკი შექმნილია ქალაქის ძველი ზოოპარკის ადგილას. 100 ათასი კვ. კმ-ის ტერიტორიაზე დააფუძნეს აფრიკის სხვადასხვა ეკოსისტემა. ვალენსიის ეკონოგრაფიულ პარკში ბინადრობს 45 ათასამდე თევზი და ზღვის ცხოველი. იქ ხშირად იმართება წარმოდგენები დელფინთა მონაწილეობით.

ლონხა-დე-ლა-სედა წარმოადგენს გოთიკურ ნაგებობათა არქიტექტურულ კომპლექსს, რომლის დამაარსებელია ხუროთმოძღვარი პედრო კომპტე. „ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქის“ კომპლექსს ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა – დედოფალ სოფიას ხელოვნებათა სასახლე. 14-სართულიან შენობაში თანამედროვე არქიტექტურის კორიფეს – სანტიაგო კალატრავას იდეებია ხორცშესხმული.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს სან-ნიკოლას-დე-ბარის საკათედრო ტაძარი. სალოცავი ააგეს 1242 წელს ვალენსიური გოთიკის სტილში.

ტორეს-დე-კვარტის კოშკები ფორმით ჭადრაკის ფიგურებს წააგავს. 34-მეტრიანი მონუმენტური შენობები გოთიკური სამხედრო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ვალენსიის შუასაუკუნოვანი საკათედრო ტაძრის კედლებთან არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძვ.წ. 138 წელს რომაელთა მიერ დაარსებული ქალაქის – „Valentia Edetanorum“-ის ნაშთები.

ვალენსიის ჩრდილო-დასავლეთ კიდეში, მდინარე ტურიის დამშრალ კალაპოტში, გაშენებულია კაბესერას პარკი. ტყეში გაყვანილია საფეხმავლო ბილიკები და ველომარშრუტები, ბავშვებისთვის მოწყობილია სათამაშო მოედნები.

2002 წელს ვალენსიაში ააგეს ყვავილების ხიდი, პროექტის ავტორია სანტიაგო კალატრავა. მან მოახდინა ქალაქის ჰიმნის იმ სტრიქონების რეალობაში ხორცშესხმა, სადაც ნახსენებია, რომ ვალენსია – ყვავილების, სინათლისა და სიყვარულის მიწაა.

სერანოსის მასიური კოშკები – ძველ ქალაქში შესასვლელი ჭიშრკის ნაწილია. 1398 წელს ისინი აღმართეს იმ სიმაგრეთა ადგილზე, რომლებიც ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდში არსებობდა. მე-16 ასწლეულიდან მოყოლებული იქ განთავსებული იყო სატუსაღო, სადაც სასჯელს იხდიდნენ მაღალი თანამდებობის მქონე პირები. 1887 წელს გაჩაღებული სამოქალაქო ომის დროს სქელი კედლების მიღმა საგულდაგულოდ მალავდნენ პრადოს მუზეუმიდან წამოღებულ ძვირფას ექსპონატებს.

ბილბაოში არსებული გუგენჰაიმის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ობიექტია. მრავალი ტურისტისთვის ის უკვე ცნობილია დენ ბრაუნის „წარმოშობისა“ და ჯეიმს ბონდზე გადაღებული ერთ-ერთი ფილმის წყალობით.

გუგენჰაიმი – მუზეუმების პოპულარული ქსელია, რომლებიც განლაგებულია მთელს მსოფლიოში. მათ სახელი შეერქვათ ამერიკელი ბიზნესმენისა და მეცენატის – სოლომონის საპატივცემულოდ, რომლის ტილოთა და სკულპტურათა კოლექციები საფუძვლად დაედო ექსპოზიციებს.

ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს ბილბაოში, მდინარე ნერვონის სანაპიროზე. მუზეუმი ირგვლივ მდებარე შენობების ფონზე საგრძნობლად გამოირჩევა – ის მთლიანად მეტალისგანაა დამზადებული და ხასიათდება ერთობ უჩვეულო ფორმით.

