logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ინდოეთის განუმეორებელი ტაძრები

22 Aug

ინდოეთის განუმეორებელი ტაძრები

კანდარია-მაჰადევის ტაძარი

კანდარია-მაჰადევის (“ნიშნავს გამოქვაბულის დიდ ღმერთს”) ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდრულად მორთული შუასაუკუნოვანი სალოცავია, რომელიც მდებარეობს ხაჯურაჰოში, მადჰია პრადეშის შტატში. კანდარია-მაჰადევის ტაძარი აშენდა ვიდიადჰარას, ჩანდელას დინასტიის წარმომადგენლის მმართველობისას. მუსლიმი ისტორიკოსის, იბნ ალ-ასირას ჩანაწერებში ვიდიადჰარა მოხსენიებულია, როგორც ძლევამოსილი ხელისუფალი, რომელიც ებრძოდა მაჰმუდ გაზნევის, გაზნევიდების სახელმწიფოს ემირსა და პადიშაჰს. მას შემდეგ, რაც დამპყრობლის მიერ კალინჯარის ფორტის აღება წარმატებით ვერ დაგვირგვინდა, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ზავი დაიდო. ვიდიადჰარამ საკუთარი გამარჯვების აღსანიშნავად ააგო კანდარია-მაჰადევი, რომელიც მან ღვთაება შივას მიუძღვნა. მანდაპას (ინდუისტურ ტაძარში მანდაპა არის ვერანდის მსგავსი კონსტრუქცია, რომელსაც შევყავართ სალოცავში მდიდრულად მორთული კარიბჭის – გოპურამის გავლით.) პილასტრაზე დატანილ ეპიგრაფიულ წარწერებში ნახსენებია, რომ ტაძარი ააგო ვირიმდამ, რაც ვიდჰიადჰარას ფსევდონიმადაა განმარტებული.

ინდუსების მსოფლმხედველობის საფუძველია გარკვეული აბსოლუტის რწმენა. სამყაროს მისი ნაწილია და ის იმყოფება დაღუპვისა და აღორძინების მუდმივ ციკლში. სრულყოფილების საწყისი მდგომარეობიდან, თანმიმდევრულად მთელი რიგი სტადიების გავლის შემდეგ, იგი დეგრადიერებს და იშლება, რათა ხელახლა წარმოიშვას, როგორც შესაქმის ახალი აქტის შედეგი. განვითარების პროცესი ადამიანის მიკროსამყაროს დონეზე ჰგავს მუდმივად მგორავ ბორბალს. ის წარმოდგენილია, როგორც უსასრულო გარდასახვა ერთი სიცოცხლიდან მეორეში კარმის კანონების შესაბამისად. კარმა განსაზღვრავს პიროვნების ხასიათს, მის ბედს და სოციალურ მდგომარეობას. ნებისმიერი ქმედება წინასწარ დაწესებული და დადგენილია დრაჰმით – მორალურ-ეთიკური საფუძვლების კოდექსით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ ჩვენ-ჩვენი სწორი გზები და ვიცხოვროთ გარესამყაროსთან ჰარმონიაში. დრაჰმას ძირითადი მიზანი სულის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებაა, თუმცა, ამასთან, სინამდვილე უნდა შეესაბამებოდეს ერთგვარ რეალურ სამყაროს. თითოეულმა ინდუისტმა საზოგადოებაში უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები უფლის სადიდებლად, ის უნდა მიისწრაფვოდეს არა ქმედებისკენ, არამედ – შედეგისკენ.

