logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ინდოეთის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები

25 Jul

ინდოეთის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები

ქუთუბ-მინარი

ქუთუბ-მინარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის მინარეთია. იგი აიგო დელის სულთანატის მმართველთა რამდენიმე თაობის მიერ. ქუთუბ-მინარი წარმოადგენს ულამაზესი რელიგიური შენობების ანსამბლს. მეჩეთის კოშკი თარიღდება ინდოეთში მუსლიმთა მმართველობის დასაწყისით. მინარეთ მდებარეობს სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ ძეგლთა კომპლექსის შუაგულში.

72,6 მ სიმაღლის მქონე აგურის მეჩეთის კოშკი დაცულია იუნესკოს მიერ, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი. ავღანურის ჯამის მინარეთით მოხიბლულმა ინდოეთის პირველმა მაჰმაიდანმა მმართველმა – კუტბ უდ-დინ აიბეკმა, 1193 წელს დაიწყო ქუთუბ მინარის მშენებლობა, თუმცა მხოლოდ მისი საძირკვლის დასრულებაღა შეძლო. 1368 წელს მუსლიმი ხელისუფლის მემკვიდრემ – ფირუზ-შაჰ-ტუგლაკმა ააგო მინარეთის მეხუთე და უკანასკნელი იარუსი. ხალხის სალოცავად მოწოდების გარდა, ქუთუბ-მინარი გამოიყენებოდა მიმდებარე ტერიტორიებზე თვალ-ყურის სადევნებლად ქალაქის დაცვის მიზნით, ეს მინარეთი ასევე ისლამის ძლევამოსილების წარმომჩენ სიმბოლოსაც წარმოადგენდა. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, მეჩეთის კოშკს ეს სახელი დაერქვა ბაღდადელი წმინდანის – კუტბუდინ ბახტიარ კაკის პატივსაცემად, რომელიც გახლდათ ჩიშტის ორდენის გამოჩენილი სუფისტი (სუფიზმი – ასკეტურ-მისტიკური მიმართულება ისლამში, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ბრძოლა თავისი ფარული ნაკლოვანებების წინააღმდეგ და პიროვნების სულიერ აღზრდას). კომპლექსის დამამშვენებელ ორნამენტთა უჩვეულობა და მათი სრული შეუთავსებლობა ისლამთან განპირობებულია იმით, რომ მინარეთის მშენებლობისათვის გამოიყენეს დარღვეული ინდუისტური ტაძრების ნანგრევთა ქვები.

ქუთუბ-მინარის ძირში დგას კუვატ-ულ-ისლამი – ინდოეთში აგებული მეჩეთი, რომელიც ცნობილია “ისლამის ძლევამოსილების” სახელწოდებით. მაჰმადიანთა სამლოცველო სახლის აღმართვა უკავშირდება კუტუბ-უდ-დინ-აიბეკის, მამლუქთა ორდენის, იგივე მონათა დინასტიის დაამრსებლის სახელს. ეს მეჩეთი ერთი რელიგიის მეორეზე აღზევების სიმბოლოა. სამშენებლო მასალად გამოიყენეს 27 დაშლილი ინდუისტური და ჯაინისტური ტაძრის ნაშთები. ამჟამად მეჩეთი დარღვეულია, თუმცა მისი შთამბეჭდავი ნანგგრევები ისლამურ არქიტექტურაზე მსჯელობის საშუალებას გვაძლევს. სამლოცველო სახლის დასავლეთით მდებარეობს ილტუტმიშის სამარხი. მავზოლეუმის მშენებლობა კრემაციის ინდური წეს-ჩვეულებებიდან გადახვევის მაჩვენებელია.

