logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

მსოფლიოს ყველაზე ფერადოვანი ადგილები

29 Nov

მსოფლიოს ყველაზე ფერადოვანი ადგილები

ამაზონის ტროპიკული ტყე გადაჭიმულია სამხრეთ ამერიკის ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ესენია: ბრაზილია, ეკვადორი, ვენესუელა, სურინამი, პერუ, კოლუმბია, ბოლივია, გაიანა და ფრანგული გვიანა. საერთაშორისო შეფასებით, იქ არსებული 390 მილიარდამდე ხე გამოჰყოფს ჟანგბადის მსოფლიო მოცულობის დაახლოებით 20%-ს, რის გამოც ტროპიკულ ტყეს დაერქვა “დედამიწის ფილტვები”.

აშშ-ის რუკაზე ეროვნული პარკი “ოლიმპიკი” განლაგებულია ვაშინგრონის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თანამოსახელე კუნძულზე. 1976 წელს მან მიიღო საერთაშორისო ბიოსფერული ნაკრძალის სტატუსი, მოგვიანებით კი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნა შეყვანილი. მის ცენტრალურ ნაწილში აზიდულია ოლიმპიკის მთები.

ადგილობრივი კლიმატური პირობების ფორმირებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა მთაგრეხილმა, სწორედ ამის გამო განსხვავდება ამინდი პარკის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნაკრძალი არსებობდა იზოლაციაში, რამაც ხელი შეუწყო უჩვეულო ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბებას. ოლიმპიკის პარკში შეხვდებით ალპურ მდელოს, პირველქმნილ ტყეეებს, გამჭვირვალე წყალსატევებს, 60-ზე მეტ მყინვარს.

ვიეტნამის ჩრდილოეთის მთიან ნაწილში განთავსებულია თვალწარმტაცი ქალაქი, დასახლებული მთის ტომებით და გარემოცული ბრინჯის მობიბინე ველებით. საუბარია ქალაქ მუ კან ჩაიზე. თებერლიდან აპრილის ჩათვლით ფერდობები საოცრად ბრწყინავს, რადგან წყლით გაჯერებული ბრინჯის ველები ქმნის სარკისებურ ეფექტს, ვიდრე მაისში შეიღებება თვალისმომჭრელ ზურმუხტისფრად. მთელს იენბაის პროვინციაში, მუ კან ჩაის ჩათვლით, ქალები იცვამენ იმავე ტრადიციულ სამოსებს, რომელთაც ატარებდნენ საუკუნეების განმავლობაში.

ფარერის კუნძულები მდებარეობს ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, შოტლანდიასა და ისლანდიას შორის. პოლიტიკურად ის დანიას ეკუთვნის, თუმცა აქვს ავტონომიური ტერიტორიული წარმონაქმნის სტატუსი. 18 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი ფლობს უნიკალურ კულტურას და ტრადიციებს. ფარერები მდიდარი ისტორიის მქონე ხალხია. მათმა წინაპრებმა, სკანდინავიელმა ვიკინგებმა, კუნძულებზე პირველი დასახლება დააფუძნეს მე-8 საუკუნეში. ფარერების ერთ-ერთი საკვანძო მახასიათებელია ბუნებასთან მათი მჭიდრო კავშირი. ისინი საუბრობენ ერთ-ერთ უძველეს სკანდინავიურ ენაზე. ტრადიციული ფარერული სამზარეულო გვთავაზობს უნიკალურ კერძებს, რომელთაც საფუძვლად უდევთ ზღვის პროდუქტები და მეცხვარეობა. არქიპელაგის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია კუნძული სტრეიმოი.

აღსანიშნავია, რომ ვიკინგებს აქ ჩამოჰყავდათ ქალები შეტლანდისა და ორკნეის კუნძულებიდან. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ფარერებს აქვთ შოტლანდიურ/ირლანდიური წარმოშობა. მე-14 საუკუნეში არქიპელაგი დანიის ნაწილი გახდა, რომლის კულტურამაც საგრძნობი კვალი დაატყო ადგილორივ არქიტექტურას, რელიგიას და განათლებას.

ფარერულ მუსიკას აქვს უნიკალური იდენტობა. ის ხშირად დაკავშირებულია ზღვასთან, თევზჭერასა და ბუნებასთან. ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებად ითვლება ფიდლი, გიტარა და აკორდეონი. ადგილობრივი ლიტერატურა ხასიათდება ხანგრძლივი ისტორიით, დაწყებული შუასაკუნოვანი საგებითა და ლეგენდებით.  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფარერელი მწერალია უილიამ ჰეინსენი, რომლის ნაწარმოებები აღწერს კუნძულელთა ცხოვრებას და ადათებს.

“ოულავსიოკა” – ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ეძღვნება წმინდა ოლაფს, კუნძულთა მფარველს. “იოლებოკაფლოდი” არის ჩვეულება, რომელიც ცნობილია “საშობაო წიგნების ნაკადის” სახით. დეკემბრის თვეში ფარერები ერთმანეთს ჩუქნიან წიგნებს. “კარლამესას” დღესასწაულზე მამაკაცები იცვამენ ცხვრის ტყავისგან დამზადებულ სამოსებს და ნიღბებს, ისინი დადიან სოფლებში, მღერიან და ბავშვებს ურიგებენ ტკბილეულს. ზამთრის განმავლობაში ფარერები ატარებენ პროცესიებს ჩირაღდნებით ბოროტი სულების განსადევნად.

