logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

3 დღეში მოვლილი ლისაბონი

22 Nov

3 დღეში მოვლილი ლისაბონი

პირველი დღე / დილა

ბაიშას რაიონი პორტუგალიის გრანდიოზული ცენტრია, რომელიც მდიდარია მოედნებითა და ხალხმრავალი სავაჭრო პროსპექტებით. 1755 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ის სრულად განადგურდა, მისი რეკონსტრუქციისას შეიქმნა მსოფლიოს პირველი ბადისებრი დაგეგმარება.

ბაიშას სამხრეთ ნაწილში განთავსებულია პრასა-დუ-კომერსაუს მოედანი, რომელიც გაჰყურებს სადუს ესტუარიას. სწორედ ის იყო ლისაბონის თავდაპირველი სავაჭრო ცენტრი. მოედნიდან იწყება რუა-აუგუსტას ქუჩა, სადაც ჩამწკრივებულია კაფეები, მაღაზიები და რესტორნები. აქ ყოფნისას არ გამოგრჩეთ რუა-აუგუსტას თაღის სამზერ მოედანზე ასვლა.

რუა-აუგუსტას  გაყოლებაზე შეხვდებით ნეოგოთიკურ სტილში შესრულებულ სანტა ჟუშტას ლიფტს, რომლითაც შეძლებთ ლისაბონის ციცაბო ფერდობზე ასვლას. ქუჩის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს როსიოს მოედანი, რომელსაც ლისაბონის მაცხოვრებლები ქალაქის შუაგულად მოიხსენიებენ. შორიახლოს განლაგებულია პრასა-დუს-რესტაურადორეშის პლაზა და ვარდისფერი ფოშის სასახლე.

დილით ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ დააგემოვნეთ რამდენიმე სირჩა ჟინჟინია – ალუბლის ტკბილი ლიქიორი.

პირველი დღე / შუადღე

დღის მეორე ნახევარში გეძლევათ ალფამას ბორცვებისა და ქუჩების გაცნობის შესაძლებლობა. ესაა ლისაბონის უძველესი რაიონი, რომელიც ბაიშის დიდებულებასთან შედარებით სრულ კონსტრასტს ქმნის. ის წარმოადგენს მოკირწყლული ვიწრო ქუჩების ლაბირინთს, რაც იმეორებს ქალაქის შუასაუკუნოვან დაგეგმარებას. ისტორიულად ალფამა ლისაობინის უღარიბესი უბანი იყო, დღეს კი აქ ყვავის ხელოსნობა.

ამ რაიონში შეხვდებით დედაქალაქის ძველთაძველ ნაგებობებს: კაშტელუ-დე-საუ-ჟორჟის, სეს საკათედრო ტაძარს (იგივე წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია), წმინდა ანტონიოს (ლისაბონის მფარველი წმინდანი) სახელობის სალოცავს. ალფამის ცენტრში გადის ყვითელი ტრამვაები. რაიონში ბევრი ფრიალო გვერდობია, ამიტომ ექსკურსიამ შეიძლება დაგქანცოთ, თუმცა მწვერვალთა დალაშქვრის სანაცვლოდ ჯილდოდ მიიღებთ მირადორუ-და-გრასას, პორტაშ-დუ-სოლოს ან სიმგარის კედლებიდან გადაშლილ ენით აღუწერელ ხედებს.

ალფამა – ფადუს, მელანქოლიური მუსიკალური სტილის, სამშობლოა. ისტორიულად მას მეზღვაურთა ცოლები მღეროდნენ, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ მეუღლეთა დაბრუნებას. ზოგიერთ რესტორანში საღამოობით იმართება ხოლმე ფადუს წარმოდგენები.

მეორე დღე / დილა

ბელემი – დასავლეთ ლისაბონის რაიონია, რომელიც გაშენებულია მდინარე ტეჟუს სანაპიროზე. ამ უბანში ოდითგანვე განთავსებული იყო ვერფები. ვასკო და გამამ სწორედ აქ გაატარა უკანასკნელი ღამე ინდოეთისაკენ მიმავალ საზღვაო გზაზე დადგომამდე. მე-17 საუკუნეში სანელებლების ვაჭრობით დაგროვილი დოვლათით ააგეს მოსტეირო-დუშ-იერონიმუში.

