logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ინდოეთის მომნუსხველი ადგილები

18 Jul

ინდოეთის მომნუსხველი ადგილები

ლალ-კილა

ლალ-კილა, იგივე წითელი ფორტი, დიდი მოგოლთა ეპოქის ისტორიული ციტადელია დელიში, რომელიც 1652 წელს ააგეს. მონღოლთა იმპერატორ შაჰ-ჯახანის (ბაბურიდების იმპერიის პადიშაჰი) ბრძანებით, ეს უზარმაზარი ციხე-სიმაგრე ააშენეს ადგილობრივი წითელი ქვიშაქვისგან. იგი წარმოადგენდა გამარგებული დედაქალაქის- შაჰჯაჰანაბადის სასახლეს. ლალ-კილა იყო იმპერატორთა მთავარი რეზიდენცია ორი ასწლეულის განმავლობაში, 1856 წლამდე. 2007 წელს წითელი ფორტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი გახდა. ციხე-სიმაგრის დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორ უსად ახმად ლახურს, რომელმაც აგრეთვე ააგო ტაჯ-მაჰალიც. დიდ მოგოლთა (მუღალის იმპერია) სხვა ფორტებისგან განსხვავებით, ლალ-კალის კედლები ასიმეტრიულია და აღმართულია ძველი ციხის (სალიმგარჰის) ადგილას. შაჰ-ჯაჰანის მემკვიდრემ – აურანგზებმა ციტადელს შეჰმატა მარგალიტის მეჩეთი და ასევე ბარბაკანები ორი მთავარი ჭიშკრის წინ. 1747 წელს ნადირ-შაჰი (ირანის შაჰი – აფშარიდების დინასტიის დამფუძნებელი) შეესია მოგოლთა იმეპარიას, მან გაძარცვა ლალ-კილა, იქიდან გაიტანა ძვირფასეულობა და ხელოვნების ნიმუშები. წითელი ფორტის მარმარილოს ნაგებობის უმეტესი ნაწილი განადგურდა ბრიტანელთა 1857 წლის აჯანყების შედეგად. ციხის თავდაცვითი კედლები დიდწილად შენარჩუნდა და სიმაგრე შემდგომში გარნიზონად გამოიყენებოდა. წითელი ფორტი ასევე წარმოადგენს ბრიტანელების მიერ მოგოლთა უკანასკნელი იმპერატორის გასამართლების ადგილს.

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აღმართავს ეროვნულ “სამფერ დროშას” ფორტის მთავარ კარიბჭესთან და უკითხავს მოსახლეობას ყოველწლიურ მიმართვას. კომპლექსის ყველაზე ცნობილს ნაგებობათა რიცხვს ეკუთვნის 60 წითელი ქვიშაქვის სვეტის მქონე საჯარო აუდიტორიის დარბაზი და ასევე კერძო აუდიტორიის დიდი თახი, რომელიც გამოირჩევა თეთრი მარმარილოს პავილიონით. საიმპერატორო აპარტამენტები შედგება მთელი რიგი პავილიონებისგან, რომელთაც ერთმანეთთან აკავშირებს წყლის არხი – “სამოთხის ნაკადი”. წითელი ფორტის არქიტექტურაში ჰარმონიულადაა შეხამებული სპარსული, ტიმურიდული და ინდუისტური ელემენტები.

“თუ ქვეყნად ართლაც არსებობს სამოთხე, მაშინ ის აქაა” – ასეთ წარწერას აღმოაჩენთ კალა-ა-მუბრაკის დარბაზის თაღზე. სპარსელი პოეტის, ამირ ხოსროვის ამ სიტყვებით გამოხატულია შაჰ-ჯაჰანის არქიტექტორის ჩანაფიქრი, რომელმაც ციტადელი ყურანში აღწერილი სამოთხის მსგავსად ააგო. ლალ-კილას ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება სალიმგარჰის ძველი ციხე. წითელი აგურისგან ნაშენი სიმაგრის პერიმენტი 2500 მეტრს შეადგენს.

ინდოეთის ძველი საზღვრების ფარგლებში არსებობს დიდი მოგოლთა იმპერიის დროს აგებული რამდენიმე ისტორიული ნაგებობა, რომლებიც აგრეთვე ატარებს “წითელი ფორტის” სახელს და ისინი ზოგჯერ ერთმანეთში ერევათ ხოლმე. დელიში არსებული ლალ-კილას გარდა, ესენია: “წითელი ფორტი” აგრაში (ტაჯ-მაჰალის მეზობლად) და “წითელი ფორტი” ლაჰორში (ამჟამად პაკისტანში).