განსაზღვრული ერებისათვის ბამბუკი მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომელიც განსაკუთრებული თვისებებითაა დაჯილდოებული. მაგალითად, ინდოელთათვის ეს მცენარე მეგობრობისა და მიჯაჭვულობის სიმბოლოა, ჩინელთათვის – ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის გამომხატველია, იაპონელებს კი სწამთ, რომ ბამბუკი მათ იცავს უწმინდური ძალებისა და ბოროტი სულებისგან.

საგანოს ბამბუკის ტყე – არასიამას საპარკო კომპლექსის მცირე ნაწილი და, იმავდროულად, გასაოცარი ადგილიცაა, სადაც ათასობით ტურისტი ჩადის ბუნების განუმეორებელი ხმების მოსასმენად. ტყის ქორო ბადებს სიმშვიდის განცდას და ადამიანს გარესამყაროსთან ერთობის შეგრძნებას უჩენს. ხსენებული პარკი მე-14 ასწლეულში დაარსა პოეტმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ – მუსო სოსეკიმ.

ჰალონგის ბუხტი განლაგებულია სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტონკინის ყურეში. უმჯობესია, რომ იქ დეკემბრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში ჩახვიდეთ, როცა მშრალი და თბილი ამინდია. ამბობენ, რომ “ჰალონგი” ითარგმნება, როგორც “ადგილი, სადაც დრაკონი ზღვაში ჩაეშვა”. შესაძლოა, მსგავსი განამრტება განპირობებული იყოს იმით, რომ წყლიდან ამოჩრილი დოლომიტისა და კირქვის ქვები ჰგავს უძველესი ხვლიკის გიგანტური კისრის მალებს.

პუერტო-რიკო უდავოდ ზღაპრული ქვეყანაა, რომლის დედაქალაქია სან-ხუანი. ის ძევს თანამოსახელე კუნძულზე და წარმოადგენს კარიბის ზღვის გამორჩეულ ბუნებრივ ჰავანს. ქალაქი დაარსდა 1521 წელს გადმოსახლებულთა მიერ. მისი ისტორიული ნაწილია ვიეხო-სან-ხუანი, რომელსაც ატლანტიკის წყლებზე აქვს გასასვლელი. ძველი ქალაქის თითქმის ყველა ნაგებობას გამოარჩევს თავისებურებები, რომლებიც იპყრობს ყურადღებას. ვიეხო-სან-ხუანის ტერიტორიაზე მდებარეობს ფუერტე-სან-ფელიპე-დელ-მოროს ფორტი და ფუერტე-სან-კრისტობალის სიმაგრე, რომელიც ქალაქს იცავდა ჰოლანდიელთა და ბრიტანელთა თარეშებისგან.

მალდივები – ტროპიკული სამოთხეა, სადაც პლაჟის სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. აქ ცის სილაჟვარდე ირეკლება ინდოეთის ოკეანის კრისტალურად სუფთა წყლებში. ჩანს, რომ ეს იდილიური კუთხე შექმნილია ცხოვრების სიამეებით ტკბობისათვის.

მეზობელი ინდოეთისა და შრი-ლანკისგან განსხვავებით, მალდივების ისტორია ნაკლებადაა შესწავლილი. თუკი კვლევებს დავეყრდნობით, კუნძულებზე ცივილიზაცია 3000 წელზე მეტია, რაც არსებობს. ეს თეორია 1980-იან წლებში დაადასტურა ნორვეგმა არქეოლოგმა და მწერალმა ტურ ხეიერდალმა. ადუსა და ხუვადუს ატოლებზე (მარჯნის კუნძული, რომელსაც აქვს წრიული მოყვანილობა.) გათხრების ჩატარების შემდეგ მან გამოარკვია, რომ აღნიშნულ მიწებზე ერთ დროს არიული ტომები სახლობდნენ. მაღალი და ცისფერთვალება თეთრკანიანები რედინებად იწოდებოდნენ და მზეს ეთაყვანებოდნენ.

ნაპოვნი კერამიკის ფრაგმენტები იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ რედინები ცხოვრობდნენ კუნძულებზე ჯერ კიდევ ძვ.წ. 2000 წელს. მალდივთა უძველესი აბორიგენების წოდება ეკუთვნის გირავარუს თემს. ჩვ.წ.-მდე 500 წელს არქიპელაგზე დაიწყო დასახლების მეორე ტალღა. იქ დამკვიდრდნენ შრი-ლანკიდან გამოსულები, რომლებმაც გაავრცელეს ბუდიზმი.

მე-16 საუკუნემდე მალდივების მოსახლეობა უპირატესად შედგებოდა ინდიელების, მალაიელებისა და სინგალელებისაგან, თუმცა 1507 წელს არქიპელაგმა მიიზიდა პორტუგალიელთა ყურადღება. მათ მოჰყვნენ ფრანგები, ჰოლანდიელები და ბრიტანელები, რომლებმაც რიგრიგობით დაამყარეს თავისი პროტექტორატი.

მე-12 ასწლეულის ჩათვლით მალდიველები აღიარებდნენ ბუდიზმს, მაგრამ 1153 წელს ფეხი დადგა არაბმა ვაჭარმა აბუ ალ-ბაკარატი, რომელიმაც ადგილობრივი ხელმწიფე დაარწმუნა ისლამის მიღებაში. თქმულების თანახმად, კუნძულელები ყოველთვიურად სწირავდნენ ჯინ რანამარის უბიწო ქალიშვილს. სასტიკ რიტუალს ბოლო მოუღო აბუ ალ-ბაქარმა. იქიდან მოყოლებული მალდივებზე დაიწყო ისლამისა და სულთანატების ეპოქა.

