logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

პორტუგალიის ღირსშესანიშნაობები

31 Aug

პორტუგალიის ღირსშესანიშნაობები

სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ახლა წმინდა გიორგის ციხე დგას, ერთ დროს წყებოდა პორტუგალიის დედაქალაქი – ლისაბონი. ისტორიკოსთა ცნობით, პირველი სიმაგრეები რომაელებმა იქ ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღმართეს, თავდაცვით ავანპოსტად იქაურ ბორცვს იყენებდნენ კელტები, ბერძნები და კართაგენელები. მე-12 ასწლეულის შუაში ჯვაროსანთა დახმარებით ციხე დაიკავა პორტუგალიის მეფე აფონს ენრიკეშმა. სიმაგრეს წმინდა გიორგის სახელი დაერქვა მე-14 ასწლეულის ბოლოს, როცა გაფორმდა ვინდზორიის ხელშეკრულება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ინგლისისა და პორტუგალიის 600-წლიან კავშირს.

1492 წელს ესპანელი ქრისტეფორე კოლუმბი გაემგზავრა ინდოეთისაკენ მიმავალი საზღვაო გზის აღმოსაჩენად, ამის ნაცვლად კი მან ამერიკა აღმოაჩინა. წარმატებით დაგვირგვინდა მისი მეზობლის – ვასკო და გამას მცდელობა. ამის აღსანიშნავად მე-16 საუკუნის დასაწყისში არქიტექტორ ფრანშისკუ დი არუდას ხელმძღვანელობით აშენდა ბელენის კოშკი, რომელიც მიეძღვნა წმინდა ვისენტეს, ლისაბონის მფარველს.

ნაპოლეონის ომების ეპოქაში კოშკი თითქმის მიწასთან გაასწორეს, თუმცა მე-19 საუკუნის შუახანებში მოხერხდა მისი აღდგენა და რესტავრაცია. თავისი არსებობის განმავლობაში ნაგებობა იყო კაზემატი, საბაჟო და დენთის საწყობი. 1580 წელს ლისაბონი დაიპყრეს ესპანურმა ჯარებმა და კოშკს დაეფულა ჰერცოგი ალბა, რომელმაც ის ციხედ გადააკეთა.

კოშკის არქიტექტურაში ერთმანეთთან გასაოცრადაა შერწყმული გოთიკური და მავრიტანული სტილების ელემენტები. შენობას ოთხივე მხრიდან ახვევია ქვაზე გრავირებული თოკები. ექსტერიერის მსგავსი გაფორმება ევროპაში პირველად შესრულდა. კოშკში განთავსებულია მარტორქების ქანდაკებები, რომლებიც იქამდე კონტინენტზე არავის ენახა. 1513 წელს ინდოეთის შაჰმა პორტუგალიის ხელმწიფეს საჩუქრად გადასცა მარტორქები. ამ ფაქტმა ევროპაში გაუგონარი აჟიოტაჟი გამოიწვია. მარტორქა გახდა ალბრეხტ დიურერისათვის შთაგონების წყარო, გერმანელმა მხატვარმა შექმნა ამ ცხოველის ხის გრავიურა.

ლისობონში არსებული ჟერონიმუშის მონასტერი პორტუგალიის ეროვნულ სიწმინდედ მიიჩნევა . ეს სალოცავი მანუელინოს სტილში შესრულებული ერთ-ერთი ულამაზესი შუასაუკუნოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლია. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საყდარი წარმოადგენდა წმინდა იერონიმეს ბერთა ორდენის სამყოფელს. მონასტერი დაფუძნდა მე-15 საუკუნეში, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში, როცა პორტუგალიელი მეზღვაურები გაეშურნენ ახალი სავაჭრო გზების აღმოსაჩენად აღმოსავლეთის მდიდარ ქვეყნებში. იმ ადგილას, სადაც ახლა ჟერონიმუშის ეკლესიაა განთავსებული, ადრე იდგა სანტა-მარია-დე-ბელეს სამლოცველო, სადაც ვასკო და გამა თავის თანაგუნდელებთან ერთად გამგზავრების წინა ღამეს უფლისათვის ლოცვას აღავლენდა.

სავაჭრო სფეროში მოპოვებულმა წარმატებებმა გაამდიდრა პორტუგალია და დაეხმარა მას ახალი კოლონიების ათვისებაში. იმ პერიოდში იშვა ახალი არქიტექტურული სტილი – მანუელინო, რომელშიც ოსტატურადაა გადახლართული გოთიკა, რენესანსი, მუდეხარი. ეს მიმდინარეობა მოიაზრებდა არქიტექტურულ ძეგლებზე ზღვის არსებათა, ეგზოტიკურ ფრინველთა, რიფების, წყალმცენარეების, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახვას.

