logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ისტორიული ადგილები, რომელთა გამოც ღირს ირანის მონახულება.

24 Sep

ისტორიული ადგილები, რომელთა გამოც ღირს ირანის მონახულება.

პერსეპოლისი

პერსეპოლისი იყო სპარსეთის იმპერიის ერთ-ერთი დედაქალაქი. ძვ.წ. 330 წელს ის დაიპყრეს, გაძარცვეს და გადაწვეს ალექსანდრე მაკედონელის ჯარებმა. ძველი სპარსული ქალაქის დღემდე შემორჩენილი ნანგრევები თანამედროვე ირანის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მიახლოებითი მონაცემებით, პერსეპოლისის ისტორია დასაბამს იღებს ძვ.წ. 560 წლიდან, თუმცა მისი გაფართოება და განაშენიანება მხოლოდ ოთხი ათწლეულის შემდეგ დაიწყო. სწორედ მაშინ გახადა მეფე დარიოს  I-მა პერსეპოლისი სპარსეთის დედაქალაქი. ახალგაზრდა მმართველის ამბიციური ჩანაფიქრების მიხედვით, ქალაქს უნდა ეჩვენებინა აქამენიდების იმპერიის ძლევამოსილება, ყველანი მოეხიბლა თავისი სილამაზით, სიმდიდრითე და დიდმშვენიერობით.

დარიოს  I გარდაიცვალა გრანდიოზული მშენებლობის დასრულებამდე და სიცოცხლეში მას არ დასცალდა თავისი საოცნებო პერსეპოლისის ხილვა. მამის დაღუპვის შემდეგ ქალაქის აღმშენებლობით მისი ვაჟი – ქსერქსე I დაკავდა. ალექსანდრე მაკედონელის მიერ პერსეპოლის მიწასთან გასწორების შემდეგ ეს ქალაქი თანდათან დავიწყებას მიეცა. იქ რეგულარული გათხრები მხოლოდ 1930-იან წლებში დაიწყო.

პერსეპოლისი მდებარეობდა უზარმაზარ ხელნაკეთ პლატფორმაზე (ტერასაზე), რომელიც გარედან დაუმუშავებული აგურით იყო მოპირკეთებული და რელიეფებით მორთული ამ ხელოვნურ ტერასაზე განთავსებული იყო: ხაზინა, რამდენიმე ნაგებობისგან შემდგარი სასახლის კომპლექსი, ჰარემი, საზეიმო დარბაზები. ძველი სპარსული ქალაქი სამი მხრიდან მძლავრი კედლით იყო გარშემორტყმული, მეოთხე მხრიდან კი მას მიუდგომელი კლდე ესაზღვრებოდა. პერსეპოლისი საკმაოდ კეთილმოწყობილი ქალაქი იყო, მის მაცხოვრებლებს შეეძლოთ დაეკვეხნათ არა მხოლოდ არქიტექტურით, არამედ წყალგაყვანილობითა და სადრენაჟე სისტემითაც.

ნანგრევების სახითაც კი პერსეპოლისი მნახველებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი სიდიადითა და ნაგებობათა მასშტაბებით. სასახლის კომპლექსის ცენტრს წარმოადგენდა დარიოს I-ის აპადანა (საზეიმო დარბაზი), რომელიც 10 ათასამდე ადამიანს თავისუფლად იტევდა. მისი 72 საყრდენი კოლონიდან დღემდე მხოლოდ 13 სვეტი შემოინახა. ას სვეტიანი, იგივე სატახტო დარბაზი, ქალაქის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა. მეცნიერ-ისტორიკოსთა ვარაუდით, სწორედ იქ მდებაროებდა ხაზინა. აგრეთვე აღსანიშნავია ქსერქსე I-ისა და არტაქსერქსე III-ის გრანდიოზული სამეფო სასახლეებიც.

