logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ხაჯურაჰოს სატაძრო კომპლექსი

1 Aug

ხაჯურაჰოს სატაძრო კომპლექსი

 

ხაჯურაჰოს სატაძრო კომპლექსი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მდებარეობს მადჰია-პრადეშის შტატში, დელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. დღემდე შემონახული 25 ტაძარი 1986 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში, ისინი ააგეს IX-X ასწლეულებში. თქმულების თანახმად, ხაჯურაჰოში თავდაპირველად 85 საეკლესიო ნაგებობა იყო აღმართული. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს მრავალრიცხოვანი ნანგრევები, თუმცა მხოლოდ მათი ნაწილის აღდგენა მოხერხდა. ხაჯურაჰო ცივილიზაციისგან მოშორებით მდებარეობს, აქ შემორჩენილია ველური ბუნების კუთხე, სადაც ჯერ კიდევ ბინადრობენ ვეფხვები და სხვა გარეული ცხოველები. ეს პატარა ქალაქი სიცოცხლის ნამდვილი ოდაა ყველა თავისი გამოვლინებით, იქ სიხარულისა და სიყვარულის ყველაზე დახვეწილი გამოხატულებები ქვაშია გაყინული, ისინი უკვდავყოფილია მოქანდაკეთა და ქვისმთლელთა ნიჭის წყალობით.

ხაჯურაჰოს წარსული ბინდითა და იდუმალებითაა მოცული: რატომ აღმოაჩინეს იქ მხოლოდ ტაძრები? თუკი იქ ერთ დროს არსებობდა სამეფო, მაშინ სადაა სასახლეთა ნანგრევები და ადგილობრივ მკვიდრთა სხეულის ნაშთები? რა მიზნით ააგეს ასეთი დიდებული ტაძრები, ჰქონდა თუ არა მათ რელიგიური დანიშნულება? დღესდღეობით არაა ნაპოვნი ამ ტაძრების საქმიანობასთან დაკავშირებული არც ერთი დოკუმენტი. ხაჯურაჰოდან 32 კმ-ის დაშორებით მდებარეობს პანას ეროვნული პარკი, სადაც შემორჩენილია ჯუნგლები თავისი გასაოცარი ჩანჩქერითა და კრისტალურად სუფთა ტბით. იქ აგრეთვე აღმოაჩენთ ლეგენდარული ძმები პანდავების სახელობის მღვიმეს. ხაჯურაჰოსკენ მიმავალ გზაზე, ქალაქ ორჩხაში, მდებარეობს უნიკალური შუასაუკუნოვანი ფორტი, სადაც დაცულია XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც აღბეჭდილია რელიგიური სიუჟეტები და ფრაგმენტები ძველინდური ეპოისებიდან.

სახელი ხაჯურაჰო მომდინარეობს სანსკრიტული სიტყვიდან “Khajura”, რაც ფინიკის პალმას ნიშნავს. ჩანდელას დინასტიის ძლევამოსილი სახელმწიფოს დედაქალაქი პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისის არაბი მოგზაურის, აბუ რახან-ალ-ბირუნის ჩანაწერებში. მიიჩნევა, რომ სატაძრო კომპლექსი 950-1050 წლებში ააგეს. იმ პერიოდში ხაჯურაჰო ჩანდელას დინასტიის კულტურული და რელიგიური ცენტრის ფუნქციებს ასრულებდა. მაშინდელ პოლიტიკურ დედაქალას კალინჯარი წარმოადგენდა.

ოდესღაც ხაჯურაჰოს გარშემო მთელს პერიმეტრზე აკრავდა კედელი რვა კარიბჭით, რომლებიც მორთული იყო ოქროს პალმებით. სატაძრო კომპლექსი მნიშვნელოვნად დაზიანდა მუსლიმთა შემოსევის შედეგად 1100-1400 წლებში.