მე-19 საუკუნის ბოლოს, ინდოეთის მხრიდან ექსპანსიის შიშით, მალდიველებმა ბრიტანელებთან დადეს შეთანხმება. დოკუმენტის მიხედვით, ინგლისელები მტრის შემოჭრის შემთხვევაში ქვეყანას სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფდნენ, თუმცა, ამასთან, მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდნენ. 1965 წელს მალდივებმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

მალდივებზე არსებული უძველესი მეჩეთი ააგეს მარჯნის ქვისგან 1658 წელს. აღნიშნული სალოცავი დედაქალაქის სავიზიტო ბარათია. მეჩეთის სიახლოვეს ამართულია მინარეთი. ასევე ყურადღებას იქცევს ეგრეთ წოდებულია “სულთნების სასაფლაო”. მე-17 ასწლეულით დათარიღებული ძველი საფლავის ქვების ქვეშ დამარხულნი არიან მალდიველი დიდგვაროვნები. იქვეა სულთან იბრაგიმ ისკანდარის აკლდამაც, რომლის ბრძანებით ააგეს ხსენებული მეჩეთი.

მულიაგეს სასახლე წარმოადგენს კოლონიალურ სტილში შესრულებულ ცისფერი-თეთრი შეფერილობის მქონე ნაგებობას, რომელიც სულთან შამსუდინ მესამის ვაჟის დაკვეთით აღმართეს. რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ სასახლე პრეზიდენტის რეზიდენციად დარჩა.

მულიაგეს სასახლის ნაწილია მედუზიარაი – მოგზაურ აბუ-ალ-ბარაკატას საფლავი. გადმოცემის მიხედვით, სწორედ მან მოიტანა კუნძულებზე მაჰმადიანობა 1153 წელს.

ქალაქ მალეში ისლამური ცენტრი გაიხსნა 1984 წელს. მის ტერიტორიაზე ცენტრალური ადგილი უჭირავს “პარასკევის მეჩეთს”. ძნელია, რომ სალოცავის ოქროს გუმბათი ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს. თეთრი მარმარილოსგან ნაგები მუსლიმთა სამლოცველო სახლი ერთდროულად 5 ათასამდე ადამიანს იტევს.

მალდივების ეროვნულ მუზეუმში წარმოდგენილია ლაქირებული ნაკეთობები, ნაციონალური სამოსები, სამკაულები, ყოფითი საგნები, ადგილობრივი ნავების (“დონი”) მაკეტები და ძველთაძველი დოლები (“ბოდი-ბერუ”), მარჯნის სკულპტურები და სხვა არქეოლოგიური მონაპოვრები. მუზეუმის დოვლათის ნაწილია ბუდის თავის ქანდაკებები და ზღვის ცხოველების ჩონჩხების კოლექციები.

სკოშას ზღვას არ გააჩნია სანაპირო ზოლი (ზოლების ადგილი უჭირავს კუნძულოვან რკალებს). ის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ზღვაა. აღნიშნულ აკვატორიაში არცთუ იშვიათია მიწისძვრები, რადგან წყალსატევი განლაგებულია დედამიწის სეისმურად აქტიურ ზონაში. სკოტიას თავზე ხშირად ხდება აგრიგვლები, რომლებიც რეგულარული შტორმების ძირითადი მიზეზია. სკოშას ზღვა მდებარეობს ცეცხლოვან მიწას, სამხრეთ გეორგიას, სამხრეთ სანდვიჩის კუნძულს, სამხრეთ ორკნეის და ანტარქტიდის ნახევარკუნძულებს შორის.

“ცისფერი ქალაქის” სახელით ცნობილი შავენი მდებარეობს ერ-რიფის ხეობაში, მაროკოს ჩრდილოეთ ნაწილში. სახლები, კედლები, კარებები, ფანჯრები, შადრევნები და ქუჩებიც კი ცისფრადაა შეღებილი. 1471 წელს დაარსებული შავენი საუკუნეების განმავლობაში განიხილებოდა ხელშეუხებელ და წმინდა ადგილად, სადაც არ დაიშვებიან უცხოელები.

1471 წელს ემირი ალი ბენ მუსა ბენ რაშიდ ელ-ალამი ანდალუსიიდან ჩავიდა შავენში და იქ მეჩეთის აშენების განკარგულება გასცა. ქალაქის აყვავება დაიწყო მე-15 ასწლეულის ბოლოდან, როცა იქაურობას თავი შეაფარეს ესპანეთიდან ინკვიზიციას გამოქცეულმა ებრაელებმა. მათ დანერგეს სახლების ღია ცისფრად შეღებვის ჩვეულება. შავენის მაცხოვრებლებს სწამდათ, რომ ეს ფერი ქალაქს მეტად აახლოვებდა ღმერთთან. ლეგენდის მიხედვით, ასწლეულების განმავლობაში ერთადერთი ევროპელი, რომელიც ეწვია იდუმალებით მოცულ შავენს, იყო ფრანგი მოგზაური და მქადაგებელი შარლ ეჟენ დე ფუკო. მან თავი რაბინად გაასაღა და ამ გზით შეაღწია ქალაქში.

მრავალთათვის იაპონია – ერთობ საინტერესო კულტურის მქონე ქვეყანაა, სადაც ხმაურიანი ქალაქებსა და ახალ ტექნოლოგიებთან შეხამებულია ძველთაძველი ადათები და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. ხიტაჩის ეროვნული პარკი განთავსებულია წყნარი ოკეანის სანაპიროზე. ის ღირსსაცნობია იმით, რომ იქ მცენარეები ყოველ სეზონზე განსხვავებულ შეფერილობას ღებულობენ. სახელწოდება ხიტაჩი იაპონურიდან თარგმანში ნიშნავს “განთიადს”. თავდაპირველად აღნიშნულ ადგილას განთავსებული იყო ამერიკული სამხედრო ბაზა.