 

ნაქშე-რუსტამი

ნაქშე-რუსტამი ირანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. შთამბეჭდავი ნეკროპოლისი მდებარეობს პერსეპოლისიდან რამდენიმე კილომეტრში. იგი აღმართეს ხუსეინ-კუჰის კლდეებთან, რომლებიც შესაფერისი იყო სამარხების გამოსაკვეთად. ნაქშე-რუსტამი წმინდა ადგილად ითვლებოდა ისლამამდელ ირანში და საუკუნეთა განმავლობაში ის წარმოადგენდა აქამენიანთა და სასანიანთა დინასტიების მეფეთა აკლდამას.

კომპლექსმა თავისი სახელწოდება (სპარსულიდან ითარგმნება, როგორც “რუსტამის გამოსახულება”) მიიღო არაბთა დაპყრობის შემდეგ ხალხთა ცნობიერებაში ჩამოყალიბებული ასოციაციის წყალობით, ისინი კლდის ბარელიეფებზე გამოკვეთილ სასანიდ მეფეებს ადარებდნენ რუსტამის ხატებას (ირანული ლეგენდარული ეპოსის გმირი, რომელიც უკვდავყოფილია ფირდოუსის პოემაში – “შახმანი” – “მეფეთა წიგნი”).

ნაქშე-რუსტამის კომპლექსი შედგება ძეგლებისგან, რომლებიც მიეკუთვნება ირანის ისტორიის განსხვავებულ ეტაპებს. მათგან უძველესია ელამური პერიოდის ქვის ბარელიეფი ქალღმერთ ანახიტას გამოსახულებით. კომპლექსის შემადგენლობაში აგრეთვე შედის: დარიოს I-ის, ქსერქსე I-ის, არტაქსერქსე I-ის, დარიოს II-ის სამეფო სამარხები და კვადრატული კოშკი – “ზარათუშტრას ქააბა” (ქააბა – კუბის ფორმის მუსლიმური სალოცავია, რომელიც დგას მექაში არსებულ ალ-ხარამის მეჩეთის შიდა ეზოში. ყურანის თანახმად, ეს ერთ-ერთ მთავარი ადგილია, სადაც იკრიბებიან მომლოცველები ჰაჯის დროს. ქააბა ატარებს სიმბოლურ სახელს – “ალ-ბეიტუ-ხარამს”, რაც არაბულად ნიშნავს “მამაპაპურ სახლს”. ჰაჯა (იგივე მომლოცველობა) არის ისლამის მეხუთე ბურჯი შაჰადას (ნიშნავს ცოდნას, დამოწმებას, დაჯერებას ყოველგვარი ეჭვის გარეშე), ლოცვის (ნამაზი), მოწყალებისა (ზაკაიატი) და მარხვის (საუმი) შემდეგ).

ნაქშე-რუსტამის ცენტრალური ღირსშესანიშნაობაა კლდეში გამოკვეთილი ოთხი აკლდამა. მათგან ამოცნობილ იქნა მხოლოდ ერთ სამარხი მასზე დატანილი წარწერის მეშვეობით, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ იგი მიეკუთვნებოდა სპარსეთი მეფე დარიოს I-ს. არქეოლოგების მოსაზრებით, იქ აგრეთვე დამარხულნი არიან აქამენიდების დინასტიის კიდევ სამი მეფე – ქსერქსე I (დარიოს I-ის უფროსი ვაჟი), არტაქსერქსე I და დარიოს II. ოთხივე საფლავს აქვს ჯვრის ფორმა, რის გამოც ის ადგილი ატარებს “სპარსული ჯვრების” სახელს. ჯვრების ცენტრებში გაკეთებულია ხვრელები, რომლებიც მიემართება იმ კამერისკენ, სადაც, სავარაუდოდ, განთავსებული იყო სარკოფაგები. უცნობია, უშუალოდ მასში მოათავსეს ცხედრები თუ ძვლები მდუმარების კოშკის თავზე მოაგროვეს და შემდგომ გადაიტანეს სამარხებში.

მდუმარების კოშკი (დაკჰმა) – მრგვალი ფორმის ნაგებობაა, რომელიც გამოიყენება გარდაცვლილთა გაშიშვლების ზოროასტრიული რიტუალისათვის: ცხედრებს ათავსებენ კოშკის თავზე, სადაც მათ ანადგურებენ მტაცებელი ფრინველები.