მე-13 ასწლეულში, ჩანდელას დინასტიის დაცემის შემდეგ ეკლესიები ხშირმა ტყემ მოიცვა, ისინი საუკუნეთა განმავლობაში მივიწყებული და ჯუნგლებში იყო გადაკარგული. ტაძრები ხელახლა “აღმოაჩინა” ბრიტანული არმიის ინჟინერმა, კაპიტანმა ბერტმა. დღემდე ბურუსითაა მოცული, თუ რატომ გადაწყვიტეს ჩანდელას დინასტიის მმართველებმა ამდენი ტაძრის სწორედ იმ ადგილას აღმართვა. ამჟამად სალოცავ ნაგებობათა კომპლექსი აღდგენილია, თუმცა გათხრები იქ დღემდე გრძელდება.

არსებობს ულამაზესი ლეგენდა, რომელიც აღწერს ხაჯურაჰოს ტაძრების წარმოშობას. თქმულების თანახმად, ეს ქალაქი დააარსა მთვარის ღმერთის, ჩანდრას ვაჟმა – ჩანდრავარმანმა. მიიჩნევა, რომ ჩადელას დინასტიის მმართველები მთვარის ღვთაების პირდაპირი შთამომავლები იყვნენ, რადგან ამ კლანის წარმომადგენლები ატარებდნენ სხვა სახელსაც – “ჩანდრატეია”-ს, რაც “ჩანდრას ჩამომავლებს” ნიშნავს. შუა საუკუნეების ინდოეთის ცნობილი პოეტის ჩანდბარდას მიხედვით, სამეფო კარის მღვდელი ჰემრაჯი ცხოვრობდა ქალაქი კაშიში. ხუცესს ჰყავდა ენით აღუწერელი სილამაზის მქონე ქალიშვილი, სახელად ჰემავათი. ერთ საღამოს, მთვარის შუქზე, ბრაჰმანი მღვდლის გოგონა მდინარეში ბანაობდა (ბრაჰმანიზმი არის გარდამავალი პერიოდი ვედების უძველეს რელიგიასა და კლასიკურ ინდუიზმს შორის, რომლის მთავარი მახასიათებელი ვედური მსხვერპლშეწირბის რიტუალის აღწერასა და მის სიმბოლურ ინტერპრეტაციაზე ფოკუსირება. ვედური მითის თანახმად, სამყარო შეიქმნა ღმერთების მიერ ღვთაებრივი კოსმიური პირველარსების – პირუშას ზვარაკად შეწირვის შედეგად, რაც მსოფლიო პროცესის მამოძრავებელ საწყისად ითვლებოდა. იმისათვის, რათა მოწესრიგებული სამყარო არ დაბრუნდებოდა უძველეს ქაოსს, აუცილებლობად მიიჩნეოდა მსხვერპლშეწირვის რიტუალის სახით პირველქმნადობის აქტის მუდმივი რეპროდუცირება).

ქალწული იმდენად კენარი იყო, რომ მისი სილამაზით აღფრთოვანებული მთვარის ღმერთი დედამიწაზე დაეშვა და გრძნობამორეული მასთან შეერთდა. ზეცის მკვიდრთან დამყარებული კავშირის შედეგად ჰემავათი დაორსულდა. ქორწინებამდელი სექსის გამო მას საყოველთაო განკითხვა ელოდა, თუმცა ჩანდრამ მას სახლიდან წასვლა და მიყრუებულ სოფელში ვაჟის გაჩენა უბრძანა. ასე მოხვდა ჰემავათი ხაჯურაჰოში. მიწიერი ქალისა და ღვთაების შეერთებით სამყაროს მოევლინა ჩვილი, რომელსაც ჩანდრავარმანი შეარქვეს.

ყველასგან უარყოფლმა მარტოსულმა ქალმა თავშესაფარი ცენტრალური ინდოეთის უღრან ტყეებში ჰპოვა, სადაც იგი გახდა გურუ. ჩანდრა ჰემავათს დაჰპირდა, რომ მისი ვაჟი მეფე გახდებოდა, რომელიც ეროტიკული გამოსახულებებით მორთულ 85 ტაძარს აღმართავდა. მთვარის ღვთაებამ განმარტა, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა ჰემავათის უნებლიე ცოდვის გამოსყიდვა. ქვეყნის სრულფასოვან ხელისუფლად გახდომის მერე ჩანდრავარმანი დედის ნატვრის ხორცშესხმას შეუდგა. მშობელი თავის ვაჟს სთხოვდა ტაძრების აშენებას, რომლებიც ადამიანური ვნების ძალის მაჩვენებელი იქნებოდა, რომელსაც შეეძლებოდა ადამიანური წადილის სიცარიელის, ქალის სილამაზისა და სიყვარულის სიდიადის რეალიზება.