ხიტაჩის პარკი იღვიძებს მარტში, ამ დროს იფურჩქნება მილიონობით ნარცისი. აპრილში ყვავილობაში შედიან ტიტები და პარკი ცისარტყელის ფერებში იღებება. მაისში იქაურობას მოცისფრო-მოლურჯო ხალიჩად აქცევენ ნემოფილები. ამ პერიოდში პარკში ტარდება ფესტივალი, სახელწოდებით “ნემოფილების ჰარმონია”.

იმამის მეჩეთი – ისლამური არქიტექტურის ნიშნადი შედევრი და ირანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ნაგებობაა. სალოცავის მშენებლობა დაიწყო 1611 წელს შაჰ აბას პირველის, უდიდესი სეფეიდი ხელისუფალის, მმართველობისას.

ისფაჰანით ოდითგანვე აღტაცებულნი იყვნენ აზიელი და ევროპელი ვაჭრები, მას განუცვიფრებია იტალიელი მოგზაური მარკო პოლოც კი, რომელსაც ცხოვრებაში მსოფლიოს იმდენი საოცრება ენახა, რომ მისი გაოცება ძნელად წარმოსადგენია. მე-11 საუკუნეში ისფაჰანი გახდა დედაქალაქი სელჯუკთა იმპერიისა, რომელიც გადაჭიმული იყო ბოსფორის სრუტიდან ინდოეთისა და ჩინეთის საზღვრებამდე. 1387 წელს ქალაქი დაიპყრო ტამერლანმა (თემურლენგი) და “საყოველთაო ჟლეტის” შემდეგ თავის მეომრებს 70 ათასი თავის ქალისგან ბორცვის აღმართვა უბრძანა.

მალევე ისფაჰანი (“მსოფლიოს ნახევარი”) , ფრინველ ფენიქსის მსგავსად, აღორძინდა ფერფლისგან და დაიწყო განვითარება. მისთვის ოქრო ხანა დადგა მე-16 ასწლეულში, როცა შაჰ აბას პირველმა ის ირანის დედაქალაქად აქცია. ისფაჰანი ხელოსნობის ძველთაძველი ცენტრია, სადაც ხელით ქსოვენ სპარსულ ხალიჩებს.

ისფაჰანის გულია იმამის მოედანი. მას მეორენაირად ეძახიან “ნახშ-ე-ჯახანს”, რაც ნიშნავს “მსოფლიოს სახეს”. იგი სიდიდით მეორე მოედანია მსოფლიოში პეკინის ტიანანმენის შემდეგ.

იმამის მოედანზე აღმოჩენის შემდეგ მოგზაური თითქოს გადადის “ათას ერთი ღამის” სამყაროში. ღირსშესანიშნაობას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება დიდი ბაზრობა, დასავლეთიდან – ალი-გაპუს სასახლე, აღმოსავლეთიდან შეიჰ ლიუტფალას მეჩეთი, სამხრეთიდან კი – იმამის მეჩეთი.

1979 წლის რევოლუციის შემდეგ შახის მეჩეთის სახელით ცნობილ სალოცავს ეწოდა იმამ ხომეინის, ირანის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, სახელი.

იოჰანესბურგი მჭიდროდ დასახლებული ახალგაზრდა პოლისია. ის ძვირფასი მეტალებითა და ალმასებით ვაჭრობის უმსხვილესი ცენტრია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქის სახელი უკავშირდება მის დამაარსებელს, გერმანელ კომისარსა და გეოლოგს, იოჰანეს რისიკას. მეცნიერი იქ ჩავიდა ოქროს საბადოს აღმოჩენის შემდეგ. ქალაქი წარმოიშვა მე-19 საუკუნის ბოლოს, ოქროს ციებ-ცხელების შედეგად, რომელიც მთლიანად მოიცვა გაუტენგის რეგიონი.

აღსანიშნავია, რომ იოჰანესბურგის განვითარება შეზღუდული იყო რასობრივი დაყოფითა და სეგრეგაციით, რაც დამახასიათელი იყო სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოსათვის აპარტეიდის პერიოდში. რასები იყო მკაცრად გამიჯნული, არაევროპელებს ეკრძალებოდათ ქალაქის ცენტრში ცხოვრება, ისინი სახლობდნენ ცალკეულ რაიონებში – “თაუნშიპებში”. აპარტეიდის გაუქმების შემდეგ იოჰანესბურგი გახდა თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მრავალწლიანი ბრძოლის სიმბოლო.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია იოჰანესბურგში მდებარე კრიუგერის პარკი. უზარმაზარ ნაკრძალს უჭირავს 19 ათასი კვ. კმ. 1902 წელს მისი დაარსების საფუძველი გახდა ევროპელების მიერ ცხოველების მასობრივი ხოცვა, რაც დაკავშირებული იყო ოქროს ციებ-ცხელებასთან.

იოჰანესბურგის მახლობლად მდებარეობს აღკვეთილი, სახელად “ლომთა პარკი”. იქ ყოფნისას შეგიძლიათ მანქანით გაისეირნოთ საძოვრების გასწვრივ, სადაც ბალახობენ ველური აფრიკული ფაუნის წარმომადგენლები. ლომების გარდა იქ იხილავთ ანტილოპებს, ზებრებსა და ჟირაფებს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესი მთათა ჯაჭვი ატარებს დრაკენსბერგის (დრაკონის მთები) სახელს. ტურისტებს შორის ის დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამის მიზეზი კი იქაური თვალწარმტაცი მღვიმეები, სადაც აღმოჩენილია კლდის მხატვრობა. ნახატების ავტორები არიან ბუშმენები – ერთ-ერთი აფრიკული ტომის წარმომადგენლები.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგანმანათლებლო ცენტრია ცნობილი პრეტორიის უნივერსიტეტი. იოჰანესბურგის სიახლოვეს აღმოჩენთ ლესედის გასაოცარ ეთნოგრაფიულ კომპლექსს. ესაა სოფელი, სადაც აღდგენილია ადგილობრივი ტომების თვითმყოფი კულტურა. როცა იქ მოხვდებით, შეძლებთა გაიგოთ, როგორ ცხოვრებას ეწევა ისეთი ტომები, როგორებიცაა ზულუ, კოსა, სოტო, პედი და ნდბელე. აბორიგენთა როლებს ასრულებენ პროფესიონალი მსახიობები.