 

ჯამა-მასჯიდი

“დელის სატაძრო მეჩეთის”, იგივე ჯამა-მასჯიდის სრული სახელწოდებაა “მასჯიდ-ი-ჯახან-ნუმა”, რაც სპარსულიდან ითარგმნება, როგორც “მსოფლიოს ამრეკლავი მეჩეთი”. მაჰმადიანთა სამლოცველო სახლის მშენებლობა დაიწყო შაჰ-ჯაჰანის მმართველობის დროს. ჯამა-მასჯიდის ამგები არქიტექტორი იმითიცაა ცნობილი, რომ მან დააპროექტა ტაჯ-მაჰალი. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გუბერნატორმა უილიამ ჰორონბეიმ ტაძრის დანგრევა ბრძანა. ეს განპირობებული იყო კანონით, რომლის მიხედვითაც, ფორტის მიმდებარედ 600 იარდის მანძილზე არც ერთი ნაგებობა არ უნდა ყოფილიყო განთავსებული. მეჩეთი, რომლის ხილვის შესაძლებლობა ამჟამად გეძლევათ, მე-18 საუკუნეში აღმართეს. ინდოელი მუსლიმებისათვის მეჩეთს დიდი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობა აქვს. აქ ინახება ისეთი წმინდა რელიქვიები, როგორებიცაა, წიანსწარმეტყველ მუჰამედის ფეხსაცმელი, მისი ფეხის ანაბეჭდი ქვაში, ყურანის თავი, რომელიც დაიწერა ალაჰის დესპანის კარნახით, წინასწარმეტყველის წვერი და მისი საფლავის ქვის ნატეხი, ასევე ირმის ტყავზე შესრულებული ყურანის ასლი.

როცა ჯამა-მასჯიდის მეჩეთს ეწვევით, უსათუოდ შეიგრძნობთ ძლიერ ენერგეტიკას, რომელიც იმალება წმინდა ნაგებობის ყოველ კუნჭულში. ეს ბრწყინვალე მეჩეთი მდებარეობს ჩანდი-ჩოუკის ქუჩასთან ახლოს. ჯამა-მასჯიდის ქათქათა გუმბათები ქალაქის თითქმის ნებისმიერი წერტილიდან მოსჩანს. მაჰმადიანთა ტაძრის დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ ეწვიოთ კალან მასჯიდის მეჩეთს. მან ეს სახელწოდება მიიღო იმ შავი ფერის ქვისგან, რომლისგანაცაა იგი აგებული (“კალანი” ინდურიდან ითარგმნება, როგორც “შავი”). ჯამა-მასჯიდის შორიახლოს მდებარეობს აგრეთვე სულთან რაზიას საფლავი. ის ერთადერთი ქალია, რომელიც ოდესმე მჯდარა სულთნის ტახტზე. ინდოეთში მის სახელს უკავშირდება უამრავი ლეგენდა.

 

რაჯ გჰატი

რაჯ გჰატი წარმოადგენს ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მაჰათმა განდის მემორიალს, რომელიც ააგეს საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის კრემაციის ადგილას. ერის მამა 1948 წელს შეთქმულებას ემსხვერპლა: ინდური ნაციონალური ორგანიზაციების აქტივისტმა და რადიკალურად მემარჯვენე იდეოლოგიის გამტარებელი გამომცემლობის რედაქტორმა ნათხურამ გოძემ სამჯერ ესროლა მაჰათმა განდის საღამოს ლოცვის დროს ასობით ადამიანის თვალწინ. აღსასრული წინ “დიადმა სულმა” (ეპითეტ “მაჰათმას” განმარტება) ყველას აჩვენა, რომ მკვლელს ცოდვას უნდობდა.

მემორიალს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მდინარე ჯიმნა, რომლის ნაპირებზე აგებულია გჰატები (საფეხურები, რომელთაც წყლისაკენ მივყავართ), სადაც ხალხი ოდითგანვე ლოცულობდა და კრემაციის რიტუალებს ატარებდა. რაჯ გჰატის ჩრდილოეთით მდებარეობს ყოფილი პრემიერ-მინისტრების – რაჯივას და დედამისის, ინდირა განდის მემორიალები.

 

გურუდვარა ბანგლა საჰიბი

ქ.დელიში, “Ashoka Road”-ის ქუჩაზე, ფოსტის მთავარი სამმართველოს გვერდით განლაგებულია თეთრი მარამრილოსგან აშენებული დიდებული ნაგებობა, რომელიც მრავალრიცხოვანი ოქროს გუმბათითაა მორთული. ზოგადად, გურუდვარა (“გურუს კარიბჭე”) არის სიქჰების საღვთისმსახურო არქიტექტურული შენობა.