სამარხი კამერების ქვეშ სასანიდური ეპოქის შვიდი ბარელიეფია განლაგებული. სასანიდებმა, რომლებიც თავს აქამენიდების ღირსეულ მემკვიდრეებად თვლიდნენ, ააღორძინეს კლდეზე კვეთის ხელოვნება, რათა უკვდავეყოთ თავიანთი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები. ნაქშე-რუსტამის ერთ-ერთ ბარელიეფზე გამოსახულია სასანიდების დინასტიის დამფუძნებლის, არდაშირ I პაპაკანის მეფედ კურთხევის ცერემონია. ერთმანეთის პირისპირ მიმართული მხედრების ფიგურები გამოსახავენ ხელმწიფეს და ახურა მაზდას (ზოროასტრიზმის უზენაესი ღვთაება), რომელიც არდაშირს გადასცემს ბეჭედს, რაც სამართლიანი მმართველობის სიმბოლოა, ამ ჟესტით ღვთაება მეფეს ნიშნავს ირანის მიწის შაჰანშაჰად.

კლდეების ძირში, სამარხების მოპირდაპირედ, დგას კვადრატული კოშკი – “ზოროასტრის ქააბა”. უცნობია, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ ნაგებობას. მეცნიერთა ნაწილი მას მიიჩნევს ტაძრად, სადაც აჩაღებდნენ წმინდა ცეცხლს. კოშკის შიგნით ვენტილაციისათვის საჭირო პირობების არარსებობა გამორიცხავს ამ ვერსიას. სხვა სწავლულები ქააბას სახელმწიფო დოკუმენტებისა და ავესტას (ზოროასტრის სარწმუნებოების წმინდა წიგნების კრებული) საცავად თვლიდნენ. 1931 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალისტებმა ერიხ შმიდტის ხელმძღვანელობით ნაქშე-რუსტამში ჩაატარეს არქეოლოგიურ ექსპედიციათა სერია.

 

ნასირ-ოლ-მოლკის, იგივე ვარდისფერი მეჩეთი

ნასირ-ოლ-მოლკის მეჩეთი შირაზის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. მაჰმადიანთა სამლოცველო სახლი აოცებს მნახველებს თავის ფერთა ზეიმითა და სამუდამოდ რჩება მათ მეხსიერებაში. მეჩეთი ააგეს XIX საუკუნეში ყაჯართა დინასტიის დროს, ფინანსთა მინისტრის, მირზა ჰასან ალი ნასირ ოლ-მოლკის სასახლის ერთ-ერთი არისტოკრატის ბრძანებით. ამ სალოცავის მშენებლობას საინტერესო ისტორია უკავშირდება. ჰასან ალი იყო შირაზის გავლენიანი მერის – ალი აკბარ კავამა ალ-მოლკას ვაჟი და ის ბევრს მოგზაურობდა ირანში. ისე მოხდა, რომ ვაჟმა მამის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ შირაზში ჩასვლისას შეიტყო და ფიცი დასდო, რომ საფლავს ააგებდა და მშობელს ღირსეულად დაკძალავდა. სწორედ ეს გახდა მის მიერ ნასირ-ოლ-მოლკის მშენებლობის დაწყების მიზეზი. ეს შენობა იმდენად ფასეულია, რომ 1966 წელს ხელისუფლებას მეჩეთი ირანის ისტორიული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

სალოცავის დეკორში დომინირებს ვარდისფერი შეფერილობა, რის გამოც მას “ვარდისფერ მეჩეთსაც” კი უწოდებენ. ნაგებობის შესასვლელთან შეხვდებით აბრაზ, რომელზეც გამოკვეთილია ხუროთმოძღვრის სახელი და აგრეთვე დატანილია სტროფები სპარსი პოეტის – საადის ლექსიდან:

“მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შენს შემდგომ კვალი დატოვო,

სხვა შემთხვევაში ვერ ვხედავ ამ ყოფიერებაში მუდმივობას.