დედამიწაზე არსებობს მრავალი ეგრეთ წოდებული “ცისფერი ხვრელი” (“Blue Holes”), ესენია ზღვებსა თუ ოკეანეებში არსებული ღრმა ბუნებრივი ჭაბურღილები, რომელთაც აქვთ ერთმანეთთან დაკავშირებული წყალქვეშა მღვიმეების სისტემა. ცისფერი ხვრელები მიმოფანტულია დედამიწის მთელს მსოფლიო ოკეანეში. ისინი გვხვდება ეგვიპტეში, მალტაზე, ბელიზში, ბაჰამის კუნძულებზე.

დიდი ცისფერი ხვრელი წარმოადგენს კარსტულ ძაბრს, რომელიც განთავსებულია ბელიზის ბარიერული რიფის შემადგენლობაში შემავალი ატოლის – ლაითჰაუსის რიფის ცენტრში. მისი დიამეტრი აღწევს 300 მეტრამდე, ხოლო სიღრმე 124 მეტრს უტოლდება.

მოცემული გეოლოგიური წარმონაქმნი თავდაპირველად წარმოადგენდა გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ფორმირებული კირქვის გამოქვაბულთა სისტემას. დიდი ცისფერი ხვრელი სამყაროს ნამდვილი შედევრია. ესაა უმსხვილესი ოკეანის ღრმული. მილიონობით წლის განმავლობაში მასში თანდათანობით ყალიბდებოდა სტალაქტიდები და სტალაგმიტები.

ცისფერი ხვრელი ცნობილი გახდა ფრანგი მკვლევრის – ჟან-ივუ კუსტოს წყალობით. 1972 წელს საკუთარი ხომალდიდან (“კალიფსო”) მან გაზომა ღრმული სიღმე და დაადასტურა მისი წარმოქმნის თეორია.

ხუსკარი – ესაა სიმწვანეში ჩაფლულია პატარა დაბა, სადაც დგას ცისფერი სახლები და ეკლესიები. იქ შეხვდებით გნომებსაც. ამ მომცრო დასახლების სახელია – სმურფილანდია. ეს როდია ზღაპარი თუ მეტაფორა, ეს გახლავთ რეალობა, რომელიც გამეფდა ერთ-ერთ ესპანურ სოფელში ოთხი წლის წინ და დღემდე ახარებს თვალს.

ადრე ეს ანდალუზიური დასახლება ცნობილი იყო იმით, რომ მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ფილიპე მეხუთის ბრძანებით აქ გახსნეს პირველი ესპანური თუნუქის ნაკეთობათა ფაბრიკა. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში სიმძიმეების გადასატანად ხსენებულ სოფელში იყენებდნენ ეგზოტიკურ აქლემებს, რომლებიც ვირებთან თუ ჯორებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ უსწორმასწორო ლანდშაფტს.

21-ე საუკუნეში კინოკომპანია “Sony Pictures”-მა თვალი დაადგა ხუსკარს და 2011 წელს აქაურობა შეარჩია თავისი სრულმეტრაჟიანი მულტფილმის (“სმურფები”) პრეზენტაციის ადგილად.

პროვანსი – ისტორიული რეგიონია სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, რომელიც მოიცავს ბუშ-დიუ-რონის, ვოკლიუზის, ზემო პროვანსის ალპებისა და ვარის დეპარტამენტებს. ამ თვალწარმტაც და უაღრესად საინტერესო მხარეს საფრანგეთის სხვა მსხვილი ტერიტორიული ერთეულებისგან გამოარჩევს თავისი ტრადიციები, გასტრონომია და ენაც კი. პროვანსი – ლავანდის მდელოების, ყვითელი მსეზუმზირების, ძველთაძველი სოფლების, რომაული ქანდაკებების, უგემრიელესი ღვინის და განუმეორებელი სამზარეულოს გაერთიანებაა. აქაურობა გაჯერებულია კაშკაშა ფერებით და თავისებური ცხოვრებისეული რიტმით, რომელსაც ადგილობრივები ეძეხიან “Art De Vivre”-ს (“ცხოვრების ხელოვნება”). აქ ხალხი არსად ჩქარობს, ისინი მშვიდ, დუნე და გამოზომილ ცხოვრებას ეწევიან.

პროვანსს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალპები, დასავლეთიდან – მდინარე რონა, სამხრეთიდან კი – ხმელთაშუა ზღვა. ეს რეგიონი ხასიათდება დიდი გეოგრაფიული მრავალფეროვნებით. აქ ყოფნისას შეგიძლიათ ეწვიოთ რონას დაჭაობებულ ხეობას, კამარგის ნაკრძალს, ალპების თვალწარმტაც მთისწინეთს და ხმელთაშუაზღვისპირა სანაპიროს. პროვანსში ზაფხული მწველია, ზამთარი თბილი და მზიანი, თუმცა წელიწადის აღნიშნულ დროს აქ მძვინვარებს ლეგენდარული მისტრალი (ცივი ჩრდილო-დასავლეთის ქარი).