გურუდვარა ბანგლა საჰიბი აღმართეს იმ ადგილას, სადაც ჰაარ კრიშან დევმა (სიქჰების რიგით მე-8 გურუ – რელიგიური მასწავლებელი, სულიერი წინამძღოლი ინდუიზმსა და ბუდიზმში). როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, მცირეწლოვანი გურუ იმ ადგილებში მოხვდა ქოლერის ეპიდემიის დროს. მან უამრავი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან, თუმცა ბოლოს თვითონაც დასნეულდა და მალევე აღესრულა. მოგვიანებთ, სულიერი წინამძღოლის მცირე საცხოვრებლის ადგილას აღმართეს ტაძარი, რომელიც ღიაა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთათვის. კიდევ ერთი თქმულების თანახმად, ჰაარ კრიშან დევი ქოლერით დაავადებულებს ასმევდა წყალს მის ეზოში გათხრილი ჭიდან. ამჟამად ამ წყაროს წყალი სამკურნალოდ ითვლება. ტაძარში შესულ ადამიანს დაფარული უნდა ჰქონდეს თავი, მხრები და ფეხები. დღესდღეობით მემორიალური კომპლექსის შიგნით არიას დიდი გუბურა, რომლის წყალს ეწოდება “ამრიტა”, ანუ წმინდა. გურუდვარა ააგეს 1783 წელს სიქჰების გენერალ სარდარ ბჰაგელ სინგჰის ხელმძღვანელობით. ტაძრის მთავარი საკურთხევლის თავზე ჰკიდია ოქროს პატარა გუმბათი. გურუდვარის მსახურები ძალიან სტუმრათმოყვარეები არიან. ისინი ყველას იღებენ და ეპატიჟებიან ტრაპეზზე, რომელიც შედგება დალისა და ჩაპატისგან, სიქჰების ტრადიციული საკვებისგან.

სიქჰიზმი არის რელიგია, რომელიც წარმოიშვა ისლამისა და ინდუიზმის საფუძველზე. მისი დამაარსებელია ნანაკა, სულიერი მოძღვარი, რომელიც ცხოვრობდა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე. სიქჰების თაყვანსაცემი ობიექტია ერთიანი, ყოვლისმომცველი და მიუწვდომელი ღმერთი. ამ აღმსარებლობის წარმომადგენელთა აზრით, ამქვეყნად ყველაფრის მიზანი სიყვარულია, ღმერთი არავის მოუწოდებს სადმე წასასვლელად, ადამიანთა დასჯის ნაცვლად უფალი მხოლოდ ყოვლისმშთანთქმელ სიყვარულს აფრქვევს, მას არ აღეძვრება უარყოფითი განცდები და იგი სრულიად მიუკერძოებელია. სიქჰების ღმერთის თაყვანცემა ნებადართულია მხოლოდ მის სახელზე მედიტაციით და შემოქმედის პატივსაცემად ლოცვის აღავლენით.

სიქჰები თავისებურად განმარტავენ იმასაც, თუ რა ელოდება ადამიანს გარდაცვალების შემდგომ. ისინი არ ეთანხმებიან დასკვნებს სამოთხისა და ჯოჯოხეთის, ცოდვების, კარმისა და რეინკარნაციის შემდეგ სიკვდილის შესახებ. სიქჰების რწმენით, გარდაცვალების მერე ადამიანი ხდება ბუნების ნაწილი, იგი არსად ქრება, არამედ უბრუნდება საწყისს, ანუ შემოქმედს.

ტრადიციულად, სიქჰები მკაცრად ემორჩილებიან ათი გურუს თეორიას, თუმცა კიდევ არსებობს 2 ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გობინდ სინგჰის (მე-10 და უკანასკნელი სიქჰელი გურუ) რეფორმებისადმი დამოკიდებულების მიხედვით. ერთნი არიან კეშდჰარები, მეორენი კი – საჰაჯკარები, რომლებიც ცდილობენ, გარეგნულადაც განსხვავდებოდნენ დანარჩენებისგან (მელოტი თავებით). ეს ორი ჯგუფი წარმოადგენს სექტებს და სიქჰიზმი მათ არ აღიარებს.

