logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ორდღიანი ექსკურსია ქალაქ პორტუში

25 Nov

ორდღიანი ექსკურსია ქალაქ პორტუში

პირველი დღე / დილა / ბაიშას რაიონი

უმჯობესია, ექსკურსია პორტუს გარშემო დაიწყოთ ბაიშას რაიონით (ამ სახელწოდების უბანი გვხვდება როგორც ლისაბონში, აგრეთვე პორტუშიც), რადგან აქ თავმოყრილია ქალაქის მრავალი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა. ეს უბანი მოიცავს პრასა-და-ლიბერდადეს (ითარგმნება, როგორც “თავისუფლების მოედანი”) ვეებერთელა მოედანს, რუა დე სანტა კატარინას ხმაურიან სავაჭრო ქუჩებს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ჩქეფს ღამის ცხოვრება.

რაიონის ძირითად არქიტექტურულ ობიექტებს მიეკუთვნება:

  • კლერიგუსის კოშკი (მის თავზე ასასვლელად 240 საფეხური უნდა აიაროთ);
  • ნეო-გოთიკურ სტილში შესრულებული მერიის შენობა – “Camara Municipal do Porto”;
  • დუ კარმუს ეკლესია;
  • მერკადუ-დუ-ბოლიაოს ბაზრობა;
  • წიგნების მაღაზია – “Livraria Lello”, რომლის მოტივებზეც დაიწერა წიგნები ჰარი პოტერზე;
  • “Café Majestic” – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დეკორატიული ყავის სახლი;
  • კორდოარიას ბაღი;
  • სან-ბენტუს რკინიგზის სადგური;
  • რუა დას ფლორესის სავაჭრო ქუჩა;
  • მუზეუმი – “Misericordia”, სადაც გამოფენილია ტილო – Fons Vitae (“სიცოცხლის შადრევანი”).

სასადილოდ შეგიძლიათ გაემგზავროთ კაფეში, სადაც მოგართმევენ ტრადიციულ პორტუგალიურ კერძს -ფრანსეზინიას. ესაა წარმოუდგენლად ნოყიერი საჭმელი, რომელიც წარმოადგენს სენდვიჩს ხორცის გულსართით. ის დაფარულია მდნარი ყველით და ზემოდან მოსხმული აქვს ლუდისა და პომიდვრისგან დამზადებული სოუსი.

პირველი დღე / შუადღე / პორტუს ისტორიული მხარე

გირჩევთ, რომ დღის მეორე ნახევარში ეწვიოთ პორტუს ორი უძველეს უბანს – სეს და რიბეირას. პირველი მათგანი იყო ქალაქის რელიგიური ცენტრი. მის შუაგულში მდებარეობს საკათედრო ტაძარი და ეპისკოპოსის სასახლე. რაიონს უჭირავს პორტუს ერთ-ერთი უმაღლესი ფერდობი, საიდანაც იშლება წარმოუდგენელი ხედი. სეს უბნის მთავარი ღირსშესანიშნაობებია: იგრეჟა-დი-სანტა-კლარას ეკლესია, ქალაქის კედლების ნაშთები, პონტი დონ ლუიშ პირველის თაღოვანი ხიდი.

რიბეირას რაიონი გადაჭიმულია მდინარე დორუს ნაპირების გასწვრივ, ვიწრო ქუჩების ლაბირინთი კი იმეორებს ქალაქის შუასაუკუნოვან დაგეგმარებას. აღნიშნულ უბანს გამოარჩევს: რიბეირას მოედანი, იგრეჟა-დე-სან-ფრანსიშკუს ეკლესია და მისი მოოქროვილი ვარაყი, ბოლსას ნეოკლასიკური სასახლე.

პირველი დღის დამატებითი აქტივობა – კრუიზი მდინარე დუოროზე

აღნიშნული კრუიზის განმავლობაში გაეცნობით პორტუს ექვს ხიდს (აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით): ფრეიშუს, სან-ჟუანს, მარია პიას, ინფანტე ენრიკეს, ლუიშ პირველს და არაბიდას. საღამოს შეგიძლიათ ივახშმოთ რიბეირას ერთ-ერთ რესტორანში, ღამე კი გაატაროთ რომელიმე ბარში.

მეორე დღე / დილა / ვილა ნოვა დე გაია და საპორტო სახლები

ქალაქი ვილა-ნოვა-დე-გაია მდებარეობს მდინარე დორუს სამხრეთ ნაპირებზე და გახლავთ პორტვეინის სამშობლო. საინტერესოა, რომ ხსენებული სასმლით სავსე კასრები ვენახებიდან პორტუში გადაჰქონდათ ნავებით, ამიტომ მარნების უმეტესობა განთავსებულია მდინარის სიახლოვეს.

პორტვეინის ძირითადი მწარმოებლების (“Graham’s”, “Sandeman”, “Taylor”, “Warre”, “Ferreira’) შენობები მდებარეობს ერთმანეთისგან რამდენიმე წუთის სავალზე, შეგიძლიათ ესტუმროთ მათ და დააგემოვნოთ ხარისხიანი პორტვეინი. ვილა-ნოვა-დე-გაიას სანაპირო ხაზზე (დიოგო ლეიტეს პროსპექტი) მუდამ გამეფებულია მხიარულება. აქ ყოფნისას აუცილებლად მოინახულეთ ე.წ. “HalfRabbit” და “Estaleiro
do Rabelo” – ტრადიციული ვერფები. საბაგირო გზით შეძლებთ სერა დო პილარის მონასტრის ტერიტორიაზე მოხვედრას.

მეორე დღე / დღის მეორე ნახევარი / ფოშის რაიონი და “Palacio de Cristal” (“შუშის სასახლე”)

ფოშის უბანი განთავსებულია მდინარე დორუს შესართავთან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქაურობას ბევრი ტურისტი როდი სტუმრობს. ამ რაიონში სუფევს მშვიდი ატმოსფერო. სანაპირო ზოლი მოიცავს ნავსადგურებს, მშვიდ სკვერებს და დიდებულ პორტუგალიურ ვილებს. ფოშის რაიონის სანაპირო ხაზი გადის ატლანტიკის ოკეანეზე, ის შედგება პატარა პლაჟებისა და კლდოვანი კონცხებისგან. ხსენებულ უბანში ჩაგიყვანთ № 1 ტრამვაი ან № 500 ავტობუსი.

თავგადასავლების მოყვარულთათვის: მიაქციეთ ყურადღება კომპანია “Porto Bridge Climb”-ს, რომელიც გვთავაზობს ცოცვის ტურს და არაბიდას ხიდის თაღზე ასვლას. თუ გსურთ, რომ მოიწყოთ კულტურული შუადღე, მაშინ ეწვიეთ “შუშის სასახლის” პარკს, სუარიშ-დუშ-რეიშის გალერეას და “რომანტიკის მუზეუმს”.

“რომანტიკის მუზეუმში” თავისი სიცოცხლის უკანასკნელი თვეები გაატარა სარდინიის მეფემ – კარლო ალბერტო I-მა ამადეომ. გალერეა აღადგინეს იმ სახით, როგორიც მას ჰქონდა იქ ხელმწიფის ცხოვრების პერიოდში.

მეორე დღე / საღამო და ღამე

შეგიძლიათ საღამო გაატაროთ “Rua Galeria de Paris”-ის ქუჩის გაყოლებაზე არსებულ ბარებსა და კლუბებში. ის უნივერსიტეტის მახლობლად გადის.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register