logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

მალტის ღირსშესანიშნაობები

14 Jun

მალტის ღირსშესანიშნაობები

მალტა გასაოცრად ლამაზი არქიპელაგია, ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი. მის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე დიდი კუნძულებია: მალტა, გოზო და კამინო. ამ ადგილს სახელი ფინიკიელებმა შეარქვეს, მათ ენაზე “მალტა” “თავშესაფრს” ნიშნავდა. ანტიკური დროიდან მოყოლებული კუნძულს ეკავა სტრატეგიული მდებარეობა ევროპას, აზიასა და აფრიკის კონტინენტებს შორის. მალტას განსხვავებულ პერიოდებში მართავდნენ რომაელები, ბერძნები, არაბები, ნორმანები. თითოეულმა ცივილიზაციამ თავისი კვალი დაატყო კუნძულის კულტურას. მე-16 საუკუნეში დაარსდა მალტის ორდენი – უმაღლესი რელიგიური რაინდული ორგანიზაცია. მე-19 ასწლეულში მალტა ბრიტანეთის კოლონია გახდა. მან დამოუკიდებლობა 1964 წელს მოიპოვა.

ქვეყნის დედაქალია ვალეტა, რომელიც დააფუძნეს მალტელმა რაინდებმა 1566 წელს სულეიმან I კანუნის ჯარებისგან თავდაცვის მიზნით. ვალეტა წარმოადგენს ღია ცის ქვეშ განთავსებულ მუზეუმს, რომელიც ერთიანი ობიექტის სახით შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

უნდა აღინიშნოს, რომ მალტა კინემატოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. აქ გადაიღეს ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა: “გლადიატორი”, “ტროა”, “გრაფ მონტე კრისტო”, “და ვინჩის კოდი”, “იულიუს კეისარი” და სხვები.

ტრიტონის შადრევანი წარმოადგენს მალტის ერთ-ერთი სიმბოლოს, ის მდებარეობს ვალეტის პერიფერიაზე, ქალაქ ფლორიანას საზღვართან ახლოს. ეს არქიტექტურული ძეგლი 1950-იან წლებში დააპროექტეს და აღმართეს სკულპტორმა შევალიე აპაპმა და დიზაინერმა ვიქტორ ანასტასიმ. შადრევანი შედგება მითოლოგიური ტრიტონების სამი ბრინჯაოს ფიგურისგან, რომელთაც ხელში დიდი ფიალა უჭირავთ.

მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრალურ ჭიშკარს გაივლით, აღმოჩნდებით ვალეტის მთავარ საფეხმავლო ქუჩაზე – “Republic Street”. იქვე შეინიშნება დიდი საოპერო თეატრის ნანგრევები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაარღვიეს. ის გადააკეთეს საკონცერტო დარბაზად, სადაც ღია ცის ქვეშ სრულდება სამუსიკო ნაწარმოებები. რესპუბლიკის ქუჩაზე სეირნობისას შეხვდებით აგრეთვე წმინდა იოანეს ტაძარს.

ეს საყდარი ააგო ჰოსპიტალიერთა ორდენის მაგისტრმა ჟან ლა კასიერმა მე-16 საუკუნეში. ეკლესიაში ინახება კარავაჯოს ტილო – “იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა”. ეს ნახატი ავტორის ერთ-ერთი შედევრი და მისი ერთადერთი ხელმოწერილი ნამუშევარია.

რესპუბლიკის ქუჩა უერთდება წმინდა გიორგის მოედანს, რომელიც განლაგებულია პრეზიდენტის სასახის წინ. 2015 წლამდე იქ საპარლამენტო სხდომებიც იმართებოდა.

ვალეტაში მდებარეობს ასევე კასა როსა პიკოლას სასახლეც, რომელშიც დღემდე ცხოვრობს ერთ-ერთი ადგილობრივი არისტოკრატული ოჯახი.