ალა – ი- დარვაზის ზორბა ჭიშკარი ააგო დელის პირველმა სულთანმა, ხილჯის დინასტიის წარმომადგენელმა – ალაუდინმა. დიდ გამოცანადაა ქცეული მეფე კუმარაგუპტა I-ის მიერ აღმართული 7-მეტრიანი რკინის კოლონა. სვეტზე დატანილი სანსკრიტული წარწერები მიუთითებს იმაზე, რომ თავდაპირველად იგი მდებარეობდა ვიშნუს ტაძარში, მასზე კი განთავსებული იყო გარუდას (ინდუიზმში – ღმერთ ვიშნუს მზის ბუნების მქონე სატრანსპორტო ფრინველი (ვაჰანა). ვაჯრაიანაში (ბუდიზმის ტანტრული მიმართულება) – იდამი, გასხივოსნებული გონების ერთ-ერთი სიმბოლო) ქანდაკება.

1600 წლის განმავლობაში კოლონა პრაქტიკულად არ კოროზირებულა, რაც დღემდე დავის საგანია მეცნიერთა შორის. დიდი ხანი არსებობდა თეორია, რომლის თანახმადაც, სვეტი დამზადებულია მეტეორული რკინისგან (რის საწინააღმდეგოდაც მეტყველებდა ნიკელის არარსებობა). სხვა შეხედულების მიხედვით, კოლონის შექმნისას გამოიყენეს ინდოელი მეტალურგების მიერ გამოგონილი სპეციალური შენადნობი. რკინის წარმოების ძველი ტექნოლოგიის ანალიზისას დადგინდა, რომ პროცესში მოხდა ფოსფორის შემცველი დამცავი აპკის ფორმირება, რომელიც ხელს უშლიდა კოროზიას.

კარიბჭის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს მე-15 საუკუნის სუფისტი წმინდანის – იმამ ზამინის აკლდამა.

ჰუმაიუნ ტომბი

ესაა შენობათა კომპლექსი, რომელიც აიგო სპარსელი არქიტექტორის მიერ იმპერატორ ჰუმაიუნის ქვრივის – ჰამიდა ბანუ ბეგუმის დაკვეთით. თავისი მმართველობის პერიოდში ეს ძლევამოსილი მბრძანებელი ავღანეთის ხელისუფალმა, შერ შაჰ სირიმ ჩამოაგდო ტახტიდან, თუმცა სპარსეთში 15-წლიანი გადასახლებიდან დაბრუნებულმა ჰუმაიუნიმ მართვის სადავეები კვლავ ჩაიგდო ხელში.

ცხადია, რომ კომპლექსი იგებოდა ინდოეთში იმ დროს პოპულარული წმინდანის – ნიზამუდინის სამარხთან სიახლოვის საფუძველზე. ისლამში არსებობს კონცეფცია, რომ სამოთხე მდებარეობს ყოველი მხრიდან წყლით გარემოცული ოთხი ბაღის შუაგულში. ჰუმანიუმ ტომბი აშენდა ჩარ ბაგჰის (ოთხი ბაღს) ტრადიციის შესაბამისად.

გაურკვეველია, თუ რატომ არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მოცემული აკლდამა წარმოადგენს ტაჯ მაჰალის ასლს. აგრაში მდებარე მეჩეთი-მავზოლეუმი ჰუმანიუმ ტომბზე 60 წლით გვიან ააგეს. უდავოა, რომ ტაჯ მაჰალი სპარსული არქიტექტურული იმ ტრადიციების გაგრძელებას წარმოადგენს, რომლებიც ინდოეთში პირველად სწორედ იმპერატორ ჰუმაიუნის მავზოლეუმის მშენებლობისას ჩაისახა. აღსანიშნავია ამ ორ გრანდიოზულ ნაგებობას შორის არსებული პირდაპირი კავშირი. ტაჯ მაჰალში დასვენებული შაჰ ჯაჰანი იმპერატორ ჰუმანიუმის შვილიშვილია. აქედან გამომდინარე, ჰუმაიუნ ტომბი იმ დიდებული ზღაპრის უვერტიურად გვევლინება, რომელსაც ტაჯ მაჰალი ჰქვია.