მონასტრის სამხრეთი მინაშენის კრიპტაში მდებარეობს საზღვაო და სარაინდო სიმბოლიკით უხვად შემკობილი ვასკო და გამას საფლავი. მის პირდაპირ უკანასკნელი თავშესაფარი ჰპოვა ლუის კამოენსმა, პორტუგალიის გამოჩენილმა პოეტმა, რომელმაც ქება შეასხა დიდებული მეზღვაურის გმირობას. ჟერონიმუშის სამონასტრო კომპლექსში აგრეთვე აღმოაჩენთ წმინდა იერონიმეს სამლოცველოს, იქაურობის მფარველს, რომლის კალამსაც ეკუთვნის ბიბლიის ლათინური თარგმანი.

ლისაბონის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ღირსშესანიშნაობაა კარმუს მონასტრის, კარმელიტების ორდენის სამლოცველოს, ნაშთები. ამჟამად იქ განთავსებულია პატარა არქეოლოგიური მუზეუმი. მონასტერი 1389 წელს დაარსა გრაფმა, მხედართმთავარმა, ბერმა და პორტუგალიის ეროვნულმა გმირმა – ნუნუ ალვარეშმა. სამწუხაროდ, 1755 წელს მომხდარმა საზარელმა მიწისძღვრამ ნაგებობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნანგრევებად აქცია.

სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი განთავსებულია სასახლეში, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პომბალთა ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. დასავლეთის მხირდან მას ესაზღვრებოდა წმინდა ალბერტის სახელობის ყოფილი ქალთა მონასტერი, რომელიც კარმელიტთა ორდენს ეკუთვნოდა. მე-19 საუკუნის ბოლოს, უკანასკნელი მონაზღვნის გადრაცვალების შემდეგ, ხელისუფლებამ დაანგრია სალოცავი და მის ადგილას ააგო შენობა, რომელიც მუზეუმის გაგრძელება უნდა ყოფილიყო. გალერეაში წარმოდგენილია გრეგორიო ლოპეშის, ვაშკუ ფერნანდიშის, ამადე დი სოზა-კარდოზუს ტილოები.

აგუაშ-ლიბრიშის აკვედუკი ლისაბონის სავიზიტო ბარათი და მისი ყველაზე ცნობილი ტექნიკური ნაგებობაა. კონსტრუქცია წარმოადგენს მაღალი ქვის თაღების ჩამწკრივებას. დაარსების დღიდან მოყოლებული ლისაბონში სულ არსებობდა სასმელი წყლის პრობლემა. შესაძლოა, ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან პორტუგალიის დედაქალაქი მდინარე ტეჟუზეა გაშენებული, თუმცა მისი წყალი არაა სასმელად ვარგისი. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ მე-18 საუკუნეში მოხერხდა, როცა მეფე ჟუან მეხუთის ინიციატივით ააგეს აგუაშ-ლიბრიშის აკვედუკი.

მარიონეტების მუზეუმი განთავსებულია შენობაში, რომელიც მანამდე ბერნარდასის მონასტერს წარმოადგენდა. გალერეაში 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოტანილი 4 000-მდე ექსპონატი. მუზეუმის ექსპოზიცია სრულად ეძღვნება მარიონეტებისა და თოჯინების თეატრების ისტორიას. იქ გამოფენილია როგორც პორტუგალიის ტრადიციული დედოფალები, აგრეთვე აფრიკული და აზიური მარიონეტების კოლექცია და კოლექციონერ ფრანცისკო კაპელოს ნიღბები.

ვასკო და გამას ბაგირის ხიდი გადებულია მდინარე ტეჟუზე, ის ერთმანეთთან აკავშირებს ექსპოს რაიონს აკლიშეტსა და მონტიჟუსთან. მისი გახსნა დაამთხვიეს გამოფენა “Expo 1998”-ის გამართვასა და ვასკო და გამას მიერ ინდოეთისკენ მიმავალი გზის აღმოჩენის 500-წლის იუბილეს.

ლისაბონიდან 40 კმ-ში მდებარეობს როკას კონცხი. მას განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის 150-მეტრიანი ფლატე, საიდანაც იშლება გასაოცარი პანორამული ხედები ატლანტიკის ოკეანეზე. აღსანიშნავია, რომ როკას კონცხი კონტინენტალური ევროპის უკიდურესი დასავლეთი წერტილია. იქ შეგხვდებათ შუქურა, სტელა, რესტორანი და ტურისტული საინფორმაციო ცენტრი.