ბელემის ულამაზესი სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარეობს პადრაო დუშ დესკუბრიმენტუში (ეს ძეგლი წარმოადგენს თეთრი კირქვისგან დამზადებულ კარაველას, რომლის ქიმთან დგას ენრიკე მეზღვაურის ფიგურა), ტორე დე ბელემის ფორტი. როცა აქაურობას ესტუმრებით, აუცილებლად ეწვიეთ ბერარდოს თანამედროვე ხელოვნების გალერეას და ფაეტონების ეროვნულ მუზეუმს.

2 მეორე დღე / შუადღე

დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მოინახულოთ “Lx Factory” – ლისაბონის სახელოსნო ცენტრი. ფაბრიკის აღნიშნულ შენობაში განთავსებულია მაღაზიები, რესტორნები, ჯიხურები და სახელოსნოები. ნაგებობა მდებარეობს E15 სატრამვაე მარშრუტზე. № 28 ტრამვაი გაივლის ლისაბონის ბევრ ისტორიულ კვარტალს, ეს ქალაქის მოვლის და დათვალიერების ხელსაყრელი საშუალებაა.

მეორე დღე / საღამო

თუკი ღამის ცხოვრებით დატკბობა გსურთ, გირჩევთ ეწვიოთ ორ ადგილს: ბაირუ-ატლუს და ვარდისფერ ქუჩას. ლისაბონის ეს ცენტრალური რაიონი მდებარეობს მაღალ ბორცვზე. უქმეებზე აქ დუღს სიცოცხლე და აქაურობა ერთ დიდ წვეულებად იქცევა. ბაირუ-ატლუს ბარები დაახლოებით ღამის ორი საათისათვის იკეტება, თუმცა გართობა გრძელდება ქვევითკენ, კაიშ-დუ-სოდრეს რაიონში. ვარდისფერი ქუჩის გაყოლებაზე ბევრი ღამის კლუბია ჩამწკრივებული. ბაირუ-ატლუს მთავარი ღირსშესანიშნაობაა: კარმუს მონასტერი, კამოენსას მოედანი (აქ დგას გამოჩენილი პორტუგალიელი პოეტის, ლუიშ დე კამოენსის, ძეგლი), სან-კარლუშის ეროვნული თეატრი.

მესამე დღე / დილა

დილით შეგიძლიათ გაისეირნოთ ბაირუ-ალტუში, პრინსიპე-რეალში, ავენიდა-და-ლიბერდადეში. ასეთ შემთხვევაში დღის შუქზე იხილავთ კამოენსას ხალხმრავალ მოედანს, კარმუს მონასტრის ნანგრევებს, იგრეჟა-დე-სან-როკეს დახვეწილ ინტერიერს. პრინსიპე-რეალი მდიდრული უბანია, რომელიც არ უჩივის დიდებული ნაგებობების სიმცირეს. მის ცენტრში გაშენებულია ბაღი, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში შეხვდებით მირადუოროს გადასახედ მოედანს. ავენიდა და ლიბერდადე ლისაბონის გამორჩეული სავაჭრო ქუჩაა, რომლის ჩაყოლებაზე გახსნილია დიზაინერული მაღაზიები და ბუტიკები. ამ ხეივანში გავლა დიდ სიამოვნებას მოგგვრით. პროსპექტის ზედა ნაწილში მდებარეობს მარკიზ დე პომბალის მოედანი და ედუარდო მეშვიდის სახელობის ბაღი.

მესამე დღე / შუადღე

“ერების პარკი” ლისაბონის ულტრათანამედროვე რაიონია, რომელიც ააშენეს 1998 წელს გამართული გამოფენისათვის. აქაურობა გაჯერებულია მოდერნისტული არქიტექტურით, აქ ასევე მრავლადაა წყლის ექსპონატები და ბაღები.

“ერების პარკში” ყოფნისას აუცილებლად გაისეირნეთ მდინარის სანაპიროზე, რა დროსაც სიმშვიდე დაგეუფლებათ. რაიონის ძირითადი ღირსშესანიშნაობაა ლისაბონის ოკეანარიუმი, აქვე მდებარეობს დედაქალაქის უმაღლესი შენობა – ვასკო და გამას სახელობის კოშკი. აქ დაგხვდებათ ასევე საბაგირო გზა, კაზინო, თანამედროვე სავაჭრო ცენტრი და რესტორნების ფართო არჩევანი.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register