 

ლაქსმინარაიანის ტაძარი

ლაქსმინარიანის ტაძარი მდებარეობს ნიუ-დელიში. ხალხში იგი ცნობილია, როგორც ბირლა მადირი. ეკლესია აღმართულია ბედნიერებისა და ბარაქის მზის სადარი ქალღღმერთ ლაქშმისა და მისი მეუღლის, ვიშნას საპატივცემულოდ. იგი ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობაა, რომელიც იზიდავს არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ მომლოცველთა დიდ რაოდენობასაც. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1933-39 წლებში, რომელსაც აფინანსებდა შეძლებული ინდური ოჯახი. გვარის ფუძემდებელი განშიამდას ბირლა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ოპიუმის ვაჭრობით გამდიდრდა. ლაქსმინარაიანის აგების პროცესს სათავეში ედგა არქიტექტორი ჩანდრა ჩატერჯი, თანამედროვე ინდური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მამა.

განშიამდამ ეკლესიის გახსნაზე თავისიახლო მეგობარი, მაჰათმა განდი დაპატიჟა. ერის მამამ მისვლაზე თანხმობა განცხადა, ოღონდ, იმ პირობით, რომ ლაქსმინარაიანის ტაძარი ღია იქნებოდა ნებისმიერი აღმსარებლობის წარმომადგენელთათვის. სამ სართულიანი ეკლესია აგებულია თეთრი და ვარდისფერი მარმარილოსგან ნაგარის სტილში, რაც დამახასიათებელია ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილების ინდუისტური არქიტექტურისათვის.

ტაძრის კოშკები, თაღები და გალერეები უხვადაა მორთული ქვის ჩუქურთმებით, რომლებიც ასახავს სცენებს ინდუისტური წმინდა წერილებიდან. საერთო სამლოცველო დაგვირგვინებულია წითელი ქვიშაქვისგან დამზადებული სამი მაღალი მრავალფეროვანი გუმბათით (შიქხარა – ინდუისტური სატაძრო არქიტექტურის სახე). ეკლესიის მთავარ საკუთრხეველში განთავსებული ლაქშმისა და ნარაიანას ფიგურები გამოკვეთილია ჯაიპურის თეთრი მარმარილოსგან. პარიკრამის (ღვთაების გარშემო შემოვლა საათის ისრის მიმართულებით) გზა გადის სარკისებურ გალერეაში. ქვის გისოსები ნაქსოვია მზის და სვასტიკის სიმბოლოებისგან. სხვადასხვა იარუსზე განლაგებული მცირე საკურთხევლები ეძღვნება სხვა ღვთაებებს: ბუდას, მრავალხელა შივას, მაიმუნის მაგვარ ღმერთ ჰანუმანს, სპილოს მსგავს სიბრძნის ღვთაებას – განეშეს, მფარველ ქალღმერთ დურგეს. ტაძარი შიგნიდან მორთულია ქვის საუცხოო ჩუქურთმებით, რომლებიც აღბეჭდავს სცენებს ვაშნავას მითოლოგიიდან.

 

აგრასენ კი ბაოლი

ბაორის, ბაოლის და ვავის სახელწოდებებით ცნობილი საფეხურებიანი ჭები წარმოადგენს ისტორიულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, რომლებიც დამახასიათებელია ინდოეთისა და პაკისტანის გვალვიანი რეგიონებისათვის. ისინი ერთგვარი ქვაბულებია, რომლებიც ივსება როგორც გრუნტის წყლებით, ისე უხვი ნალექის ხარჯზეც წვიმების სეზონის დროს.

ამ საფეხურებიანი ჭების უმრავლესობა მორთულია ღვთაებათა და ნადირთა სხვადასხვაგვარი გამოსახულებებით. ბაოლი ოდითგანვე წარმოადგენდა თავშეყრის, დასვენების, რელიგიური ცერემონიების ჩატარების ადგილს. ბაორების მშენებლობის დამადასტურებელი ყველაზე ადრეული არქიტექტურული მტკიცებულებები დჰოლავირში აღმოაჩინეს. მეშე აშოკის ედიქტებში (ამ ხელმწიფის ბრძანებით მღვიმეების კედლებსა და ქვის კოლონებზე დატანილი წარწერები, ინდოეთში დღემდე შემონახული ყველაზე ადრეული წერილობითი ძეგლი) ნახსენებია საფეხურებიანი ჭების აგება ინდოეთის გზების გაყოლებით, ძვ.წ. III საუკუნეში.

აგრასენ კი ბაოლი მდებარეობს ნიუ-დელის შეუაგულში. ის წარმოადგენს 60-მეტრიან ნიშას, სადაც მხოლოდ ციცაბო კიბეების მეშვეობით ჩასვლაა შესაძლებელი. ეს საფეხურებიანი ჭა ააგეს XV საუკუნეში, ტუგლაკიდების (თურქული დინასტია) მმართველობის ხანაში.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register