დრაჰმის დამაარსებლად მიიჩნევა ბრაჰმა – არიელთა ერთ-ერთ ღმერთი, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი ფორმების მუდმივ კალეიდოსკოპზე. კოსმოგონიური მითის თანახმად, ბრაჰმა გამოიჩეკა ოქროს კვერცხისგან, რომელიც ცურავდა ქაოსის პირველყოფილ წყლებში. მან გაყო კვერცხი ცად და მიწად, თავის თავში კი გამოყო მამაკაცური და ქალური საწყისები, შემდგომ კი დასაბამი დაუდო დედამიწაზე სიცოცხლის ყოველგვარ გამოვლინებას. ბრაჰმამ შეიქმნა ოთხი სახე, რათა მუდმივად ეცქირა თავისი მინჯურის – მჭევრმეტყველებისა და სიბრძნის ქალღმერთ სარასვატისათვის. ბრაჰმა იმყოფება მერას მთის მწვერვალზე და ის გადაადგილდება გედით, რომელიც ცოდნის სიმბოლოა. ინდუიზმის პანთეონში აგრეთვე შედიან: შივა, დრავიდელი ხალხების მთავარი ღვთაება და ვიშნუ, უძველესი ვედური ღმერთი. ერთიანობაში ისინი წარმოქმნიან ინდუიზმის ეგრეთ წოდებულ წმინდა ტრიადას (სამებას), რომელშიც ბრაჰმა მოიაზრება შემოქმედად, ვიშნუ – მცველად, შივა კი – დამნგრევად. არიული კულტის განუყოფელ ნაწილს შეადგენს წარმოდგენა იმაზე, რომ სამყარო და კასტები წარმოიშვა კოსმიური გიგანტის (ხშირად გაიგივებულია ბრაჰმასთან) სხეულიდან, რომელმაც თავი მსხვერგპლად გაიღო. კასტის ტერმინის ქვეშ მოიაზრება ადამიანთა განცალკავებული ჯგუფები, რომლებიც გაერთიანებულია სოციალური და პროფესიული ნიშნებით. იმის რწმენამ, რომ სამყარო არსებობს მსხვერპლშეწირვის ხარჯზე თანდათან დაუთმო ადგილი ხსნის იდეას. გადარჩენა შესაძლებელია ღვთაება შივას ასკეტური ღვაწლის წყალობით, ის იმყოფება ტრანსში მერუს მთაზე. მსხვერპლის სხეულისა და მთის მისტიკურ ანალოგს წარმოადგენს კანდარია-მაჰადევი. ის იმეორებს იმ წმინდა ბალახის საგების მარკუთხა ფორმას, რომელზედაც ვედურ ანტიკურ ხანაში ეშვებოდნენ ღმერთები ზეთებისა და სომას – უკვდავების სასმელთა დასაგემოვნებლად. მაღალ პლატფორმაზე აღმართული ტაძარი შედგება ტერასების, მრავალი კოლონისა და საკურთხევისაგან. უკანასკნელი დაგვირგვინებულია კონუსის ფორმის კოშკით, რომელიც სიმბოლურად განასახიერებეს მერუს მთავს – ღმერთების მითიურ სავანესა და აგრეთვე ზეცისა და მიწის დამაკავშირებელ კოსმოსურ ვერტიკალს. ტაძრის უჩვეულო აბრისს (კონტური, მოხაზულობა) აძლიერებს მდიდრული სკულპტურული დეკორი, რომელიც ქვემოდან ზემოთ იზრდება მოცულობაში. მაღალ ცოკოლს ამშვენებს ნადირთა, ფრინველთა, ბუნების სულთა ჩუქურთმები. ქვედა ზონის რელიეფი ორგანულად გადაზრდილია ბარელიეფში, რომელზედაც გამოსახულნი არიან ინუისტური პანთეონის ღვთაებები, თუმცა თვალისათვის ნამდვილი ზეიმია კოლონებზე დატანილი გორელიეფი.

 

კანდიურ შრი მაჰადევის ტაძარი

ღვთაება შივასადმი მიძღვნილი ეს ტაძარი მდებარეობს კანდიურში, მდინარე აჩანკოვილის სანაპიროზე. ერთ დროს კანდიური იყო ოდანადუს სამეფოს დედაქალაქი. სალოცავი შივას 108 ტაძარს შორის ერთ-ერთია, რომელიც კურთხეული ღმერთ პარასურამის, ვიშნუს მეექვსე განსახიერების მიერ. ერთ-ერთი თქმულების თანახმად, წმიდანი მრიკანდუ მდინარე განგიში ბანაობისას წააყწდა ღვთაება შივას მომხიბვლელ კერპს, რომელსაც კირათჰა მურთის (ღმერთ შივას მეომრის ასპექტი) სახე. როცა მან ის ხელში აიღო, შემოესმა შემოქმედის ხმა, რომელიც წმინდანს კერპის მშვიდ ადგილას წაღებას მოუწოდებდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ღვთის მოსავმა მიაღწია კერალს – ქალაქს მდინარე აჩანკოვილის სანაპიროს შორიახლოს და ეს ადგილის მას იდეალურად ეჩვენა, სწორედ იქ აკურთხა წმინდანმა კერპი.