რაშტრაპატი-ბხავანი

რაშტრაპატი-ბხავანი არის ნიუ-დელიში განლაგებული ინდოეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია. ესაა ყველაზე დიდი საპრეზიდენტო სასახლე მსოფლიოში, ინდური დემოკრატიის ბურჯი. მისი საერთო ფართობი 130 ჰექტარია, რაც ძირითადი შენობის გარდა მოიცავს უზარმაზარ ბაღებსა და დამხმარე ნაგებობებს.

1901 წელს ინდოეთის დედაქალაქის კალკუტიდან დელიში გადატანის შემდგომ, ქვეყნის ლიდერს ახალი რეზიდენცია სჭირდებოდა. მისთვის ადგილის გასათავისუფლებლად ქალაქის გარეუბანში (თანამედროვე ნიუ-დელის ტერიტორია) დაანგრიეს ორი სოფელი და 300-ზე მეტი ოჯახი გადაასახლეს. მშენებლობას ინგლისელი არქიტექტორი – ედვინ ლუტიენსი გაუძღვა. მდიდრული სასახლე 1929 წლისათვის უკვე მზად იყო, ამ გრანდიოზულმა ნაგებობამ შეარყია გაუწაფავი ინდოელების ფანტაზია.

რაშტრაპატი-ბხავანი შეგვიძლია მივაკუთვნოთ ედვარდიანული ბაროკოს სტილს, რადგან აშკარა აქცენტი გაკეთებულია სოლიდური კლასიკური მოტივების გამოყენებაზე იმპერიული ძალაუფლების ხაზგასასმელად. შენობის ფასადის დეკორატიულ მორთულობებში შეინიშნება ინდო-სარაცინული ელემენტები (ფიალის ფორმის ქვის აუზები ნაგებობის თავზე, სპილოებისა და კობრების ქანდაკებები, ასევე ბარელიეფები ჯაიპურის კოლონის ძირში). რაშტრაპატი-ბხავანის გუმბათი ინდური და ბრიტანული სტილების ნაზავია, შესახედავად იგი ბუდისტურ სტუპას (ბუდისტური არქიტექტურულ-სკულპტურული ნაგებობა, რომელსაც ნახევარსფეროსებრი მოყვანილობა აქვს) მოგვაგონებს. ზაფხულის ნისლი მნახველებს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გუმბათ სასახლისგან განცალკავებით “მიცურავს”.

რაშტრაპატ-ბხავანშ ეროვნული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე დარბაზია. დურბარ-ჰოლი განლაგებულია უშუალოდ ბწყინვალე გუმბათის ქვეშ. იგი გამოირჩევა 2-ტონიანი ჭაღით და მე-5 საუკუნით დათარიღებული ბუდას ქანდაკებით. რაც შეეხება აშოკას დარბაზს, თავდაპირველად იგი განკუთვნილი იყო წვეულებებისა და მიღებების გასამართად. მის ჭერზე გამოსახული სპარსული ნახატი სამეფო ნადირობას ასახავს. სასახლის კიბეებთან დგას შადრევანი, რომელიც რვა მარმარილოს ლომითაა გარშემორტყმული. რაშტრაპატ-ბხავანის უკანა მხარეს ამშვენებს დიდ მოგოლთა სამი ბაღი: 1. მთავარი – მდიდარია არხებით, ლოტოსის ფორმის შადრევნებითა და განსაცვიფრებელი სილამაზის მქონე კლუმბებით. 2. ტერასიანი – ცნობილია გასაოცარი შადრევნით, რომელიც იღვრება მიწის სიღრმეში და ქმნის ჭას. 3. გრძელი, იგი პურდხა – იქ გაშენებულია ვარდები.