პროვანსი დაყოფილია შემდეგ გეოგრაფიულ რეგიონებად:

  • ზემო პროვანსის ალპები – მთიანი ჩრდილო ნაწილი, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ ლიუბერონსა და ვერდონის ხეობას.
  • ზღვისპირა ალპები – ცნობილი ფრანგული რივიერას სახელით.
  • ბუშ-დიუ-რონი – ეს პროვინცია მოიცავს ლამაზ სოფლებს, რონას დელტას და კამარგის აღკვეთილს.
  • ვარი – ცნობილი თავისი ზღვის კურორტებით (მაგალითად,სენ-ტროპე), ღვინითა და შუასაუკუნოვანი ხუროთმოძღვრებით.
  • ვოკლიუზი – ამ რეგიონს გამოარჩევს ლიუბერნის მშვენიერი სოფლები.

პროვანსის ისტორია სათავეს იღებს ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან, როცა აქ დაფუძნდნენ ძველბერძნული კოლონიები. ჩვ.წ.-მდე მე-2 ასწლეულში აქაური მიწები ხელთ იგდო რომის იმპერიამ და ისინი გალიის პროვინციის ნაწილად აქცია. მოგვიანებით აქ გაბატონდნენ ვესტგოთები, ბურგუდები და ოსტგოთები. 536 წელს პროვანსი ფრანკების ხელში მოექცა. შემდგომ აღნიშნულ რეგიონს მართავდა მეროვინგების დინასტია. ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებასთან ერთად პროვანსი ხდება რომის პაპის საყრდენი. მე-15 საუკუნეში რეგიონი შევიდა საფრანგეთის შემადგენლობაში.

ამფითეატრი – ქალაქ არლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 20 ათასამდე მაყურებელს იტევდა. შუა საუკუნეებში ნაგებობას დაემატა კოშკები. აქ დღემდე ტარდება კორიდები.

ავინიონში მდებარეობს პაპის საახლე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტადაა აღიარებული. აქ არსებული ავეჯისა და მორთულობის დიდი ნაწილი გაქრა საფრანგეთის რევოლუციის დროს.

სან-ბენეზეს ნახევრად დანგრეული ხიდი გადებულია მდინარე რონაზე ავინიონში. მისი მშენებლობა ფრიად საინტერესო ლეგენდასთანაა დაკავშირებული. მწყემსმა ბენუამ, რომელიც შემდგომ ცნობილი გახდა წმინდა ბენეზეს სახელით, ანგელოზთაგან მიიღო მითითება ხიდის აგების შესახებ. ავინიონის მაცხოვრებლებმა მასხრად აიგდეს ეს იდეა. როცა პატარა ბიჭუნამ ხელით აზიდა ვეებერთელა ქვა, მაშინ ხალხმა ეს ღვთაებრივ მინიშნებად ჩათვალა. მე-17 საუკუნეში ხიდი განადგურდა წყალდიდობის შედეგად, რის მერეც ის აღარ აღუდგენიათ. ჩვენამდე შემორჩა მხოლოდ 4 თაღი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის რომანულ-გოთიკური სალოცავი.

პონ-დიუ-გარი – დღემდე შემონახულ რომაულ აკვედუკებს შორის ყველაზე მაღალია. ის წარმოადგენდა 50 კმ-იანი არხის ნაწილს, რომელიც წყლით ამარაგებდა ქალაქ ნიმს.

კამარგი – საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არსებული ჭაობების სამეფოა, რომელიც წარმოქმნილია მდინარე რონას დელტის მიერ. 85 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე ერთმანეთს ენაცვლება მლაშობები, ლერწმის ჭაობები, ქვიშის პლაჟები და დიუნები.

სენანკი – ესაა შუასაუკუნოვანი ცისტერციანული სააბატო თვალწარმტაცი ლავანდის მდელოთი. 1544 წელს სენანკის მონასტერი გადავა ერეტიკოსმა ვადომ, რომელსაც კათოლიკურ ეკლესიის რეფორმატორის წოდების მიღება ეწადა. ეს გახლდათ ყველაზე სისხლიანი მოვლენა პროვანსის ისტორიაში. ეკლესიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს პროტესტანტ ახალმოშენეთა ამოწყვეტა. რამდენიმე კვირის განმავლობაში 3000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

იფის ციხე არის ფორტიფიკაციული ნაგებობა თანამოსახელე კუნძულზე, რომელიც შედის ფრიულის არქიპელაგის შემადგენლობაში. ასწლეულთა განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ კორსარები, მოგვიანებით კი – ის ადამიანებიც, რომლებსაც საფრანგეთის ხელისუფლება სახელმწიფოს მტრებად რაცხავდა. 1516 წელს მეფე ფრანცისკ პირველმა კუნძულზე სიმაგრის აშენება ჩაიფიქრა, რათა მიეხედა საფრანგეთის შემადგენლობაში ახალახანს შესული მარსელისათვის და დაეცვა ზღვისპირა ქალაქის ჰავანი, სადაც იდგა სამეფო ფლოტი. იფის ციხის არტილერია მოქმედებაში მხოლოდ ერთხელ მოიყვანეს – 1533 წლის ოქტომბერში. მარსელში აღინიშნებოდა ჰენრიხ ვალუასა და ეკატერინე მედიჩის ქორწილი, რასაც რომის პაპიც ესწრებოდა. გართობათა სიაში შედიოდა იტალიელთა მიერ პირველი ნაყინის მომზადება და აგრეთვე საზეიმო სალუტი შატო დ’იფის ზარბაზნებიდან.