მუზეუმის კედლები დაფარულია ტიტანის ფირფიტებით, მისი საერთო ფართობი კი 24 ათას კვ. კმ-ს აღწევს. დღისით შენობა ვერცხლისფერია, მზის ჩასვლისას კი ოქროსფერ შეფერილობას ღებულობს. გალერეის განსაკუთრებით საინტერესო ექსპონატებია:

  • „ყვავილის ძაღლი“ – ყვავილებისგან აწყობილი ძაღლის უზარმაზარი ფიგურა, რომლის სიმაღლე 14 მეტრს უტოლდება.
  • „ტიტები“ – უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ყვავილების ფუტურისტული კომპოზიციაა.
  • „ხე და თვალი“ – ესაა სკულპტურა, რომელიც ძალიან ჰგავს დნმ-ს. ის შედგება 73 ლითონის ბურთისგან, რომლებიც მოგაგონებთ მოლეკულებს.
  • „პატივი“ – ესპანელთათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სკულპტურული კომპოზიციაა, რადგან მისი ავტორი რამონ რუბიალი იყო ესპანეთის სოციალური პარტიის ხელმძღვანელი.

ბილბაოში არსებული გუგენჰაიმის მუზეუმის გამორჩეული ექსპონატებია:

  • „დროის სტრუქტურა“ – ესაა რვა ფიგურისგან შემდგარი უზარმაზარი ინსტალაცია, რომელთაგან თითოეული ჩახლართულ ლაბირინთს ჩამოჰგავს. ერთ შეხედვით, კონსტრუქცია შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, თუმცა ოსტატმა მის შექმნას 8 წელი დაახარჯა. ის ასტურიის პრინცის მედლით დააჯილდოვეს.
  • „150 ფერადი მერილინი“ – ენდი უორხოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელიც პოპ-არტის სტილშია შესრულებული. ტილო შექმნილია აკვარელის საღებავებისა და ბეჭდვის მელნის გამოყენებით.
  • „დიდი ცისფერი ანთროპომეტრია“ – ივ კლიანის ყველაზე განთქმული ნახატია, რომელიც მოდელების სხეულებითაა დახატული.
  • „ბილბაო“ – ინსტალაცია, რომელსაც სახელი ქალაქის საპატივცემულოდ დაერქვა, შექმნილია ჯენ ჰოლცერის მიერ. იდეა მაქსიმალურად მარტივია – ცხრა გრძელი დოიდური სვეტი, რომლებზეც პერიოდულად ჩნდება წარწერები ესპანურ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
  • „სწორხაზოვნება“ – ერთობ უჩვეულო ექსპონატია. ის შედგება ცხრა მგლისგან , რომლებიც აწყდებიან მინის კედელს, მინარცხების მერე კი აგრძელებენ სირბილს. ამ ნამუშევრით ავტორს სურდა ეთქვა, რომ თანამედროვე საზოგადოება გადაჩვეულია დამოუკიდებლად ფიქრს, ის ჯოგური აზროვნების ქვეშაა მოქცული.
  • ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ესპანელი სკულპტორი-აბსტრაქციონისტია ხორხე ოტეისი. მან შექმნა ისეთი ინსტალაციები, როგორებიცაა: „ღია ყუთი“, „მეტაფიზიკური კუბი“ და „თავისუფალი სფერო“.

ლა-სეუ მალიორკის ეპარქიაში მდებარე საკათედრო ტაძარია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი მოჰყავს აღტაცებაში. მისი ერთ-ერთი მეხოტბე იყო ესპანელი მწერალი და მხატვარი სანტიაგო რუსინიოლი. თავის ცნობილ წიგნში – „სიმშვიდის კუნძული“ ხელოვანმა მთელი თავი მიუძღვნა ხსენებულ სალოცავს.

საკათედრო ტაძარი აშენდა არაგონის მეფის, ხაიმე პირველის, მითითებით. გოთიკური ხუროთმოძღვრების აღნიშნული ნიმუში გრანდიოზული მასშტაბებით გამოირჩევა.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register