ლოტოსის ტაძარი

ლოტოსის ტაძარი, რომლის ოფიციალური სახელწოდება ჟღერს, როგორც ბაჰაის (ბაჰაის აღმსარებლობის დამაარსებელია ბაჰულა, რომლის სახელი არაბულიდან ითარგმნება, როგორც “უფლის დიდება”. ამ რელიგიის მიმდევრები თვლიან, რომ ბაჰულა ამ მომენტისათვის ღვთის უკანასკნელი მოციქულია, რომელიც სხვა რელიგიათა დამფუძნებლების (ქრისტეს, ბუდას, მუჰამედის) მისიას აგრძელებს. ბაჰულას სწავლების მთავარი თემა ერთიანობაა. მისი თქმით, უფალი განუყოფელია და თითოეული რელიგია “ღვთისადმი უცვლელი რწმენის” გამოხატულებაა. მოციქულის შეხედულებით, კაცობრიობა ერთიანი ხალხია, რომელიც მოწოდებულია იცხოვროს მშვიდობასა და ჰარმონიაში. ბაჰაისტები მხარს უჭერენ ცალკეული ერების მსოფლიო საზოგადოებაში გაერთიანებას, კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების იდეით) თაყვანისცემის სახლი, მდებარეობს სოფელ ბაჰაპურში (დელის სამხრეთ-აღმოსავლეთით). უზარმაზარი რელიგიური შენობა, რომელსაც ნახევრად გაშლილი ლოტოსის ყვავილის ფორმა აქვს, ბეტონისგანაა აგებული და დაფარულია პანდელოკონის მთიდან (საბერძნეთი) ჩამოტანილი ქათქათა მარმარილოთია დაფარული.

ლოტოსის ტაძარი ითვლება ყველაზე დიდ თანამედროვე შენობად, რომელიც აგებულია ბაჰაიზმის კანონების მიხედვით. საინტერესოა, რომ ბაჰაის თაყვანისცემის სახლში პაპანაქება სიცხეშიც კი გრილა, რაც ბუნებრივი ვენტილაციის სპეციალური სისტემის დამსახურებაა. ლოტოსის ტაძრის კარი ღიაა ყველა კონფესიისა და ეროვნების წარმომადგენელთათვის. იგი აშენდა 1986 წელს ბაჰაისტების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული თანხით. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ნაგებობის აღმართვის იდეა გაცილებით ადრე გაჩნდა. 1921 წელს ინდოელ ერთმორწმუნეთა საზოგადოებამ ბაჰაის რელიგიის საფუძვლის ჩამყრელს, აბდულ-ბახს მიმათა მათთვის ტაძრის დაარსების წინადადებით. სურვილი დაკმაყოფილებულ იქნა, თუმცა მშენებლობისათვის საჭირო თანხის შეგროვებას თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდა. ლოტოსის ტაძრის ფუნდამენტი ჩაესხა ფარიბორზა საჰბას მიერ შემუშავებული ნახაზების მიხედვით. კანადელი არქიტექტორისათვის შთაგონების წყარო გახდა სტრუქტურული ექსპრესიონიზმის სტილში შესრულებული სიდნეის ოპერის თეატრი. დრესდღეობით ბაჰაის მიმდევრებმა მოახერხეს კიდევ შვიდი მსგავსი ტაძრის აგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული.

ლოტოსი ღვთაებრივი ყვავილია, იგი გასხივოსნების, სულიერი სიწმინდისა და სრულყოფილებისადმი სწრაფვის სიმბოლოდ ითვლება. არქიტექტორს, რომელმაც ამ იდეით იხელმძღვანელა, სურდა ეჩვენებინა, რომ ადამიანის სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა სულის ხელახლა დაბადება, შობისა და სიკვდილის გაუთავებელი ციკლი. ბაჰაიზმში ციფრი 9 საკრალური მნიშვნელობის მქონეა, ამიტომ მისი ხილვა შეგვიძლია არა მხოლოდ წმინდა წერილებში, არამედ არქიტექტურაშიც. ბაჰაის თაყვანისცემის სახლის გარე კონტურებს შორის არც ერთი სწორი ხაზი არ მოიძებნება. ისინი რბილად გადაედინება ნახევრად გაშლილი ყვავილის ფურცლების ხვეულებზე, რაც მიუთითებს აზრების თავისუფალ დინებაზე, რომლებიც ისწრაფვიან უმაღლესი ღირებულებებისაკენ. აღსანიშნავია ტაძრის სფერული ფორმაც, რომელიც სანსარის ბორბლის გარშემო სიცოცხლის ბრუნვის სიმბოლოა, რაც გვახსენებს, რომ ამ სამყაროს მხოლოდ გარკვეული გამოცდილების მისაღებად მოვევლინეთ.