იქნებ, რომელიღაც გასხივოსნებულმა

დიდსულოვნად ილოცოს დერვიშთა ქმედებებისათვის”.

მეჩეთის ყველაზე ცნობილი ნაწილია მისი დასავლეთი ნეფი, 12 კოლონით შემოსაზღვრული, დაფარული სივრცე. ამჟამად შირაზის მეჩეთი ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი. მიიჩნევა, რომ ამ სალოცავს აღარ იყენებენ რელიგიური მიზნებისათვის, რადგან იგი დასავლური არქიტექტურის ელემენტთა სიუხვით გამოირჩევა. ეს იმით აიხსნება, რომ ყაჯარების დინასტიის წარმომადგენლები ევრპოსიგან სესხულობდნენ გარკვეულ ხუროთმოძღვრულ ტექნიკებს ტრადიციული სპარსული სტილის გასამდიდრებლად. უმჯობესია, ვარდისფერი მეჩეთი გამთენიისას მოინახულოთ. სწორედ მაშინ აღწევს ამ შენობაში ამომავალი მზის სხივები ვიტრაჟების მრავალფეროვანი მოზაიკის გავლით. მეჩეთის ვიტრაჟები სილამაზით არ ჩამოუვარდება ლეგენდარულ ვენეციურ მინას.

 

გოლესტანის სასახლე

გოლესტანის სასახლე (სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც “ვარდების სასახლე”) მდებარეობს თეირანის ცენტრში, მე-16 საუკუნეში სეფევიდების დინასტიის მმართველობის პერიოდში დაარსებული არგის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. ზანდების დინასტიის დამფუძნებელი კარი-ხანი ძალიან აფასებდა ამ ადგილს. გოლესტანის სასახლეში აისახა იმ წინააღმდეგობრივი ეპოქის ყველა ძირითადი ტენდენცია: ბრწყინვალებისა და ფუფუნების წყურვილი, ევროპულისადმი მიმბაძველობის სურვილი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების წადილთან ერთად. უკანასკნელი ირანული დინასტიის (ფეჰლევები) პერიოდში გოლესტანის სასახლის უამრავი ნაგებობა დაანგრიეს, სხვები კი ნაწილობრივ გადააკეთეს.

გოლესტანის სასახლის პირველი, ისტორიულად და ცერემონიულად საკვანძო შენობაა ტახტ-ე-მარმარი (მარმარილოს სატახტო დარბაზი). სარკისებური მოზაიკით (აინე-კარი) მორთულია ღია თაღოვანი ტერასა, რომელზედაც დგას ტახტი – სპარსული სახლის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ტრადიციული მისაღები დარბაზია (ტალარი).

გოლესტანის სასახლის ტახტის პროექტი მოამზადა ყაჯარების დინასტიის სამეფო კარის პირველმა მხატვარმა – მირზა ბაბამ. მეფისათვის განკუთვნილი სავარძელი ალებასტრიდან გამოკვეთეს ისფაჰანელდა ოსტატებმა. ტახტი ეყრდნობა ანგელოზებსა და დემონებს, საძირკვლის საფეხურებს შემოსაზღვრავს ლომების ფიგურები. კომპოზიცია განასახიერებს ლეგენდას სოლომონის ტახტის შესახებ, რომელიც, მუსლიმური ტრადიციის თანახმად, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდათ ჯინებს.

სასახლის კუთხეში მდებარეობს შორენკეცებით შემკული კარი ხან ნუკის ვერანდა. ერთ დროს ტერასის შუაგულში იყო გუბურა შადრევანთან ერთად. მჩქეფარე წყლის სიყვარული სპარსული მებაღეობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა. გოლესტანის სასახლის ვერანდა უსაზღვროდ უყვარდა ნასირ არ-დინ შაჰი. სწორედ მისი გამოვნებისა და ძალისხმევის წყალობით მიიღო ნაგებობამ თანამედროვე იერსახე. საბედიწერო დამთხვევით, სწორედ გოლესტანის სასახლეშია გამოფენილი თეთრი მარმარილოსგან დამზადეული შაჰის საფლავის ქვა.