სხვა ლეგენდის მიხედვით, ამ ადგილას ღვთაება შივამ თავი მოჰკვეთა ბრაჰმას, აქედან გამომდინარე, სახელწოდება “კანდიუ” წარმოსდგება ღმერთ შივას მრავალრიცხოვან სახელებს შორის ერთ-ერთის – “შრი კანდანასგან”. მოგვიანებით ღვთაება პარასურამ იპოვა იქ კერპი, რომელიც შემდგომ აკურთხა და იმ ადგილას ტაძარი აღმართა. კანდიურ შრი მაჰადევი კერალში მდებარე ყველა ადრეული ტაძარია, რომლის შესახებაც არსებულ ეპიგრაფში ნახსენებია, რომ სალოცავი დაარსდა მე-9 საუკუნეში რაჯასეჰარა ვარმანას მმართველობისას.

 

ჩიტრაგუპტას ტაძარი

ჩიტრაგუპტას ტაძარი განლაგებულია სამხრეთ ინდოეთის შტატ ტამილ ნადუში. ეს სალოცავი ეძღვნება ჩიტრაგუპტას, რომელიც მიიჩნევა იამას – სიკვდილის ინდუისტური ღმერთის თანაშემწედ. ჩიტრაგუპტა (სანსკრიტულიდან ითარგმნება, როგორც “საიდუმლოებებით მდიდარი” ან “ფარული ნახატი”) არის ინდუისტური ღვთაება, რომელსაც ევალება ხალხის ნამოქმედართა ჩანაწერების წარმოება და ადამიანთა კარმის მიხედვით მათი დაჯილდოვება ან დასჯა. პიროვნების გარდაცვალების შემდეგ ჩიტრაგუპტას წინაშე დგას ამოცანა, თუ სად გაუშვას მიცვალებულის სული – სვარგსა (გვიანდელ ინდურ მითოლოგიაში ინდრას ცა, ნახევარღმერთებისა და ნეტარი მოკვდავების სამყოფელი. ინდრა ღმერთების მეფე და ზეციური სამეფოს გამგებელია ვედიზმსა და იუდაიზმში) თუ ნარაკაში (ინდურ მითოლოგიურ კოსმოლოგიაში ჯოჯოხეთი, რომელიც მდებარეობს ღრმა მიწისქვეშეთში, წყვდიადისა და საშინელებათა მიდამო, სადაც მიცვალებულთა სულები იტანჯებიან). იგი ბრაჰმას მეჩვიდმეტე მანასაპუტრაა.

ჩიტრაგუპტას ტაძრის ამჟამინდელი ქვის ნაგებობა ააგეს მე-9 საუკუენეში, როცა ძალაუფლება ჩოლას დინასტიას ეპყრა ხელთ. ინდუისტური ლეგენდის თანახმად, შივა თავის ცოლთან 9პარვატი) ერთად განიხილავდა საკითხს კაცთა შორის დრაჰმას შენარჩნებასა და მათ ნამოქმედართა სათანადო აღრიცხვაზე. შივას სურდა, რომ ვიღაც ყურადღებით დაკვირვებოდა ადამიანთა მოდგმას, რათა არ დაეშვა დანაშაულთა ჩადენა. შივამ დახატა გამოსახულება ოქროს ფონზე, რამაც პარვატიზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. შივასა და პარვატის ზებუნებრივი მადლით ნახატი ღვთაებად იქცა. ჩიტრაგუპტა იამას, სიკვდილის ინდუისტური ღვთაების ბუღალტრად დაინიშნა. ჩიტრაგუპტას ტაძარი მდებარეობს მაღალი ქვის კვარცხლბეკზე და იგი ტრადიციულად იყოფა რამდენიმე ნაწილა – მთავარ საკურთხევლად, ვრცელ “ვესტიბულად” და მანდაპად (ნახევრად ღია პავილიონი კოლონადით, რომელიც წარმოადგენს ტაძრის ერთგვარ შესასვლელს). ძირითად საკურთხეველში განთავსებულია სუროს ქანდაკება, რომელიც გამოძერწილია თავის ცეცხლოვან ეტლში, რომელშიც ჩაბმული შვიდი მოხდენილი ცხენი. გარდა ამისა, სამხრეთი ფასადის ვენტრალურ ნიშაში დგას 11-თავიანი ვიშნუს ქანდაკება, რომელთაგან თითოეული მის მრავალრიცხოვან ინკარნაციათაგან ერთ-ერთის განსახიერებაა.