ლოტოსის ტაძრის ცხრა კარი ხაზს უსვამს ძირითადი მსოფლიო რელიგიების რაოდენობას და აღმსარებლობის თავისუფლებას. ამასთან, კარებების დარბაზის ცენტრალური ნაწილიდან ცხრა გარე კუთხისაკენ მივყავართ, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს არსებულ სარწმუნოებათა სიმრავლე მხოლოდ და მხოლოდ აშორებს პიროვნების უფლისაკენ მიმავალ პირდაპირ გზას.

როცა ლოტოსის ტაძარს ეწვევით, იქ ვერ აღმოაჩენთ ვერც ძვირფას ხატებს, ვერც მარმარილოს ქანდაკებებს, ვერც საკურთხევლებს, ვერც კედლის მხატვრობას – იქ მხოლოდ უბრალო სკამები დაგხვდებათ. მსგვსი ასკეტიზმი იმითაა განპირობებული, რომ წმინდა წერილის თანახმად, ბაჰაის ტაძრები არ უნდა შეიცავდეს არანაირ დეკორაციას, რომელთაც არ გააჩნია ოდნავი სულიერი ფასეულობაც კი. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს უზარმაზარი ცხრაქიმიანი ბაჰაის ნიშანი, რომელიც სუფთა ოქროსგანაა დამზადებული და განთავსებულია სალოცავის გუმბათის ქვეშ. თუ კარგად დააკვირდებით, თვალს მოკრავთ არაბულ ენაზე შესრულებულ წარწერას – “უფალი ყველაფერზე მაღლა დგას”.

სანსად-ბხავანი

სანსად-ბხავანი წარმოადგენს ინდოეთის პარლამენტის რეზიდენციას. თავდაპირველად მას “პარლამენტის სახლი” ერქვა. იგი დააპროექტეს ბრიტანელმა არქიტექტორებმა – ედვინ ლაჩენსმა და ჰერბერტ ბეიკერმა 1912-1913 წლებში. 1927 წელს მთავრობის სახლის გახსნის ცერემონია ჩაატარა ლორდ ირვინმა, ინდოეთის ვიცე-მეფემ. შენობის ცენტრში არის წრიული ცენტრალური პალატა, მის ირგვლივ კი სამი ნახევარწრიული დარბაზია, რომლებიც განკუთვნილი იყო თავადთა პალატის, სახელმწიფო საბჭოს სხდომებისათვის და ცენტრალური საკანონმდებლო ყრილობისათვის. 2001 წლის 13 დეკემბერს პარალმენტის შენობა ტერორისტთა თავდასხმის ობიექტი გახდა.

ინდოეთის კარიბჭე

ინდოეთის კარიბჭე წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომისა და ინგლის-ავღანეთის შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაღუპული სამხედროებისადმი მიძღვნილ ძეგლს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მონუმენტური კომპლექსის ავტორია ედვინ ლაჩენსი. ბჰარატპურის ქვისგან გამოკვეთილ თაღზე შეძლებთ იმ 90 ათასი პატრიოტის სახელთა ამოკითხვას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსათვის. ყურადღება მიაქციეთ, რომ თაღის გუმბათს ჭურჭლის ფორმა აქვს. ჩანაფიქრის მიხედვით, იქ მარადიული ცეცხლი უნდა ნთებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ეს იდეა ვერ განხორციელდა.