ქალაქი კაშკაიში დაარსდა მე-14 საუკუნის შუა პერიოდში. ადრე ის იყო მეთევზეთა დასახლება, რომლიც მაცხოვრებლებიც თავს ირჩენდნენ თევზჭერითა და სოფლის მეურნეობით. გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ქალაქი გახდა ბასტიონი, რომელიც პორტუგალიას იცავდა ზღვის მხრიდან. მე-15 ასწლეულში აგებულმა ციტადელმა ვერ გაუძლო ესპანელი ჰერცოგ ალბას თავდასხმებს.

კაშკაიშის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები ძირითადად განთავსებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში. იქ შეხვდებით გიმარაინშის მუზეუმს, რომელიც ადრე ჰერცოგ ბრაგანსის ქალაქგარე რეზიდენციას წარმოადგენდა. იქ ინახება 25 ათასზე მეტი წიგნისგან შემდგარი გრანდიოზული კოლექცია. ამას გარდა, იქ აღმოაჩენთ ფაიფურის ნაკეთობებს, სამზარეულოს ვერცხის ჭურჭელს, ხელნაკეთ ანტიკვარულ ავეჯს, ძველ ორღანს, ადგილობრივ მიწისქვეშა მღვიმეებში ნაპოვნ არქეოლოგიურ მონაპოვრებს.

სანაპიროს განუმეორებელ იერსახეს სძენს აივნიანი ქათქათა სახლები და მე-16 საუკუნით დათარიღებული ეკლესიები. კაშკაიშის შუაგულში დგას ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სალოცავის ინტერიერი. იქ შეგიძლიათ იხილოთ მოოქროვილი საკურთხევლები, აგრეთვე პანო, რომელიც შემკობილია ქალწული მარიამის, წმინდა პეტრეს, საშინელი სამსჯავროსა და მაცხოვრის ამაღლების აღმბეჭდავი გამოსახულებებით. გამორჩევას იმსახურებს პედრო ალექსანდრინოს იშვიათი ნამუშევარი – “საიდუმლო სერობა”.

კაშკაიშის მახლობლად, კლდოვან სანაპიროზე,მდებარეობს ბუნების მიერ შექმნილი სასწაული. ამ მღვიმეს სხვანაირად “ქვესკნელის პირად”, “ჯოჯოხეთის კარიბჭედ” და “ეშმაკის ხახად” მოიხსენიებენ. განსაკუთრებული ენერგეტიკის მქონე ეს ადგილი ქმნის წარმოუდგენელ კონტრასტს: მჭექარე ხმა და ენით აღუწერელი სილამაზის გარემომცველი პეიზაჟი.

ევორას დაარსების თარიღი საუკუნეთა წყვდიადში იკარგება. კელტები და ლუზიტანელები 5000 წლის წინ იქ უკვე ცხოვრობდნენ. რომაელთა მმართველობის პერიოდში ქალაქი ყვაოდა,რაზეც მეტყველებს დიანას ტაძრის ნაშთები. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე კარგად შემონახული რომაული სალოცავია იბერიის ნახევარკუნძულზე. წყალმომარაგების მიზნით რომაელებმა ააგეს 18-კილომეტრიანი აკვედუკი, რომელიც დღემდე ქალაქის განუყოფელი ნაწილია. წყალსატარი ატარებს სახელს – “ვერცხლისფერი”. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზია მთის წყლის ბზინვა მზის შუქზე. მე-8 საუკუნეში აფრიკიდან გადმოსულმა არაბებმა ევორადან გაყარეს ვანდალები და ვესტგოთები, რის მერეც ქალაქი კვლავ იქცა მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ცენტრად.

მავრებს არ უყვარდათ ტყიან მთებსა და დაჭაობებულ ხეობებში დასახლება. უკან დახეულმა ქრისტიანებმა კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სწორედ ასეთ არეალში დაიდეს ბინა. მოგვიანებით მათ ჩამოაყალიბეს საგრაფო, მერე კი უკვე სამეფოც. 1165 წელს ევორა დაიპყრო ჯერალდ უშიშარმა, მარჯვე მხედართმთავარმა. მან მრავალი მუსლიმური ციხე-სიმაგრის აღება მოახერხა. ევორას მთავარი მოედანი სწორედ ჯერალდის სახელს ატარებს. იქვე მდებარეობს წმინდა ანდრეას სახელობის დარბაზული ეკლესია. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი სალოცავები იბერიის ნახევარკუნძულზე იშვიათობას წარმოადგენს.

დიანას ტაძარი ევორას ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. კორინთული კაპიტელებით დაგვირგვინებული 14 კოლონა დღემდე მყარად დგას გრანიტის საფუძველზე. შუა საუკუნეებში, ინკვიზიციის აყვავების პერიოდში, სალოცავს სახრჩობელად იყენებდნენ, მოგვიანებით კი ის სასაკლაოდ აქციეს.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register