კათჰა-უპანიშადაში (სანსკრიტულ ენაზე დაწერილი ვედური ტექსტი. უპანიშადა სიტყვასიტყვით ნიშნავს “მოძღვრის ფეხებთან მოკალათებას”, გადატანით მნიშნველობით ის განიმარტება, როგორც “საიდუმლო სწავლება”, უპანიშადა შედგება 108 ნაწარმოებისგან, რომელთა ცენტრალური თემა ვედური რელიგიის ფილოსოფიური პრობლემებია, ადამიაინის მიერ საკუთარი თავისა და გარესამყაროს შემეცნება. უპანიშადას მთავარი დოქტრინაა -სწავლება ბრაჰმანის (სამყაროს აბსოლუტური და ობიექტური საწყისის) და ატმანის (მარადიული, უცვლელი სულიერი არსი, აბსოლუტი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი არსებობა.) და მთლიანობის შესახებ. მასში გადმოცემულია, რომ ერთხელ ნაჩიკეტამ (ბრძენკაც ვაჯაშრავასას ვაჟი, ის ატმანის (სულის) ბუნების შესახებ არსებული უძველესი ინდური ისტორიის მთავარი გმირია. ღვთაება იამამ, დჰარმარაჯამ, (ბუდიზმსა და ინდუიზმში გარვცელებული ტერმინი, რომელიც “კანონთა გამგებელს” აღნიშნავს.) ნაჩიკეტას ასწავლა თვითშემეცნება, ცოდნა ატმანისა და ბრაჰმანის (უმაღლესი რეალობა) შესახებ. ნაჩიკეტა ცნობილია იმით, რომ იგი განუდგა თავის მატერიალურ სურვილებს (ისინი ეფიმერულია) და ხსნის, იგი მოქშას გზას დადგა. სიკვდილის ღმერთ იამას ჰკითხა, თუ რა ხდება სიკდილის შემდეგ. მოგვიანებით ღმერთმა ჭაბუკს გასცა პასუხი, რომელიც შეადგენს სიცოცხლისა და სიკვდილის ინდუისტური გაგების საფუძველს.

იამას თქმით, ადამიანის სხეული შედგება ორი ნაწილის: სულის (ატმანი) და ხორცისგან (შარირა). ატმანი უკვდავია, ხოლო შარირა კი – მოკვდავი. სული იმყოფება სამი შარირას გარემოცვაში: 1. სტჰულა-შარირა-ფიზიკური სხეული; 2. სუქშმა-შარირა-გონების სხეული; 3. კარანა-შარირა-მიზეზობრივი სხეული, მეხსიერება მიწიერი საქმეების შესახებ.

სიკვდილის პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როცა იამა-დუტას სახელით ცნობილი სიკვდილის ღმერთის დესპანები ხორცს ამოაცლიან გონებას. ამის შემდეგ სხეული უგრძნობი ხდება და ის აღარ რეაგირებს გარესამყაროს სტიმულებზე, რის მერეც იგი იწყებს გახრწნას. სხეული უნდა იყოს კრემირებული, ხოლო თავის ქალა გაპობილი, რათა სულმა და მიზეზობრივმა სხეულმა გათავისუფლება შეძლონ.