კარიბჭე დგას იმ ადგილას, სადაც ოდესღაც ინდოეთის ერთ-ერთი დიდებული იმპერატორის – გეორგV-ის ქანდაკება მდებარეობდა (ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ძეგლი კორონაციის პარკში გადაიტანეს). 1971 წელს ინდოეთ-პაკისტანის ომის დასრულების შემდეგ, ინდირა განდის მითითებით, მემორიალურ კომპლექსს დაემატა უცნობის ჯარისკაცის საფლავი და გაჩაღდა მარადიული ალი.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის კარიბჭის მშენებლობისას ნიმუშად აღებულ იქნა ტრიუმფალური თაღი, ეს არქიტექტურული ძეგლი განსხვავდება მონუმენტურობით, გაცილებით ნაკლები ოდენობის დეტალით, პომპეზურობის არარსებობით, რაც მას ორიგინალურობას სძენს.

ინდოეთის კარიბჭეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში: ინდოელები ძეგლთან აწყობენ გვირგვინებს მიცვალებულთა მოსაგონებლად, ყოველი წლის 26 იანვარს, რესპუბლიკის დღეს, ტარდება საზეიმო და ფერადი აღლუმი. 2011 წლიდან მოყოლებული კი მეზობლად მდებარე პარკში ეწყობა საჰაერო გველების ფესტივალი, სადაც ათასობით ადამიანი იყრის ხოლმე თავს.

აქშარდხამი

აქშარდხამი ყველაზე დიდი ინდუისტური ტაძარია, რომლის მშენებლობას ხუთი წელი და ნახევარი მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდა. ის აოცებს მნახველებს თავისი სილამაზითა და დიდებულებით, ასევე უსაფრთხოების მკაცრი წესებითაც. კომპლექსის ტერიტორიაზე მოხვედრა შეუძლია ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ. აქშარდხამი ითარგმნება, როგორც “უფლის სავანე”, რომლის გადაადგილება შეუძლებელია”. სატაძრო კომპლექსი მდებარეობს მდინარე იამუნას სანაპიროზე. აქშარდხამის ტერიტორიაზე აღმოაჩენთ სამლოცველო სახლს, თვალწარმტაც ბაღებს, კინოთეატრს, ხელოვნურ არხს, უამრავ კაფეს, სუვენირების მაღაზიებს.

აქშარდხამის ისტორია შეიძლება მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ჩასახულიყო, როცა იოგიჯი მახარაჯუმ, სასულიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, დელიში უნიკალური სალოცავის აღმართვა განიზრახა, რომელიც მიეძღვნებოდა დიდ იოგს და მქადაგებელს – სვამი ნარაიანს. სამწუხაროდ, იოგიჯის ჩანაფიქრის განხორციელება სიცოცხლეში არ დასცალდა, იგი მოულოდნელად დასნეულდა და მალევე აღესრულა, მისი პროექტი კი წლების განმავლობაში თაროზე იმტვერებოდა. 18 წლიანი მოლაპარაკებებისა და ნებაყოფლობით შემოწირულობების წყალობით საჭირო თანხის შეგროვების მერე, როგორც იქნა, 2000 წელს დაიწყო აქშარდხამის მშენებლობა. 5 წელიწადში შედგა სატაძრო კომპლექსის ოფიციალური გახსნა.