იფის ციხეს გარშემო აკრავდა მაღალი კედელი, რომლის კუთხეებში სამი კოშკი იყო განთავსებული: სენ-ჟომი, სენ-კრისტოფი და მოგუვერი. მოკირწყლული ეზოს შუაგულში იდგა ჭა, რომლის დანიშნულებაც იყო გარნიზონის წყლით უზრუნველყოფა ალყის შემთხვევაში. სიმაგრის შიგნით განლაგებული იყო კაზემატები მარაგებისა თუ შესანახად და აგრეთვე ჯარისკაცების განსათავსებლად.

1580 წელს ჰენრიხ მესამემ ხელი მოაწერა , რითაც იფის სიმაგრე სახელმწიფო ციხედ აქცია. ზღვის ტალღებს შორის მოქცეული და კლდოვან კუნძულზე მდებარე ნაგებობა იყო იდეალური დილეგი: ბუნება ნებისმიერ ბადრაგზე უკეთ ადევნებდა თვალყურს მსჯავრდებულებს, რათა მათ გაქცევა ვერ მოეხერხებინათ.

ციხის კედლების მიღმა მალავდნენ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს. პირველი მათგანი იყო შევალიე ანსელმი, რომელსაც მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა ედებოდა ბრალად. 1685 წელს ნანტის ედიქტის გაუქმების შემდეგ იფი გახდა ფრანგი პროტესტანტების საპყრობილე. ფორტში გამომწყვდეული ჰყავდათ 3500-ზე მეტი ჰუგენოტი ( საუკუნეების ფრანგი პროტესტანტების-კელვინისტების სახელი). ციხე არ იყო გათვლილი ამდენ პატიმარზე, რის გამოც ისინი კვდებოდნენ ანტისანიტარიისა თუ სნეულებათა გამო. ლაჟვარდოვან ტალღებში მოქცეული ქათქათა ნაგებობა იქცა ზღვარწაშლილი საშინელების სიმბოლოდ. ტყუილად როდი შეარჩია ეს ადგილი ალექსანდრე დიუმამ, რათა ეჩვენებინა შურისძიების დემონად თავისი გმირის გარდასახვა.

ციტადელის ეზოში შემონახულია 1848 წელს მარსელელ მოაჯანყეთა მიერ შესრულებუ ასზე მეტი წარწერა, მათ შორისაა, მაგალითად, ასეთიც: “ერისადმი უპატიოდ მოქცევა – ეს ყველასთვის შეურაცხყოფაა”. იფის ციხის პატიმრები იყვნენ მარკიზ დე სადი (ფრანგი არისტოკრატი, პოლიტიკოსი, მწერალი და ფილოსოფოსი)  და ლეგენდარული “რკინის ნიღაბი” (მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტის ეპოქის უცნობი ტუსაღი, მისი სახე არავის უნახავს, რადგან ის ატარებდა შავი ხავერდისგან დამზადებულ ნიღაბს).

ადამიანი იფის ციხეში შეიძლება მცირე გადაცდომის გამოც კი მოხვედრილიყო. ცნობილია, რომ ერთი აზნაური დილეგში მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ მეფის გარდაცვალების შესახებ ამბის შეტყობისას მან ქუდი მოიხსნა.

მჩქეფარე და ხმაურიანი ტოკიოსგან ოთხი საათის სავალზე მდებარეობს ბაღი, სახელწოდებით – კავატი ფუძი. მის თავისებურებას წარმოადგენს ყვავილების “ჩანჩქერი”. გლიცინიას იაპონიაში ეძახიან ფუძის, აქედან მომდინარეობს ბაღის სახელი. ეს მცენარე ახალგაზრდობის, ქალური სილამაზის, დაცულობისა და განკურნების სიმბოლოა. იაპონიაში ხსენებული ყვავილი პოპულარობით თითქმის არ ჩამორჩება საკურას. გლიცინიას აქვს ნაზი მოტკბო არომატი. ის შეიძლება იყოს თეთრი, ცისფერი, იასამნისფერი, ვარდისფერი, მოლურჯო ტონალობის. ვისტერიის გვირაბი კავატი ფუძის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ნაკამეგუროს უჭირავს ბალანსი ფუფუნებასა და ბოჰემიურ სტილს შორის. ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მაღაზიები, სილამაზის სალონები, კაფეები, რესტორნები, ხელოვნები ობიექტები – ქმნის დახვეწილ და განუმეორებელ ატმოსფეროს. ტოკიოს აღნიშნულ რაიონში სიბუიდან შეგიძლიათ ჩახვიდეთ 5 წუთში მატარებლით ან N41 ავტობუსით.

ცეცხლის ხეობა ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწაზე დინოზავრები დააბიჯებდნენ. ჟამთასვლამ გაქვავებული ქვიშაქვისგან წარმოქმნა კანიონების, თაღების, ქედების, გუმბათებისა და სხვა უცნაური ელემენტების ლაბირინთები. ამჟამად ცეცხლის ხეობა ეროვნული ძეგლი და სახელმწიფო პარკია. ის მდებარეობს მოხავეს უდაბნოში, ლას-ვეგასიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე. ღია წითელ კლდეებს აცისკროვნებს მზის შუქი, რომელიც ხეობას ელვარებას აწყებინებს. დაისისას აქ არსებული ქანები ცისარტყელას ფერებში იღებება. ესაა ველური ბუნების ხელუხლებელი ადგილი. ერთ-ერთი ბორცვი ცნობილია “Crazy Hill”-ის სახელით, ის განაცვიფრებს თავისი ფერების პალიტრით. ცეცხლოვანი ტალღა არის წარმონაქმნი, რომელმაც ქვიშის დიუნებისგან თავისი ფიგურების ფორმირება ჯერ კიდევ 150 მილიონი წლის წინ დაიწყო. “Elephant Rock” – სპილოს ფორმის მქონე თაღია, რომელიც მთავარი გზის მახლობლად მდებარეობს. ატლატლის კლდეზე აღმოაჩენთ პეტროგლიფებს (კდლის ნახატები). “ატლატლი” – ესაა მოწყობილობა, რომელსაც ინდიელები იყენებდნენ შუბების სატყორცნად. 1930 წელს გარემოს დაცვის სამოქალაქო კორპუსმა ცეცხლის ხეობაში ააშენა სამი სახლი, მოგზაურებს შეუძლიათ ამ ისტორიულ ნაგებობებში მოსვენება, თუმცა ღამის გათევა აკრძალულია.