ბარაკას ზედა და ქვედა ბაღები არის ნამდვილი ოაზისი ვალეტის ქვის ჯუნგლებში, საიდანაც იშლება ხედი დიდ ნავსადგურსა და პორტზე. შორიახლოს მდებარეობს სამხედრო ისტორიის მუზეუმი, სახელწოდებით – “The Lascaris War Rooms”. ესაა გვირაბებისა და კამერების მიწისქვეშა კომპლექსი, რომელიც დაარსა სახელგანთქმულმა მაგისტრმა ჯოვანი პაოლო ლასკარისმა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა ეს ბუნკერი სამხედრო შტაბად გადააკეთეს. ცენტრალური ოთახის კედელზე ჰკიდია სიცილიის დიდი რუკა, რადგან თავის დროზე მოკავშირეები კუნძულზე შეჭრას აპირებდნენ (სამხედრო ოპარაცია – “ჰასკი”). მოგვიანებით ლასკარისას თავშესაფარი ეკუთვნოდა ჯერ სამეფო ფლოტის ხელმძღვანელობას, მოგვიანებით კი – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას.

ვალეტაში მდებარეობს მე-14 საუკუნეში აღმართული ფორტი, რომელსაც წმინდა მოწამე ელმას სახელი ეწოდა. 1565 წელს, როცა ოსმანთა იმპერიას მალტა ალყაში ჰყავდა მოქცეული, ციხე-სიმაგრე თურქებმა აიღეს, თუმცა მოგვიანებით ჰოსპიტალიერთა დაუშურებელი ძალისხმევის წყალობით მტერმა ფორტი დათმო. ამჟამად იქ განთავსებულია მალტის ეროვნული სამხედრო მუზეუმი.

მალტის ერთ-ერთ სიმბოლოდაა ქცეული კარმელიტების ტაძარი, რომლის მშენებლობასაც საფუძველი ჩაეყარა მე-16 საუკუნის ბოლოს ცნობილი მალტელი არქიტექტორის ჯიროლამო კასაროს მიერ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაგებობა დაბომბვების შედეგად ძლიერ დაზიანდა, რის გამოც მას 1958-78 წლებში კაპიტალური რესტავრაცია ჩაუტარდა. ეკლესიის ერთ-ერთ ნიშაში დგას მარიამ ღვთისმშობლის ქანდაკება. საყდრის ინტერიერს ამშვენებს ჯუპე კალის, მატია პრეტის ნამუშევრები.

ქალაქ მდინაში მდებარეობს წმინდა პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი. ის აღმართულია იმ ადგილას, სადაც, გადმოცემის თანახმად, მალტის პირველი ეპისკოპოსი პუბლიუსი შეხვდა პავლე წინასწარმეტყველს, რომელიც კუნძულზე გადმოვიდა თავისი ხომალდის ნგრევის შემდეგ. ეს ეკლესია არქიტექტორმა ლორენცო გაფამ ააგო 1693 წლის მიწისძვრის შედეგად განადგურებული ნორმანული საყდრის ადგილას. სამლოცველოში შემოინახა რამდენიმე ღირსსაცნობი ხელოვნების ნიმუში: მატია პრეტის ტილო “პავლეს მოქცევა”, მე-15 საუკუნის ტოსკანური ფერწერული ნიმუში მადონასა და ჩვილის გამოსახულებით, აგრეთვე პავლე წინასწარმეტყველის გემის ნგრევის აღმბეჭდავი ფრესკები. ტაძარში ასევე ინახება ალბრეხტ დიურერის რამდენიმე გრავიურა.

ქალაქ ვალეტის ცენტრში, გროსმაისტერის სასახლისა და დამასკოელი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სიახლოვეს, მე-20 საუკუნით დათარიღებული რესტავრირებული სასახლის შენობაში მდებარეობს მალტის საფოსტო მუზეუმი. საგულისხმოა, რომ პირველ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ემვინ კრემონას,  გამოჩენილი მალტელი საფოსტო მარკების დიზაინერის ნამუშევრები.