ამ დიდებული შენობის კიდევ ერთი სათავსია – ნაგერ ხანე (ირანული მხატვრობის გალერეა). ის მთლიანად ეძღვნება სპარსულ დაზგურ ფერწერას. იგი პირობითად იყოფა ორ თემატურ ნაწილად და აჩვენებს სტილის ევოლუციას და განვითარებას XIX საუკუნის განმავლობაში. სამხრეთ ზონაში გამოფენილია ადრეული ხაჯარული პერიოდის ფერწერული ნამუშევრები, მათი ნაწილის ავტორები არიან: მირზა ბაბა, მიხრ ალი, აბუ ალ-ხასან გაფარი, ცნობილი სანი ალ-მულკის (“სახელმწიფოს შემოქმედი”) წოდებით. XIX საუკუნის სპარსული დაზგური ფერწერის ფენომენი თვითმყოფადია, ის აგებულია ევროპული ტექნიკის, შექჩრდილებისა და პერსპექტივების ცოდნის, პორტრეტულ ხელოვნებაში გადაჭარბებული დეკორატიულობის, დეტალიზაციის, სპარსული მინიატურისათვის ჩვეული მორთულობების სიუხვის ეგზოტიკურ შეხამებაზე.

გოლესტანის სასახლის მთავარი “სავიზიტო ბარათია” შამს ალ-ემარტის (“მზის სასახლე”) შენობა, რომელიც ნასირ ად-დინ-შაჰის ბრძანებით ააგეს. ნაგებობის ფასადი წლების განმავლობაში იყო ხაჯართა დედაქალაქის სიმბოლო.

 

ქალაქი იეზდი

შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 კმ-ში განფენილია ზოროასტრიზმის (სპარსეთში გაბატონებული რელიგია ისლამის დამკვიდრებამდე) უძველესი ცენტრი. შირ-კუხის მთის ქედებითა და ფორტიფიკაციული ნაგებობებით გარშემორტყმული იეზდი მხოლოდ ახ.წ. 642 წელს დაიპყრეს არაბებმა, თუმცა იგი კვლავ რჩებოდა მნიშვნელოვანი პუნქტი ინდოეთიდან შუა აზიისკენ მიმავალ საქარავნო მარშრუტებზე. იეზდი – ირანის ქალაქი-ოაზისია, იგი პირველად მოხსენიებულია ძვ.წ. 3000 წლით დათარიღებულ ისტორიულ წყაროებში, როგორც ისატისი. ძვ.წ. 800-იან წლებში მას გადაერქვა სახელი იაზდეგერდ პირველის (სპარსეთის მმართველი სასანიდების დინასტიიდან) საპატივცემულოდ.

იეზდი ეგვიპტურ პირამიდებზე უფროსია და ბიბლიური ბაბილონის თანატოლია. იგი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, რომლის ტრადიციული არქიტექტურა დღემდე შემოინახა. იუნესკომ იეზდი შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და მოახვედრა ის “ადამიანური გენიალიზმის შედევრისა” და “გამორჩეული სილამაზისა და ესთეტიკური მნიშვნელობის მქონე ადგილის” კატეგორიებში. ქალაქი აგებულია სამანისგან (ნედლი აგური), რომელსაც ამზადებდნენ ხელით თიხისა და ჩალის ნაზავისგან. სამანის შენობები მზეზე არ ხურდება და ისინი 50 გრადუს სიცხეშიც კი ინარჩუნებენ შიგნით სიგრილეს. ამასთან, ნაგებობები ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ დგას, რათა ვიწრო ქუჩაბანდებში ჩრდილი შეიქმნას. ამის გამო იეზდი დერეფნების ჩახლართულ ლაბირინთს ჰგავს. შენობათა სახურავებს ამშვენებს ქარის კოშკები. ისინი წარმოადგენს კონდიციონირების ძველ სისტემებს, რომლებიც ელექტროენერგიის მოხმარების გარეშე მუშაობს. ათასწლეულების წინ ქალაქში გაიყვანეს მიწისქვეშა არხები, რომლებიც კილომეტრებზეა გადაჭიმული. ისინი წყალსაცავებს მთის ქედებიდან ჩამოტანილი სუფთა წყალს აწვდიან. თუ წყლის მუზეუმს ეწვევით, მაშინ შეძლებთ დეტალურად შეისწავლოთ, თუ როგორ მუშაობს წყალმომარაგების ეს მიწისქვეშა სისტემა.