მიცვალებულთა სავანეში იმყოფებიან პიტარები – გარდაცვლილი წინაპრები, რომლებიც ახალ ხორცშესხმას ელოდებიან. მათ არ გააჩნიათ სხეული. ისინი მოკლებულნი არიან გონებას და, მაშასადამე, ეგოსაც. სამაგიეროდ, მათ აქვთ სული და მიზეზობრივი სხეული. ისინი ამგვარი სახით წარსდგებიან იამას წინაშე, სიკვდილის ღმერთი კი ყოველთვის გადის კონსულტაციას ჩიტრაგუპტასთან, რომელიც აღრიცხავს ადამიანთა მიწიერ ნამოქმედარებს. არსებითად, მიზეზობრივი სხეული იგივე ჩიტრაგუპტას წიგნია. იგი მოკვდავთა საქმეებს ყოფს სავალოდ და სამართლიანად. ეგოისტური ქმედებები, რომელთა მეშვეობით პიროვნება სამყაროს მოთხოვნებს წაუყენებს და ეგოს აქეზებს, წარმოშობენს ვალს. უანგარო და თავგანწირული საქციელებია, როცა ეგოს თავის სიამოვნებებს სწირავს სამყაროს კეთილდღეობას, მოიპოვებენ სამართლიანობას. თუკი პიტარს დაუგროვდა ვალები, რომლებიც მან უნდა გაისტუმროს, მაშინ იამა სულს თავის მარყუჟს წამოაცვამს და კვლავ მიაჯაჭვებს მას სამყაროს და ხელახლა დაბადებს. თუ პიტარს არ გააჩნია დასაფარი ვალები, მაშნ იამა ათავისუფლებს მას ახალი განსხეულებისგან.

ინდუისტური დაკრძალვის რიტუალები დაკავშირებულია როგორც ცეცხლის, ისე წყლის გამოყენებასთანაც. ცეცხლი გათავისუფლების, მოქშას სიმბოლოა, ხოლო წყალი განასახიერებს სამსარას – ახალი განსხეულებების სფეროს. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ სულს მხოლოდ ეს ორი შესაძლო დანიშნულება აქვს. აქედან გამომდინარე, იამა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ იმოგზაურებს სული, არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ ბედისწერის ღმერთიცაა.

იამა მკვდრების ბნელი და უპიროვნო მმართველია, ის გადაადგილდება და ნელ-ნელა მოძრაობს თითოეული არსების მიმართულებით მათი ქვეყნად მოვლენის დღიდან. იამი აუჩქარებელი, თუმცა დაუღალავია თავის დევნაში. მას აქვს მარყუჟიანი თოკი, რომლითაც იგი აჯაჭვებს არსებებს სანსარასთან, ვიდრე ისინი არ გაისტუმრებენ თავიანთ კარმულ ვალებს ან სანამ არ დატკბებიან მათი სამართლიანი ქმედებების შედეგებით. იამას აგრეთვე ხელში უჭირავს კვერთხი, რომელიც მიუთითებს იმას, რომ იგი აგრეთვე წარმოადგენს დრაჰმას (მსოფლიო კანონი), წესრიგის ღმერთს, რომელიც სრულიად მიუკერძოებელია თავის განსჯაში.

კარმის კანონთა შესაბამისად, თითოეული ჯივა (ცალკეული არსების სული) ვალდებულია, რომ საკუთარ თავზე იწვნიოს თავის ქმედებათა საპირისპირო შედეგები. იამა ამ კანონის მცველია. როცა ცხადი ხდება, რომ პიტარს დაგროვილი აქვს ვალები და იგი ხელახლა უნდა დაიბადოს სანსარაში, იამა განსაზღვრავს მის შემდგომ ცხოვრებისეულ გარემოებებს: დაბადების და გარდაცვალების დროს, სხეულის და ოჯახის ტიპებს და ბოლოს, კეთილდღეობასა და უბედურებას. ეს ყველაფერი ეფუძნება ჩიტრაგუპტას ჩანაწერებს. ამგვარად, ცხოვრება კარმული ბალანსის გამოვლინებაა.

 