მალტის კიდევ ერთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს სანტ-ანჯელოს პორტი. ისტორიკოსთა ვარაუდით, ის რომის იმპერიის პერიოდში ააგეს. მე-14 საუკუნეში ნაგებობას მიენიჭა “ზღვის ციხის” სახელი. მე-16 ასწლეულის დასაწყისში ის დიდებული მაგისტრის რეზიდენციად იქცა, ბრიტანელთა მმართველობის ხანაში ფორტი მნიშვნელოვანი თავდაცვითი ობიექტი გახდა, მას “ქვის ფრეგატს” ეძახდნენ. აღსანიშნავია, რომ ციხე-სიმაგრემ 1940-43 წლებში 69 ავიადარტყმას გაუძლო. 2012 წლიდან მოყოლებული ფორტი დაკეტილია, რადგან ის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომინოს კლდოვანი კუნძული სიდიდით მესამეა მალტის კუნძულებს შორის. ოფიციალური მონაცემებით იქ დაახლოებით 10 ადამიანი ცხოვრობს. კომინოზე მდებარეობს ერთადერთი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო. კუნძულის სახელწოდება მომდინარეობს ყვითელი სანელებლის – კუმინისგან. კომინოს სიახლოვეს აღმოაჩენთ ცისფერ ლაგუნას.

რაც შეეხება გოზოს კუნძულს, მისი მთავარი ქალაქია ვიქტორია (მას ადრე რაბათს ეძახდნენ), იგი გაშენებულია გორაკზე, რომელსაც ციტადელი აგვირგვინებს. ამ ადგილს გამორჩეულობას სძენს ტაშენის კლდეები, წითელი ქვიშის პლაჟი – “Ramla Bay”, ნიმფა კალიფსოს გროტი, ჯგანტიას მეგალითური კომპლექსი (ლეგენდის თანახმად, ის გიგანტებმა ააშენეს), აზურას ფანჯარა, შლენდის ბუხტა. მარსალფორნისკენ (მეთევზეთა დასახლება) მიმავალ გზაზე შეგხვდებათ ბორცვი, რომელზეც აღმართულია ქრისტეს ქანდაკება.

ჯგანტია სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც “გიგანტების კოშკი”, ამ კომპლექსის ტაძრები ნეოლითის ეპოქაში ააგეს. ჯგანტია სტოუნჰენჯსა და ეგვიპტის პირამიდებზე უფროსიც კია. შთამბეჭდავია, რომ მონოლითური კომპლექსი ააშენეს რკინის იარაღის გამოყენების გარეშე. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის ბორბალი ჯერ კიდევ არ იყო გამოგონებული. ჯგანტიას სიახლოვეს, სოფელ შაარაში წააწყდებით ქარის წისქვილს – “Ta’ Kola”-ს, რომელიც 1725 წლით თარიღდება. ამ ნაგებობას სახელი ეწოდა იქ მომუშავე უკანასკნელი მეწისქვილის საპატივცემულოდ. აურა – გოზოს კუნძულის შიდა ზღვაა, რომელიც ხმელთაშუა ზღვას კლდეებში გამავალი ბუნებრივი გვირაბებით უკავშირდება. სოფელ არბისთან ახლოს მდებარეობს ქალწულ მარიამის სახელობის ბაზილიკა – ტა’პინუ. ადრე ამ ადგილას აღმართული იყო მე-16 საუკუნით დათარიღებული კაპელა, რომელიც ეძღვნებოდა ღვთისმშობლის მიძინებას. იქ ინახებოდა ამადეო პარუჯინოს მიერ შესრულებული საკურთხევლის ნახატი.

ერთხელ გლეხქალმა კარმელია გრიმამ სეირნობისას სამლოცველოს ჩაუარა, რა დროსაც ღვთისმობლის ხმა ჩაესმა, რომელიც იქ გაჩერებას და ლოცვას მოუწოდებდა. ეს ამბავი 1883 წლის ივნისში მოხდა. გოზოს მაცხოვრებლები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ მათი წინაპრების მაშინდელმა ერთობლივმა ღვთისათვის ვედრების აღვლენამ მოსახლეობა შავი ჭირის ეპიდემიისგან იხსნა. თანამედროვე ბაზილიკა აღმართა რომის პაპმა პიუს XI-მ 1932 წელს.

 

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register