იეზდის მაცხოვრებლები არიან ეთნიკური სპარსელები, რომლებმაც შეინარჩუნეს მათი უძველესი კულტურუა და რელიგია – ზოროასტრიზმი (ცეცხლთაყვანისმცემლობა). ის დაფუძნებულია წინასწარმეტყველე სპიტამა ზარატუშტრას გამოცხადებებზე, რომელიც ქადაგებდა კეთილი აზრებისა და საქმეების თავისუფალ ზნეობრივ არჩევანს. სწორედ მისი დამსახურებით აღინიშNება ყველასათვის საყვარელი ნავრუზის დღესასწაული – ირანული ახალი წელი, რომელიც ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობის უძველეს საზეიმო დღეს.

სპარსული დინასტიების შეცვლამ, მტერთა თავდასხმებმა, ომებმა და რევოლუციებმა იეზდის გვერდი აუარეს. უკვე 1500 წელზე მეტია, რაც ატაშკადეხის ტაძარში წმინდა ცეცხლი ანთია. ხირბატი (სალოცავის მსახური) ყოველდღიურად ასრულებს რიტუალს, იგი ცეცხლში ისვრის ნუშისა და გარგარის ხეების ნაჭრებს. ადამიანის სუნთქვამ არ უნდა წაბილწოს წმინდა ალი, ტურისტებს შეუძლიათ დაკვირდნენ მას სპეციალური ფანჯრიდან.

იეზდის სხვა გამორჩეული ღირსშესანიშნაობებია: პარასკევის (იგივე საკრებული მეჩეთი, ჯუმა-მეჩეთი) მეჩეთი, სადაც მუსლიმური საზოგადოება პარასკევობით შუადღისას იკრიბება სალოცავად, დუმილის კოშკები, ამირ ჩახმაკის მეჩეთი (მე-14 საუკუნეში იეზდის მმართველი იყო ამირი ჯელალ ად-დინი ტიმურიდების დინასტიიდან, მის გეგმებში შედიოდა არა მხოლოდ ქალაქის აყვავება, არამედ უნიკალურ არქიტექტურულ შევედრთა აგებაც, რომლებიც მას საუკუნოდ გაუთქვამდა სახელს. ამ ხელისუფლის მთავარი მემკვიდრეობა გახდა ამირ ჩახმაკის კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის მოედანი, მეჩეთი, ბაზრობა და 2 გუბურა), ალესანდრეს ციხე ( ეს ნაგებობა არ წარმოადგენს ალექსანდრე მაკედონელის მიერ აშენებულ სიმაგრეს, სინამდვილეში ესაა მე-15 საუკუნით დათარიღებული გუმბათოვანი მედრესე – მუსლიმური საგანმანათლებლო დაწესებულება), სეიედროკნ – ოდ – დინის მავზოლეუმი, დოულეტაბადის ბაღი (ეს ბაღი იეზდიში გაიხსნა აფშარიდების დინასტიის მმართველობისას 1782 წელს პროვინციის გუბერნატორის, მოჰამედ ტაგი ხანის თანამოანწილეობით. “დიდ ხანად” წოდებული ეს სახელმწიფო მოხელე იმითია ცნობილია, რომ მისი ბრძნაბით ააგეს 65 კმ სიგრძის აკვედუკი, რომელიც ქალაქს აწვდიდა წყალს მეჰრიზმის წყაროდან).

 

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register