სატაძრო კომპლექსი იწყება ათი უზარმაზარი კარიბჭით, რომელთა გავლის შემდეგ მნახველი აღმოჩნდება დიდებულ სალოცავ სახლში, სახელწოდებით – “Akshardham Mandir”. მისი საფუძველი ეყრდნობა 147 სპილოს ფიგურას, ის აგებულია რაჯასტანის უნიკალური ქვიშაქვით, ვარდისფერი გრანიტითა და ქათქათა მარმარილოთი, რომელიც მშვიდობის, სიწმინდისა და უფლის სიყვარულის სიმბოლოა. ამ ტაძრის დათვალიერებისას პირველად თვალში მოგვხდებათ ნაგებობის მთელს პერიმეტრზე განთავსებული დახვეწილი პილასტრები (ოთხკუთხა ვერტიკალური სვეტის სახით გამონაშვერი კედელში). 234-ივე კოლონაზე ხელით გამოჭრილია სცენები ინდური მითოლოგიიდან. სალოცავის სახლის კიდევ ერთ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს აურაცხელი ოდენობის ქანდაკება (20 ათასამდე), რომლებიც აღმართულია უამრავი ინდუისტური ღვთაების (მურტი – კონკრეტული ღვთაების, ქალწულის ან წმინდანის ქანდაკება თუ გამოსახულება. როგორც წესი, ინდუისტები მურტის სალოცავად მიჩნევის ღირსად რთული რიტუალის ჩატარების შემდეგ თვლიან, რომლის დროსაც ღვთაებას თუ წმინდანს იწვევენ მატერიალური ელემენტებისგან შემდგარ ფორმაში ხორცშესხმისათვის და თაყვანისცემის მიღების დასაწყებად) საპატივცემულოდ.

საგულისხმოა, რომ “Akshardham Mandir”-ის მშენებლობისას არ გამოყენებულა ლითონის კარკასი, ცემენტის ხსნარიც მხოლოდ საძირკველშია ჩასხმული. ამ შემთხვევაში სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა, რადგან სატაძრო კომპლექსი მდინარის სანაპიროზე დგას.

“Akshardham Mandir” შეგვიძლია დავყოთ სამ მანდაპამად (თემატური სივრცე), რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს ლაბირინთების ჯაჭვი. პირველი მათგანი წარმოადგენს თანამედროვე კინოდარბაზს უზარმაზარი მულტიმედიური ეკრანით, რომლითაც ეწყობა უდიდესი მოძღვრის, ნარაიანის ცხოვრებაზე გადაღებული 40-წუთიანი ფილმის ჩვენება. ღირებულებების დარბაზად წოდებული მეორე მანდაპამი ინდოელი ხალხის ისტორიაში ჩაძირვის საშუალებას მოგცემთ. იქ ყოველ კუთხეში შეძლებთ იხილოთ “ცოცხალი ინსტალაციები”, რომელთა მთავარი მოქმედი პირები რეალისტური რობოტები-მანეკენები არიან. მანდირის მესამე დარბაზში მანხველებს დახვდება ხელოვნური მდინარე, რომელზეც ნავით გასეირნებები ეწყობა ხოლმე.

ტაძრის შესასვლელი კარები შეკაზმულია შრი ვიშნუს მოჩუქურთმებული ინკარნაციებით, კედლები მორთულია უძველესი ლეგენდების, ინდუისტური ღვთაებების ილუსტრაციებით, თეთრი მარმარილოთი გამოყვანილი კედლები ინკრუსტირებულია ოქროთი და ბუნებრივი ქვებით. დარბაზების თაღოვან ჭერებს იჭერს მრავალრიცხოვანი კოლონები, რომლებიც გაპრიალებული იატაკის სარკისებურ ზედაპირზე ირეკლება. მანდირის ცენტრალური გუმბათის ქვეშ ადგილი უკავია სვამი ნარაიანის 3-მეტრიან ქანდაკებას, რომელიც გარშემორტყმულია მისი მოწაფეების პატარა ქანდაკებებით.

შებინდებისას აქშარდხამის ტერიტორიაზე ეწყობა წყლის შოუ – სახაჯ ანანდი, რომელიც ტარდება ღია ცის ქვეშ. ამ სანახაობის მთავარ მონაწილეებად გვევლინება ლოტოსის ფორმის მქონე მუსიკალური შადრევნები, რომლებიც განთავსებულია უზარმაზარი ქვის ამფორაში.

 

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register