შივას ტაძარი ბაიჯნათჰეში

ესაა მე-13 საუკუნის ინდუისტური სალოცავი, რომელიც ეძღვნება ღვთაება შივას. თქმულების თანახმად, ეს ტაძარი ჯერ კიდევ იმ დროს ააგეს, რომლის შესახებაც მოთხრობილია მაჰაბჰარატაში (სანსკრიტულ ენაზე დაწერილი ძველინდური ეპოსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიტერატურული ნაწარმოებია მსოფლიოში). ბაიჯნათჰეში შივას ტაძარი აღმართა მსოფლიოში პირველმა შივაიტმა. რახან შივაიზმი დედამიწაზე არსებულ აღმსარებლობათაგან უძველესია, დარწმუნებით შეიძლება თქვას, რომ ეს სალოცავი ერთ-ერთი უპირველესი ტაძარია მსოფლიოში. სალოცავმა ნაგებობამ თანამედროვე იერსახე მიიღო 1204 წელს ორი ადგილობრივი ვაჭრის ძალისხმევით, რომლებმაც ნახევრად დარღვეული ტაძრის აღდგენა განიზრახეს. ლინგამის (ღვთაება შივას ფალოსური სიმბოლო) გარშემო აღმართეს ნაგარას ტიპის შენობა, ძირითად საკურთხეველს ფალოსის ფორმა აქვს. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, სწორედ ამ სალოცავში დაიბადა ლინგამის თაყვანისცემის ტრადიცია. ტაძრის მიმდებარედ დგას პატარა კელიები, სადაც ხორციელდება სრულ განმარტოებაში ჰაშიშის მოწევის რიტუალი. ამ პატარა ლინგამებზე შემოხვეული სიმბოლური კუნდალინის გველები. ლინგამი მამაკაცურ საწყისს განასახიერებს, ხოლო კუნდალინი – ქალური საწყისის მეტაფორული სახეა. კუნდალინი არის ადამიანის ძლიერი სიცოცხლის ენერგია, რომელიც გაღვიძებამდე მიძინებულ მდგომარეობაშია. ესაა წმინდა ძალა, ღვთაებრივი სინათლე, შემოქმედებითი ცეცხლი, რომლის გააქტიურება სრულად გარდაქმნის პიროვნებას. კუნდალინის მიძინებული ენერგია თავმოყრილია ადაიანის ხერხემლის ძირში. კუნდალინი მომდინარეობს ძველინდური საკნსკრიტული ენიდან და ნიშნავს “სპირალისებურად დახვეულს”. ძველი ხალხები კუნდალინს გამოსახავდნენ გველის სახით, რომელსაც ადამიანის ხერმხემლის ძირში ეძინა.

ტაძარი მთის ჩრდილოეთ ფერდობზეა აღმართული, მის ქვემოთ მოედინება მდინარე, რაც ნაგებობას კიდევ უფრო თვალწარმტაცს ხდის. სალოცავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში განლაგებულია კვადრატულია სარიტუალო დარბაზები ლამაზი აივნებით. ყველა შივაისტური ნაგებობის მსგავსად ბაიჯნათჰეში არსებულ შივას ტაძრის მთავარ შესასვლელსაც არ გააჩნია კარებები. მას იცავენ განაპატისა (იგივე განეშა, ინდუიზმის სიბრძნისა და კეთილდღეობის ღმერთი სპილოს თავით. ხშირად მის სახელს წინ ურთავენ პატივისცემის აღმნიშვნელ “შრი” პრეფიქსს) და ჰანუმანას ქანდაკებები (ინდუიზმში მაიმუნისმგვარი ღვთაება, ქარის ღმერთ ვაიუსა და აპსარ (აპსარები – ინდურ მითოლოგიაში ნახევრად ქალღმერთები, ღრუბლებისა ან წყლის სულები) პუნჯისტალას ვაჟი, “რამაიანის” ერთ ერთი მთავარი გმირი, ვანარების (მაიმუნთა რასა ინდურ ინდურ მითოლოგიაში) ერთ-ერთი მეთაური, აგრეთვე რამასა და სიტას მეგობარი.

მთავარი შენობის წვეტიანი გუმბათი ზემოდან დაჰყურებს კანგრას ხეობას, ტაძრის ფასადი მრავალრიცხოვანი ბარელიეფებითაა მორთული. ადრე ნაგებობის წინა ნაწილს შივას ცეკვების ამსახველი ფრესკები ამშვენებდა, ახლა ისინი გახუნებული და ძნელად გასარჩევია. სალოცავის შესასვლელთან დგას ნანდის ქანდაკება, რომელიც წმინდა ზარის მცველად მიიჩნევა. ამ სარეკელის დარეკვით თითოეული მომლოცველი აცნობებს ღმერთ შივას მის სავანეში თავის გამოჩენას. ლეგენდის თანახმად, შივა გადაადგილდებოდა ხარზე ამხედრებული, რომელსაც ნანდი ერქვა. მას პატის მიაგებენ, როგორც წმინდა ცოხველს და ტაძარში საკუთრივ მისი მანდაპას გარდა, აგრეთვე დგას ხარის უმშვენიერესი ქანდაკება, რომელიც თაყვანს სცემს თავის პატრონს. სალოცავის კედლების ნიშებს უხვად ამშვენებს სკულპტურები, რომლებიც გამოსახავენ შივას სხვადასხვა ჰიპოსტასში, აგრეთვე დურგას (შივას მეუღლე), ვიშნუს, განეშის და სხვა ღვთაებებს. ტაძარი ასევე მორთულია მცენარეთა, ცხოველთა და ბუნებრივ მოვლენათა გამომსახველი ორნამენტებითა და მოლდინგებით. მსგავსი მოტივები შივასადმი მიძღვნილ სალოცავებში არაა იშვიათობა, ისინი კოსმოსური წონასწორობის სიმბოლოა და, ცხადია, ბუნებასთან ერთობასაც აღნიშნავს. ტაძრის მთავარი ადგილია საკურთხეველი, გარბაჰაგრიჰა, რომლის ჭერის ცენტრი მორთულია ლოტოსის როზეტით.