ათასწლეულზე მეტი ხნის წინ აგებული ხაჯურაჰოს ტაძრები დღემდე უნერგავენ მნახველს კრძალვას, მოწიწებას თავისი სიდიადითა და სინატიფით. უცხოპლანეტელთან კოსმოსური ხომალდების სადარი იდუმალებით მოცული ტაძრები ყველა ვარაუდზე მაღლა დგას. თითოეული მათგანი იმდენად საუცხოო, ფილიგრანული და ფაქიზად შესრულებულია, რომ თითქოს ვიღაცის ღვთაებრივი ხელითაა გამოკვეთილი ქვის ერთიანი მონოლითისგან. გარედან სალოცავები უზარმაზარია, თუმცა შიგნით ხალხისათვის ძალიან ცოტა ადგილია დარჩენილი. იქნებ, სწორედ ამაში მდგომარეობს მათი საიდუმლოს ამოხსნის გასაღები. ხაჯურაჰოს ტაძრები დამზადებულია ქვიშაქვისგან. თითოეული მათგანი დგას ქვის პლატფორმაზე, რომელთა კუთხეებში ამართულია შედარებით მცირე ზომის სალოცავები – შიქჰარის მაღალი გუმბათოვანი კოშკები. ხაჯურაჰოს ტაძრებს შორის ყველაზე დიდი და ცნობულია მახადევი, დანარჩენები კი თანდათანობით მატულობს სიმაღლეში – ეს წარმოშობს კაიშალის მთის ილუზიას. პლატფორმები გარშემორტყმულია ბალუსტრადებით (რიკულებიანი მოაჯირი), რომლებიც მორთულია ყოველდღიური ცხოვრების, ომების, რიტუალური პროცესების ამსახველი რელიეფებით. ფასადის კედლებს, ჭერებს, სვეტებს ამშვენებს სიბრტყეზე შესრულებული იტორიული და მისტიკური პერსონაჟების სკულპტურული გამოსახულებები.

ხაჯურაჰოს ტაძრებს თავიანთი არქიტექტურული სიმდიდრით აღტაცებაში მოჰყავს მნახველი, ისინი უსათუოდ შეიძლება ჩავთვალოთ უნიკალურ გალარეად ღია ცის ქვეშ. ათასობით ბარელიეფი მჭიდროთ ფარავს ნაგებობათა გარე ზედაპირს. ნამუშევართა დახვეწილობა: სხეულის ფორმები, პოზები, ჟესტები და მიმიკები ნამდვილად განსაცვიფრებელია. საინტერესოა ისიც, რომ არქიტექტურული კონცეფციით მიმსგავსებული ტაძრები არ მიეკუთვნება ერთ კონკრეტულ რელიგიურ მიმართულებას: სალოცავთა ნაწილი ეძღვნება შივას, ზოგიერთი – ვიშნუს, სხვები ჯაინ ტირტჰანკარას და ჯაინელ ასკეტებს.

ხაჯურაჰო – ესაა ინდური საზოგადოების ერთგვარი ქვის ენციკლოპედია. პურანული მითოლოგიის სიმდიდრე ბადებს მრავალ ხატებას და სიმბოლიზმს, რომლებიც მოწოდებულია ინდუისტური ღვთაებების მრავალფუნქციურობის ასასახად. უფაქიზესად გამოყვანილი ჩუქურთმები, არქიტექტურული გადაწყვეტილებების სირთულე ქმნის იდუმალ ლაბირინთს, რომელშიც თითოეული ნახუობს ფარულ მნიშვნელობას და საიდუმლო გზავნილს საუკუნეთა სიღრმიდან.