ვარდისფერი ტბა, იგივე “სალინას დე ტორევიეხა” ითვლება ხმელთაშუაზღვის კურორტ ტორევიეხას ერთ-ერთ მთავარ ღირსებად. ქალაქი შედის ალიკანტეს პროვინციის შემადგენლობაში. ვარდისფერი ტბა წარმოადგენს უჩვეულო ფერის რელიქტურ წყალსატევს, რომელიც ცნობილია წყლის უნიკალური შემადგენლობისა და ხელსაყრელი მიკროკლიმატის წყალობით.

წყალი განსაკუთრებულად გაჯერებულ მოვარდისფრო-მოიასამნისფრო შეფერილობას ღებულობს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. კენკრის მორსის ტონალობის მქონე წყალს ჰარმონიულად ერწყმის ლაჟვაროვანი ზეცა და მარილისგან გათეთრებული სანაპიროები.

ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან მოყოლებული ტბის ნაპირებზე ფუნქციონირებდა საწარმოები, რომლებიც ზღვის მარილის მოპოვებით იყო დაკავებული. ვარდისფერი წყალსატევის წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მე-19 ასწლეულში.

ტბის წყლის გასაოცარი ფერი აიხსნება იმით, რომ აქ ბინადრობენ განსაკუთრებული ბაქტერიები, რომლებიც ფლობენ მთელ რიგ პიგმენტებს. ჰალობაქტერიებს ექსტრემალურად გაზრდილი მარილიანობის პირობებშიც კი შეუძლიათ არსებობა. მათი უჯრედული მემბრანა შეიცავს ცილა ბაქტერიოროდოპსინს. ვარდისფერი წყლის კომპონენტებს ასინთეზირებენ აგრეთვე ერთუჯრედიანი წყალმცენარეებიც.

ალიკანტეს პროვინციაში, ქალაქ კალპეში, მდებარეობს “La Muralla Roja” (ესპანურიდან თარგმანში ნიშნავს “წითელ კედელს”). ესაა საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც თავისი გამორჩეული და ერთობ ფოტოგენური მოყვანილობის, ასევე კონტრსტული ფერების გამო მოიპოვა დიდი პოპულარობა. პროექტის ავტორია ესპანელი არქიტექტორი – რიკარდო ბოფილი. ნაგებობის გამორჩეული თავისებურებაა – კაშკაშა წითელი ფერი, რომელიც იცვლის ელფერს დღის განმავლობაში და ამინდის პირობებთან ერთად. შენობის შიდა კედლები და კიბეები მოლურჯო-ფირუზისფერ პალიტრაშია შეღებილი.

ნატრონის ტბა – ტანზანიის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. წყალსატევის წყალს აქვს ღია წითელი შეფერილობა, ხოლო მის თავზე გადაფრენილი ფრინველები იქცევიან მარილის ქვებად. ამ უჩვეულო წყალსატევის არსებობის შესახებ შედარებით ახლახანს გახდა ცნობილია: რამდენიმე წლის წინ ნიკ ბრანდტის მიერ გადაღებული ფოტოსურათი ბრიტანულ ჟურნალში გამოაქვეყნეს.

ნატრონი – ყველაზე მარილიანი და ტუტე წყალსატევია არა მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მისთვის სახასიათოა მღვრიე-წითელი შეფერილობა – ეს იმ მარილის სქელი ქერქია, რომელიც ფარავს ტბას. მსოფლიოში მიმდინარე გლობალურმა ეკოლოგიურმა ცვლილებებმა ახლო მომავალში შეიძლება დაარღვიოს ტბაში მარილის ბალანსი, რაც გამოიწვევს აქ ბინადარი უნიკალური მიკროორგანიზმების გაქრობას. აღნიშნული წყალსატევი დედამიწაზე ბინადარ ფლამინგოთა უმეტესი ნაწილის დაბადების ადგილია. ისინი იკვებებიან ტბის უმარტივესი წყალმცენარეებით. გვალვისას წყალსატევი ზომაში მცირდება და იქცევად ხაფანგად, რაც სპობს ყველაფერს ცოცხალს, რადგან წყლის ტუტიანობა მრავალჯერ იმატებს. მაგ დროისათვის ფლამინგოები მიფრინავენ მათთვის უფრო ხელსაყრელი ადგილებისაკენ.

წყალში მოხვედრისთანავე ფრინველები მყისვე იღუპებიან ტუტის მომაკვდინებელი დოზების გამო. მათი გვამები არ იხრწნება, არამედ კალციფიცირდება. ბოლომდე გაურკვეველია, თუ რა აიძულებს ფრინველებს ტბის წყალზე დაჯდომას. დიდი ალბათობით, ამის მიზეზი უნდა იყოს წყლის ამრეკლავი ზედაპირი. ის ფრინველებს აფიქრებინებს, თითქოს ისინი ცარიელ სივრცეში მიფრინავენ და წინ არაფერი ეღობებათ.

 

 

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register