 

შრი მაჰადევის ტაძარი გოაში

შრი მაჰადევის სალოცავი გოას შტატში დღემდე შემონახულ ტაძრებს შორის უძველესია. ბაზალტისგან აშენებული ეს საკულტო ნაგებობა კიდევ იმითიცაა გამორჩეული, რომ ის გოაში შემორჩენილი კადამბა-იადავას სტილის ქვის არქიტექტურის ერთადერთი ნიმუშია. “ბჰაგვან მახავირ მოლემის” ეროვნული ნაკრძალის სიმწვანეში ჩაფლული სალოცავი დააფუძნა ჰემადრი პანდიტმა (პრემიერ-მინისტრი მეფე მაჰადევისა და ხელმწიფე რამაჩანდრას მმართველობის ხანებში) მე-13 საუკუნეში. მუსმილთა მრავალრიცხოვანი შემოსევებისა და პორტუგალიელთა ბატონობისას ქრისტიანობის დანერგვის მიუხედავად, შრი მაჰადევის ტაძარი ხელუხლებელი გადარჩა თავისი ხელსაყრელი მდერაბეობის გამო. მეცნიერთა ვარაუდით, ტაძრის ასაშენებლად მუქი ფერის ბაზალტი დეკანის პლატოდან ჩამოიტანეს, ეს ქვა მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა.

სალოცავის საკურთხეველში დადგმულია შივას ლინგამი. გარბჰაგრიჰის შესასველის თავზე შეგიძლიათ შეათვალიეროთ სუკანასის, ტრადიციული ინდუისტური ორნამენტის ჩუქურთმები. შრი მაჰადევის ტაძარში აგრეთვე აღმოაჩენთ ანტრალას, ესაა დერეფნისმაგვარი სივრცე, რომელიც საკურთხეველს გამოყოფს სალოცავი დარბაზისგან. ის მიწიერი სამყაროდან ზეციურში გადასვლის მეტაფორული სახეა. მთავარ დარბაზში დგას ოთხი ჩუქურთმებიანი კოლონა, რომელთაც ეყრდნობა კამარა. ქვებზე გამოკვეთილია სპილოები, რომლებიც ფეხქვეშ ქელავენ ცხენებს – ეს კადამბას დინასტიის სიმბოლოა.

ტაძარში ასევე წააწყდებით ძველი უნდური სალოცავებისათვის დამახასიათებელ შრი შივას თანამგზავრთა – ორი ერთმანეთში გადახლართული გველის ბარელიეფს. ადგილობრივი თქმულებების თანახმად, ნაგებობის სიღრმეში ცხოვრობს სამეფო კობრა, რომელიც იცავს იქაურობას ცუდი ადამიანებისა და დანგრევისაგან. ტაძრის დასავლეთ კედელს ამშვენებს ნატარაჯას (შივას ერთ-ერთი ყველაზე განთქმული იკონოგრაფიული სახე), აგრეთვე შივასა და მისი მეუღლის, პარვატის გამოსახულებები, ჩრდილოეთის კედელზე გამოხატულნი არიან გენეშა და სარასვატი, ხოლო სამხრეთ კედელზე გამოსახულნი არიან ბრაჰმა და ბჰაირავა (შივას განსაკთრებულად გამანადგურებელი და შემზარავი ასპექტი ინდუიზმში). ის მრავალხელიანია, მას უჭირავს იაღარი და ადამიანის მოკვეთილი თავი, რაც ორბუნებოვნების მოკვეთას და გონების საზღვრების გაცილებას განასახიერებს.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register