ხაჯურაჰოს სალოცავების კიდევ ერთი დომინანტური თემაა ხორციელი სიყვარული. ცნობილია, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობათა საკითხისადმი ინტერესი ყოველთვის არსებობდა ინდურ კულტურაში, თუმცა ის განსაკუთრებით გაიზარდა შუა საუკუნეებში ტანტრიზმის გავლენის ქვეშ (ტანტრიზმის ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა ინდურ რელიგიათა შორის. ტანტრისტული ხედვის მიხედვით, ყოველი ნივთიერი, მშვინვიერი და სულიერი ფენომენი იქცევა ღვთაებრივი რეალობის სიმბოლოდ და, მაშასადამე, ხსნის საშუალებად, რომლის წვდომაც რიტუალებისა და იოგის საშუალებითაა შესაძლებელი. ინდუიზმში ტანტრიზმი ეყრდნობა ტანტრას (ინდური ეზოთერიკული ტრადიციები) და შაქტის, დინამიკური ქალური ენერგეტიკული საწყისის, კულტს. შაქტი მეუღლეა შივასი, რომელიც განასახიერებს მამაკაცურ სულიერ სტატიკურ საწყისს, საიდანაც მომდინარეობს რეალობის, როგორც აბსოლუტური არსებულის, აღქმა. ბუდიზმში ტანტრიზმი მორწმუნეს არსებობის სიცარიელეს სთავაზობს და უბიძგებს მას, რომ სიყვარულითა და თავდადებით დაეხმაროს ყველა ცოცხალ არსებას გათავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე.

არსებობს მოსაზრება, რომ ხაჯურაჰოს ტაძრებზე აღბეჭდილმა გამოსახულებებმა შთააგონა კამა-სუტრის შემდგენელები, თუმცა უძველეს ტრაქტატში სიყვარულის შესახებ საუბარია სირისა და კონარაკეს ეკლესიათა რელიეფებზე. ხაჯურაჰოს სალოცავთა კომპლექსი მართლაც მორთულია სექსუალური სცენებით.

შესაძლოა, მსგავსი სიუჟეტების გაჩენაზე გავლენა იქონია ნაყოფიერების კულტმა. სავარაუდოდ, აქ ჰპოვა ასახვა სექსუალურმა რიტუალებმა, რომლებიც ხელს უწყობს ნაყოფიერებას და, ამავდროულად, განარიდებს ბოროტი ძალებისა და განადგურებისგან. ამასთან, მოცემული სიუჟეტები ფესვებით მიდის ინდუიზმის დოგმატებისკენ, სადაც ხორციელი სიყვარული ენერგიის გადაცემის ფორმადაა განხილული. სწორედ ტანტრამ, აღმოსავლეთის ერთ-ერთმა ყველაზე იდუმალმა და დახურულმა სწავლებამ, სცადა სულიერებისა და სექსის შეერთება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხაჯურაჰოს სატაძრო კომპლექსი – ესაა ქვაში მატერიალიზებული სიყვარულის ენერგია.

ხაჯურაჰოს სატაძრო კომპლექსი კომპლექსის ეროტიკულ გამოსახულებათა მნიშვნელობათა გასაგებად, ცოტათი მაინც უნდა გავეცნოთ ტანტრას ამოსავალ დებულებებს. ტანტრული წარმოდგენების მიხედვით, კოსმოსი დაყოფილია მამრობითი და მდედრობითი სქესებისათვის დამახასიათებელ პრინციპებად: მამაკაცურს აქვს ფორმა და პოტენციალი, ხოლო ქალურს – ენერგია. სამყარო არსებობს მათი საწყისების, ღმერთ შივას ცნობიერებისა და ქალღმერთ შაქტას ენერგიის უწყვეტი კავშირის წყალობით.

ინდუისტური და ტანტრული ფილოსოფიის თანახმად, ამ ორი საწყისის გარეშე ვერაფერი მიიღწევა, რადგან ისინი ვლინდება ცხოვრების ყველა ასპექტში. მათი თანაარსებობისა და შეთანხმებული მოქმედების გარეშე ვერაფერი იარსებებს. ტანტრამ შექმნა სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციის მრავალი ტექნიკა. სექსის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გამოიჩინეთ, როგორც ღვთაებრივი ტაძრისადმი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიგრძნობთ, რომ ამქვეყნიური და ღმრთაებრივი არაა ურთიერთშეპირისპირებული ელემენტები, არამედ – ერთი მთლიანობაა. ისინი ორ საპირისპირო პოლუსს წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთს ეხმარება. ამ პოლარულობის დაკარგვის შემთხვევაში გაქრება მთელი სამყაროც.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register